Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ყველა ქვეყანას გაუსწრო COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით - რა არ უნდა გამოგრჩეს 13 აპრილს 


კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოსა და მსოფლიოში

დადასტურებული შემთხვევა - 257

გარდაცვლილი - 3

გამოჯანმრთელებული - 67

კარანტინში - 4872

სტაციონარში - 453

12 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 257 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სტატისტიკა გაზრდილია, თუმცა ეს არის დაავადების მიმდინარეობის ზომიერი და კონტროლირებადი რაოდენობა.

ამჟამად საქართველოში 190 პაციენტი გადის მკურნალობის პროცესს, 67 უკვე გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოში კი სურათი ყოველდღიურად იცვლება. ჯერ ჩინეთი, შემდეგ იტალია და ახლა აშშ - სწორედ შეერთებული შტატებია პირველ ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობით.

ქვეყნის მასშტაბით აღირიცხა 20 000-ზე მეტი გარდაცვალების და ნახევარ მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის გლობალური მონაცემების თანახმად, 11 აპრილს, საღამოს, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილია 20 283, ინფიცირებულია 522 000 ადამიანი. აქედან 180 000 შემთხვევა მოდის ნიუ-იორკის შტატზე, რომელიც ქვეყანაში ეპიდემიის ეპიცენტრად რჩება 6 367-ზე მეტი გარდაცვლილით.

მსოფლიოში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 11 აპრილის საღამოს გადასცდა 107 000-ს, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 1,76 მილიონს გადააჭარბა, - იუწყება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი.

წაიკითხე მეტი.

პანდემია, ბზობა და აღდგომა მსოფლიოში

12 აპრილს მსოფლიოში ქრისტიანების უმრავლესობამ აღდგომა აღნიშნა, თუმცა ტრადიციული ხალხმრავლობის ნაცვლად წელს ტაძრები ცარიელი იყო.

რომის პაპმა, ფრანცისკემ გააუქმა ტრადიციული მესა წმინდა პეტრეს მოედანზე და თავისი სააღდგომო გზავნილი ინტერნეტით გაავრცელა. ის გამოვიდა მოწოდებით გლობალური სოლიდარობისკენ, კორონავირუსის პანდემიასა და მის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში და ითხოვა საერთაშორისო სანქციების შემსუბუქება, ღარიბი ქვეყნებისთვის სესხების მოხსნა და ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ყველა კონფლიქტში. პაპმა თავისი ტრადიციული სააღდგომო მიმართვა Urbi et Orbi, ქალაქსა და მსოფლიოს, წარმოთქვა წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე, რომელიც, როგორც წესი, ათიათასობით მორწმუნით არის ხოლმე სავსე.

საქართველო კი იმ ქვეყნებს შორის იყო, სადაც გუშინ ბზობა აღინიშნა. დილის 10 საათზე დაიწყო წირვა სამების საკათედრო ტაძარში, რომელსაც პატრიარქი დაესწრო. „მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს“, - ამ სიტყვებით მიმართა მან მრევლს.

უკვე ცნობილია დეტალები სააღდგომო ლიტურგიის შესახებ. ის 18 აპრილის ღამეს 23:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა.

საღამოს, შაბათს 22 საათზე წაკითხული იქნება შუა ღამისჟამი, 23 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ხოლო 12-ზე დაიწყება ლიტანიობა და მას მოებმის წმინდა იოანე ოქროპირის საზეიმო, სააღდგომო საღმრთო ლიტურგია“, - განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრემ.

აღდგომის ღამეს, ლიტურგიის დაწყების შემდეგ ჩამოიტანენ საქართველოში იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს.

წაიკითხე მეტი.

სიახლეები პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

დღეს საუნივერსიტეტო კლინიკას კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. ამჟამად კლინიკაში 67 პაციენტია, საიდანაც 9 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. კლინიკა გუშინ უკვე დატოვა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა, მესამე კი დღეს წავა შინ.

ტესტების პასუხებს ელოდებიან კლინიკებში ახლად გადაყვანილი პაციენტები, მათ შორის, 6 ქუთაისში. აქედან ორი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილი ახალგაზრდა ცოლ-ქმარია. ინფორმაცია ახალი პაციენტების დამატებისა და უკვე გამოჯანმრთელებულების შესახებ შეგიძლიათ შეამოწმოთ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირის პრეზიდენტობისას კორონავირუსი მთავარი თემა იქნება

კორონავირუსის პანდემია მთავარი საკითხი იქნება ევროკავშირის დღის წესრიგში იმ პერიოდში, როცა მიმდინარე წელს მისი მორიგე პრეზიდენტი გერმანია გახდება, - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი 12 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში.

„ჩვენ ამას 'კორონის პრეზიდენტობად' ვაქცევთ, რათა კორონა და მისი შედეგები გადავლახოთ“, - წერს მაასი გერმანიაში გამომავალ გაზეთში Die Welt-ი.

გერმანია 1 ივლისს გადაიბარებს პრეზიდენტობას ხორვატიისგან. მაასი აკრიტიკებს კრიზისთან აშშ-ის ბრძოლის მეთოდებს და ჩინეთს ბრალს სდებს „ძალიან ავტორიტარული ზომების“ გატარებაში. მაასი წერს, რომ მწვავე კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება მოგზაურობის შეზღუდვის თანდათანობითი და კოორდინირებული შემცირება.

ზოგი „შავი ჭირი“ მარგებელია

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ერთიორად გაიზარდა ალბერ კამიუს ყველაზე ცნობილი რომანის, „შავი ჭირის“ გაყიდვები მთელ მსოფლიოში. ჩვენც წავიკითხოთ ეს რომანი, ოღონდ ამჯერად წავიკითხოთ ალეგორიაზე მიჯაჭვულობის გარეშე. გვერდზე გადავდოთ ცოდნა ავტორის მიერ ნაგულისხმებ ფაშიზმზე („ყავისფერი ჭირი“) და წავიკითხოთ როგორც წიგნი სამედიცინო თვალსაზრისით გადაუჭრელი პრობლემის შესახებ, როგორც ამბავი ერთი ცალკე აღებული ქალაქის (ორანის) მცხოვრებლებისა, რომლებიც გამომწყვდეული არიან სასიკვდილო სენით დაავადებული ვირთხებითა და ადამიანებით სავსე ქალაქში.

რა გასაკვირია, რომ რომანის მთავარი გმირი და, როგორც წიგნის ფინალიდან ირკვევა, მთხრობელიც, ბერნარ რიე პროფესიით ექიმია, თუმცა ავტორი მის გამოჩენამდეც ელაპარაკება მკითხველს ავადმყოფობის შესახებ და ამბობს, რომ ავადმყოფობა არასოდეს არის სასიამოვნო, მაგრამ ადამიანმა, ცოტად თუ ბევრად, შეიძლება თავს ავადმყოფობის ნება მისცეო.

„ავადმყოფს მოფერება უნდა, მას უხარია, თუ შეუძლია რამეს დაეყრდნოს“-ო, - ამბობს ავტორი, რომელსაც არ ესწავლება, რომ ადამიანი ზოგადად ავადმყოფი არსებაა და, რომ აბსოლუტურად (იდეალურად) ჯანმრთელი არავინაა, მაგრამ ავადმყოფობაც არის და ავადმყოფობაც.

საიდან მოვიდა ჭირი, როგორია ცხოვრება ეპიდემიის დროს და რას გვასწავლის ჭირის გაკვეთილები. გადაიკითხე კამიუს ცნობილი რომანი ჯიმშერ რეხვიაშვილთან ერთად რადიო თავისუფლების სტატიაში.

პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს მოედანზე აღდგომას. ტრადიციულად დღესასწაულზე ვატიკანის ფორუმს 80 000-მდე მორწმუნე ავსებს ხოლმე, თუმცა წელს პაპმა მრევლის გარეშე ილოცა.

ვინც თვალს ადევნებდით ანი არველაძის კარანტინს პრაღის აივანზე, ისიც გეცოდინებათ, რომ წინა კვირას თვითმფრინავის ბილეთით ხელში დაგვემშვიდობა. ანი რადიო თავისუფლების პრაღის ოფისში ვაცლავ ჰაველის პროგრამით იყო ჩამოსული. სად არის ახლა და სად გაგრძელდა მისი კარანტინი, ამ ვიდეობლოგიდან შეიტყობთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG