Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიმშილობის მეორე დღე - ელექტრომობილების მეპატრონეები ხელისუფლების შეთავაზებაზე არ თანხმდებიან


ელექტრომობილების მეპატრონეებმა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში კარვები გაშალეს
ელექტრომობილების მეპატრონეებმა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში კარვები გაშალეს

ელექტრომობილების მეპატრონეებმა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში კარვები გაშალეს და უკვე მეორე დღეა, რაც შიმშილობა გამოაცხადეს. როგორც ამბობენ, 10 მათგანი იმიტომ შიმშილობს, რომ აპროტესტებს გადაწყვეტილებას, რომელიც 1 მაისიდან შედის ძალაში და ბულვარის ტერიტორიაზე ველოსიპედის გარდა სხვა ტრანსპორტით გადაადგილებას კრძალავს. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა 2019 წლის ზაფხულის ბოლომდე 300 ელექტრომობილს მიეცეს ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება და დაწესდეს მოძრაობის წესები, სანაცვლოდ კი თანახმანი არიან ელექტრომობილების სიჩქარე მინიმუმამდე დაიყვანონ და აიკრძალოს ბულვარის ტერიტორიაზე ბაიკერების გადაადგილება დ ა ელექტრომობილების არასრულწლოვნებისა და ასევე ნარკოტიკული და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირებისთვის გადაცემა.

ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს შეხვდნენ და უთხრეს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ალტერნატიულ ადგილებს ეძებენ. ძალაში რჩება ახალი ბულვარის მომიჯნავედ არსებული ტრასა, რომლის საერთო სიგრძე 3 კილომეტრია. ირაკლი ჯინჭარაძის ამ შეთავაზებამ აქციის მონაწილეები გააღიზიანა.

„ვარჩევთ თქვენთვის სხვა ლოკაციებსაც. მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრეთ: ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს ბულვარის გამტარუნარიანობასთან დაკავშირებით. თქვენც აღიარებთ, რომ ივლისსა და აგვისტოში ადამიანს გადაადგილება უჭირს, იმდენი ხალხია. აი, მეთანხმებით და როგორ შევუშვა კიდევ ტრანსპორტი?“ - უთხრა ირაკლი ჯინჭარაძემ აქციის მონაწილეებს, რაზეც მათ უპასუხეს:

„მასე ქუჩაშიც დადის ტრანსპორტი და მოძრაობას აფერხებს, ხალხიც იღუპება. იმასაც აკრძალავთ?“

ისინი კატეგორიულ უარს აცხადებენ გადავიდნენ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილებზე და ბათუმის ზღვისპირა პარკში სურთ დარჩენა, რადგან შიშობენ, რომ სხვა ადგილას მათი საქმიანობა არ იქნება სარფიანი.

„ბათუმის ბულვარის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს ჩვენთვის. ტრანსპორტის რაოდენობას რომ შევამცირებთ და სიჩქარეს შევზღუდავთ, საფრთხე აღარ იქნება. საფრთხის შემცველი იყო ორბორბლიანი ელექტრობაიკერი, რომელსაც საერთოდ ამოვიღებთ ხმარებიდან. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უბედური შემთხვევები არ ხდებოდა, მაგრამ უნდა მოვიფიქროთ, როგორ დავაკმაყოფილოთ ორივე მხარე“, - ამბობს პაატა საგინაძე.

ზღვისპირა ბაღში ელექტრომობილების დაშვებას კატეგორიულად გამორიცხავს ბულვარის ადმინისტრაცია. გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს არც ბათუმის საკრებულოს წევრთა უმრავლესობა, რომლებმაც 5 მარტს მხარი დაუჭირეს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მოთხოვნას აიკრძალოს ელექტრომობილები, მიზეზად კი დაშავებულთა რაოდენობა სახელდება. მათი უმეტესობა ბავშვებია. 51 შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ასეულობით დაშავებულებმა კი სიტყვიერი და წერილობითი საყვედურით მიმართეს ბულვარის ადმინისტრაციას და საფრთხის შემცველი ტრანსპორტის აკრძალვა მოითხოვეს.

ბათუმის ბულვარში გასულ წელს 1300-ზე მეტი ელექტრომობილი და ბაიკერი მოძრაობდა ველოსიპედის ბილიკზე, ასევე ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, სადაც ყველაზე მეტი დაშავების ფაქტი გამოვლინდა. ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, რომ გასული წლის ტურისტულმა სეზონმა დაშავებული ადამიანების საგანგაშო ციფრთან ერთად ისიც აჩვენა, რომ ძეგლის სტატუსის მქონე ზღვისპირა პარკს უამრავი ვიზიტორი ჰყავს და 110 ჰექტარზე გაშლილი ბათუმის ბულვარი თუ არ განიტვირთა, 138 წლის ბაღს პრობლემები შეექმნება:

„ბაღის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ზაფხულში გაუვალი ხდება - შეუძლებელია გადაადგილება და იმდენი ვიზიტორია, რომ დისკომფორტი იქმნება. ამიტომ ელექტრომობილების გარდა ვგეგმავთ ივლისსა და აგვისტოში ველოსიპედის მოძრაობა საღამოს 6 საათიდან ღამის 12 საათამდე ავკრძალოთ. აგრეთვე სხვადასხვა კაფე-ბარი თუ გასართობი ლოკაცია, რომელიც არ შეიძლება არ იყოს, აუცილებლობა არაა, იყოს ბაღის ტერიტორიაზე. ვფიქრობთ, უნდა გავიდეს ბულვარიდან. სივრცე უნდა განთავისუფლდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაიტიოს. ეს არის დასასვენებელი და სასეირნო ადგილი“.

ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით გადადგილების აკრძალვაზე მოქალაქეების აზრს იკვლევს ორგანიზაცია „ბათომი“. სოციალურ ქსელში მიმდინარე გამოკითხვის მიხედვით, აკრძალვის მომხრე 400-მდე კაცია, წინააღმდეგი კი -11.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG