Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად რატიანის საქმე: შს სამინისტრო სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი


ზვიად რატიანი
ზვიად რატიანი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შს სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. ლაპარაკია რეაგირებაზე, რომელიც მოჰყვა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებას პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადგინა, რომ დაუშვებელი იყო პოლიციელების მიერ ზვიად რატიანის გადაღება პირადი მობილური ტელეფონის გამოყენებით და ასევე დაუშვებელი იყო ამ ჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს რადიო თავისუფლებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

განცხადებაში, რომლითაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს 11 იანვარს მიმართა, EMC-მ ორი კონკრეტული გარემოების კანონიერების შესწავლა მოითხოვა:

  1. პოლიციელების მიერ ზვიად რატიანთან კომუნიკაციის პირადი მობილური ტელეფონით გადაღება;
  2. ზვიად რატიანის შესახებ მობილურით გაკეთებული ჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემა;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებამ პირდაპირ თქვა, რომ ეს ჩანაწერები არ იყო კანონიერად მოპოვებული და პოლიციას არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ მოქალაქესთან კონტაქტი მობილური ტელეფონის საშუალებით ჩაეწერა...

გადაწყვეტილებით, რომელიც 2018 წლის 23 თებერვლით არის დათარიღებული, ინსპექტორმა შს სამინისტრო ორივე საკითხთან მიმართებით სამართალდამრღვევად ცნო და, შედეგად, 2000 ლარით დააჯარიმა.

როგორც EMC-ს ადამიანის უფლებების იურისტმა სოფო ვერძეულმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მტკიცე პოზიცია, რაც არაერთხელ გახმაურდა სასამართლო განხილვების მიმდინარეობისას:

„ზვიად რატიანის საქმეში შს სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოჩანაწერები, რომლებითაც უწყება ამტკიცებდა სამართალდარღვევის ჩადენას ზვიად რატიანის მხრიდან. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებამ პირდაპირ თქვა, რომ ეს ჩანაწერები არ იყო კანონიერად მოპოვებული და პოლიციას არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ მოქალაქესთან კონტაქტი მობილური ტელეფონის საშუალებით ჩაეწერა. ამ გადაწყვეტილებით, ინსპექტორმა გააკეთა განმარტება, რომელიც მნიშვნელოვანია სხვა საქმეებისთვისაც, რადგან ზვიად რატიანის საქმე არ არის ერთადერთი გამონაკლისი, სადაც ფიქსირდება პოლიციის მიერ მობილური ტელეფონის გამოყენება მოქალაქის ფოტო ან ვიდეოგადაღებისთვის“.

სოფო ვერძეულის თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ განსაზღვრული სტანდარტით, პოლიცია უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რომლებიც პირდაპირ არის მითითებული კანონში. EMC-ს მიერ 2 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა პროცესზე მტკიცებულების სახით წარდგენილი მასალების საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემის გზით დამუშავების უფლებამოსილება. გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ “ზვიად რატიანის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება სახის დაფარვითა თუ მის გარეშე ვერ იქნება მიჩნეული საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად.

„გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომმობილური ტელეფონი (მათ შორის თანამშრომლის მფლობელობაში არსებული) არ შეესაბამებაპოლიციის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ ტექნიკურ საშუალებებს, რომლებითაც ნებადართულია ვიდეოგადაღება, მათ შორის სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს”. გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ საშუალებებს, რომელთა გამოყენებითაც უნდა განხორციელდეს ვიდეოგადაღება. ამ საშუალებების ჩამონათვალში კი მობილური ტელეფონი არ შედის. ამ საკითხთან დაკავშირებით ინსპექტორის გადაწყვეტილება დამატებით მიუთითებს, რომ მობილური ტელეფონით ვიდეოგადაღებისა და შემდგომში მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგულაცია შემუშავებული არ არის“.

რაც შეეხება მობილური ტელეფონით გადაღებული ჩანაწერების საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადგინა, რომ შს სამინისტრომ მონაცემები დაამუშავა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე და მონაცემთა დამუშავებისთვის დადგენილი პრინციპების დარღვევით. სოფო ვერძეულის თქმით, ინსპექტორის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ზვიად რატიანის შემთხვევა არ არის პირველი შემთხვევა წლის განმავლობაში, როდესაც შს სამინისტრომ მოახდინა პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავება და 2000-ლარიანი ჯარიმაც უწყებას სწორედ განმეორებითი შემთხვევის გამო დაეკისრა. EMC-ს მიერ 2 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:

„(ინსპექტორის გადაწყვეტილების თანახმად) შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა პროცესზე მტკიცებულების სახით წარდგენილი მასალების საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემის გზით დამუშავების უფლებამოსილება. გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომზვიად რატიანის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება სახის დაფარვითა თუ მის გარეშე ვერ იქნება მიჩნეული საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად, ვინაიდან აღნიშნული მიზანი მიიღწეოდა ამ მოცულობით მონაცემთა დამუშავების (ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება) გარეშე, საზოგადოების ინფორმირების გზით“.

იმის გათვალისწინებით, რომ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგენდა შს სამინისტროს მიერ ზვიად რატიანის საქმეზე წარდგენილ ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას, სოფო ვერძეულის თქმით, გამოდის, რომ მართლმსაჯულება დაეყრდნო უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებას.

სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული

„სწორედ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტი პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების წინაშე, თუმცა არც ერთმა ინსტანციამ ასეთი მსჯელობა არ გაიზიარა და მათი გადაწყვეტილება დაეყრდნო პრობლემურ მტკიცებულებებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სოფო ვერძეულმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს ინფორმაცია ზვიად რატიანის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. დადგენილი წესების გათვალისწინებით, აპარატი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე გადაგზავნილია როგორც EMC-ში, ასევე შს სამინისტროში. შეკითხვებზე პასუხების მიღება ამ ეტაპზე არ მოხერხდა - ძალოვანი უწყებიდან რადიო თავისუფლებას მხოლოდ მცირე ინფორმაცია მიაწოდეს:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ზვიად რატიანთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში გაასაჩივრებს“.

იმ პირობებში, როდესაც სამედიცინო ექსპერტიზით დადასტურებულია დაახლოებით 20-მდე დაზიანება მის თავზე და სხეულზე და არსებობს სხვა არაერთი მტკიცებულებაც, მას დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებენ.

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ 2017 წლის 23 დეკემბერს, ღამით, შს სამინისტროს მიერ გამოცხადებული რეიდის დროს თამარ მეფის გამზირზე დააკავა და, როგორც თავად აცხადებს, რამდენიმე სამართალდამცველი მას რამდენიმე საათის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა და მოკვლითაც ემუქრებოდა. იმ ღამით ზვიად რატიანს ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა და, დაზარალებულის თქმით, სწორედ ქურთუკის ფერმა გამოიწვია სამართალდამცველების დამცინავი რეაქციები და აგრესია, შემდეგ კი ის არაერთგზის გახდა პოლიციელების ძალადობის სამიზნე - მათ შორის ავტომობილით გადაყვანისასაც.

EMC იცავს ზვიად რატიანის ინტერესებს, იცავდა და იცავს როგორც მის წინააღმდეგ აღძრულ, ასევე სამართალდამცველთა წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში. ზვიად რატიანის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, და 166-ე მუხლს, რაც ხულიგნობას გულისხმობს . ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე აღძრული საქმე სსკ-ის 333- მუხლის მესამე ნაწილისქვეპუნქტით“ განსაზღვრულ დანაშაულს შეესაბამება. ზვიად რატიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე წარდგენილ მუხლში და მას 2 ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

ხოლო რაც შეეხება სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობას, სოფო ვერძეულის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ ზვიად რატიანმა უკვე ორჯერ მიიღო პროკურატურის უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე:

„იმ პირობებში, როდესაც სამედიცინო ექსპერტიზით დადასტურებულია დაახლოებით 20-მდე დაზიანება მის თავზე და სხეულზე და არსებობს სხვა არაერთი მტკიცებულებაც, მას დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებენ. ეს კი, რა თქმა უნდა, ამ გამოძიების სანდოობის მიმართ ძალიან ბევრ კითხვას აჩენს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG