Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვი „ცოლების“ დაუსჯელი „ქმრები“


აღაიანში, 16 წლის დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამა, რომელსაც გამოძიება 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივ კავშირს ედავება, სასამართლომ წინასწარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. პროკურატურა მისთვის 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. წინასასამართლო სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 10 დეკემბერს, 16 საათზეა დანიშნული.

21 წლის მიხეილ დვალიშვილი ბრალს არ აღიარებს, თუმცა, ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას აგრძელებს.

მისი ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას „გამარჯვების პირველ ეტაპს“ უწოდებს. მხარეებს გაუთქმელობის ოქმზე აქვთ ხელი მოწერილი, თუმცა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მიანიშნებს, რომ ბრალდებას მოუწევს იმის დამტკიცება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა სქესობრივი კავშირი არასრულწლოვანთან წინასწარი შეცნობით დაამყარა:

„ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით ჩვენს სტრატეგიას, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მუხლში წერია, „წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირი“, ეს სიტყვები სასამართლოსთვის ბევრს ნიშნავს და ნამდვილად უნდა იყოს დადგენილი სასამართლოზე, რომ სახეზე იყო წინასწარი შეცნობა, რომ მაგალითად, ბრალდებულმა ნამდვილად იცოდა იმ პირის ასაკი, ვისთანაც დაამყარა სქესობრივი კავშირი. ამისათვის ჩვენ ჩავატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს, საპროცესო მოქმედებებს და დაცვის მხარე მეტწილად გაიმყარებს საკუთარ პოზიციას და მოემზადება არსებითი სხდომებისთვის. მოსამართლემ ბრალდებულს არ შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება, ეს არის გამარჯვების პირველი ეტაპი. გამარჯვების დაგვირგვინება კი იქნება ის, რომ უნდა დადასტურდეს გონივრული ეჭვი, რომ ბრალდებულს დანაშაული არ აქვს ჩადენილი“.

სისხლის სამართლის საქმე მიხეილ დვალიშვილის მიმართ ხუთი თვის წინ, მას შემდეგ აღიძრა, რაც სამართალდამცავებმა დააკავეს მასთან დე ფაქტო ქორწინებაში მყოფი 16 წლის გოგო, რომელსაც გამოძიება 7 თვის ჩვილის მკვლელობას ედავებოდა. 26 სექტემბერს არასრულწლოვან დედა გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თითქმის ერთი თვის თავზე, 22 ოქტომბერს კი ბრალი წარედგინა ჩვილის მამასაც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.

რეალური სასჯელი, რომელიც არასდროს დამდგარა

ოჯახის შექმნის მიზნით 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის საქმეების გამოძიებისა და საბოლოო განაჩენების პრაქტიკა, რომელიც 140-ე მუხლის მიხედვით, 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, აჩვენებს, რომ საქმეების აბსოლუტური უმრავლესობა სრულდება ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებით. ანუ, ისინი იხდიან ე.წ. ჯარიმას და პროცესიც მთავრდება.

პროკურატურის მიერ 2015 წელს ჩატარებული გამოკვლევა, რომელიც მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ანალიზს, აჩვენებს, რომ 2015 წელს, ამ მუხლით ჯამში აღიძრა 189 საქმე, ამ საქმეებიდან 140 საქმე კი სწორედ ე.წ. ოჯახის შექმნას უკავშირდება.

საქმეთა შესწავლამ აჩვენა, რომ გამოძიების დაწყების დროისათვის, 140 ფაქტიდან ერთობლივი თანაცხოვრების შედეგად შვილი/შვილები უკვე ჰყავდა 124 წყვილს.

არცერთ შემთხვევაში გამოძიება რეალური სასჯელით, ანუ პატიმრობით არ დასრულებულა. ყველა საქმე საპროცესო შეთანხმებამ ამოწურა.

საქმეების ანალიზის შედეგად ისიც დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის თაობაზე საგამოძიებო ორგანოებისთვის მეტწილად ცნობილი ხდება ბავშვის დაბადების შემდგომ, როდესაც სამშობიარო დაწესებულებიდან დაბადების რეგისტრაციის მიზნით სამედიცინო ცნობა (რომელიც შეიცავს მშობლების დაბადების თარიღებს) ეგზავნება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, მიმართავს სამართალდამცავ ორგანოს. შესაბამისად, ფაქტზე გამოძიება იწყება მას შემდეგ, რაც წყვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანაცხოვრობს როგორც ოჯახი და ჰყავთ შვილი ან შვილები.

სახელმწიფოს და მისი სახელით მოქმედ პროკურატურას წარმოაჩენს ერთგვარ „მონსტრად“, რომელიც ანგრევს ოჯახს.


პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ გამოკვლევაში ნათქვამია, რომ გამოძიების მიმდინარეობისას, როგორც წესი, „დაზარალებული“ ამბობს, რომ სქესობრივ კავშირს მას არავინ აიძულებს, აქვს ოჯახისთვის მატერიალური ტვირთის დაკისრების შიში და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების წინააღმდეგია:

„ამგვარ შემთხვევებზე სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი რეაგირება (თუნდაც ნაკლებად მკაცრი) დაზარალებულსა და პოტენციურ ბრალდებულში, ზოგჯერ საზოგადოების წევრებშიც, იწვევს უარყოფით განცდებს, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ აყალიბებს მცდარ შეხედულებებს, სახელმწიფოს და მისი სახელით მოქმედ პროკურატურას წარმოაჩენს ერთგვარ „მონსტრად“, რომელიც ანგრევს ოჯახს. მითითებული მიზეზების გამო, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, უკანა პლანზე იწევს საჯარო ინტერესი, დევნა დაიწყოს იმ პირის მიმართ, რომელმაც 16 წლამდე პირთან დაამყარა სქესობრივი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით ან ოჯახური თანაცხოვრებისას“.

„დე ფაქტო ქორწინებაში ყოფნა არ არის დანაშაულის გამომრიცხავი გარემოება“

სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს, საქართველოს მასშტაბით, 835 არასრულწლოვანი მშობელი დარეგისტრირდა. მათი უმრავლესობა - დედა. 2018 წელს კი არასრულწლოვან მშობლად 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამაა დარეგისტრირებული.

ქორწინება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ არის სასჯელის შემამსუბუქებელი ან გამომრიცხავი გარემოება


შსს-ს ცნობით, 2018 წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზეა დაწყებული გამოძიება.

თამარ დეკანოსიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი წლებია აკვირდება ადრეული ქორწინების სტატისტიკასა და სასამართლო პრაქტიკას. ამბობს, რომ დღეს არსებული სასამართლო გამოცდილება დისკრიმინაციული გოგოების მიმართ, კაცებს უღვივებს დაუსჯელობის სინდრომს და ირიბად ხელს უწყობს ადრეული ქორწინების მავნე პრაქტიკას:

„საზოგადოების უმეტეს ნაწილში ჩნდება განცდა, რომ 16 წლამდე მოზარდთან სქესობრივი კავშირი გამართლებულია, თუკი მას მოჰყვება ქორწინება. იხდიან უბრალოდ ჯარიმას და საქმე მთავრდება. სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებული პირის ინტერესებს, რომ მაგალითად, სქესობრივი კავშირი დამყარებული იყო ნებაყოფლობით, ოჯახის შექმნის მიზნით, არადა, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ არის სასჯელის შემამსუბუქებელი ან გამომრიცხავი გარემოება, ქართული სასამართლო მაინც მიმართავს ამ მავნე პრაქტიკას. დე ფაქტო ქორწინებაში ყოფნა არ უნდა იყოს დანაშაულის გამომრიცხავი გარემოება“.

თამარ დეკანოსიძე ამბობს, რომ ხშირად სმენია მოსამართლეებისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რომ 140-ე მუხლი ითვალისწინებს მძიმე სასჯელს და მოსამართლეებს ეცოდებათ ბრალდებულები, 7 ან 9 წლით ციხეში ჩასასმელად. მისივე თქმით, ამ ე.წ. ემოციური არგუმენტის გასაქარწყლებლად კარგი იქნება, თუკი კანონში გაიწერება სასჯელების გრადაცია:

„არსებობს უცხოური გამოცდილება, როდესაც ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევაში, არსებობს სასჯელების გრადაცია და სასჯელი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ასაკობრივი განსხვავებაა სრულწლოვან ბრალდებულსა და მსხვერპლს შორის. მაგალითად, შედარებით მცირე სასჯელი იქნება იმ შემთხვევაში თუკი არასრულწლოვანი 15 წლისაა, ბრალდებული კი 18-ის. თუმცა, გაცილებით მძიმე იქნება სასჯელი, თუკი ასაკობრივი სხვაობა იქნება დიდი“.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთან ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. 2017 წლის პირველი იანვრიდან კი კანონი გამონაკლისს აღარ ცნობს და 18 წლამდე ასაკის პირების ქორწინების დარეგისტრირება არანაირი მიზეზით და თანხმობით აღარ ხდება.

მცდარია წარმოდგენა იმის შესახებაც, რომ ადრეულ ქორწინებას მხოლოდ ეთნიკური ნიშანი აქვს და მანკიერი ტრადიციის გამოძახილია. ამას ადასტურებს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოკვლევაც, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, 2015 წელს ადრეული ქორწინების შემთხვევებში, 65% ეროვნებით ქართველია. 33% კი აზერბაიჯანელი.

XS
SM
MD
LG