Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბანკზე თავდასხმის დღეს სახლში იყო“ - ბადრი ესებუას მშობლებმა ჩვენება შეცვალეს


ბადრი ესებუას მამის ტარიელ ესებუას გამოკითხვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. 8 აპრილი 2023
ბადრი ესებუას მამის ტარიელ ესებუას გამოკითხვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. 8 აპრილი 2023

ერთთვიანი წყვეტის შემდეგ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 8 მაისს განახლდა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმის განხილვა.

დღეს მოწმის სახით გამოკითხეს ბრალდებულის მშობლები და გამოიკვლიეს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება - საქმეში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის 13 მასრა. მანამდე კი სასამართლომ ბრალდების მხარის ახალ შუამდგომლობებზე იმსჯელა.

ეს სასამართლოს პირველი სხდომა იყო მას შემდეგ, რაც ბადრი ესებუას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამის დაწესებულებაში ესებუამ 5 დღე დაჰყო.

საქმის პროკურორის დიმიტრი ხვიტიას განცხადებით, ფსიქიატრიული კვლევისას გაირკვა, რომ ბრალდებული ჯერ კიდევ 2009 წელს მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში რამდენიმე თვით გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას. ამასთან, მისივე სიტყვებით, 2008 წლიდან ბადრი ესებუა იმყოფება ამბულატორიულ აღრიცხვაზე შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“. აქედან გამომდინარე ბრალდების მხარემ შუამდგომლობებით მიმართა სასამართლოს, აღნიშნული დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვის უფლება მიეცეთ, რათა მოგვიანებით მიღებული ცნობები დაერთოს საქმეს, როგორც ახალი მტკიცებულება.

ბრალდებულ ბადრი ესებუას ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, პროკურორის მიერ ნახსენები დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვას არ ეწინააღმდეგება, თუმცა საქმეში ახალ გარემოებად არ თვლის. იოსებ ჯანაშიას სიტყვებით, ეს მონაცემები მანამდეც უნდა ყოფილიყო ბრალდებულის პირად საქმეში. მიუხედავად ამისა, მოსამართლე ეკატერინე ბებიამ პროკურატურის ორივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რაც შეეხება 2023 წლის აპრილში ჩატარებულ ფსიქიატრიულ კვლევას, მისი შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 22 თებერვალს გამართულ სხდომაზე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიულ-სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. ამ პროცედურის აუცილებლობა ბრალდების მხარემ „საქმის სპეციფიკურობით“ ახსნა. პროკურორების თქმით, საუბარია მძიმე დანაშაულზე - ადამიანების მძევლად აყვანაზე - ამიტომაც შესაბამისი დასკვნა საქმეში უნდა არსებობდეს.

დღეს, 8 მაისს გამართული სხდომა კვლავ პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებულის დედა ნინო ჯიქია და მამა ტარიელ ესებუა. ორივე მათგანმა იდენტური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბერს, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დღეს შვილის ადგილსამყოფლის და მოგვიანებით სამართალდამცველების მიერ მათ სახლში ჩხრეკის შესახებ. მოწმეების ინფორმაცია ეწინააღმდეგება მანამდე გამოძიების ფარგლებში მიცემულ ჩვენებებს.

მაგალითად, ბრალდებულის მშობლებმა დღეს სასამართლოში განმარტეს, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს ბადრი ესებუა მთელი დღის განმავლობაში სახლში იმყოფებოდა და დაკავებული იყო სამშენებლო სამუშაოებით. ასევე თქვეს, რომ მათი შვილი მხოლოდ 23 ოქტომბერს გავიდა სახლიდან, რათა თბილისში „ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ექიმთან მისულიყო“. მოწმეების მტკიცებით, მას შემდეგ მათ ბადრი ესებუა არ უნახავთ. სავარაუდო მიზეზად, თუ რატომ არ დაბრუნდა შვილი უკან, მშობლებმა დაასახელეს მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუაა:

მას შემდეგ, რაც გვარამიამ [ნიკა გვარამია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი] დაადო ხელი, ის არ გვინახავს“, - თქვა ტარიელ ესებუამ.

მშობლების ჩვენების საპასუხოდ პროკურორმა წაიკითხა გამოძიებისთვის მათ მიერვე მიცემული საპირისპირო ჩვენებები, რომელსაც მოწმეების ხელმოწერაც ახლდა თან.

ჩვენებაში ბადრი ესებუას დედა აღნიშნავს, რომ მისი შვილი 21 ოქტომბერს გავიდა სახლიდან და დაბრუნდა 23 ოქტომბერს, მაისური გამოიცვალა, აიღო საძილე ტომარა და წავიდა.

მამის ჩვენების თანახმად კი, 21 ოქტომბერს, როცა თავად სამსახურში წავიდა და ბადრი ესებუას სახლში ეძინა, უკან მიბრუნებულზე შვილი შინ არ დახვედრია.

მშობლებმა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები იმით ახსნეს, რომ ჩვენების მიცემის დროს იმყოფებოდნენ მძიმე მდგომარეობაში და დეტალურად ვერ გაეცნენ ოქმს:

„ოქმისთვის ხელი მომაწერინეს, მაგრამ არ წამიკითხავს. ცუდად ვიყავი”, - განუმარტა სასამართლოს ნინო ჯიქიამ.

მშობლების ინფორმაციითვე, მათი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ამოიღეს ორი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც კანონით იყო რეგისტრირებული - ერთი ეკუთვნოდა ბადრი ესებუას, ხოლო მეორე მის ძმას. მათ უარყვეს ცნობა, რომ მათი სახლის სეიფში ასევე იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღის მასრები. პროკურორი ირწმუნება, რომ გამომძიებელთან ჩვენებაში მათ საწინააღმდეგო აღნიშნეს და ხელმოწერით დაადასტურეს მასრების ამოღების ფაქტიც.

სასამართლომ დღეს გამოიკვლია იარაღის მასრები, რომლებიც პროკურატურის მტკიცებით, ამოღებულია „საქართველოს ბანკიდან“, წალენჯიხის სოფელ სქურიდან, მანქანიდან, რომლითაც თავდამსხმელი მძევლებთან ერთად გადაადგილდებოდა და ბრალდებულ ბადრი ესებუას სახლიდან. პროკურორის თქმით, ეს მასრები იდენტურია და საქმეში წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ნივთიერ მტკიცებულებას.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მომდევნო სხდომაზე, 18 მაისს გაგრძელდება.

"საქართველოს ბანკის" ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე მხარეები პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არიან. საქმეზე დაიკითხა ათეულობით მოწმე. გამოიკვლიეს ნივთიერი მტკიცებულებების ნაწილიც. ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

ასევე ნახეთ:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG