Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი საქართველოს სამართლებრივი სისტემის დაფინანსებას განაგრძობს


სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირების მიზნით ევროკავშირი საქართველოს 18 მილიონ ევროს გამოუყოფს, რაც სისტემის ლიბერალიზაციისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი განვითარებისკენ იქნება მიმართული. კონკრეტულად რას გულისხმობს ახალი პროგრამა, რომლის საფინანსო შეთანხმებასაც 29 თებერვალს ბრიუსელში მოეწერა ხელი?
ევროკავშირის ეს დახმარება უკვე მეორე ფაზაა საქართველოს სისხლის სამართლის სისტემისთვის. 2008 წელს შეთანხმებული პირველი პროგრამის მიხედვით, საქართველომ უკვე მიიღო 16 მილიონი ევრო, რაც ძირითადად სტრუქტურული რეფორმირებისა და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების მიმართულებებით დაიხარჯა.

ახალ საფინანსო შეთანხმებას ბრიუსელში ხელი მოაწერეს ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულემ და საქართველოს ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ. როგორც მისი მთავარი მრჩეველი თამარ ბერუჩაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, 29 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის - 18 მილიონი ევროს - უდიდესი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება:

”16 მილიონი ევრო პირდაპირ მიმართული იქნება სახელმწიფო ხაზინაში, რასაც საქართველო 3 წლის განმავლობაში სამ ტრანშად მიიღებს; ხოლო 2 მილიონი ევრო მოხმარდება ტექნიკური დახმარების პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს საექსპერტო მხარდაჭერას პრიორიტეტული მიმართულებით.”

ძალიან მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა... ძალიან მაღალი, არაპროპორციულად მკაცრი სასჯელები - ზოგჯერ ძალიან მსუბუქი დარღვევებისთვის ...
თამარ ჩუგოშვილი
ევროკომისიის მიერ 29 თებერვალს გავრცელებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმებული პროგრამა მიმართულია საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცებისკენ, ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. უფრო კონკრეტულად კი, სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერის მეორე ფაზა 5 ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს. ესენია: 1. სისხლის სამართლის მტკიცე პოლიტიკისა და პრაქტიკის დანერგვა, ევროსაბჭოს სტანდარტების შესაბამისად; 2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმების გაგრძელება, გაეროს კონვენციის შესაბამისად; 3. პატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, განსაკუთრებით - საპატიმროების გადატვირთულობის, საცხოვრებელი სტანდარტების, ჯანდაცვისა და სამართლებრივი დაცვის კუთხით; 4. პრობაციის სისტემის მხარდაჭერა - პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და არასაპატიმრო ღონისძიებების უფრო ფართოდ დამკვიდრების კუთხით; 5. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოს მოქალაქეთათვის და სახალხო დამცველის სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

ევროკომისიის მიერ 29 თებერვალს გავრცელებულ პრეს-რელიზში მოყვანილია შტეფან ფიულეს კომენტარიც. ევროკომისარი ლაპარაკობს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირების პროცესში საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ ”მნიშვნელოვან პროგრესზე”, რასაც უნდა დაეფუძნოს ახალი პროგრამით გათვალისწინებული მიზნები. შტეფან ფიულე მოხარულია, რომ რიგ შემთხვევებში შემცირდება პატიმრობის ხანგრძლივი ვადები ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც მსუბუქ დანაშაულში ედებათ ბრალი, და რომ მათ შესთავაზებენ ალტერნატივებს - საზოგადოებრივი საქმიანობის, პროფესიული ტრეინინგებისა თუ განათლების სახით.

ლიბერალური სისტემის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ევროკავშირის პირველი პროგრამის ფარგლებში მიღწეულ გარკვეულ შედეგებზეც საუბრობს და ამ კონტექსტში სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის შექმნასაც უსვამს ხაზს, მაგრამ, თამარ ჩუგოშვილის აზრით, სისხლის სამართლის სისტემაში კვლავაც აღმოსაფხვრელია არაერთი სერიოზული პრობლემა:

შეთანხმებასთან ნაწილობრივმა ან სრულმა შეუსაბამობამ შესაძლოა, უპირველეს ყოვლისა, გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ ჩვენ აღარ გამოვყოთ მხარეთა მიერ თავიდან შეთანხმებული მაქსიმალური თანხა ...
შტეფან შტორკი
”ძალიან მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა... ძალიან მაღალი, არაპროპორციულად მკაცრი სასჯელები - ზოგჯერ ძალიან მსუბუქი დარღვევებისთვის... ასეთი მიდგომა ძალიან ზრდის პატიმრების რაოდენობას და ეს, თავის მხრივ, იწვევს საპატიმროებში ძალიან მძიმე მდგომარეობას და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს და ასე შემდეგ... რა თქმა უნდა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ სასჯელების გამოყენება ხშირად ხდება სრულიად დაუსაბუთებლად. ”

ევროკავშირის 18-მილიონ ევროიანი დახმარება, როგორც უკვე ვთქვით, სამწლიან ვადაზეა გათვლილი და, როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ შტეფან შტორკმა განუმარტა რადიო თავისუფლებას, ყოველი მომდევნო ტრანშის ბედი სწორედ კონკრეტული წლის შედეგებზე იქნება დამოკიდებული:

”შეთანხმებასთან ნაწილობრივმა ან სრულმა შეუსაბამობამ შესაძლოა, უპირველეს ყოვლისა, გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ ჩვენ აღარ გამოვყოთ მხარეთა მიერ თავიდან შეთანხმებული მაქსიმალური თანხა და ის შესაძლოა გარკვეულწილად შემცირდეს. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ დიალოგი საქართველოსთან, რომ დავეხმაროთ მას შემდეგ წელს უფრო მეტი შესაბამისობა გამოავლინოს და პრობლემების დაძლევა გახდეს შესაძლებელი.”

შტეფან შტორკი ამბობს, რომ საქართველოს მიერ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების შედეგები, როგორც ეს აქამდეც იყო, შეფასდება ყოველწლიურ ანგარიშში, რომელსაც დამოუკიდებელი ექსპერტები მოამზადებენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG