Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე მსჯელობენ


ფოტოილუსტრაცია: ევროკავშირის დროშები
ფოტოილუსტრაცია: ევროკავშირის დროშები

ევროკავშირში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ზომები განიხილება. რადიო თავისუფლებას ხელში ჩაუვარდა 22 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ მომზადებულ წინადადებას ასახავს და დასამტკიცებლად მიმართულია ევროკავშირის ევროპული საბჭოსადმი.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ შემუშავებული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად - „ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობის, თავდაცვის სექტორის მდგრადობის გაძლიერებისთვის, საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად“.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ჩაფიქრებული ზომები უზრუნველჰყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის უკეთეს დაცვას „კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში“.

ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) პრაქტიკის ფარგლებში გაწერილი დახმარების ზომა, ტექსტის თანახმად, კონკრეტულად მოიცავს: საინჟინრო ქვედანაყოფების, საარტილერიო შენაერთის მობილურობის ქვედანაყოფების, კიბერუსაფრთხოების ქვედანაყოფებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფების პოტენციალის განმტკიცებას.

დახმარების საერთო ღირებულებად 30 მილიონი ევროა მითითებული. დახმარების ხასიათი დ მასშტაბი, დოკუმენტის თანახმად, შეთანხმებულია ევროკავშირისა და საქართველოს ხელისუფლების კოორდინირების რეჟიმში, მათ შორის - საკითხის შემსწავლელი ჯგუფის ვიზიტის ფარგლებში (2022 წლის დეკემბერი).

დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ოფიციალური განაცხადი შეიტანა კადრების განყოფილებაში. კერძოდ, წერილი, 2023 წლის 8 თებერვალს, გაგზავნილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მიერ.
მოთხოვნის საფუძველზე შედგენილ ჩამონათვალშია, მაგალითად: სატვირთო მანქანები, ამწეები, საინჟინრო აღჭურვილობისთვის მაღალმობილური ტრანსპორტირების საშუალებები და სამედიცინო ინფრასტრუქტურა.

ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ეგიდით ეს საქართველოსთვის პირველი დახმარება არ არის. ასეთი პრაქტიკა ჯერ კიდევ 2021 წელს დაინერგა და საქართველოსთვის 12.8 მლნ ევრო გამოიყო. თითქმის გაორმაგდა თანხა 2022 წელს.

2022 წლის დეკემბერში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი - 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა. დახმარების მიმართულებებს შორის მოხსენიებულია: კიბერუსაფრთხოება, სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საინჟინრო და სატრანსპორტო შესაძლებლობები.

„ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიურობას და ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა. ევროკავშირი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერით“, - წერია თავდაცვის სამინისტროს დეკემბრის განცხადებაში.

2023 წლის იანვრის მიწურულს, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში დახმარების კიდევ უფრო გაძლიერებას შეეხებოდა მსჯელობა, როცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG