Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური და ფიზიკური დაპირისპირებების კვირა


სამხედრო აღლუმი. თბილისი, 2014 წლის 26 მაისი.
სამხედრო აღლუმი. თბილისი, 2014 წლის 26 მაისი.
გასული სამუშაო კვირის ორშაბათი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა. 26 მაისს რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედნამდე გადაკეტეს, მთელ ქუჩაზე საომარი და სამაშველო ტექნიკა ჩაამწკრივეს და სახელდახელო საგამოფენო პავილიონებისთვის კარვები გაშალეს. დღესასწაულის აღნიშვნა 12 საათზე მუსიკისა და წარმოდგენების თანხლებით დაიწყო. გამვლელები სამხედრო და სამაშველო ტექნიკას ათვალიერებდნენ და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს აგემოვნებდნენ.

თემურ შენგელია დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თავისუფლების მოედანზე შვილიშვილთან ერთად იყო მისული:

„დღეს ყველა ქართველისთვის დიდი ზეიმია და შვილიშვილს მინდა გავაგებინო, რა დღეა, რომ იცოდეს. მოკლეხნიანი დამოუკიდებლობა გვქონდა საუკუნის დასაწყისში. მაშინ არ გაგვიმართლა. ისევ რუსეთმა დაგვიპყრო და გაგვანადგურა. დღეისათვის იმედია, რომ ბოლომდე მივიყვანთ ამ წამოწყებულ საქმეს“.

26 მაისიდან რუსეთის ბაზრის კარი გაიხსნა ქართული ხილისთვის. 2006 წლის ემბარგოს შემდეგ, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ("როსსელხოზნადზორი") ცნობით, რუსეთის ბაზარზე კვლავ აღდგება ქართული პომიდვრის, კიტრის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, ბლისა და ალუბლის, გარგარის, ატმის, ქლიავის, ხურმის, კივისა და კენკრის მიწოდება. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად აღარ გამოიყენებს. ასე ფიქრობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც:

„თუმცა, რა თქმა უნდა, რისკები რჩება, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ტიპის განცხადებები კეთდება. მაგრამ, ვნახოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროინტეგრაციის პოლიტიკით, ჩვენი ნორმალური, კონსტრუქციული განწყობით, იმითი, რომ ჩვენ განვავითაროთ ვაჭრობა და ტურიზმი, რუსეთთან მივაღწევთ იმას, რომ ნელ-ნელა - ალბათ, გრძელვადიან პერსპექტივაში - სხვა პრობლემებიც დარეგულირდება“.

რუსეთის ექსპერტებს საქართველოში ივნისის შუა რიცხვებში ელოდებიან, რათა ტვირთების ფიტოსანიტარიული შემოწმება და ერთობლივი სერტიფიცირება მოხდეს. ქართველი გლეხები რუსეთის ბაზრის გახსნას იმედებით ხვდებიან.

გასულ კვირაში ვითარება დაიძაბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში - ადგილობრივმა ოპოზიციამ პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს რუსეთიდან მიღებული ფინანსური სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში, აფხაზეთის გაღატაკებასა და უნიათობაში დასდო ბრალი და მისი გადადგომა მოითხოვა. ანქვაბის პოლიტიკური ოპონენტი, პარტია ”სახალხო ერთიანობის ფორუმის” ლიდერი, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი რაულ ხაჯიმბა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა ”ეხო კავკაზასთვის” ჯერ კიდევ 8 მაისს მიცემულ ინტერვიუში აკრიტიკებდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს:

”როდესაც ოპოზიციაში იყვნენ, - მათ შორის, თავად ანქვაბი, - ისინი გარკვევით ამბობდნენ, აუცილებელია ცვლილებები საზოგადოებაში, პოლიტიკურ სისტემასა და ეკონომიკაშიო, მაგრამ ამ განცხადებიდან ვერც ერთი ვერ შეასრულეს. ფაქტობრივად, არაფერია გაკეთებული. და ეს, ალბათ, იმიტომ, რომ სავარძელი, რომელსაც შეეზრდებიან ჩვენი ხელმძღვანელები, უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე დაპირებები. დაპირებების მეშვეობით მოდიან ხელისუფლებაში, შემდეგ კი ივიწყებენ მათ. დაპირებები მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ბოლოს ისინი მხოლოდ სიტყვებად რჩება”.

გააქტიურებულმა ოპოზიციამ რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება და ურთიერთობების თვისებრივად სხვა სიმაღლეზე აყვანაც ითხოვა. 29 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც რუსულენოვანმა მედიამ გაავრცელა, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო აღნიშნავდა, რომ რუსეთთან დაახლოება აუცილებლად აფხაზეთის დამოუკიდებლობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს:

”ჩვენ დაინტერესებული ვართ თანასწორუფლებიანი მონაწილეობით საბაჟო კავშირში, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში და ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსების პროცესშია. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი დაგვეხმარება ამ საკითხში”.

მოგვიანებით რადიო თავისუფლების გადაცემაში „თავისუფლების ერთი საათი გიორგი გვახარიასთან ერთად“ სტუმრად მყოფი ჟურნალისტი და რეჟისორი მამუკა ყუფარაძე იტყვის, რომ ევრაზიულ კავშირში გაერთიანება აფხაზეთისთვის უფრო მაღალი სტატუსის შემძენი კია, მაგრამ აფხაზური ელიტა რუსეთთან შეერთებას არასოდეს დასთანხმდება:

„ხაჯიმბასთან ახლაც და წლებია შემოკრებილია ნაციონალისტურად განწყობილი ხალხი, რომელიც არაფრის დათმობას არ აპირებს რუსეთთან. რაც შეეხება ევრაზიულ კავშირში შესვლას, თუ აქ შეიყვანენ აფხაზეთს, ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთის სტატუსი ზევით იწევა. ეს არ არის პოპულარული აფხაზეთში, მაგრამ შეიძლება რაღაც მანქანებით ამ აზრმა წინ წამოიწიოს. მე ისიც არ მეგონა ერთი წლის წინ, რომ თბილისში ევრაზიული პლაკატებით დაიწყებდნენ სიარულს. აფხაზეთის პოლიტიკური ელიტისთვის რუსეთთან შეერთება არის კატასტროფა“.

ოპოზიციის ლიდერის, რაულ ხაჯიმბას ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკაში ორი ლეგიტიმური უწყებაა - ეს არის პარლამენტი და 21 წევრისაგან შემდგარი სახალხო ნდობის დროებითი საბჭო, რომელსაც 29 მაისიდან რაულ ხაჯიმბა ხელმძღვანელობს. თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებებს არ იზიარებს ალექსანდრ ანქვაბი, რომლის კომპეტენციაში დღემდე შედიოდა პრემიერ-მინისტრისა და ქალაქების ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა გათავისუფლება. საქმე ისაა, რომ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, უნდობლობა გამოეცხადა პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიასა და სოხუმის მერს ალიას ლაბახუას.

აფხაზეთში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული დაპირისპირება რუსეთის აქტიური ჩარევის შედეგად მიაჩნია გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს, თენგიზ ფხალაძეს. მისი თქმით, კრემლს აფხაზეთში სჭირდება ისეთი ე.წ. ხელისუფალი, რომელიც არა მარტო დაემორჩილება რუსეთიდან წამოსულ დირექტივას, არამედ ენთუზიაზმით შეასრულებს მას:

„როდესაც ხელისუფლების წყარო არის რუსული შეიარაღებული ძალები და რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება, ყოველგვარ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნაბიჯებზე საუბარი არის ზედმეტი და სწორედ ეს დაგვანახვა იმ რეალობამ, რომელიც დღევანდელ დღეს ხდება. ძალიან პატარა რაღაცებში შეეწინააღმდეგა ანქვაბი - ეს იყო საკუთრების საკითხები და კიდევ რამდენიმე თემა, აქ არ იყო საუბარი მათთვის უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე - და მიიღო ის, რაც მიიღო, ანუ იქ არავინ არ ჰკითხავს არც ხაჯიმბას, არც ე.წ. ადგილობრივ ელიტას. ის, რომ მოსკოვი უკმაყოფილოა მორჩილების იმ ხარისხით, რაც იყო აქამდე, და მოითხოვს უფრო მეტს, ეს, როგორც მინიმუმ, სერიოზული დაფიქრების საგანი უნდა იყოს“.

საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთში მიმდინარე პროცესების გამო. ეს თემა განხილვის ობიექტი იყო შეერთებულ შტატებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ვიზიტისას, თემას გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც.

კვირას, 1 ივნისს, ალექსანდრ ანქვაბმა გამოაქვეყნა აფხაზეთის ხალხისადმი მიმართვა, რომელშიც ის აცხადებს, რომ გადადგა და იშველიებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლს. ანქვაბი თავის მიმართვაში ბრალად სდებს ოპოზიციას, რომ ძალით მოხდა 27 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის და სახელმწიფო ტელევიზიის შენობების დაკავება. ანქვაბი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის სიცოცხლეზე თავდასხმების უკან დგანან ძალები, რომლებიც ოპოზიციას უჭერენ მხარს. ანქვაბის მიმართვის თანახმად, სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ამოცანაა ტერორიზმში ბრალდებულების განთავისუფლება. ანქვაბი, რომელიც, თავისი სიტყვებით, სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით გადადგა, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობას მოუწოდებს სიმშვიდისკენ და ვადამდელი არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარებისკენ.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ოპოზიციურმა კანონმდებლებმა შაბათს განაცხადეს, რომ პრეზიდენტს არ შესწევს უნარი, შეასრულოს თავისი მოვალეობა და 24 აგვისტოსთვის დანიშნეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. პარლამენტმა 31 მაისს, თავმჯდომარე, ვალერი ბგანბა დაასახელა გარდამავალი პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად.

გასული კვირაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, და თეოლოგ ნოდარ ლადარიას აბაშიძის ქუჩაზე მდებარე „ლიტერატურულ კაფეში“თავს დაესხნენ რეზო თაბუკაშვილი და გიორგი მგელაძე. სამართალდამცავებმა თაბუკაშვილი ჯერ ხელწერილით გაათავისუფლეს, შემდეგ კი სასამართლომ 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, სასამართლო განხილვის დაწყებამდე მომხდარს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და სამართალდამცავებს ფაქტზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდეს.

გასულ კვირაში გარდაბანში, წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება მოხდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის, თვითმხილველთა განცხადებით, ჩაის სახლში დაწყებული შელაპარაკება მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა და მასში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე მიუთითებენ ეთნიკური ნიშნით ჩაგვრის ნიშნებზე.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, დაპირისპირება მოქალაქეებს შორის მოხდა და ამას პოლიტიკური და ეთნიკური საფუძველი არ ჰქონია. საწინააღმდეგოს ამტკიცებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც არასაკმარისად მიიჩნია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გამოხმაურება: მინისტრმა, რომელიც ხელმძღვანელობს ასევე უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, განაცხადა, რომ მსგავსი შეხლა-შემოხლა აზიანებს წინასაარჩევნო პროცესს. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, საქმე ხულიგნობის მუხლითაა აღძრული.

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე კი არასამთავრობო ორგანიზაციები „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებენ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საეჭვოდ იმატა ოპოზიციური პარტიების იმ წევრთა რაოდენობამ, რომლებმაც რეგისტრაციის გავლის შემდეგ უარი განაცხადეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. ლაპარაკია საკრებულოს წევრობის 32 კანდიდატზე, რომელთა დიდი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ან მისი მხარდამჭერია. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოკვლეული ინფორმაციით, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა, რომლებიც მაჟორიტარული ან პროპორციული სიით აპირებდნენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, უარი პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლის შედეგად განაცხადეს. ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას თქმით, ზეწოლის ფაქტები ძირითადად რეგიონებში იყო.იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ეს ცნობები განხილულია და ინფორმაცია ასევე გადაცემულია პროკურატურისთვის, რომელიც ცდილობს დაადგინოს ფაქტები. თუ გამოვლინდა, რომ ვინმეზე იყო ზეწოლა, მაშინ რეაგირება იქნება მკაცრი, ჯერჯერობით კი ფაქტები დადგენის პროცესშიაო.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG