Accessibility links

დეა მეტრეველი: პრინციპების ერთგულება არ მაპატიეს


პირდაპირი თუ ირიბი მუქარები, გაფრთხილებები, შეთქმულების თეორიები, “სხვისი თამაშის” წესებით მოქმედების მოთხოვნები - წიგნის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი დეა მეტრეველი რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს იმ “ომზე”, რომელიც ორ წელიწადს გაგრძელდა და საბოლოოდ, ცენტრის დახურვით დასრულდა.

დეა მეტრეველი ამბობს, რომ ეს დასასრული მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ცენტრისა და მის გარშემო განვითარებული მოვლენები სწორედ იმას მოასწავებდა, რომ ის სამინისტროს გარკვეული წრეებისთვის მიუღებელი ფიგურა იყო და ცენტრს უნდა ჩამოშორებოდა.

საბოლოოდ, ოპტიმიზაციის, სფეროს უკეთ მართვის საბაბით, 2019 წლის 20 ივნისს, წიგნის ცენტრი “მწერალთა სახლთან” ერთად გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა ლიტერატურის ეროვნული ფონდი.

თუმცა, აგვისტოს დასაწყისში, კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, “მწერალთა სახლი” აღდგა და მას დაუბრუნდა თავისი ხელმძღვანელი ნატაშა ლომოურიც. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი, დეა მეტრეველი კი საბოლოოდ გაქრა ლიტერატურული რადარებიდან, ცენტრის ფუნქციები “მწერალთა სახლმა” გადაიბარა.

“ომი”, რომელიც ფრანკფურტამდე დაიწყო

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სადაც 2018 წლის შემოდგომაზე საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგა და რომელმაც არამარტო ქართული ლიტერატურა, არამედ მთლიანად, ქართული კულტურა გააცნო მსოფლიოს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. თუმცა, დეა მეტრეველის თქმით, ეს წარმატება წიგნის ეროვნულ ცენტრს საკმაოდ ძვირი დაუჯდა.

ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას და მის გუნდს პრინციპების ერთგულება ვერ აპატიეს.

ტრიბუნალი მომიწყვეს სხვა სსიპ-ების ხელმძღვანელების წინაშე. მიზეზი კი იყო ცენტრის პრინციპული პოზიცია

საფრთხე პირველად 2017 წლის დასაწყისში იგრძნეს. „შეურაცხმყოფელი და ღირსების ამყრელი თათბირები სამინისტროში, ტრიბუნალები პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელების წინაშე, თანამედროვე ქართველი მწერლების მიმართ დამამცირებელი შეფასებები, პროცესების გაუმჭვირვალედ მართვის მცდელობები“ - დეა მეტრეველი იმ ფაქტებს იხსენებს, რომლის გამოც მას და მის გუნდს მისი თქმით, რთული დღეების გადატანა მოუხდათ:

ვხვდებოდით, რომ თავისუფლებისთვის და პრინციპულობისთვისდავისჯებოდით“. ეს ჩემი, როგორც ცენტრის ხელმძღვანელის და გუნდის არჩევანი იყო. ღირებულებების ერთგულება და რეპუტაცია, პროფესიონალიზმი, ხარისხი, გამჭვირვალობა - სისტემის რიგმა წარმომადგენლებმა ამის გამო უცხო სხეულად მოგვნათლეს და დაგვხურეს. გულახდილად გეტყვით, რომ სამწუხაროდ, ყოფილი კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან ქართველი მწერლების და ლიტერატურის მიმართ დამოკიდებულება იყო ძალიან არასერიოზული. თანამედროვე ქართველ ავტორებს ხშირად ფრანკფურტის პროექტთან დაკავშირებულ საერთო თათბირებზე ძალიან არაკორექტულად მოიხსენიებდნენ. ამას ყოველთვის ადგილზე ვაპროტესტებდი და ჩვენი ავტორების მნიშვნელობას ცალსახად ვაფიქსირებდი.

ამავე თათბირებზე, განსაკუთრებით კი 2017 წლის აგვისტოში, პირდაპირი მნიშვნელობით, ტრიბუნალი მომიწყვეს სხვა სსიპ-ების ხელმძღვანელების წინაშე. მიზეზი კი იყო ცენტრის პრინციპული პოზიცია, რომ ფრანკფურტის პროექტის კულმინაციური კომპონენტის - ბაზრობაზე საქართველოს პავილიონის კონცეფციის მოსამზადებელი ეტაპი ხარვეზებით მიმდინარეობდა, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ფორმალურად ვიყავით პასუხისმგებლები და სხვა დანარჩენში არ უნდაჩავრეულიყავით“. დარღვეულ ვადებსა და შეუსრულებელ ვალდებულებებზე კითხვების დასმის უფლებაც კი არ გვქონდა. მაშინდელ კულტურის და სპორტის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს არაერთხელ ვთხოვე დახმარება, მქონდა ილუზია, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის მიმართ უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა ექნებოდა და პროექტის წინაშე არსებულ პრობლემებს თვალს გაუსწორებდა, თუმცა, ამაოდ. დახურულ კარს მიღმა ამ მასშტაბის პროექტის გაკეთება სიგიჟე იყო. ჩემთვის კი მიუღებელი და ამაზე უკვე ხმამაღლა დავიწყე ლაპარაკი. ჯერ შიგნით შევეცადე ყველა რესურსი ამომეწურა და როცა ბატონმა გიორგაძემ სხვა პოზიცია დაიკავა, უკვე საჯაროდ გამოვხატე პროტესტი. სხვა გზა არ დამიტოვეს, პროექტს აგდებდნენ და თავადაც ვერ ხვდებოდნენ. ამ პროტესტის გამო საჯარო ტრიბუნალი მოგვიწყვეს. მე და ჩემი მოადგილე სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელების წინაშე თავიანთი გადმოსახედიდანდაგვამცირეს”. ზოგმა ეს ადგილზე გააპროტესტა და სხვადასხვა მიზეზის გამო შეხვედრა დატოვა. ასეთი შემთხვევები მრავლად იყო. ყველას გახსენება ნამდვილად შორს წაგვიყვანს. უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს იყო საბჭოთა კავშირის ჟანრის და ფორმის მიდგომები და ინსტრუმენტები, რომლებსაც ძალიან წარმატებულად იყენებდნენ 2017 წელსაც”.

მე და ჩემი გუნდი სამინისტროსთვის ხელის შემშლელი ფაქტორი ვიყავით.

დაპირისპირებამ კულმინაციას 2017 წლის დეკემბერში მიაღწია. ფრანკფურტის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის პავილიონის კონცეფციის საკითხი, დარღვეული ვადები და გაუმჭვირვალე სიტუაცია კულტურის სამინისტროს ფარგლებს გარეთ გავიდა:

საკითხი ასე იდგა, ან თვალი უნდა დაგვეხუჭა ყველაფერზე და მიღებულითამაშის წესებითგაგვეგრძელებინა საქმიანობა და შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ცენტრს დაკისრებოდა, ან შესაბამისი რეაგირება უნდა მოგვეხდინა. ჩემი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ყველა კარი ერთბაშად დამიკეტეს და მიხეილ გიორგაძემ პროექტის ხელმძღვანელობიდან ჩამომაშორა. მაშინ უკვე ნათელი გახდა ჩემთვის, რომ მე და ჩემი გუნდი სამინისტროსთვის ხელის შემშლელი ფაქტორი ვიყავით. კაბინეტში დამიბარეს და უცნაური გადაწყვეტილება მამცნეს. პროექტის ხელმძღვანელობიდან მათავისუფლებდნენ და მინისტრის მოადგილე, მანანა ბერიკაშვილი სრულად იბარებდა პროექტის მართვას. რაც შეეხება ცენტრს და მის გუნდს, ჩვენ მხოლოდ თანხების გამტარები უნდა ვყოფილიყავით ისე როგორც თავად გადაწყვეტდნენ”.

დეა მეტრეველმა მინისტრის კაბინეტში დადებული პირობა ერთ კვირაში შეასრულა და დეკემბრის შუა რიცხვებში ცენტრის დირექტორის პოზიციიდან გადგომის შესახებ განცხადება დაწერა. თუმცა, სამინისტროს ეს სცენარი მწერლებმა, მთარგმნელებმა და გამომცემლებმა წინა საახალწლო დღეებში ამოაყირავეს და სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს წიგნის ეროვნულ ცენტრსა და მის ხელმძღვანელს. დეა მეტრეველის თქმით, სამინისტომ ვითომ უკან დაიხია და პირადად მინისტრმა აიღო პროექტის მართვის სადავეები. ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ამბის შემდეგ, ცენტრს მუშაობა სულ უფრო და უფრო რთულ პირობებში უწევდა:

სრულ ცაიტნოტში ვიმუშავეთ უპასუხისმგებლო ადამიანების შეცდომების გამო, თუმცა მაინც ღირსეული შედეგი დადგა. დღესაც მივიღებდი თუ არა იგივე გადაწყვეტილებას, რომ მცოდნოდა ამ ამბის ასეთი მძიმე დასასრული? რა თქმა უნდა, მივიღებდი და ასევე ბევრ შეცდომას, რომელიც დავუშვი, არ გავიმეორებდი - ადამიანების მეტამორფოზას და გაკეთილშობილებას ასე ადვილად არ დავიჯერებდი”.

“კეთილმოსურნისწერილები

ეს წერილი დღემდე მაქვს შენახული, როგორც ნეობოლშევიკური მეთოდოლოგიის ქრესტომათიული ნიმუში

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე სამი თვით ადრე, 2018 წლის 21 ივლისს, დეა მეტრეველს ხელში ჩაუვარდა წერილი, რომლის ადრესატიც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია იყო. წერილის ავტორი წიგნის ცენტრის საქმიანობაზე დამაკნინებელი და ცილიმსწამებლური ტონით საუბრობდა.

ნორჩმა დამსმენმა, რომელიც დარწმუნებული ვარ, დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებდა, პრემიერის ადმინისტრაციაშიკეთილმოსურნისპათოსით განმსჭვალული წერილი გაგზავნა. ამ ადამიანის სახელის და გვარის ხსენება ფრანკფურტის პროექტთან მიმართებაში იმდენად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რამდენადაც ის არც არაფერს წარმოადგენდა. თუმცა, სამინისტროს მხრიდან ნდობით აღჭურვილი პირი იყო ფრანკფურტში. მოვითხოვე ამ ცილისწამებისთვის მისი პასუხისმგებლობის დაყენება, მათ შორის წერილობითი ფორმითაც. მთხოვეს, არ გასულიყო ეს ამბავი გარეთ და ამ ფაქტს სამინისტრო მიხედავდა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ არც არაფერი მოხდა. ეს წერილი დღემდე მაქვს შენახული, როგორც ნეობოლშევიკური მეთოდოლოგიის ქრესტომათიული ნიმუში, რომელიც 21 საუკუნის საქართველოშიც ეფექტურად მუშაობს”.

ყოფილი კულტურის მინისტრები, რომლებიც ფრანკფურტში არ უნდა ჩასულიყვნენ

დეა მეტრეველის თქმით, ფრანკფურტის ბაზრობის პროექტის ბედი 2010-12 წლებში, საქართველოს კულტურის მაშინდელი მინისტრის ნიკა რურუას მონდომებითა და მცდელობით გადაწყდა. 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პროექტი სრულად გადაიბარა გურამ ოდიშარიამ, კულტურის მომდევნო მინისტრმა და სწორედ მისი ძალისხმევით და აქტიური მუშაობით, 2014 წელს ხელი მოეწერა ორმხრივ ხელშეკრულებას გერმანულ მხარესთან და პარალელურად დაარსდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი.

თუმცა, დეა მეტრეველი ამბობს, რომ მიუხედავად ნიკა რურუასა და გურამ ოდიშარიას დამსახურებისა, კულტურის ყოფილი მინისტრები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გარკვეული პირებისთვის მიუღებელი სტუმრები აღმოჩნდნენ.

2018 წლის ზაფხულში, წიგნის ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს გერმანელმა პარტნიორებმა შეატყობინეს, რომ ქართული მხარის მოთხოვნით, ფრანკფურტის ბაზრობაზე არ უნდა მიეწვიათ კულტურის ყოფილი მინისტრები, ნიკა რურუა და გურამ ოდიშარია:

ამ სამარცხვინო ამბის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეს საზოგადოებამ. გერმანელი პარტნიორებისგან 2018 წლის ზაფხულში გამაოგნებელი ინფორმაცია მივიღე, სამინისტროდან იყო მოთხოვნა, ყოფილი კულტურის მინისტრები არ მიეწვიათ ბაზრობაზე. რა თქმა უნდა, ეს თხოვნა არ იქნა გათვალისწინებული და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ პირადად მიიწვია გურამ ოდიშარია და ნიკა რურუა, როგორც მათი ყოფილი კოლეგები. ასეთი უპასუხისმგებლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება რამდენიმე ადამიანის თვითშემოქმედება და კიდევ ერთი უნიჭო სცენარის ნაწილი იყო, რომლითაც ქვეყნის რეპუტაციას და სახელმწიფო ინსტიტუტებს მიაყენეს ჩრდილი და რეპრესიული ელფერი შესძინეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტს. რა თქმა უნდა, კულტურის ყოფილი მინისტრები ფრანკფურტში ჩამოვიდნენ და ეს ფაქტიც გახდა ცენტრის გარშემო შავი პიარ-კამპანიის აგორების ერთ-ერთი მიზეზი”.

შეთქმულების თეორია - პასპორტები, რომლებიც არ დახეულა

ბაზრობის ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღით ადრე, მიხეილ გიორგაძემ, რომელიც მაშინ უკვე მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, „გვერდზე გამიყვანა“ და გაუგებარი ამბავი მამცნო

წიგნის ეროვნული ცენტრისა და მისი ყოფილი ხელმძღვანელის, დეა მეტრეველისთვის, განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ფრანკფურტის ბაზრობის წინა დღეები. მისი თქმით, როდესაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ მობილიზება, სიმშვიდე და მხარდაჭერა, სწორედ მაშინ მიიღეს ყველაზე მძიმე დარტყმა კულტურის სამინისტროსგან. დეა მეტრეველს იმ შეთქმულების აღკვეთა მოსთხოვეს, რომელიც არ არსებობდა:

ახალი რეპრესიული მანქანაც ამოიქოქა. 7 ოქტომბერს, ბაზრობის ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღით ადრე, მიხეილ გიორგაძემ, რომელიც მაშინ უკვე მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, „გვერდზე გამიყვანადა გაუგებარი ამბავი მამცნო - ქართველი მწერლები ანტისახელმწიფოებრივ აქტს ამზადებენ ფრანკფურტში და ეს უნდა აღკვეთოო. საუბრისას მინიშნებებს მაძლევდა, რომ ამ ინფორმაციას მეც ვფლობდი და თუ დროულად არ მივიღებდი ზომებს, „მარტო დავრჩებოდი“. როცა ვიკითხე რას ნიშნავდა ეს ფრაზა, ასევე ზოგადად მიმახვედრა რომდავისჯებოდი“. იმ დღეს მე პირდაპირი მნიშვნელობით ბულინგის მსხვერპლი ვიყავი. შეეცადნენ ჩემი და გუნდის მორალურად ჩამოშლას, წარმატებისშიშადქცევას. საქმე ამაზე შორსაც წავიდა და ეს ამბავი უშუალოდ წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს მიაწოდეს პრევენციული ზომების მისაღებად. რა თქმა უნდა, ფრანკფურტში არანაირი ანტისახელმწიფოებრივი აქტი არ იგეგმებოდა და არც განხორციელებულა. მეტიც, თუკი იმ დღეებში ვინმე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ქვეყნის ღირსებას და რეპუტაციას იცავდა, სწორედ ჩვენი მწერლები და არტისტები იყვნენ, რომლებმაც გააპროტესტეს საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მხრიდან. ეს იყო მწერლების ერთადერთი თვითორგანიზებული აქცია წიგნის ბაზრობაზე, რომელმაც ძალიან ღირსეულად და მშვიდობიანად ჩაიარა. ბოლოს ისიც გავიგე, რომ ამბავი უფრო შორის იყო წასული, სულ ზევით, მე ქვეყნის მტრად გამომაცხადეს, ხოლო თავად საკუთარი თავის რეაბილიტაციას და შეუცვლელი კადრების იმიჯის განმტკიცებას შეეცადნენ, რომლებსაც გამოგონილისაბოტაჟისაღკვეთის უნარი ჰქონდათ. რას ამზადებდნენ ასეთს მწერლები, მაინც ვერავინ გაიგო, რადგან არც არაფერს ამზადებდნენ. თბილისში დაბრუნების შემდეგ შემატყობინეს, მწერლები საქართველოს პასპორტების საჯარო განადგურებას გეგმავდნენ საერთაშორისო მედიის წინაშეო. ეს ამბავი უკვე იუმორისტულ ჟანრს განეკუთვნება და ამაზე სერიოზულად არც კი შემიძლია საუბარი. ეს იყო ქართველი მწერლების "გაშავების" მცდელობა - სცენარის მიხედვით, რომელიც სად დაიწერა, არ ვიცი".

სოლიდარობა ზვიად რატიანს - ცენტრის სასჯელი?

2017 წლის 23 დეკემბერს პოლიციამ პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციული წესის დარღვევის გამო დააკავა. დაკავებისას, მის მიმართ პოლიციის მხრიდან სავარაუდოდ, განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. ზვიად რატიანმა მიიღო სხეულის არაერთი დაზიანება. ამ საქმეს პროკურატურა ერთ წელზე მეტია იძიებს, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ.

და ვის აქვს უფლება ქართველი მწერლების სიტყვით გამოსვლებში ჩაერიოს?

ეს ინციდენტი მაშინვე გააპროტესტეს ქართველმა მწერლებმა. ეს ფაქტი გააპროტესტა წიგნის ეროვნულმა ცენტრმაც და პოეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ზვიად რატიანის საქმე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გამართული ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოვების ცერემონიალის ერთ-ერთ მთავარ ამბად იქცა, რომელიც დეა მეტრეველის თქმით, წიგნის ცენტრისთვის “საბედისწერო აღმოჩნდა”:

თავის მოტყუება იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ამ თემაზე ქართველი მწერლები არ ისაუბრებდნენ ფრანკფურტში და გერმანული მედია ამ თემით არ დაინტერესდებოდა. ეს იყო ჯანსაღი რეაქცია საზოგადოების და ამ პროცესის ხელის შეშლა კიდევ უფრო დიდი დანაშაული და სირცხვილი იქნებოდა. ფრანკფურტის ძველი მერიის შენობაში გამართული ლიტერატურული პრემიასაბასდაჯილდოება კი საბედისწერო აღმოჩნდა, როცა დასასრულს, ლაშა ბუღაძის ემოციურმა სიტყვამ ზვიად რატიანზე, იქ დამსწრე რამდენიმე ადამიანს დიდი დისკომფორტი შეუქმნა. ლაშა ბუღაძემ ძალიან ღირსეული სიტყვა თქვა. ქვეყნის რეპუტაციისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო. საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ეს ძალიან კარგი მაგალითი იყო ქვეყნაში დემოკრატიული პროცესის არსებობის დასამტკიცებლად და ასევე მწერლების სოლიდარობის საჩვენებლად. თუმცა, ეს ვერ ან არ დაინახეს, ისევ საბჭოურად მოთარგმნეს და რეპრესიული მექანიზმებიც ჩართეს. ლაშა ბუღაძის სიტყვაც ცენტრს და მე დამაბრალეს. და ვის აქვს უფლება ქართველი მწერლების სიტყვით გამოსვლებში ჩაერიოს?"

მდუმარე დახურვა

ფრანკფურტის ბაზრობის დასრულებიდან მალევე, წიგნის ცენტრის თანამშრომლებმა შეიტყვეს, რომ 2019 წლის იანვრიდან ცენტრის დახურვა იგეგმებოდა. დეა მეტრეველის თქმით, მან, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენა, იმისათვის, რათა ყველასთვის მიეწვდინა ხმა, რომ წიგნის ცენტრის დახურვით მნიშვნელოვანი საქმე ფუჭდებოდა. თუმცა, ამბობს, რომ მის წინაშე ყველა კარი ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა:

მრჩება შთაბეჭდილება, რომ სამინისტრომ ბოლომდე ვერ ან არ გაიაზრა ის დიდი წარმატება და მნიშვნელობა, რაც წიგნის ცენტრის საქმიანობით 2018 წელს ქართულმა ლიტერატურამ მიიღო. ქართული ლიტერატურის ისტორიაში და ასევე ფრანკფურტის ბაზრობის ისტორიაშიც კი 2018 წელი მნიშვნელოვან თარიღად შევა, ისევე როგორც 2019 წელი და უკანასკნელი სადამსჯელო სამარცხვინო მოვლენები. წიგნის ცენტრის არსებობის ხუთი წლის თავზე, „გამარჯვებულებიგაგვასამართლეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც, როგორც აღმოჩნდა, ლიტერატურა ძალიან არ უყვარდათ. საგულისხმოა, რომ ცენტრის დაარსებიდან მისი არსებობის ბოლომდე, სამი საჯარო წლიური ანგარიში გავაკეთეთ და არც ერთხელ კულტურის მინისტრი არ მოსულა ჩვენი თხოვნის მიუხედავად. ეშმაკი დეტალებშია და ეს ამბავი ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა. 2018 წლის დეკემბრის თვეში მომიწია რამდენიმე თანამშრომლის გაშვება, რადგან სამინისტრომ შტატების შენარჩუნებაზე უარი მითხრა სხვადასხვა მიზეზით. მათ მიმართ თავს დღემდე დამნაშავედ ვგრძნობ და ჩემი მრავალი ოფიციალური წერილის და თხოვნის მიუხედავად, არა თუ დამეხმარა სამინისტრო ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მდგრადობა შემენარჩუნებინა, არამედ 2019 წლის 20 ივნისს, საერთოდ გაგვაუქმა. კულტურის მინისტრთან შეხვედრას ვითხოვდი, თუმცა, სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზით უარს ვიღებდი. ცენტრი და მისი ხელმძღვანელი დაბლოკილები ვიყავით მინისტრის გარემოცვისგან. მალულად, დახურულ კარს მიღმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მე უნდა წავსულიყავი. ამას პირადად არავინ მეტყოდა, ხმაურს მოერიდნენ და კიდევ ერთი სცენარი აამუშავეს - წიგნის ცენტრის და მწერალთა სახლის გაერთიანება და ამ ფონზე ჩემი და ჩემი გუნდის ჩამოშორება. თითქოს, ასე უფრო ნაკლები კითხვა გაუჩნდებოდა საზოგადოებას. თუმცა, კითხვები უფრო მეტი გაჩნდა და მწერლების ბოიკოტით დასრულდა. ამ ფონზე, განსაკუთრებულად მადლიერი ვარ ჩემი გუნდის, მწერლების, გამომცემლების და მთარგმნელების, ჩემი კოლეგების, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვედგნენ და გვგულშემატკივრობდნენ. მადლობელი ვარ ჩვენი უცხოელი პარტნიორების, რომლებმაც მძაფრი და მყისიერი რეაგირება მოახდინეს მიმდინარე უსამართლო მოვლენებზე. არ ვიქნები ჩემს თავთან მართალი, თუ არ აღვნიშნავ საქართველოს პარლამენტის პოზიტიურ როლს და მხარდაჭერას ჩვენს მიმართ”.

ბოიკოტის შედეგი თუ ფსევდო-შედეგი?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას წიგნის ცენტრისა და მწერალთა სახლის გაუქმებისა და მის ნაცვლად ლიტერატურული ფონდის დაფუძნების შესახებ, მწერლების ბოიკოტი მოჰყვა. ივლისის პირველ რიცხვებში დაწყებული ბოიკოტი ერთ თვეს გაგრძელდა. აგვისტოს დასაწყისში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ახალი გადაწყვეტილება მიიღო - შეიქმნა ორგანიზაცია “მწერალთა სახლი”, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მწერალთა სახლის ყოფილი დირექტორი ნატაშა ლომოური და სწორედ ამ ორგანიზაციას დაევალა წიგნის ეროვნული ცენტრის ფუნქციების შესრულება.

დეა მეტრეველი ფიქრობს, რომ მწერლებმა ამ ბოიკოტით, სამწუხაროდ, მაქსიმუმიდან მინიმუმი მიიღეს:

მე შეგნებულად გავერიდე პროცესებს, რადგან ვიცოდი, რომ ამ ამბავში, ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი ფაქტორი იყო და მეგონა, ამით ცენტრს, როგორც ინსტიტუციას, დავიცავდი და გადავარჩენდი. არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი პოსტის შენარჩუნება. ვიყავი იქ, სადაც იმ დროს უნდა ვყოფილიყავი და ის საქმე მეკეთებინა, რასაც ქვეყნისთვის საჭიროდ და მნიშვნელოვნად ვთვლიდი. ბოიკოტის პათოსს სრულად ვიზიარებდი, თუმცა სამწუხაროა, რომ მწერლების მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილდა. დეტალებზე მე ვერ ვისაუბრებ, რადგანაც ამ პროცესში პირადად მე არ ვიყავი ჩართული და არც არავინ დამკავშირებია სამინისტროდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწერალთა სახლში დაბრუნდა ხელმძღვანელი, რომელიც ჩემსავით უსამართლოდ გაათავისუფლეს. სამწუხაროა, რომ წიგნის ეროვნული ცენტრი გაქრა სახელმწიფო უწყებების ნუსხიდან. დიდი შეცდომაა, ძალიან დიდი შეცდომა, ცენტრის ფუნქციების მწერალთა სახლისთვის გადაცემა. 2014 წელს საქართველოს მთავრობის მიერ წიგნის ცენტრი სწორედ იმიტომ შექმნა,რომ ლიტერატურული თარგმანების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა. ცენტრის საქმიანობა არის კომპლექსური და მრავალმხრივია და როგორც კი მას ქოლგა ორგანიზაციის ერთ რიგით რგოლად (სამსახურად) გახდი, პროცესი ნაკლებ ეფექტური იქნება. მწერალთა სახლს აქვს თავისი კონცეფცია და მრავალი სხვა საინტერესო მიმართულება, რომელიც ამ გაერთიანების ფონზე, ასევე არ უნდა დაზარალდეს. მე ასე ვფიქრობ და გამიხარდება, თუკი ეს მოდელი გაამართლებს“.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი იმედს იტოვებს, რომ ცენტრი მომავალში ისევე დაიბრუნებს დამოუკიდებელ სტატუსს, როგორც ეს "მწერალთა სახლის" შემთხვევაში მოხდა და ქართული ლიტერატურის მთარგმნელობითი პროცესი კვლავინდებურად პრიორიტეტულ მიმართულებად გამოიკვეთება:

ეს მოდელი ჩვენი გამოგონილი არ არის. ეს ცენტრი იმ ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების შედეგია, რომლებსაც ასე ხშირად სამაგალითოდ ვიშველიებთ ხოლმე. რაც შეეხება ბრძოლას ცენტრის აღდგენისთვის, ეს ისევ და ისევ სალიტერატურო სექტორის გადასაწყვეტია. მე იქ ვიქნები, სადაც საქმე მოითხოვს. ახალი პლატფორის, „ქართულო ლიტერატურული ინიციატივისმეშვეობით, ჩემს კოლეგებთან ერთად აქტიურად ვიმუშავებ ქართველი ლიტერატურის და კულტურის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისთვის და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ახალი ინიციატივების განხორციელებისთვის".

იქიდან გამომდინარე, რომ წიგნის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებასთან ღიად საუბრობს კულტურის ყოფილი მინისტრის, მიხეილ გიორგაძის მხრიდან გადადგმულ მთელ რიგ ნაბიჯებზე, რომლებიც მისი თქმით, საფრთხის ქვეშ აყენებდა ფრანკფურტის ბაზრობის პროექტის წარმატებით განხორციელებას, რადიო თავისუფლება შეეცადა მიხეილ გიორგაძესთან დაკავშირებას, თუმცა, ამ ეტაპზე, უშედეგოდ.

რადიო თავისუფლება მზად არის მოისმინოს მიხეილ გიორგაძის არგუმენტებიც, რომელმაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა 2019 წლის ზაფხულში დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG