Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არსებობს მაუწყებლის დაკარგვის ძალიან დიდი საფრთხე“ - აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები


აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთა ნაწილი სამოქალაქო სექტორისგან მხარდაჭერას ითხოვს და მაუწყებელში სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე ღიად ლაპარაკობს. მათ შორისაა აჭარის ტელევიზიის ონლაინსამსახურის უფროსი, სოფო ჟღენტი:

„ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს მაუწყებლის დაკარგვის დიდი საფრთხე და საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა, უნდა დაიცვას საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ინსტიტუტი და არა ერთი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რა იქნება მაუწყებელში, ან თვალები გავახილოთ, დავინახოთ, რომ ვკარგავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ვინც არ უნდა მოვიდეს, მე ვერ მიკარნახებს, რა გავაკეთო, მაგრამ აქ რომ დავრჩეთ, ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდება გარედან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს, ვერ შეძლოს ჩვენი მიმოფანტვა. ამიტომ კეთილი ინებონ და მტყუან-მართლის და ერთი ადამიანის სიტყვის თავისუფლების გარანტად გამოცხადების ნაცვლად ხმა ამოიღონ და სასამართლო გადაწყვეტილებას სახელი დაარქვან“.

საბჭოს ხუთი წევრიდან ორი პირდაპირ სახელისუფლებო კანდიდატს უჭერს მხარს. არის ორი წევრიც, რომელიც, ჩემი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირებულებას აცნობიერებს და იზიარებს. ერთი წევრი კი დესტრუქციულია, ყველაფრის წინააღმდეგია...
შოთა გუჯაბიძე


ბათუმის საქალაქო სასამართლომ, რომლისკენაც ჟურნალისტი სოფო ჟღენტი ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, 24 სექტემბერს, დირექტორობის მსურველთა განაცხადების მიღების დასრულებამდე ერთი საათით ადრე, აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი შეაჩერა. ეს იყო დირექტორის შესარჩევი რიგით მეოთხე და მოქმედი მრჩეველთა საბჭოსთვის ბოლო კონკურსის ჩატარების შესაძლებლობა, რადგან ხუთი მრჩევლიდან ოთხს, რომლებიც ოპოზიციური პარტიების კვოტებით არიან საბჭოში, უფლებამოსილების ვადა მომდევნო თვეში ეწურებათ, ახალი დირექტორი კი შესაძლოა ახალმა მრჩეველთა საბჭომ აირჩიოს, სადაც წევრთა უმრავლესობას მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ წარადგენს. რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ, უმაღლესმა საბჭომ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ოთხი მრჩევლის შესარჩევი კონკურსი უკვე გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 5 წევრი 3 წლით ირჩევს მაუწყებლობის დირექტორს, თუმცა ჯერ კიდევ მოქმედმა საბჭომ დირექტორი, სამი ჩატარებული კონკურსის მიუხედავად, ვერ აირჩია, რადგან სამი მრჩევლის საჭირო ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. აჭარის ტელევიზიის დოკუმენტური ფილმების რეჟისორი შოთა გუჯაბიძე, რომელიც პროცესს ყურადღებით აკვირდება, ამბობს, რომ დირექტორის შესარჩევი კონკურსი ხუთი თვის განმავლობაში სამჯერ სწორედ იმიტომ ჩაიშალა, რომ ხელისუფლებამ თავის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გაყვანა ვერც ერთ კონკურსზე ვერ მოახერხა:

„საბჭოს ხუთი წევრიდან ორი პირდაპირ სახელისუფლებო კანდიდატს უჭერს მხარს. არის ორი წევრიც, რომელიც, ჩემი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირებულებას აცნობიერებს და იზიარებს. ერთი წევრი კი დესტრუქციულია, ყველაფრის წინააღმდეგია და გადაწყვეტილებას მაქსიმალურად სიტუაციის არევის სასარგებლოდ იღებს. ამის გამო ხელისუფლებამ ვერ მოახერხა აუცილებელი სამი ხმის მიღება მისთვის სასურველი კანდიდატი რომ გაეყვანა. ანუ ის, რომ ჩვენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, დირექტორი ვერ ავირჩიეთ, იკითხება იმგვარად, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა თავისი სასურველის გაყვანა, იმიტომ რომ საბჭოს ორი წევრი, ნატა იმედაიშვილი და გიორგი ირემაძე, უძლებენ ზეწოლას და ვიცი, რა რთულ ვითარებაში არიან. სასამართლო კი ერთ-ერთი ინსტრუმენტია ხელისუფლების საზოგადოებასა თუ სხავადასხვა ინსტიტუტებზე ზეწოლის. ახლა ხელისუფლებამ საფრთხე იგრძნო ისეთი დირექტორის არჩევის, რომელიც მას არ აწყობს. ისე ღიაა და თეთრი ძაფებით ნაკერი საქმეა - შეიტანა სარჩელი და პროცესი შეაჩერეს“, - გვითხრა შოთა გუჯაბიძემ.

ძალიან თვალში საცემი და ხელშესახები გახდა ის, რომ ვიღაცამ იფიქრა, ეს კონკურსი შედეგით დასრულდებოდა. და სწორედ ამ შედეგის შეეშინდა ვიღაცას. შესაძლებელია სწორედ აქედან გამომდინარე მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ სასამართლო გამართულიყო...
ნატა იმედაიშვილი


კონკურსის შეჩერების გადაწყვეტილება უვადოდ განწესებულმა მოსამართლემ, კობა გოცირიძემ, ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო, მოსარჩელე კი აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატი გოგა კოხრეიძეა, რომელიც, კონკურსის შეჩერების გარდა, სასარჩელო მოთხოვნაში აჭარის მაუწყებლის დირექტორის კონკურსში გამარჯვებულად აღიარებას ითხოვს. მიაჩნია, რომ, 22 აგვისტოს ჩატარებული რიგით მესამე კონკურსის კენჭისყრის შედეგად, ორი ხმა მრჩეველთა საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობა იყო, რადგან სხდომას სამი მრჩეველი ესწრებოდა, მეოთხე კი არა როგორც წევრი, არამედ როგორც დაინტერესებული პირი იყო წარმოდგენილი. თუმცა მრჩეველთა საბჭოს მეოთხე წევრი, ბეჟან გობაძე, სხდომაში ნამდვილად მონაწილეობდა, უარი კი კენჭისყრაში მონაწილეობაზე განაცხადა. ეს ფაქტი სხდომის ოქმშიცაა დაფიქსირებული. გარდა ამისა, კანონში ცალსახად წერია, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი მრჩეველთა საბჭოს სამი ხმით ირჩევა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა კონკურსის შეჩერების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე კობა გოცირიძემ განჩინებაში ასე დაასაბუთა:

“მოსამართლეს აქვს დასაბუთებული ეჭვი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე, რაც ზიანს აყენებს მოსარჩელეს“.

აჭარის ტელევზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

„ძალიან თვალში საცემი და ხელშესახები გახდა ის, რომ ვიღაცამ იფიქრა, ეს კონკურსი შედეგით დასრულდებოდა. და სწორედ ამ შედეგის შეეშინდა ვიღაცას. შესაძლებელია სწორედ აქედან გამომდინარე მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ სასამართლო გამართულიყო და ჩვენთვის შემდეგ გამოეგზავნათ ეს სასამართლო განჩინება კონკურსის შეჩერების შესახებ“, - ამბობს ნატა იმედაიშვილი.

სასამართლოს გზით კონკურსის შეჩერება მოულოდნელი აღმოჩნდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია ზოიძისთვის, რომელიც სწორედ რიგით მეოთხე კონკურსში მონაწილეობას გეგმავდა. მონაწილეობის მოტივაცია კი, მისივე თქმით, ის გახდა, რომ მესამე კონკურსის დროს იმ ღირებულების ადამიანმა (გიორგი კოხრეიძემ) მიიღო ორი ხმა, რომელსაც ის, პირადად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვას არ ანდობდა. საბუთების შეტანის ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე ხელახლა გამოცხადებული მეოთხე კონკურსის სასამართლოს გზით შეჩერებას ზოიძე შემთხვევით ფაქტად არ მიიჩნევს და ამიტომ თავის ფეუსბუკგვერდზე დაწერა:

„ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ხალხი ფლობდეს ტრიბუნას და ეს ყველაფერი არ დასრულდეს დემოკრატიის მარცხით, ყურადღება მიაქციეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის გარშემო მიმდინარე პროცესს!“

ყურადღებასა და მხარდაჭერას ითხოვს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების, რედაქტორებისა და პროდიუსერების ნაწილიც. მათ კარგად ახსოვთ ბოლო დროს რეგიონალური მაუწყებლის წინააღმდეგ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა - მათ შორის ბიძინა ივანიშვილის - გამოსვლა. ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში ყოფნისას ტელევიზიას „რუსთავი ორის“ ფილიალი უწოდა და საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტს დაუპირისპირდა. ახსოვთ ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის, არაერთი უცენზურო გამონათქვამი ტელევიზიის ჟურნალისტების მისამართით. მაგალითად, პირდაპირ ეთერში რიჟვაძემ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს, თეონა ბაკურიძეს „დაოკება“ ურჩია.

„მოვლენათა ასეთი განვითარება არ არის უბრალო დამთხვევა. ამის სიგნალი იყო, როცა თანამდებობის პირები აკეთებდნენ ჩვენი მისამართით განცხადებებს. ახლა კი ის პროცესია, როცა განგაში უნდა იყოს, იმიტომ რომ ამ ყველაფერში სასამართლო ხელისუფლება ჩაერთო და კონკურსი ერთი დღით ადრე შეჩერდა. დიახაც, მეოთხე კონკურსი შეიძლება ყოფილიყო შანსი, რომ მრჩეველთა საბჭოს იმ სამ წევრს აერჩია დირექტორი, რომელიც შეინარჩუნებდა სარედაქციო დამოუკიდებლობას მაუწყებლობაში“, - ამბობს თეონა ბაკურიძე, აჭარის ტელევზიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი.

„შემთხვევით არ შეჩერებულა ეს კონკურსი სასამართლოს გზით. ძალიან საინტერესოა თვითონ მოსამართლე, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. მასზე ამბობენ, რომ ხშირად იღებს ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ გადაწყვეტილებებს. ეს არის უვადოდ არჩეული მოსამართლე, ძალიან საინტერესო წარსულით. წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციის ლიდერების დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება აქვს მიღებული​. ეჭვიც აღარ არის უკვე, რომ ჩართულია სასამართლოც და ღია ბრძოლაა უკვე მათი, ვისაც უნდა, რომ ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს“, - აცხადებს ნათია შავაძე, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი.

„ახლა ძალიან დაჩქარებული წესით მიდის შეტევა ტელევიზიაზე. მე ვფიქრობ, რომ ახლა ყველამ მხარი უნდა დაგვიჭიროს, რასაც ვერ ვგრძნობთ, დაგვაკლდა ეს მხარდაჭერა. ალბათ, იმიტომ, რომ პროცესი გაჭიანურდა და კონკურსი მეოთხედ ტარდება. თუმცა ეს პროცესი უარყოფითად არ შემიძლია შევაფასო. იყო ჭიდილი რაღაც ძალებს შორის და მათ შორის იყო პარტიული ინტერესიც. და ეს პარტიული ინტერესი იკვეთებოდა ყველა კონკურსის დროს. თუმცა ფაქტია, რომ ვერ გავიდა ის კანდიდატი, რომელიც ხელისუფლებას უნდოდა. მრჩეველთა საბჭომ კი ეს პროცესი აქამდე მოიტანა. მეოთხე კონკურსი აჩენდა ლოგიკურ მოლოდინს, რომ სამი მრჩეველი მიაღწევდა შეთანხმებას და აირჩევდა დირექტორს“, - ამბობს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაიკო მერკვილაძე.

​საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ისინი ტელევიზიის თანამშრომელთა ეჭვებსა და შიშს იზიარებენ - მიიჩნევენ, რომ საფრთხე არ უნდა შეექმნას მიუკერძოებელ სარედაქციო პოლიტიკას, რითიც მაუწყებელი გამოირჩევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG