Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბოლოს და ბოლოს, რა დააშავა გამსახურდიამ ისეთი, რომ ჩამოაგდეს?“


1993 წელს ზვიად გამსახურდია ჩეჩნეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ამავე წლის 31 დეკემბერს მან, ოფიციალური ვერსიით, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
1993 წელს ზვიად გამსახურდია ჩეჩნეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ამავე წლის 31 დეკემბერს მან, ოფიციალური ვერსიით, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

1992 წლის 6 იანვარს გამთენიისას, ორი სავსე ავტობუსითა და მანქანებით ზვიად გამსახურდიამ, მთავრობისა და თანამოაზრეების ნაწილთან ერთად საქართველო დატოვა. ამ დროს ის პრეზიდენტად მხოლოდ შვიდი თვის წინ იყო არჩეული.

შეიძლებოდა თუ არა, ქვეყანას მოვლენათა ასეთი განვითარება თავიდან აეცილებინა?

ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს, ხმათა 86%-ით აირჩიეს. მანამდე, 1990 წლის ნოემბრიდან, ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო. პრეზიდენტობის შედარებით მშვიდობიანი პერიოდი მხოლოდ სამი თვე გაგრძელდა, დაიწყო არეულობა.

ბოლოს და ბოლოს, რომ ავწონ-დავწონოთ, რა დააშავა ზვიად გამსახურდიამ ისეთი, რომ ჩამოაგდეს? შეგიძლიათ მითხრათ? ან ვინმეს შეუძლია მითხრას? დიქტატურაო, რომ გაიძახიან, დიქტატურა არის, როდესაც ხელისუფლება სამხედრო ძალის გამოყენებით ადამიანებს ახჩობს, ასახლებს და ციხეში ყრის. ერთ დახვრეტილს ვერავინ დამისახელებს. ერთი-ორი დაპატიმრებული იყო, მაგრამ ისინი სავსებით კანონზომიერად იყვნენ ეჭვმიტანილები“, - ამბობს ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე.

კიტოვანის ბუნტი

1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვში საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტმა - ГКЧП-მ საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის ჩამოგდება და ხელისუფლებაში მოსვლა სცადა. ГКЧП-მ დაშლილად გამოაცხადა ყველა გასამხედროებული ფორმირება, რომელთა არსებობა სსრკ კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. ასეთი საქართველოში გვარდია იყო.

იმ დღესვე ზვიად გამსახურდიამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას „შს სამინისტროს შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ“. შემდეგ ის იტყვის, რომ ამით გვარდიის გადარჩენა უნდოდა. გამსახურდიას ბრძანებით, ეროვნული გვარდია უნდა გამხდარიყო შსს-ს შინაგანი ჯარის ნაწილი, დაქვემდებარებოდა შს მინისტრის მოადგილეს და შეენარჩუნებინა მხოლოდ ტაბელური იარაღის გამოყენების უფლება.

თენგიზ კიტოვანი და თენგიზ სიგუა
თენგიზ კიტოვანი და თენგიზ სიგუა

თენგიზ კიტოვანი, რომელიც გვარდიას ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტს არ დაემორჩილა და გვარდიის ნაწილთან ერთად თბილისის ზღვაზე დაბანაკდა. ოპოზიციაში გადავიდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თენგიზ სიგუაც. მისი თქმით, ის გამსახურდიას საკადრო და ეკონომიკურ პოლიტიკას არ ეთანხმებოდა.

დიმიტრი შველიძე ამბობს, რომ შეიძლებოდა კიტოვანი თბილისის ზღვაზევე გაენეიტრალებინათ, მაგრამ ზვიად გამსახურდიასთვის რადიკალურად მიუღებელი იყო, ქართველს ქართველისთვის ესროლა.

ამან დაღუპა, - ამბობს დიმიტრი შველიძე, - ეს შეიძლება ზოგმა გულუბრყვილობად ჩაუთვალოს, ან ზედმეტ დათმობად, მაგრამ ეს მისი პოზიცია იყო“.

უშუალოდ შეიარაღებული დაპირისპირება 1991 წლის 22 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, 15 დღის განმავლობაში 113 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა და დაზიანდა შენობები. ისინი, ვინც მთავრობის სასახლეში იმყოფებოდნენ, ე.წ. ბუნკერში, სინამდვილეში კი სასადილოში ჩავიდნენ და თავს იქ აფარებდნენ.

ეკა ხერხეულიძე, რომელიც მაშინ სხვებთან ერთად იმყოფებოდა მთავრობის სასახლეში, თავისი ფეისბუკის კედელზე იხსენებს:

სულ ცოტა ხანში სასადილო დარბაზი ლაზარეთად იქცა. ჩამოყავდათ დაჭრილები და გარდაცვლილები… სასადილო მაგიდებზე იწვა დაცხრილული ხალხი… ზოგი გაუყუჩებელი ჭრილობების სიმძიმისგან ბღაოდა, ზოგი მეგობრის სიკვდილს გლოვობდა, ზოგი უბრალოდ ისტერიკას ვერ იკავებდა… მოგვიანებით დაცვამ გადაწყვიტა, ხალხი გაეყვანა… საბოლოოდ ამ ოთახში დავრჩით ზვიადი, ბესო გუგუშვილი, მანანა ძოძუაშვილი, ლელე, პირადი დაცვა და მე (ალბათ, ყველაზე პატარა რომ ვიყავი, ამიტომ). ის დიდი დარბაზი ფქვილის საწყობი აღმოჩნდა. შუაში დიდი სასწორი იდგა, კედლების გასწვრივ უამრავი მილი გადიოდა. არ იყო არც ერთი სკამი. ტომრებისგან სახელდახელო ჩამოსაჯდომები გააკეთეს და ეს იყო მთელი აღჭურვილობა. ორი კვირის განმავლობაში ვიყავი საქართველოს პრეზიდენტის გვერდით და ცხადად მახსოვს ყოველი დღე. ისედაც მძიმე დღეებს, რაც ყველაზე აუტანელს ხდიდა, იყო ყინვა...

მთელი ამ ხნის მანძილზე ზვიადს ლუკმა არ უჭამია, მხოლოდ ჩაის სვამდა. არ მინახავს ჩაძინებული, გარდა ერთი შემთხვევისა. იმ ტომრებით გამოყვანილ ფიგურებზე გამძლეობადაკარგულებს ხან ვის ჩასთვლემდა და ხან - ვის. არ ვიცი, როგორ გავბედე ჩაძინება, მაგრამ როცა თვალი გავახილე, ფქვილის ტომარის ერთ მხარეს მე მედო თავი და მეორე მხარეს - საქართველოს პრეზიდენტს. ყველაზე მეტად იმის შემრცხვა, რომ ჩაძინებულს თავისი პალტო მოუფარებია ჩემთვის...

6 იანვარს, გამთენიისას ორი საათი მოგვცეს დრო იმისთვის, რომ დაგვეტოვებინა შენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზით ამოგვგუდავდნენ და არავის ცოცხალს არ დაგვტოვებდნენ. ზვიადი ცდილობდა არავინ დარჩენილიყო შენობაში. თავად დაიარა სართულები. ჩემი თვალით ვნახე რა გაიტანა, ეს იყო მხოლოდ ვიდეოკასეტები და არაფერი სხვა… უთვლიდნენ, მიცემული დროისთვის არ გადაეცილებინა, თორემ კოლხურ კოშკში ცოლი და მცირეწლოვანი შვილები ცოცხლები არ დახვდებოდნენ“.

დარბეული კოლხური კოშკი
დარბეული კოლხური კოშკი

ჰამლეტ ჭიპაშვილმა, რომელიც მაშინ უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი იყო, 2021 წელს რადიო თავისუფლებასათან საუბარში გაიხსენა, თუ რა დახვდა პარლამენტის შენობაში, გამსახურდიას წასვლიდან სამი დღის შემდეგ.

არც ერთი ფანჯარა და კარი აღარ ჰქონდა შენობას. იმ დარბაზს, სადაც დღეს სხდომები იმართება, სახურავიც არ გააჩნდა. გამსახურდიას კაბინეტში ერთი სკამიც კი აღარ იყო მთელი. შიდა ეზო სეიფებით და რკინის კარადებით იყო სავსე, გორად იდგა და არც ერთს საკეტი აღარ ჰქონდა. ჩემი სეიფიავტოგენითიყო გაჭრილი. პრეზიდენტის რკინის კარადაც დამსხვრეული ეგდო. სართულებზე ხელყუმბარები ეყარა. დალაგება რომ დავიწყეთ, გაგვაჩერეს, ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდესო. მერე გამნაღმველები მოვიდნენ...“.

დევნილობაში

თავდაპირველად ზვიად გამსახურდია დასავლეთ საქართველოში გადასვლას გეგმავდა, მაგრამ მეტეხის ხიდთან პრეზიდენტის კოლონას ცეცხლი გაუხსნეს. არსებული ინფორმაციით, ავტობუსში მსხდომთა ნაწილი დაიჭრა, იყო მსხვერპლიც. შემდეგ თავშესაფარი აზერბაიჯანში ითხოვეს. როდესაც უარი მიიღეს, სომხეთში გადავიდნენ. თუმცა, დიდხანს იქაც ვერ დარჩნენ.

პრეზიდენტი დევნილობაში
please wait

No media source currently available

0:00 0:49:05 0:00
გადმოწერა

მფრინავმა ზაურ ბედიამ, 2021 წელს, ამ მოვლენებიდან 30 წლის შემდეგ, რადიო თავისუფლებასთან გაიხსენა, როგორ გადააფრინა ზვიად გამსახურდია სომხეთიდან ჩეჩნეთში.

საქართველოს ზონაში რომ შემოვედით, სამი გამანადგურებელი დავინახე, უნდოდათ ვაზიანის აეროპორტში დავესვით და ზვიადი ხელში ჩაეგდოთ. ისეთი ილეთები გავაკეთე, იმათ იფიქრეს, გიჟია ვიღაცაო. ამხელა თვითმფრინავით დასატაკებლად რომ მიდიხარ, არც იმას უნდა სიკვდილი. დაიფანტნენ. ისე წამოვედი პარტიზანულად, რომ ვერც შემამჩნიეს. ეგონათ დასავლეთისკენ მივდიოდი, მაგრამ მერე ჩრდილოეთისკენ ავიღე გეზი და კავკასიონს გამოვყევი... ავად იყო კაცი [ზვიად გამსახურდია], ამხელა სტრესი შეხვდა, ამხელა რაღაც გადაიტანა. მერე იქ გამოჯანმრთელდა, გროზნოში“.

1993 წელს ზვიად გამსახურდია ჩეჩნეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ამავე წლის 31 დეკემბერს მან, ოფიციალური ვერსიით, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

2005 წელს, უკვე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, 1991-1992 წლების მოვლენები გამოცხადდა ანტიკონსტიტუციურ, შეიარაღებულ სამხედრო გადატრიალებად.

სამოქალაქო პანაშვიდი, ზვიად გამსახურდიას ცხედრის საქართველოში ჩამოსვენების შემდეგ, 2007 წელი.
სამოქალაქო პანაშვიდი, ზვიად გამსახურდიას ცხედრის საქართველოში ჩამოსვენების შემდეგ, 2007 წელი.

რამდენად შესაძლებელი იყო, მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო?

ისტორიკოსი გიორგი არქანია ამბობს, რომ მომხდარის თავიდან აცილება მხოლოდ საზოგადოების ერთიანობის შემთხვევაში შეიძლებოდა.

როგორც გამსახურდია შემდეგ თავად ამბობდა, მან ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ უფრო დიდი სისხლისღვრა აერიდებინა თავიდან. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ყველა თვალსაზრისით იზოლაციაში იყო მოქცეული. მოსახლეობის უმრავლესობა გადატრიალებას მხარს ნამდვილად არ უჭერდა, მაგრამ ვინც უჭერდა, ისინი პოლიტიკური ელიტის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ. რომ არა მათი პოზიცია, მოსკოვს ძალიან გაუჭირდებოდა გადატრიალების მოწყობა, - ამბობს გიორგი არქანია, - მოსკოვს არ აწყობდა მმართველი, რომელსაც საქართველო დამოუკიდებლობისკენ მიჰყავდა. გამსახურდია კავკასიაში ერთადერთი ლიდერი იყო, ვინც საბჭოთა კავშირის განახლების პროექტს უპირისპირდებოდა. 1991 წლის დეკემბერში საქართველომ ერთადერთმა (ბალტიისპირეთის გარდა) არ მოაწერა ხელი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნას. ეს გადატრიალება მოსკოვში დაიგეგმა და მას ქართული პოლიტიკური ელიტის ნაწილიც უჭერდა მხარს. შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ამ გადატრიალებამ საქართველოში მრავალწლიანი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია“.

ერთი წლით ადრე

1990 წელს ეროვნული მოძრაობა ორად გაიხლიჩა. მიზეზი უზენაესი საბჭოს არჩევნები იყო. ეროვნული მოძრაობის ზოგი ლიდერი, მაგალითად, გიორგი ჭანტურია და ირაკლი წერეთელი, მიიჩნევდნენ, რომ მათ მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში, რადგან ის საბჭოთა კავშირის მიერ იყო გამოცხადებული. ზვიად გამსახურდია კი ფიქრობდა, რომ პირიქით, სწორედ ამ არჩევნებში მონაწილეობით უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. განხეთქილების მიზეზი გახდა ძალაუფლებისთვის ბრძოლაც. გამსახურდიას დაუპირისპირდა ინტელიგენციის ნაწილიც.

ქართულმა ინტელიგენციამ პასუხისმგებლობა ვერ აიღო საკუთარ თავზე, ზოგმა ვერ გაბედა, ზოგმა ვერ წარმოიდგინა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა სახელმწიფო გადატრიალებას. გამსახურდია ყველაფერში მტყუანი რომც ყოფილიყო, მაინც არ უნდა აგეღო იარაღი და მაინც არ უნდა ჩამოგეგდო შენი ხელისუფლება. ჩვენ გამოვიჩინეთ ველურობა, ჩამორჩენილობა და აქ ყველა დამნაშავეა“, - ამბობს დიმიტრი შველიძე.

რატომ არ დაეხმარა დასავლეთი გამსახურდიას მთავრობას?

საბჭოთა იმპერიის რღვევა მსოფლიო სიურპრიზი იყო. დასავლეთი ამ ფაქტის წინაშე მოუმზადებელი აღმოჩნდა და კარგა ხანი არც იჯერებდა. 1991 წელს, როდესაც საქართველოში ქვეყნისთვის გადამწყვეტი მოვლენები ვითარდებოდა, დასავლეთში ჯერ კიდევ არ იცოდნენ, მართლაც დაიშლებოდა თუ არა საბჭოთა კავშირი. როგორც გიორგი არქანია ამბობს, ამიტომ აჭიანურებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასაც.

1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა. ერთი დღით ადრე, 25 დეკემბერს, საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა აშშ-მა.

თბილისში მაშინ უკვე გადატრიალების პროცესი იყო. ოპოზიცია ხმას ავრცელებდა, არ დაიჯეროთ, გამსახურდიამ ეს თავის გადასარჩენად მოიგონა, სინამდვილეში აშშ- დამოუკიდებლობა არ უღიარებია და სანამ ის პრეზიდენტია, არც აღიარებსო, - ამბობს გიორგი არქანია, - საბჭოთა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა გამსახურდიას დისკრედიტაციისთვის. ამ პროპაგანდის გამო დასავლეთის ლიდერებისთვის გამსახურდია პოზიტიური ლიდერი არ იყო. გარდა ამისა, ძალიან ბევრი მკვლევარი ამბობს, რომ მაშინ დასავლეთმა კარგად ვერ შეაფასა ის საშიშროება, რაც რუსეთისგან მოდიოდა“.

მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიას მთავრობამ ხელისუფლება დატოვა, ქვეყნის მართვა ხელში აიღო სამხედრო საბჭომ: თენგიზ კიტოვანმა, ჯაბა იოსელიანმა და თენგიზ სიგუამ. ეს სამეული დახვდა თბილისში ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც მალე საქართველოს პრეზიდენტად იყარა კენჭი. შევარდნაძე საქართველოს ხელისუფლებაში 11 წელი, 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე დარჩა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG