Accessibility links

ბავშვი, დანაშაული და სასჯელი


უსახლკარო ბავშვები თბილისში

კითხვებზე, არსებობს თუ არა საქართველოში 14 წლამდე მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულთა ოფიციალური სტატისტიკა და მზარდია თუ არა მათი რიცხვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობითი პასუხი იყო:

„საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება წარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებისა და არა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება ვერ ხერხდება“.

შესაბამისად, ვერ მოხერხდა ზუსტი ინფორმაციის მოძიება იმის თაობაზე, გაზრდილია თუ არა საქართველოში 14 წლამდე მოზარდთა დანაშაულების რაოდენობა, რის შესახებაც, უკანასკნელი თვეებია, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ, რომლებიც ასევე სხვადასხვა მაღალჩინოსანს ეყრდობიან. პარალელურად, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 14 წლამდე მოზარდები, რომლებიც დანაშაულს სჩადიან, სახელმწიფოს ყურადღების, იურიდიული ჩარჩოს მიღმა რჩებიან, თუმცა, მისივე სიტყვებით, მიუხედავად ამისა, ლაპარაკიც არ შეიძლება იმაზე, რომ დაიწიოს პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, რომელიც, დღეს მოქმედი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიხედვით, 14 წელია. მისი თქმით, გამოსავალი სხვა გზების ძიებაშია:

კითხვაზე, მართლაც გაზრდილია თუ არა საქართველოში 14 წლამდე მოზარდთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა, არ აქვს პასუხი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს. სწორედ სოფიო კილაძის მიერ 26 იანვარს გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა დისკუსია და მსჯელობა იმის თაობაზე, უნდა დაიწიოს თუ არა არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის მინიმალურმა ასაკმა 14 წლიდან ქვევით. სოფიო კილაძე ფიქრობს, რომ დასახვეწია „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, თუმცა, მისი თქმით, ეს არ გულისხმობს პასუხისმგებლობის ასაკის დაწევას. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას 16 თებერვალს უთხრა:

რას გულისხმობს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა და ის ადგენს არასრულწლოვნის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, არასრულწლოვნის მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებებს, სასჯელისა და სხვა ზომების აღსრულების სპეციალურ წესებს. ამ კოდექსის ერთ-ერთი პირველი მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის მინიმალური ასაკი 14 წელია, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისათვის – 16 წელი. კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული. მოზარდის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა. განრიდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას გულისხმობს და არის სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მიზანია არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. განრიდების მექანიზმი 2010 წლიდან ამოქმედდა.

მთავარი პროკურატურის სტატისტიკა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ

მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, განრიდების მექანიზმის ამოქმედებიდან 2017 წლის ჩათვლით, 1810 მოზარდი იყო ჩართული პროგრამაში. მათგან 310 - 2017 წელს. განრიდების პროგრამაში ჩართული მოზარდების 81% ქურდობის მუხლით ჩაერთო პროგრამაში. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული განრიდების საქმეების კრიმინოლოგიური ანალიზის მიხედვით, განრიდების პროგრამაში ჩართული მოზარდების 86 %-ს ჰყავს ორივე მშობელი და მოზარდთა 57 % სწორედ მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

მოზარდთა დანაშაულის პრევენციის გზები, რისკჯგუფები

არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამას მართავს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“. ცენტრის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა დანაშაულის პრევენციის მიზნით რისკჯგუფებთან, 14 წლამდე მოზარდებთან და, ასევე, მიუსაფარ ბავშვებთან მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, განრიდების პროგრამაში ჩართული მოზარდების უმრავლესობა არ განეკუთვნება მიუსაფარი ბავშვების ჯგუფს, აღსანიშნავია, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები მიეკუთვნებიან იმ რისკჯგუფს, რომელიც, შესაძლოა, რაიმე ფორმით იყოს დაკავშირებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან, მათ შორის სწორედ 14 წლამდე ასაკის ბავშვებიც. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი თათია ხოჭოლავა ამბობს, რომ ცენტრის მომსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ექვსმა 14 წლამდე მოზარდმა ისარგებლა. მათგან ოთხი ქუჩაში მცხოვრები ბავშვი იყო:

არასრულწლოვანთა დანაშაულების შემცირების საუკეთესო გზად ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და ფსიქოლოგები მხოლოდ და მხოლოდ ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებებს ასახელებენ და გამორიცხავენ კოდექსში ისეთ ცვლილებებს, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს პასუხისმგებლობის ასაკის დაწევას. ასე ფიქრობს ფსიქოლოგი მაია ცირამუაც, რომელიც, უკვე წლებია, მუშაობს მოზარდებთან როგორც პენიტენციურ სისტემაში, ისე მის გარეთ:

მაია მგელიაშვილი, World Vision საქართველოს ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი, არასრუწლოვანთა დანაშაულებზე საუბრისას განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ქუჩასთან დაკავშირებულ მოზარდებზე და, პირველ რიგში, იმაზე მიუთითებს, რომ მცდარია საზოგადოების წარმოდგენა, თითქოს დანაშაულის ჩამდენ მოზარდთა უმრავლესობა სწორედ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები არიან. თუმცა, ცხადია, ის არც იმას გამორიცხავს, რომ ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვების ნაწილი, შესაძლოა, ჩართული იყოს კრიმინალურ საქმიანობაში. სწორედ ამიტომ, ისიც, როგორც ბავშვთა უფლებებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში პრევენციული ღონისძიებების გაზრდასა და არა დასჯაზე, მათ შორის, ცხადია, ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვების მიმართულებით.

პავლე კონდრატიევი 11 წლის იყო, სახლიდან რომ წავიდა და ქუჩაში დაიწყო ცხოვრება. ღამეებს ქუჩაში მცხოვრებ სხვა ბავშვებთან ერთად ატარებდა - ხან ტყეში, ხან მუყაოსგან შეკრულ დროებით თავშესაფარში. როცა განსაკუთრებით ციოდა, იმ მილებს ეძებდა, რომლებშიც ცხელი წყალი გადიოდა და მათ სიახლოვეს ათენებდა ღამეებს. ხან მოწყალებას ითხოვდა და ხანაც ქურდობდა. ახლა პავლე 23 წლისაა და, უკვე 4 წელია, თავად მუშაობს ე. წ. ქუჩის ბავშვებთან. ის თანასწორ-განმანათლებელია. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ზუსტად იცის, როგორ უნდა მიუდგეს ქუჩასთან დაკავშირებულ ბავშვებს - ბავშვებს, რომლებიც ან მოწყალებას ითხოვენ და ან სხვადასხვა ტიპის დანაშაულით ცდილობენ ეკონომიკური სარგებლის მიღებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG