Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის მანდარინი რუსეთში საახალწლო სუფრაზე მოხვდება


ოკუპირებული აფხაზეთი წელს, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, აზიურმა ფაროსანამ გაცილებით ნაკლებად დააზარალა, ვიდრე შარშან. რადიო თავისუფლებას რამდენიმე გალელმა დაუდასტურა, რომ ამ სეზონზე მანდარინის დიდი მოსავალია.

ოკუპირებულ რეგიონში ციტრუსის კრეფა ნოემბერში დაიწყეს. დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმირ დაუროვმა აფხაზურ ტელევიზიას უთხრა, რომ წელს 30-35 ათას ტონა მანდარინს ელოდებიან. შარშანდელი მოსავალი 15 ათასს ტონას ვერ ასცდა.

“წელს აზიური ფაროსანის წინააღმდეგ აქტიური სამუშაოები ჩავატარეთ და როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო. ყველა რაიონში ნაყოფის ხარისხი კარგია და მასზე დიდი მოთხოვნა იქნება რუსულ ბაზარზე“- აცხადებს ვლადიმირ დაუროვი.

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად აფხაზურ მხარეს დახმარება საქართველოს მთავრობამ შესთავაზა. ზუგდიდში, ერთ-ერთ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ისიც კი განაცხადეს, რომ აფხაზურ მხარეს შესაწამლი პრეპარატები გადასცეს. ამის შესახებ არაფერი უთქვამს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობას, სადაც აცხადებენ, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ რუსეთიდან შემოტანილი ქიმიკატები გამოიყენეს.

გალელებს დე ფაქტო მთავრობის დარიგებული პრეპარატები არ ეყოთ, მოსახლეობის ნაწილმა პესტიციდები ზუგდიდიდან წაიღო. ოტობაიაში მცხოვრებმა ლუიზა ვეკუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აზიური ფაროსანის საწინააღმდეგო პრეპარატები წელს 2-3-ჯერ გამოიყენა და მოსავალიც კარგი აქვს.

მოსავლის სწრაფად ასაღებად, ნათესავების დახმარებით აფხაზეთში მუშახელი ზუგდიდიდანაც ჩაჰყავთ. „საჭმელიც აქვთ და ყველაფერი. კარგ პირობებში არიან. ერთ კილოგრამში 13 რუბლს (50 თეთრი) უხდიან“ - უთხრა რადიო თავისუფლებას გალელმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ დაგვესახელებინა.

დანარჩენი აფხაზეთიდან გალში მანდარინის შესაძენად სატვირთო ავტომობილებით ჩადიან. ერთი კილოგრამი მანდარინის ჩაბარების ფასი 20-25 რუსული რუბლია, რაც დაახლოებით 80 თეთრიდან ერთ ლარამდეა. ამდენივე ღირს მანდარინის ჩაბარება ზუგდიდშიც - გალელ გლეხებს ციტრუსის ენგურზე გადატანა არ უღირთ. ტრანსპორტირება დამატებითი ხარჯებია და შესაბამისად, გალის რაიონში მოწეული მანდარინიც რუსეთის ბაზარზე ხვდება.

ცოტა ხნის წინ რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის 2018 წლის მარტში, აზიური ფაროსანას საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვა გააუქმა. დე ფაქტო ხელისუფლება ნოემბერში რუსეთში ყოველდღიურად 300-400 კილოგრამი მანდარინის გატანას გეგმავს. ციტრუსის მოსავლის უმეტესი ნაწილის აღება 27 დეკემბრამდე უნდა მოესწროს, რათა აფხაზური მანდარინი „რუსეთში საახალწლო სუფრაზე მოხვდეს.”

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG