Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთი: აშშ-ის სანქციები მოსამართლეს და რუსული ორდენი ყოფილ პარლამენტარს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა (მარცხნივ) მეგობრობის ორდენი გადასცა ბულგარეთის ეროვნული რუსოფილური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკოლაი მალინოვს. მოსკოვი, 2019 წ. 4 ნოემბერი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა (მარცხნივ) მეგობრობის ორდენი გადასცა ბულგარეთის ეროვნული რუსოფილური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკოლაი მალინოვს. მოსკოვი, 2019 წ. 4 ნოემბერი

აშშ-მა სანქციები დაუწესა ბულგარელ მოსამართლე ანდონ მიტალოვს, რომელიც, სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ბულგარეთში „მნიშვნელოვან“ კორუფციაში მონაწილეობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 5 თებერვალს განაცხადა, რომ შავ სიაში შეჰყავს ბულგარეთის სისხლის სამართლის საგანგებო სასამართლოს მოსამართლე ანდონ მიტალოვი, ვინაიდან ის დაკავშირებულია „კორუფციულ ქმედებებთან, რომლებმაც ზიანი მიაყენა კანონის უზენაესობას და სერიოზულად ავნო ბულგარეთში დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტების რეპუტაციას.“

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიტალოვის ცოლზე, კორნელია სტოიკოვა-მიტალოვაზე და ქალიშვილზე, გერგანა მიტალოვაზეც ვრცელდება განკარგულება, რომელიც მათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას ართმევს.

მიტალოვმა ბევრი განარისხა ბულგარეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც, როცა ნიკოლაი მალინოვს, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ ყოფილ ბულგარელ პარლამენტარს, უფლება მისცა, გამგზავრებულიყო მოსკოვში, სადაც მან პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მიიღო ჯილდო „დრუჟბა“. როგორც იტყობინებიან, მალინოვი მოსკოვში, სხვათა შორის, კგბ-ს გადამდგარ გენერალს, ლეონიდ რეშეტკნიკოვსაც შეხვდა.

„ეს პირველი ასეთი განკარგულებაა ბულგარეთში და ის კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ერთგულებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა ბულგარეთსა და მთელს მსოფლიოში,“ განაცხადა პომპეომ და დასძინა: „ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც მხარში უდგას ბულგარეთს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“. პომპეოს თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული იქით, რომ „ხელი შეუწყოს ამ რეგიონში და მსოფლიოში კორუმპირებული პირების ანგარიშვალდებულების ზრდას“.

აშშ-ის გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ ნდობას აღარ უცხადებს პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის მთავრობას და ენდემური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში წარუმატებლობაში დასდო მას ბრალი.

ბორისოვის მმართველობის პირობებში ქვეყნამ ეკონომიკური წინსვლა განიცადა, მაგრამ მის მთავრობას ასევე აკრიტიკებენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში არასაკმარისი წინსვლისთვის და იმისთვის, რომ კორუმპირებულ ჩინოვნიკებსა და ბიზნესმენებს სათანადოდ არ აგებინებენ პასუხს.
„ამ მთავრობას და ადმინისტრაციას სახელმწიფო კოლაფსისკენ მიჰყავთ და ჩვენ, როგორც ქვეყანას, მომავალს გვართმევენ“, თქვა რადევმა სატელევიზიო მიმართვაში. „დღეს მოწმენი ვართ ყველა დონეზე მმართველობის მწვავე კრიზისისა, სახეზეა არასაკმარისი ნება რეფორმირებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

ბულგარეთი ევროპის კომისიამაც გააკრიტიკა კანონის უზენაესობის სფეროში წარუმატებლობისა და მაღალ ეშელონებში კორუფციისთვის.

მალინოვი აცხადებს, რომ ბულგარელ გამომძიებლები მას იმის გამო დევნიან, რომ ის ღიად უჭერს მხარს რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG