Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიჭები „გადააგდეს“: ასტრახანელმა სამხედროებმა ანაზღაურება არ მიიღეს უკრაინაში ბრძოლისთვის


საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალების კასპიის ფლოტის სამხედროები ასტრახანში
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალების კასპიის ფლოტის სამხედროები ასტრახანში

ასტრახანის ოლქიდან უკრაინაში საომრად გამგზავრებულები ამბობენ, რომ პრობლემები შეექმნათ ხელისუფლების მხრიდან დაპირებული ანაზღაურებისა და შეღავათების მიღებაში.

ინტერნეტში გაჩნდა საიტი "контракт30.рф" ასტრახანის ოლქიდან პოტენციური რეკრუტირებისთვის. ის მალე შეიქმნა მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გამოვიდა მოწოდებით, ყოველ რეგიონში მინიმუმ ათასი მეომარი შეიკრიბოს უკრაინის წინააღმდეგ ომში გასაგზავნად.

"контракт30.рф"-ის სკრინშოტი
"контракт30.рф"-ის სკრინშოტი

ასტრახანელებს სთავაზობენ, იმსახურონ ადგილობრივ სატანკო ბატალიონში, რომელიც შედის დაღესტანში განლაგებული რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების კასპიის ზღვის ფლოტილიის საზღვაო ქვეითთა 177-ე პოლკში. იგულისხმება ჯარში სამსახური სამი თვიდან ერთ წლამდე, რისთვისაც მათ ჰპირდებიან თვეში 300 ათას რუბლამდე ხელფასს (დაახლოებით 5 ათასი აშშ დოლარი), მომავალში კი - ვისაც ეს მომავალი ექნება - სამხედრო მოქმედებების მონაწილის პენსია, სატრანსპორტო გადასახადებისგან გათავისუფლება, კომუნალურ გადასახადებში შეღავათები, მათი ბავშვებისთვის პრივილეგიები სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში მიღებისას.

თუმცა სამხედრო სამსახურში მიპატიჟების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ივლისში გავრცელდა ადგილობრივ მედიაში. კერძოდ, ასეთი ანონსი გამოაქვეყნა რეგიონის ერთ-ერთმა ყველაზე უფრო პოპულარულმა საინფორმაციო საიტმა "Пункт-А"-მ. მსგავსი ინფორმაციის შემცველ პროკლამაციებს სამხედრო კომენდატურა ქალაქში ბოძებზეც აკრავდა.

როგორც რადიო თავისუფლების პროექტი Kavkaz.Realii იუწყება, მსგავსი მიპატიჟებები ადრეც ყოფილა უკრაინაში საომრად წასასვლელად, მაგრამ დაპირებულის მიღებას ყველა ვერ ახერხებს.

ისინი აიღეს და თვალებაუხელელი კნუტებივით გადაისროლეს იქ

მაგალითად, ფულადი ანაზღაურება კინაღამ დაკარგა სამხედრო მოსამსახურე დანილა პიჩკალევმა. ის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 2021 წლის აპრილში, სექტემბრიდან კი კონტრაქტზე გადავიდა. 24 თებერვლიდან 10 აპრილამდე პერიოდში 19 წლის ასტრახანელი სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდა უკრაინის სოფელ სტეპნოეში, დონეცკის ოლქში, რომელიც თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ კონტროლქვეშაა.

როცა პიჩკალევი დაიჭრა, სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და გადაწყვიტა, კონტრაქტი გაეწყვიტა. მაგრამ მას არ მისცეს სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის ცნობა, რომელიც მას თანხის მიღების უფლებას აძლევდა. ასე რომ, სამხედრო მოსამსახურე დაპირებული გადასახადის გარეშე დარჩა, უყვება რადიო თავისუფლებას ანატოლი სალინი „ჯარისკაცთა დედების კომიტეტის“ ასტრახანის განყოფილებიდან, რომელსაც მიმართა პიჩკალევის დედამ.

„დანილა პიჩკალევის დედას დავეხმარე, შეედგინა რამდენიმე მიმართვა, რომლებმაც მოგვიანებით გამოიღო შედეგი. ბიჭს ცნობები მისცეს და ფული გადაუხადეს,“ დააზუსტა სალინმა.

ანალოგიურ პრობლემას შეეჯახა 19 წლის კირილ კუზნეცოვი, რომელიც პიჩკალევთან ერთად მსახურობდა. ის უკრაინაში იმავე დროს იყო - 24 თებერვლიდან 10 აპრილამდე და ისიც კონტრაქტით იბრძოდა.

„საბრძოლო მოქმედებების ადგილებში ჩემმა ვაჟმა კონტუზია მიიღო. სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს. მეთაურის ბრძანებით ბრძოლა გააგრძელა. ჩემი ვაჟის თქმით, მას გული ერეოდა, ჰქონდა ყურებში ზუზუნი და ძლიერი თავის ტკივილი,“ ჰყვება ჯარისკაცის დედა ლილია კულიკოვა.

კუზნეცოვი პიჩკალევთან ერთად დაბრუნდა რუსეთში და თავიდან მანაც ვერ მოახერხა ცნობის მიღება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. შესაბამისად - ვერც კუთვნილი თანხა მიიღო.

„თითქოს უკრაინა სამხედრო მოქმედებები არ იყოს. ვიცი, რომ ისინიც, ვინც სირიაში მსახურობდა, წლობით ცდილობენ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ ცნობის მიღებას. აი, გამოდის, რომ უკრაინა საბრძოლო მოქმედებებად არ ცნეს. ჩემს ვაჟს 53 საბრძოლო დღე აქვს, არადა თითქოს არც კი უბრძოლია... მაგრამ ცნობა მისცეს, საბოლოოდ რაღაც თანხაც გადაუხადეს,“ უთხრა ჯარისკაცის დედამ რადიო თავისუფლებას.

ჯარისკაც კუზნეცოვის დედის საჩივარი სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის სახელზე
ჯარისკაც კუზნეცოვის დედის საჩივარი სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის სახელზე

კუზნეცოვის დედის თქმით, მას ერთ საბრძოლო დღეში 55 დოლარის გადახდას ჰპირდებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ მისმა ვაჟმა მიიღო მხოლოდ 60 ათასი რუბლი, რაც თითქმის სამჯერ უფრო ნაკლები გამოდის დღეში 55 დოლარზე.

„მაგრამ ამისთვის რამდენიმე თვე ვიბრძოლეთ. ჩემმა ვაჟმა დაღესტანში მიმართა პროკურატურას, [„ჯარისკაცთა დედების კომიტეტის“ განყოფილების თავმჯდომარე] სალინს მივმართეთ, ის დაგვეხმარა განცხადებების დაწერაში... მაგრამ რა?“ - ამბობს ჯარისკაცის დედა.

კულიკოვამ დააზუსტა, რომ მის ვაჟს თავად არ გაუწყვეტია კონტრაქტი: „უბრალოდ მან თქვა, რომ ამის გაკეთებას გეგმავს. და მათ თვითონ გაწყვიტეს კონტრაქტი და კიდევ სამი თვით ვადიანი სამსახური დაუმატეს. ‘ბიჭები უბრალოდ გადააგდეს’“ .

„სულ ახალგაზრდა ბიჭები იღუპებიან“

მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა დანიარ ტლემისოვიც ასტრახანის ოლქის კრასნოიარსკის რაიონიდან. თებერვლიდან აპრილამდე ის დონეცკის ოლქში იბრძოდა. იმ დროისთვის ის 20 წლის იყო. 10 აპრილს ჯარისკაცმა თავის თანამემამულეებთან ერთად დატოვა უკრაინის ტერიტორია. დოკუმენტი, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში მის მონაწილეობას ადასტურებს, მას მისცეს არა მაშინვე და გადაუხადეს არა ყველაფერი, რაც თავდაპირველად იყო გათვალისწინებული.

„კონტრაქტს სავალდებულო სამსახურის პერიოდში მოვაწერეთ ხელი - დაგვარწმუნეს, კარგ ხელფასებს დაგვპირდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს თავიდან არავითარი ცოდნა არ ჰქონდათ. გამოდის, არაფერი შეასწავლეს და უკრაინაში გაამგზავრეს. იანვარში ყირიმში, გაძლიერების სახით. შემდეგ, თებერვალში - სხვა ადგილებში. მაგრამ ხომ უნდა ყოფილიყო რაღაც მომზადება, სწავლება? ისინი კი აიღეს და თვალაუხელელი კნუტებივით გადაისროლეს იქ. უკანასკნელად 23 თებერვალს დარეკა, შემდეგ სამი კვირა არ გამოდიოდა კავშირზე. გიჟს ვგავდი,“ ამბობს დინარ ტლემისოვის დედა.

მისი სიტყვებით, როცა მისი ვაჟი კავშირზე გამოვიდა, დედა მიხვდა, რომ გუშინდელ ახალწვეულებს „მეთაურები აგულიანებდნენ“, რომ გაეწყვიტათ კონტრაქტები.

„ხედავდნენ, რომ მთლად ახალგაზრდა ბიჭები იღუპებოდნენ, 19-20 წლისები. ჩვენ მხოლოდ იმან გადაგვარჩინა, რომ ტანკში ვიყავით...“ - იხსენებს ტლემისოვა ვაჟის მონაყოლს.

ის, რომ ისინი იქ თითქმის ორი თვე იყვნენ, არ ჩაეთვლებათ და არავითარ ანაზღაურებას არ მიიღებენ

საბოლოოდ ტლემისოვების ოჯახმაც მიაკითხა სალინს „ჯარისკაცთა დედების კომიტეტში“ და ის მათ დაეხმარა განცხადებების დაგზავნაში.

„მთავარი ისაა, რომ ჩემი ვაჟი დაბრუნდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, როცა [მეთაურებმა] თქვეს, რომ ის, რომ ისინი იქ თითქმის ორი თვე იყვნენ, არ ჩაეთვლებათ და არავითარ ანაზღაურებას არ მიიღებენო, ჩვენ აღვშფოთდით. მათი პოზიციიდან კი ბიჭებმა თითქოს შეთანხმება დაარღვიეს, ამით ხსნიდნენ ყველაფერს. და ამის შემდეგ კიდევ სამი თვით ამსახურეს, თითქოს ბოლომდე მიაყვანინეს სამსახური,“ თქვა რადიო თავისუფლების თანამოსაუბრემ.

ანაზღაურების პრობლემები ექმნებათ არა მხოლოდ ჯარში გაწვეულებს, რომლებიც 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე გახდნენ კონტრაქტით დაქირავებული მეომრები, არამედ უფრო გამოცდილ სამხედრო მოსამსახურეებსაც.

ასტრახანის ოლქის მაცხოვრებელი ნადეჟდა სპირინა Kavkaz.Realii-ს მოუყვა, რომ მისი მეუღლისთვის, კაპიტან ალექსანდრ სპირინისთვის ერთი თვის ხელფასი, 270 ათას რუბლამდე (დაახლოებით 4500 აშშ დოლარი) უნდა გადაეხადათ. მაგრამ ასეულის მეთაურმა მხოლოდ 160 ათასი მიიღო. მეტიც, ფული მხოლოდ პროკურატურაში ჩივილის შემდეგ გადაურიცხეს.

„არავითარი ახსნა-განმარტება [ანაზღაურების შემცირების თაობაზე] არ ყოფილა,“ აღნიშნა სპირინამ. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა კიდევ ოთხი არხანგელსკელი, რომლებიც მის ქმართან ერთად მონაწილეობდნენ ომში. მათ კიდევ უფრო ნაკლები ფული მიიღეს, სამხედრო მოქმედებების ზონაში კი სათანადოდ არ იყვნენ უზრუნველყოფილი კვებით და ფორმებით, უთხრა სპირინამ რადიო თავისუფლებას.

ყოველივე ამის მიუხედავად მისი მეუღლე ფრონტზე დაბრუნდა.

Kavkaz.Realii-ს კორესპონდენტმა დარეკა ტელეფონზე, რომელიც ასტრახანის საიტ "контракт30.рф"-ზეა მითითებული და იკითხა, ცნობილია თუ არა მათთვის შემთხვევები, როცა უკრაინაში ნაომარი ადამიანები პრობლემებს აწყდებიან ანაზღაურებასთან დაკავშირებით. კონტრაქტებით მეომართა შეკრების პუნქტის წარმომადგენელმა პასუხად უთხრა, რომ „ყველაფერი ხდება“ და რომ გააჩნია სამხედრო ნაწილს.

„ფულს ყველა შემთხვევაში უხდიან, მაგრამ, მოგეხსენებათ, ყველა ორგანიზაციაში არიან არაკეთილსინდისიერი ადამიანები. იმ თვალსაზრისით, რომ, მაგალითად, დაკარგეს ბრძანება და ა.შ. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს გადაუხდიან. როგორც წესი, ასეთი პრობლემები არ არის, მაგრამ თუკი რამეა, ჩვენ გვირეკავენ, ჩვენ ვარკვევთ და ფულს უხდიან,“ განაცხადა მებრძოლთა შეკრების პუნქტის წარმომადგენელმა.

  • კიევი დაღესტანში განლაგებული რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების კასპიის ზღვის ფლოტილიის საზღვაო ქვეითთა 177-ე პოლკის სამხედროებს სამხედრო დანაშაულებში სდებს ბრალს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, აპრილის ბოლოს პოლკი მონაწილეობდა ბრძოლებში ზაპოროჟიესა და მარიუპოლის მიმართულებებზე. უწყების საიტზე გამოქვეყნებულია რუსეთის ფედერაციის არმიის ამ ქვედანაყოფის თითქმის ორი ათასი სამხედრო მოსამსახურის გვარები.

  • მანამდე დაღესტნიდან რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ მიმართა გარნიზონის სასამართლოს სარჩელით 412-ე სამხედრო ჰოსპიტლის №2 ფილიალის წინააღმდეგ, იმის გამო, რომ მათ უარი უთხრეს ცნობების გაცემაზე უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში მიღებული კონტუზიისა და ტრავმების შესახებ.

  • 21 სექტემბერს დილის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის შემოღების შესახებ. რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, ჯერჯერობით იგეგმება თადარიგში მყოფი 300 ათასი რეზერვისტის მობილიზება.

XS
SM
MD
LG