Accessibility links

გიორგი გახარია: ხერხემალი თუ სამიზნე?


შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია ახლა უკვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც არის. ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მანდატით აღჭურვილი საბჭოს მდივნობა, ბევრის აზრით, დიდი დაფასება და დიდი ძალაუფლებაა.

რატომ მაინცდამაინც გიორგი გახარია? რით გამოიჩინა მან თავი და რით დაამახსოვრდა ის საზოგადოებას?

სადავო შერჩევა

კანონის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი შეიძლებოდა გამხდარიყო საბჭოს ნებისმიერი მუდმივი წევრი:

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
  • საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;
  • საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.

წარმოდგენილი სიიდან კი, უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეარჩია. საბჭოს ახალმა შემადგენლობამ პირველი სხდომა 1 მაისს გამართა.

„გიორგი გახარია ხერხემლად აქციეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე.

ის თითქმის დარწმუნებულია, რომ საბჭოს მთელი ძალაუფლება სწორედ ერთი ადამიანის ხელში, გიორგი გახარიას ხელში მოექცევა.

ანალიტიკოსისთვის მთავარ პრობლემას არა რომელიმე გვარი, არამედ ძალაუფლების ერთი ადამიანის ხელში კონცენტრაცია წარმოადგენს.

  • კანონი მორგებულია ერთი კაცის ხერხემლად ქცევაზე;
  • კანონის ერთ კაცზე მორგება ძალიან ცუდი პრაქტიკაა და საქართველოს ამის ცუდი გამოცდილებაც აქვს;
  • ასეთი პრაქტიკა დამახასიათებელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის და უცხოა ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებისთვის;
  • ეს პრაქტიკა განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, როცა ქვეყანაში არ არის დემოკრატიული კონტროლის, სასამართლო კონტროლის სათანადო მექანიზმები.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პრინციპულად არასწორი და სახიფათოა, როდესაც უსაფრთხოების საკითხების მაკოორდინირებელი მთავარი საბჭოს მდივნის ფუნქცია ჩაბარებული აქვს ამავე საბჭოს წევრსა და მთავრობის ძალოვანი სტრუქტურის პირველ პირს.

მდივანი ანგარიშვალდებულია მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წინაშე და ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მოსალოდნელია სწორედ მისი ინტერესების გატარება, საბჭოს წევრებს შორის სადავო საკითხების განხილვის დროს.

ბევრის მსგავსად, არც გიორგი მუჩაიძეს გაჰკვირვებია, რომ უშიშროების საბჭოს მდივნად პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ, სწორედ გიორგი გახარია დაასახელა.

„ბოლო პერიოდში აშკარად ჩანდა მისი ძალაუფლების წარმოჩენა. ის განსაკუთრებით აქტიურობს და ხშირად მთელი მთავრობის სახელითაც ლაპარაკობს ხოლმე... ცხადია, ეს ბიძინა ივანიშვილის ხელდასმით ხდება... როგორც ყველაფერ დანარჩენს, რა გასაკვირია, რომ ასეთ საკითხებსაც ის წყვეტს“, - ამბობს გიორგი მუჩაიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, დიდი ალბათობით, „გულზე არ ეხატება“ გიორგი გახარია, თუმცა მოცემულ მომენტში სჭირდება, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:

„ბიძინა ივანიშვილს აქვს აღქმა იმისა, რომ გახარიას გარეშე უფრო მეტი პრობლემა ექნებოდა, ვიდრე დღეს აქვს“.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ გიორგი გახარიას დაუფასდა განსაკუთრებული აქტიურობა საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

რატომ გიორგი გახარია?

„უკვე რამდენი ხანია, ხმაურიანი მოვლენების ეპიცენტრში სულ ერთი კაცი, გიორგი გახარია ექცევა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყანაში სხვა არავინ არის, პასუხისმგებლობა რომ აიღოს“, - ამბობდა პანკისში განვითარებული მოვლენების შემდეგ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

შს მინისტრის, ვიცე-პრემიერის აქტიურობა არც გია ხუხაშვილს გამოჰპარვია: „სახელისუფლებო მართვის უკიდურესად არაკომპეტენტურ და არაეფექტურ სისტემაში, ის ათი თავით უკეთესია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებზე“.

ძირითად თვისებებად ხუხაშვილი ასახელებს შემდეგს:

  • კრიზისების მართვის უნარები;
  • ოპერატიულად მოქმედების უნარები;
  • ინტელექტუალური უნარები;
  • პროფესიული უნარები.

„ის ამოვარდა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი ბანალური ქცევის ფორმატიდან... მაგალითად, ბოდიშის მოხდა არ არის დამახასიათებელი ქართველი პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ ბოდიშიც უნდა მოიხადო, რომ უფრო დიდი რისკის წინაშე არ დადგე“, - ამბობს ანალიტიკოსი.

ოპოზიციისთვის კი გიორგი გახარია არაფრით განსხვავდება ხელისუფლების სხვა ლიდერებისგან. მეტიც, ოპონენტებს აქვთ სერიოზული შეკითხვები და ბრალდებები, რომლებიც უკავშირდება, მაგალითად:

  • 21 აპრილს პანკისში განვითარებულ მოვლენებს;
  • TBC ჯგუფის დამფუძნებლის ბრალდებას მუქარის წერილთან დაკავშირებით.

მუქარის წერილზე, რომელიც, TBC ჯგუფის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მას სწორედ შს მინისტრმა გაუგზავნა, სერიოზული შეკითხვები აქვთ ანალიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც.

წერილი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, პროკურატურამ გამოძიების გაგრძელების საფუძველი ვეღარ დაინახა, თავად გიორგი გახარიამ კი, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არსად ეჩქარება და აბსურდულ ბრალდებას პასუხს მოგვიანებით გასცემს.

გიორგი გახარიას ოპონენტები ხშირად შეახსენებენ იმასაც, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება დამძიმდა და ხალხს გარეთ გასვლის ეშინია. დანაშაულის გაზრდილ მაჩვენებლებს მთავრობა შემთხვევათა აღრიცხვისა და თვლის განსხვავებული სისტემით ხსნის.

54%-იანი ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით, მარტში განმარტებები პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა.

სხვა საკითხებთან ერთად, სავარაუდოდ კრიმინალის თემაზეც მოუწევს საუბარი თავად გიორგი გახარიას, როცა ის 2 მაისს პარლამენტში, დეპუტატების წინაშე წარსდგება.

ბოდიშისა და „ცეცხლის“ ჩაქრობის ტაქტიკა

გიორგი გახარიას „ცეცხლის“ უცბად ჩაქრობა ეხერხება და ეს კარგად გამოჩნდა პანკისშიც, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გია ხუხაშვილი. თუმცა ის ფიქრობს, რომ შედეგი საბოლოოდ წამგებიანი იყო:

  • ჰესის მშენებლობა გაჩერებულია;
  • სახელმწიფოს უკან დახევა მოუწია;
  • გაილახა პოლიცია და სპეცრაზმი - „კუდამოძუებული“ წამოვიდნენ;
  • ქვეყანა საფრთხის წინაშე დადგა და ნაღმიც ჩაიდო.

გიორგი გახარია პანკისში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:08 0:00

გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ გიორგი გახარიას სახელისუფლებო სტრუქტურებში ბევრი მტერი ჰყავს და ახლა სწორედ ისინი აქეზებენ პანკისის აქციის მონაწილეთა დასჯისკენ - ეს კი საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს შს მინისტრისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარია მავანთა სამიზნეა და არც იმას გამორიცხავს, რომ გახარიას არ მიაწოდეს შესაბამისი ინფორმაცია პანკისის ხეობაში არსებული ვითარებისა და ხალხის განწყობების შესახებ.

თუმცა თუ ასეთი რისკი არ იყო ადეკვატურად გათვლილი, ძაბირაძის შეფასებით, ესაც მთავრობისა და თავად შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია.

„თუკი მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, ეს თავად უნდა გაარკვიოს და გაფრთხილდეს, რომ არ გადაჩეხონ...

მაგრამ სახიფათო ის არის, რომ ასეთ შემთხვევაში ქვეყანას ემუქრება გადაჩეხვის საფრთხე. საბოლოოდ ქვეყანა ზარალდება და არა გახარია“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. მისი აზრით:

  • უხეში შეცდომა იყო ჰესის მშენებლობის გამო ძალოვანი სტრუქტურის შესვლა პანკისის ხეობაში;
  • არანაკლები შეცდომა იქნება 21 აპრილის მოვლენების მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში განხილვა.

მეორე ამბავი, რომელსაც ხშირად იხსენებენ გიორგი გახარიაზე საუბრისას, მის საჯარო ბოდიშს უკავშირდება. ბოდიში შს მინისტრმა რუსთაველის გამზირზე, ხალხმრავალი, ხმაურიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუხადა.

აქციის მონაწილეები კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ 2018 წლის 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა შს მინისტრისგან კონკრეტული დაპირებები მიიღეს და ამის შემდეგ დაიშალნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG