Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენის სახელმწიფო მდივანი


ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

ენტონი, ტონი ბლინკენი ამერიკელი საჯარო მოხელე და დიპლომატია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნად დაასახელა. ამის თაობაზე ბაიდენის გარდამავალმა გუნდმა 23 ნოემბერს გამოაცხადა.

ბლინკენი, თითქმის ოცი წელიწადია, ბაიდენის გვერდითაა.

58 წლის ენტონი ბლინკენი, რომელსაც არაერთ თანამდებობაზე უმუშავია თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში, ნიუ-იორკელი გავლენიანი იურისტების შვილის, დონალდ ბლინკენისა და ნიუ-იორკის საცეკვაო დასის, მერსი კანინგემის მენეჯერის, ჯუდიტ ბლინკენის ოჯახში დაიბადა.

ტონი ბლინკენის დედა იმ ხანებში, როცა მომავალი სახელმწიფო მდივანი პატარა ბიჭუნა იყო, საკუთარ ბინაში - პარკ ავენიუზე - მასპინძლობდა გამოჩენილ ხელოვანებს, რომელთა შორის იყვნენ, მაგალითად, არტურო ტოსკანინი და ლეონარდ ბერნსტაინი. მამა, დონალდი, მეგობრობდა მარკ როთკოსა და რობერტ რაუშენბერგთან.

ტონი პრესტიჟულ დალტონის სკოლაში მიაბარეს. დედამისი იხსენებს, რომ სკოლამდელი ასაკის ბიჭუნამ უკვე თავისებური გონიერება და ხელოვნების შეფასების უნარი გამოავლინა. როცა პირველად მიიყვანეს სკოლაში, მასწავლებელი გაესაუბრა და ჰკითხა, რას ფიქრობს ტონი კედელზე გამოფენილ ნახატზე. ტონის უპასუხია: „ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ნახატია, მაგრამ მე მას სურათს ვუწოდებდიო“.

1970 წელს მშობლები გაიყარნენ. ჯუდიტი დაქორწინდა სახელგანთქმულ ადვოკატზე, სამუელ პიზარზე, რომელმაც ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკები გამოიარა, გადარჩა და დიდებული კარიერა აიწყო. მშობლებთან ერთად ბლინკენის ჩამოყალიბებაზე, ჩანს, დიდი გავლენა ჰქონდა მამინაცვალს, რომელიც იხსენებს, რომ ტონი სწორედ იმ ასაკში იყო, როცა პიზარმა ოსვენციმისა და დახაუს საკონცენტრაციო ბანაკები გამოიარა და ძალიან აინტერესებდა, რა განიცადა პაპამ ბანაკებში.

ნაამბობმა, იხსენებს პიზარი, „შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და სამყაროსა და იმის შესახებ, თუ რაც შეიძლება აქ მოხდეს, ახალი განზომილება, ახალი ხედვა გაუჩინა. როცა მას სირიაში მომწამვლელი გაზის გამოყენება საზრუნავს უჩენს, იმ გაზზე ფიქრობს, რომლითაც მთელი ჩემი ოჯახი მოსპეს“, ამბობს პიზარი.

ტონი ბლინკენმა „ბარ მიცვა“ გაიარა იონკერში, ემანუელის ტაძარში. ეს ახალგაზრდა ებრაელისთვის სრულწლოვნების ასაკია, როცა შეუძლია უკვე საკუთარი საქციელისთვის პასუხისმგებელი იყოს. ტონი არ იყო რელიგიური, მაგრამ, როგორც მამამისი ამბობს, ჰოლოკოსტის თემატიკით ყოველთვის იყო დაკავებული.

ტონის დედა პარიზში ამერიკელ სტუდენტთა და ხელოვანთა ცენტრს განაგებდა და ტონის ჰორიზონტიც შესაბამისად ფართოვდებოდა. სახელგანთქმული არტისტი, კრისტო, რომელმაც ტონის მამინაცვალს იურიდიული თანადგომა სთხოვა თავისი პარიზის „ახალი ხიდის“ შეფუთვის პროექტში, იხსენებს, რომ დედამისს ტონი ყველა გამოფენაზე დაჰყავდა და ეს იყო, კრისტოს სიტყვებით, „გამორჩეული, მომთხოვნი და ცნობისმოყვარე ახალგაზრდა კაცი“.

პარიზში Ecole Jeannine Manuel-ის დამთავრების შემდეგ ბლინკენი ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

ბლინკენს უწევდა ურთიერთობა და პოლიტიკური თუ სახელოვნებო დისპუტები გამოჩენილ პოლიტიკოსებსა და ხელოვანებთან - პარიზში იქნებოდა თუ შეერთებულ შტატებში. როცა ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა, სულ ახალგაზრდა, თანარედაქტორი იყო სტუდენტურ გამოცემა The Harvard Crimson-ში, ასევე ყოველკვირეულ ხელოვნების ჟურნალ „What Is to be Done-ში“. ეს ის პერიოდია, როცა ტონი ბლინკენი თმამოშვებული დადიოდა, გიტარაზე უკრავდა (მეგობრები ამბობენ, რომ კარგად მღერის) და ამაყობდა ჯონ ლენონის ავტოგრაფით, რომელიც დედამისმა მოიპოვა მუსიკოსსა და იოკო ონოსთან შეხვედრის დროს.

მეგობრების თქმით, ის თითქოს გახლეჩილი იყო - ფიქრობდა, სად გაეგრძელებინა კარიერა, ხელოვნებაში თუ პოლიტიკაში.

მას კინოც აინტერესებდა. პარიზში კინოფესტივალიც მოაწყო. მშობლები მის ამ გატაცებას არ ემხრობოდნენ. მამა, დონალდ ბლინკენი, ამბობს, რომ ის და მისი მეორე ცოლი, ვერა, იმედოვნებდნენ, რომ „ის იურიდიულ სასწავლებელში ჩაირიცხებოდა“.

ტონი ბლინკენმა ჰარვარდის უნივერსიტეტი 1984 წელს დაამთავრა და 1987 წელს საერთაშორისო ურთიერთობების სწავლა გააგრძელა კოლუმბიის უნივერსიტეტში: ის, ამავე დროს, საქმიანობდა პრესტიჟულ იურიდიულ ფირმა Rogers&Wells-ში.

ამავე ხანებში გააქტიურდა ის დემოკრატიული პარტიის პოლიტიკაში და მამას ეხმარებოდა 1988 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მაიკლ დუკაკისისთვის ფონდების მიზიდვაში.

მას მაღალი თანამდებობები ეკავა ორი პრეზიდენტის - კლინტონის და ობამას - ადმინისტრაციაში.

2013-2015 წლებში ტონი ბლინკენი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის მოადგილე იყო, 2015-2017 წლებში კი -სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

1993 წელი, კლინტონის პრეზიდენტობის დროს, ბლინკენების ოჯახის წარმატების ხანა იყო. ტონის ბიძა ბილ კლინტონმა ბელგიაში ელჩად მიავლინა. მამამისი, დონალდი, უნგრეთში ასევე ელჩად წავიდა და უნგრეთის მთავრობას ეხმარებოდა ჰოლოკოსტს გადარჩენილთა კომპენსირების საქმეში.

ამავე პერიოდში თეთრ სახლში მუშაობდა რობერტ ბურსტინი, ბილ კლინტონის რეფერენტი, რომელმაც სახელმწიფო უშიშროების საბჭოში მიიწვია ბლინკენი და მას პრეზიდენტის საგარეო-პოლიტიკური გამოსვლებისთვის სიტყვების დაწერა დაეკისრა. ბლინკენი ამასთან ერთად ჩართული იყო კულტურულ ცხოვრებაში.

1995 წელს გაიცნო მან თავისი მომავალი ცოლი, ევან რაიანი, რომელიც პირველ ლედისთან, ჰილარი კლინტონთან, მუშაობდა.

39 წლის ტონი ბლინკენი ირლანდიური წარმოშობის 30 წლის კათოლიკეზე დაქორწინდა.

ორსარწმუნოებრივი ცერემონია, რომელსაც ჰილარი კლინტონიც ესწრებოდა, ჯორჯტაუნის წმინდა სამების ეკლესიაში ჩატარდა. წირავდა კათოლიკე მღვდელი და მასთან ერთად რაბინი ჰეროლდ უაიტი, რომელიც იხსენებს, რომ ბლინკენმა ცერემონიაზე ილაპარაკა სხვადასხვა ერებისა და რელიგიების დაახლოებაზე და მადლობა გადაუხადა „40 მილიონზე მეტ ადამიანს, ვინც ხმა მისცა ბილ კლინტონს, რადგან მათ გარეშე მე ვერასოდეს შევხვდებოდი ევანს თეთრ სახლშიო“.

ჩვენ ისევ გვრჩება წუხილი საგნობრივი პოლიტიკური დიალოგისთვის სივრცის შენარჩუნების საკითხში. საქართველომ უნდა განაგრძოს ისეთი გარემოს ჩამოყალიბება და შენარჩუნება, სადაც პოლიტიკური ჯგუფები და უმცირესობათა ჯგუფები თავისუფლად შეძლებენ საკუთარი აზრის გამოხატვას...
ტონი ბლინკენი

სულ მალე ბლინკენმა გაიცნო ჯო ბაიდენი და მას მერე ადგილი დაიმკვიდრა აშშ-ის ადმინისტრაციაში - მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების საბჭოში თეთრ სახლში 1995-დან 2001 წლამდე. 1999-დან 2001 წლამდე პრეზიდენტის საგანგებო მრჩეველი იყო ევროპისა და კანადის საკითხებში. 2000-იანი წლების დასაწყისიდან ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელთა შორის არის.

2002-დან 2008 წლამდე ტონი ბლინკენი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსად მუშაობდა, 2008 წელს კი - მას მერე, რაც ბარაკ ობამამ ის კვლავ თეთრ სახლში მიიწვია - ბაიდენთან დაბრუნდა.

ობამამ ბაიდენი და, ფართო გაგებით, ბლინკენი ერაყის პოლიტიკის ადმინისტრირების უფლებამოსილებით აღჭურვა. ის 2009-2013 წლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მრჩეველი იყო სახელმწიფო უშიშროების საკითხებში.

2013-2015 წლებში ტონი ბლინკენი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე იყო, 2015-2017 წლებში კი - სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

„რასაცა გასცემ, შენია, რას - არა, დაკარგულია“ – შოთა რუსთაველის ეს სიტყვები 2015 წლის 2 ნოემბერს, ვაშინგტონში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანმდებობაზე ყოფნისას, წარმოთქვა ენტონი ბლინკენმა, როცა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე ლაპარაკობდა აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეხუთე პლენარულ სესიაზე. ბლინკენს უთქვამს, რომ როდესაც მსოფლიო - ცენტრალური აფრიკიდან ცენტრალურ აზიამდე – დახმარებას ითხოვს, საქართველო მას მუდამ უპასუხებსო.

„ჩვენ ისევ გვრჩება წუხილი საგნობრივი პოლიტიკური დიალოგისთვის სივრცის შენარჩუნების საკითხში. საქართველომ უნდა განაგრძოს ისეთი გარემოს ჩამოყალიბება და შენარჩუნება, სადაც პოლიტიკური ჯგუფები და უმცირესობათა ჯგუფები თავისუფლად შეძლებენ საკუთარი აზრის გამოხატვას, და მე და მინისტრმა ამ კუთხით არსებულ გარკვეულ პროგრესზე ვიმსჯელეთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ველით, რომ დაცული იქნება თქვენი პოლიტიკური პარტიებისა და მედიის თავისუფლება, როგორც საქართველოს დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი“.

ტონი ბლინკენი მონაწილეობდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის საგარეო-პოლიტიკური უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ შორის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის თაობაზე რეაქციისა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ომის შესახებ.

2018 წელს საკონსულტაციო ფირმა WestExec Advisors დააფუძნა მიშელ ფლურნუასთან ერთად. ფლურნუა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი თანაშემწე იყო.

ბლინკენი რუსეთის მიმართ უფრო მეტად გამკაცრდა, როცა დადასტურდა მოსკოვის ჩარევა 2016 წლის არჩევნებში. ახლახან მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-მა უნდა გამოიყენოს, როგორც ბერკეტები, რუსეთის ტექნოლოგიური დამოკიდებულება ჩინეთზე.

ბლინკენი მათ რიგებშია, ვინც მიესალმა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სირიის სამხედრო ობიექტებზე დარტყმის შესახებ, მაგრამ ერთგულია 2015 წელს, ობამას ადმინისტრაციის დროს, ირანთან დადებული ბირთვული საერთაშორისო შეთანხმებისა, რომელსაც ტრამპის მთავრობა ჩამოშორდა.

ჯო ბაიდენი ტონი ბლინკენის დამსახურებაზე ლაპარაკობს ერაყიდან აშშ-ის გამოსვლის საქმეში.

2020 წლის ნოემბერში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გუნდმა, ბლინკენი მომავალი სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაასახელა.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG