Accessibility links

ბიბლია სხვადასხვაგვარი მკითხველისთვის


ელისო ჩუბინაშვილის ილუსტრაცია

სულხან-საბასეული ბიბლია, ბიბლია ბავშვებისთვის, სახარების აზრობრივი თარგმანი - ყველა ეს ერთი და იმავე წიგნის სხვადასხვა გამოცემებია, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიის მკითხველისთვის იქნება საინტერესო.

„და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა“... ბიბლია, რომელიც ქარჩხაძის გამომცემლობას აქვს დაბეჭდილი, სულხან-საბა ორბელიანის მიერ არის რედაქტირებული. თავის დროზე სულხან-საბამ ბიბლიის სხვადასხვა წიგნის თარგმანებს ერთად მოუყარა თავი, მაგრამ ამ წიგნს მის სიცოცხლეში დღის სინათლე არ უნახავს. ის პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში მცხეთური ხელნაწერის სახელით დაიბეჭდა. ბიბლიას მაშინ ვერ დაარქმევდნენ, არავინ გამოსცემდა. ამასთან, გამოცემის ეს ვარიანტი ნაკლული იყო. სრული კრებული დაიბეჭდა მხოლოდ 2017 წელს - „ძველი აღთქუმაი“ და „ახალი აღთქუმაი“.

„სულხან-საბამ მოაგროვა უძველესი, ძველ ქართულ ენაზე არსებული ბიბლიური წიგნების თარგმანები.აქ შედის როგორც მე-5 საუკუნის ტექსტები, ასევე - მე-11 და მე-12 საუკუნეების. ძველი აღთქმის ტექსტები ძალინ რთული მოსაძიებელი იყო და სრული ხელნაწერი დღესაც არა გვაქვს. მან გამოიყენა ლექციონარის (სადღესწაულო დღეებზე საკითხავების კრებულები) ტექსტები და საწინასწარმეტყველო-სადღესასწაულო კრებულები, ასევე - ბიბლიის გელათური რედაქცია. ტექსტები ბერძნული ენიდან არის ნათარგმნი“, - ამბობს სოფიო სარჯველაძე, რომელიც ამ გამოცემაზე მუშაობდა.

​​„მატიანეთა ამის მეძიებელნო და მჩხრეკელნო და გულისხმიერად აღმომკითხველო“... ამ სიტყვებით მიმართავს საბა მკითხველს და შემდეგ უხსნის, თუ როგორ აითვისოს მიწოდებული ტექტი, რომელიც თავებად და მუხლებად არის დაყოფილი; განუმარტავს შემოკლებების მნიშვნელობას, ვარსკვლავების მნიშვნელობას - „ვარსკვლავი ნიშანი სადა უჯდეს, თავისა რიცხუსა თავი იგი ბოლომდე მას ერთსა ჰამბავსა მეტყველებდეს“.

ასევე დართული აქვს განმარტებები. აქ ჩანს, რომ სულხან-საბა ორბელიანს დიდი შრომა გაუწევია. ყველა უცხო თუ ძნელად გასაგები სიტყვა ცალკე აქვს ამოწერილი, განმარტებული და მითითებული, თუ სად რამდენჯერ არის გამოყენებული. ასევე დართული აქვს „საძიებელნი მოწმობა“, ეს ახალი აღთქმის წიგნებში ძველი აღთქმის წიგნებიდან დამოწმებული ფრაზების საძიებელია. მაგალითად, ფრაზა „არა შეუკრა პირი ხარსა მლეწველსა“ მეორე სჯულიდანაა, შემდეგ კი კორინთელთა მიმართ ეპისტოლეშიც გვხვდება. აქვეა ებრაელთა, ქალდეველთა და იონთა სახელთა თარგმანები, საიდანაც ვიგებთ თუნდაც იმას, რომ თომა არა მხოლოდ მარჩბივს, არამედ უფრსკრულსაც ნიშნავს.

ბიბლიას ასევე დართული აქვს რუკები, თუმცა ის ახლანდელი გაკეთებულია და სოფიო სარჯველაძემ შეადგინა. აქ არის თვალსაჩინოებები, თუ როგორ იყო განაწილებული მიწები ისრაელის 12 ტომს შორის, როგორი იყო იერუსალიმი ქრისტეს ეპოქაში, პავლე მოციქულის მოგზაურობის მარშრუტი და ასე შემდეგ.

„კარგი ამბავი“

2018 წელს გამოვიდა კიდევ ერთი წიგნი, ახალი აღთქმის პირველი აზრობრივი თარგმანი - „კარგი ამბავი“. მთარგმნელი ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენელი მალხაზ სონღულაშვილია. ეს ტექსტიც ბერძნულიდან არის გადმოტანილი.

სახარების ამ თარგმანზე მუშაობა თითქმის 9 წლის წინ დაიწყო. მისი პრეზენტაცია ჩატარდა გერმანიაშიც, ფრანკფურტის ფესტივალის ფარგლებში. წიგნი გამოსცა გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობამ.

აზრობრივი თრგმანი ნიშნავს, რომ ტექსტი გასაგებ, მარტივ ენაზე არის გადმოტანილი. შედარებისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ორი ციტატა: „და მოეხსენა პეტრეს სიტყვაი იგი იესუისი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ხმობადმდე, სამგზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ“ (გიორგი მთაწმინდელის რედაქცია).

„და პეტრეს გაახსენდა იესოს ნათქვამი: „ვიდრე მამალი იყივლებს, შენ სამჯერ იტყვი ჩემზე, რომ არ ვიცნობო“. გარეთ გამოვიდა და მწარედ ატირდა“ (მალხაზ სონღულაშვილის თარგმანი).

„ლიტერატურული და აკადემიური თარგმანები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აზრობრივი თარგმანები. ყველა თარგმანს თავისი ადგილი აქვს და თავისი მკითხველი ჰყავს: ზოგს მაღალი, ლიტერატურულ-აკადემიური სტილი მოსწონს და ზოგს - უბრალო და გასაგები სტილი, ზოგიც კიდევ არქაული თარგმანების კითხვას ამჯობინებს“, - ვკითხულობთ წინასიტყვაობაში.

როგორ მოვაწოდოთ ბიბლია ბავშვს

ბოლო წლებში ბევრი წიგნი გამოვიდა, რომლებშიც ბიბლიური ტექსტები ბავშვებისთვის არის ადაპტირებული ან, საერთოდ, მათთვის არის დაწერილი. წიგნები, როგორც წესი, ფერადი და კარგად ილუსტრირებულია, ტექსტი - მარტივი და ადვილად გასაგები.

ელისო ჩუბინაშვილის ილუსტრაცია
ელისო ჩუბინაშვილის ილუსტრაცია

ბიბლიური ტექსტების ბავშვებზე მორგება მთელ მსოფლიოში აპრობირებული ხერხია და ეს არც საქართველოსთვისაა ახალი ხილი. „საბავშვო ბიბლია“, რომელიც 2017 წელს სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა, იაკობ გოგებაშვილის „საღმრთო ისტორიის“ და არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილის „ძველი აღთქმის საღვთო ისტორიისა“ და „ახალი აღთქმის მოკლე ისტორიის“ მიხედვით არის შედგენილი.

ეს მხოლოდ ერთ-ერთი გამოცემაა, არის ბევრი სხვაც. ლელა ცუცქირიძე, რომელიც „ბიბლიური იგავების“ ერთ-ერთი ავტორია, ამბობს:

„ბავშვებს იგავები მივაწოდეთ როგორც პატარა ზღაპრები, ყოველგვარი დასკვნის და მორალის გარეშე. თუ ასე, დიტაქტიკისგან დაწურული იქნება მიწოდებული, რატომაც არა, იყოს! ამასთან, არა მხოლოდ ქრისტიანულ რელიგიაზე, არამედ სხვა რელიგიებზეც უნდა დაიწეროს მსგავსი წიგნები“.

ლელა ცუცქირიძე ასევე აღნიშნავს, რომ საბავშვო ტექსტში იგავის მთელ სიღრმეს ვერ ჩატევ, მით უფრო, რომ ზოგი იგავი საკმაოდ რთული და მრავალპლანიანია, მაგალითად - მთესველი, ვენახის მუშაკები... ამიტომ პატარებისთვის ტექსტში მხოლოდ ძირითადი შინაარსი გადმოაქვთ და იმასაც ისე აწვდიან, რომ ბავშვებმა დასკვნები თავად გამოიტანონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG