Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუქმდება თუ არა ევროკავშირში "საათის გადაწევა"?


პრაღის ასტრონომიული საათი
პრაღის ასტრონომიული საათი

ახლოვდება ოქტომბერი, როცა მთელ რიგ ქვეყნებში ხდება ხოლმე ზაფხულის დროიდან ზამთრის დროზე გადასვლა. დროს ერთი საათით უკან გადაწევენ. მაგრამ ეს ყველას არ შეეხება. მაგალითად, საქართველოში მრავალი წელია, აღარ ხდება ზაფხულის დროზე გადასვლა და, შესაბამისად, ზამთრისაზე დაბრუნება. აქამდე ევროპის კავშირში ზაფხულის დროის ერთიანი პოლიტიკა მოქმედებდა - ევროპის კავშირის მთელს ტერიტორიაზე, ყველა წევრ ქვეყანაში, წელიწადში ორჯერ იცვლებოდა დრო. მაგრამ შესაძლოა, ამიერიდან ეს ასე აღარ იყოს.

საათის გადაწევის მომხრენი ამტკიცებენ, რომ ეს ენერგიის დაზოგვას ეხმარება. მათი თქმით, ზაფხულში დღის ხანგრძლივობას უფრო მეტი პროდუქტიულობა მოაქვს და ამცირებს საგზაო შემთხვევების რიცხვს.

აგვისტოს ბოლოს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, განაცხადა რომ ევროკავშირი დაასრულებდა ერთობლივი "დროის გადაწევის" პრაქტიკას. ეს განცხადება გაკეთდა მას მერე, რაც ევროკავშირის მასშტაბით გამოკითხვებმა აჩვენა, რომ 4,6 მილიონი მოქალაქიდან, 84 პროცენტი "საათის გადაწევის" გაუქმების მომხრეა. იუნკერის თქმით, ეს ხალხისა და არა ბრიუსელის გადასაწყვეტია. საინტერესოა, რომ 4,6 მილიონი ადამიანიდან ყველაზე მეტი იყო გერმანიის, ავსტრიისა და ლუქსემბურგის.

საათის გადაწევას ევროკავშირი 2002 წლიდან არეგულირებს. ყოველწლიურად, მარტის ბოლო კვირიდან ოქტომბრის ბოლო კვირამდე, ევროკავშირის ქვეყნებში დრო 1 საათით გადაიწევა წინ. ამასთანავე ევროკავშირში სამი სასაათო სარტყელია: 1. დასავლეთ-ევროპული ანუ გრინვიჩის დრო, საიდანაც იწყება დროის უნივერსალურად ათვლა; ცენტრალურ-ევროპული დრო, სადაც ევროკავშირის ყველაზე მეტი ქვეყანაა მოქცეული და აღმოსავლეთ ევროპის დრო, რომელიც ორი საათითაა წინ.

მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ამ ქმედებასთან შეგუება ბევრისთვის რთულია და შესაძლოა გამოიწვიოს გრძელვადიანი ჯანმრთელობის ხარვეზები, განსაკუთრებით, ბავშვებსა და მოხუცებში.

რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. საათის გადაწევის მომხრენი ამტკიცებენ, რომ ეს ენერგიის დაზოგვას ეხმარება. მათი თქმით, ზაფხულში დღის ხანგრძლივობას უფრო მეტი პროდუქტიულობა მოაქვს და ამცირებს საგზაო შემთხვევების რიცხვს. თუმცა, მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ამ ქმედებასთან შეგუება ბევრისთვის რთულია და შესაძლოა გამოიწვიოს გრძელვადიანი ჯანმრთელობის ხარვეზები, განსაკუთრებით, ბავშვებსა და მოხუცებში. ჩატარებულმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ძილის უკმარისობის გარდა, ეს სამსახურში შრომისუნარიანობის დაქვეითებასაც იწვევს.

ამ ჯგუფის ყველაზე აშკარა მხარდამჭერია ფინეთი, რომელმაც მიმდინარე წლის თებერვალში წამოიწყო ლაპარაკი დროის გადაწევის გაუქმებაზე. ფინელებს არგუმენტად მოჰყავთ შემოდგომაზე დღის ნაკლებობა და თვლიან, რომ უმჯობესი იქნება ზაფხულის დროის გამოყენება შემოდგომა-ზამთარშიც.

აღსანიშნავია, რომ თვითონ გერმანიაში იგრძნობა აზრთა სხვადასხვაობა. გერმანული გაზეთი "ბერლინერ ცაიტუნგი" წერს, რომ საათის გადაწევა არა მარტო პრაგმატული, არამედ ერთიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის. გაზეთის აზრით, ეს არის ევროკავშირის პოლიტიკური ერთობის სიმბოლო და ასახავს ერთიანი სისტემის მუშაობას. ამის მიუხედავად, როგორც ზემოთ აღინიშნა, გამოკითხვაში ყველაზე მეტად სწორედ გერმანელები იყვნენ დროის გადაწევის გაუქმების მომხრეები.

ჟან-კლოდ იუნკერი
ჟან-კლოდ იუნკერი
იუნკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მუდმივად ზაფხულის დროს გამოიყენებს, თუმცა შესაძლებელია ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ დამოუკიდებლად შეცვალოს დრო.

იუნკერის ამ გადაწყვეტილებას ბევრმა "საშიში" პრეცედენტიც უწოდა. როგორც ავსტრიული გაზეთი "ვინერ ცაიტუნგი" წერს, ასეთი სახის გამოკითხვების ჩატარება ინტერნეტის მეშვეობით არა მარტო უზუსტობას იწვევს, რადგან ყველა ქვეყნის აზრი თანაბარპროპორციულად არ არის წარმოჩენილი, არამედ, გაზეთის აზრით, ეს პრეცედენტი საშიშ შედეგებს მოიტანს, რადგან შესაძლებელი იქნება სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაც მიენდოს ინტერნეტს, სადაც თავისუფლად შესაძლებელი, რომ 2/3 გერმანელები და ავსტრიელები იყვნენ. ეს კი ევროკავშირში არსებულ პოლიტიკურ უთანასწორობას საგრძნობლად გაზრდის.

თუმცა, რა გასაკვირია, ამ გადაწყვეტილების განხორციელებას დრო დასჭირდება. რეალიზებისთვის აუცილებელია რომ ევროკომისიამ მოამზადოს კანონპროექტი, სადაც გარკვევით იქნება აღწერილი მოქმედების გეგმა. ამის შემდეგ საჭიროა ამ კანონპროექტის დამტკიცება, რაც უკვე ევროპარლამენტისა და 28 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებაა. მხოლოდ მას მერე გაუქმდება საათის გადაწევა.

მართალია, იუნკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მუდმივად ზაფხულის დროს გამოიყენებს, თუმცა შესაძლებელია ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ დამოუკიდებლად შეცვალოს დრო, რადგან საერთო რეგულაცია აღარ იარსებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG