Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუპირისპირდება თუ არა პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტ მარგველაშვილისა და „ქართული ოცნების“ ისედაც არასახარბიელო ურთიერთობები, შესაძლოა, კიდევ უფრო გაფუჭდეს იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი მარგველაშვილი არ გაითვალისწინებს „ქართული ოცნების“ პოზიციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ამ პოსტის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ის ბევრისთვის მოულოდნელად დატოვა ექს-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრად დასახელებულმა ზურაბ პატარაძემ. ვიდრე საქართველოს ახალი კონსტიტუცია სრულად ამოქმედდება, ნოემბრამდე, საქართველოს პრეზიდენტს აქვს ბერკეტი, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით შეარჩიოს. კონსულტაციები უნდა გაიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან, თუმცა საბჭოს 21-კაციან შემადგენლობაში 14 ადგილით „ქართული ოცნებაა“ წარმოდგენილი და ეს საკმარისია პრეზიდენტისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, მაგრამ შემდეგ ყველაფერი, შესაძლოა, საბჭოს დათხოვნით დასრულდეს.

პრეზიდენტი არ აპირებს ერთპიროვნულად შეარჩიოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა, მაგრამ არც ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს გეგმავს. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განმარტა, საქართველოს ამჟამად მოქმედ კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის არარსებობის გამო, პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ჩანაწერის მიხედვით იმოქმედებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონსულტაციები გაიმართება მხოლოდ უმაღლეს საბჭოში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებთან და მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაც მხოლოდ ამის შემდეგ შეირჩევა.

პრეზიდენტის სასახლეში ეს განცხადება 5 ივლისს დღის მეორე ნახევარში გაკეთდა, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია მანამდეც ცნობილი იყო და ხუთშაბათს პოლიტიკოსები თუ ექსპერტები დილიდან აქტიურად განიხილავდნენ, რამდენად სწორი და კანონიერია გიორგი მარგველაშვილის ასეთი გადაწყვეტილება. „იმედია, პრეზიდენტი მარგინალურ ნაბიჯს არ გადადგამს“ - ისმოდა „ქართული ოცნების“ რიგებიდან, ხოლო ოპოზიცია ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ ახალი კონსტიტუციის სრულად ამოქმედებამდე ჰაერში ვართ გამოკიდული და ამჟამად მოქმედი რედაქცია საერთოდ არ ცნობს ისეთ შემთხვევას, როგორიც არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან ვადაზე ადრე გადადგომა.

იმაში, რომ პრეზიდენტი ცენტრალურ მთავრობასთან კონსულტაციებს არ გეგმავს, პრობლემას ვერ ხედავს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. ნათია მიქელაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა კონსულტაციები უნდა გაიაროს აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა წარუდგინოს მან მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს. იმის გამო, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუცია სრულად ნოემბერში ამოქმედდება, შემდგომ პროცედურებს აჭარის კონსტიტუციის მიხედვით ელის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილიც.

​ამ ეტაპზე თითქოს მხარეები უკვე შეთანხმებულნი არიან. პრეზიდენტი არ აპირებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს და ამაზე პრეტენზიებს არ გამოხატავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. მაგრამ კონსტიტუციონალისტების ნაწილი არ გამორიცხავდა, რომ „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის გეგმა კონსტიტუციის სადავო ინტერპრეტაციად მიეჩნია და საქმე საკონსტიტუციო სასამართლომდეც მისულიყო.

მართალია, ამ ეტაპზე დაპირისპირება არ გამწვავებულა, მაგრამ წინ კიდევ არის ამის ალბათობა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან კონსულტაციებს არ გეგმავს, „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი კანდიდატურის ვინაობას ის აუცილებლად შეიტყობს აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებისგან. „ქართული ოცნება“ საბჭოს 21-კაციან შემადგენლობაში 14 ადგილს ფლობს და ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჩააგდონ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სხვა კანდიდატურა. მაგრამ თუკი კანდიდატურას ორჯერ ჩაუგდებენ, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დაითხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტისთვის უკვე ჰყავს შერჩეული კანდიდატურა და ეს არის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი თორნიკე რიჟვაძე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG