მსოფლიო მონაცემები ასეთია - იუნისეფის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით 5-დან 17 წლამდე ასაკის 168 მილიონი ბავშვია ჩართული შრომაში. აქედან მილიონობით ბავშვი მონურ პირობებში იმყოფება - ზოგს იძულებით ამუშავებენ, ზოგს ნარკოტრეფიკინგში რთავენ, ზოგზე კი სექსუალურად ძალადობენ. ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად, ბავშთა შრომის შემთხვევები მსოფლიოში კლებულობს, მაგრამ მეტისმეტად ნელა - 2020 წლისათვის 100 მილიონ ბავშვზე მეტი იქნება იძულებითი შრომის მსხვერპლი.
საქართველოში, საქსტატისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2015 წლის კვლევის თანახმად, 24 400 ბავშვი მუშაობს, 15 600 კი სახიფათო შრომაშია ჩართული - უმეტესობა სოფელში ცხოვრობს და შრომას უკიდურესი საღარიბე აიძულებს.
დღეს ქალაქის ქუჩებში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე გეტყვით. ინფორმაცია მთლიანად აღებულია იუნისეფის მიერ 2018 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებული კვლევიდან „ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვები საქართველოში“. კვლევა მოცულობითია - 120 გვერდისგან შედგება და აქ მის რამდენიმე ასპექტს შემოგთავაზებთ.
როგორ ხვდებიან ბავშვები ქუჩაში?
ძირითადი ფაქტორები ასეთია - ზოგს ქუჩაში გასვლას მშობლები აიძულებენ, რომლებიც თავად სიღარიბეში ცხოვრობენ. ზოგს მშობელი ვერ ან არ უვლის - გარდაცვლილია, ციხეშია და ან კი ქვეყნიდანაა წასული.ნაწილი ოჯახში ძალადობას ან მკაცრ დისციპლინას გაურბის.
ვინ არიან ეს ბავშვები?
იუნისეფი ქუჩაში მცხოვრებ ან მომუშავე ბავშვებს რამდენიმე ქვეკატეგორიებად ყოფს იმის მიხედვით, თუ რა კავშირი აქვთ მათ მშობლებთან. ზოგი მთელ დროს ქუჩაში ატარებს და მშობელს (თუ ჰყავს) იშვიათად ნახულობს. ზოგი მთელი დღე ქუჩაშია, მაგრამ დასაძინებლად სახლში მიდის. ზოგიც ასევე მთელ დროს ქუჩაში ატარებს, მაგრამ მშობლების ან უფროსების თანხლებით.
ეთნიკური კუთხით მათ შორის ყველაზე მეტნი არიან ქართველები, ბოშები და აზერბაიჯანელი ქურთები. ქუჩაში მომუშავე ბავშვების მიმართ ზოგადად დიდი სტიგმა არსებობს, ეს სტიგმა განსაკუთრებით დიდია აზერბაიჯანელი ქურთების მიმართ, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, რომ ისინი სოციალურ მომსახურებებს ვერ იღებენ.
რას აკეთებენ ქუჩაში?
ბავშვების ნაწილი კანონიერ, ან ნახევრად კანონიერ საქმიანობას ეწევა - ზოგი ყვავილებს, ხატებსა და სხვა წვრილმან ნივთებს ყიდის. სხვები ჯართს აგროვებენ. დანარჩენები დღის ბოლოს ბაზარში კვების პროდუქტებს და ბოსტნეულის ნარჩენებს აგროვებენ. ასევე, ფულს აგროვებენ ვითომ საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის (სინამდვილეში, ცხადია, არანაირ საქველმოქმედო ორგანიზაციაში ეს ფული არ მიდის).
სხვები კი მათხოვრობენ ან იპარავენ - ტეხავენ ბინებს, ქურდავენ მაღაზიებს და ჯიბგირობენ.
რა აჩერებთ ქუჩაში?
გარდა იმისა, რომ ბევრს არც წასასვლელი აქვს სადმე, ქუჩის ცხოვრებამ ჩათრევა იცის და დროის გასვლასთან ერთად მისგან თავის დაღწევა უფრო რთული ხდება.
ჯერ ერთი, ქუჩაში მცხოვრები ბავშვები მცირე ან მოზრდილ ბანდებს ქმნიან, რომლის წევრებიც ერთმანეთს ეხმარებიან ღამის გასათევი ადგილის პოვნაში, გართობაში, მათხოვრობასა და წვრილმან დანაშაულში. უფროსი ასაკის ბავშვები ქცევის განსაკუთრებულ კოდექსს იმუშავებენ და შიდა კავშირებს ქმნიან - ჯგუფის შიდა სტრუქტურა ხშირად ისეთია, რომ ბავშვებს ერთმანეთის ვალები უგროვდებათ - რაც ქუჩისგან თავის დაღწევას კიდევ უფრო ართულებს.
ძალადობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ გოგონები არიან. იუნისეფის კვლევის მიხედვით, თბილისის ერთ დაჯგუფებაში მაინც გოგონები ვალდებულნი იყვნენ, სექსუალური მომსახურება გაეწიათ ჯგუფის უფროსი წევრებისთვის. სხვა დაჯგუფების წევრები კი ამბობენ, რომ თავიანთი შემოსავლის ნაწილს სექსუალური მომსახურების საფასურის გადასახდელად იყენებდნენ. სექსუალური ძალადობის გარდა ხშირია სხვა სახის ძალადობით და ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმებიც.
რა უნდა გაკეთდეს სიტუაციის გამოსასწორებლად?
იუნისეფი ორი ტიპის რეკომენდაციებს გამოყოფს - პრევენციულ და რეაგირების ზომებს. ამ რეკომენდაციებს შორისაა შემდეგი:
პრევენციული ზომების სახით სამთავრობო სტრუქტურებმა უნდა გააუმჯობესონ სკრინინგის ინსტრუმენტები, რომლებიც რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებებზე იქნება მორგებული. ძალისხმევა უნდა მიმართონ უმცირესობების მიმართ არსებული პოლიტიკისკენ და სტიგმის შემცირებისკენ. სერვისის მიმწოდებლებმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი უნდა ხელი შეუწყონ მინდობით აღმზრდელი ოჯახების განათლებას, უზრუნველყონ დამატებითი ეკონომიკური მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი მშობლებისათვის და ფსიქოლოგიური კონსულტაციები გაუწიონ მშობლებს.
რეაგირების ზომების სახით კი სამთავრობო სტრუქტურებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა შექმნან სოციალური დაცვის ქსელი ქუჩასთნ დაკავშირებული ბავშვებისთვის, ჩაატარონ სამართლებრივი რეფორმა - ბავშვის ექსპლუატაცია დანაშაულად უნდა იყოს აღიარებული. ქალაქის მთავრობამ და პოლიციამ კი რეაგირება უნდა მოახდინონ და გამოიძიონ ანგარიშები ბავშვების მონაწილეობით ჩადენილი კრიმინალური ქმედებების შესახებ.