Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი კვირა ოპოზიციის მანდატების გაუქმებამდე და "ცხელი გაზაფხულის" ანონსი


ოპოზიციის საპროტესტო აქცია თბილისში. 2020 წლის 1 ნოემბერი
ოპოზიციის საპროტესტო აქცია თბილისში. 2020 წლის 1 ნოემბერი

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუკი „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტი ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს გაუუქმებს, ეს იქნება პოლიტიკური პროცესის დასამარება და ერთპარტიული პარლამენტის საბოლოოდ დამტკიცება, რასაც საზოგადოების მღელვარება მოჰყვება. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ სადეპუტატო მანდატების გაუქმებას კანონი მოითხოვს, ხოლო „ცხელი“ გაზაფხულისთვის მზად არიან.

თუკი პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატებს გააუქმებს, „ეს იქნება ბოლო აკორდი ოპოზიციისა და მმართველი პარტიისთვის“, - განაცხადა 23 იანვარს „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, პოლიტიკურ პროცესზე უარის თქმით, „ქართული ოცნება“, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში 48% აიღო, იგნორირებას უკეთებს ამომრჩეველთა 52%-ს, რაც არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა.

ოპონენტების რეაგირება მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ ოპოზიციას დაახლოებით ერთი კვირა დარჩა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების მისაღებად, რის შემდეგაც მათ გაუუქმდებათ სადეპუტატო უფლებამოსილება.

„დღეს გავიგეთ, რომ ერთ კვირაში ისინი აპირებენ მანდატების მოხსნას. ჩვენ ამ ყველაფრის ფონზე ვიღებთ ასეთ სურათს - გაყალბების პირობებში 48 %-იანი პარტია „ქართული ოცნება“, იღებს თავის თავზე სერიოზულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ 52% ამომრჩეველს უთხრას უარი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე. ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა. ისინი ირჩევენ ერთპარტიულ პარლამენტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა შეყავთ ღრმა კრიზისში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია ხალხის კუთვნილ პარლამენტს არავითარ შემთხვევაში არ დაუთმობს მხოლოდ ერთ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ და ისევე, როგორც მანამდე გახდა შესაძლებელი ნაწილობრივ პროპორციული არჩევნების დანიშვნა, ასევე აუცილებლად დადგება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის დროც. ხაზარაძე ამბობს, რომ თუკი „ქართული ოცნება“ კომპრომისზე არ წავა ოპოზიციასთან, „მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი“.

„ლელოს“ ლიდერს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ ხელისუფლება გაზაფხულისთვის ყველაფერი გათვლილი აქვს.​

„გაზაფხულისთვის მზად ვართ! “ქართულ ოცნებას” შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს, იმ ოპოზიციური პარტიებისგან და ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან და დემოკრატიაზე და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. ქვეყანაში ვითარების “გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში. ცივი გონებით მოქმედება სჯობს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა მდინარაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, 23 იანვარს, პარტიის აღმასრულებელ მდივნად აირჩიეს, სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისევ ოპოზიციის რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკობდა. ამ სცენარის თანახმად, მეამბოხე პარტიებად ისევ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ განიხილებიან; ხოლო დანარჩენ პარტიებს მათი გეგმის მიმდევრობა ედებათ ბრალად.

„ჩვენ ველოდით, საზოგადოებაც ელოდა, რომ ისინი კვლავ რევოლუციური სცენარების დაანონსებას დაიწყებდნენ... მათ რესურსი არა აქვთ, რომ სერიოზული არეულობა, მათთვის სამწუხაროდ და ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ, შემოიტანონ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებასა და დღის წესრიგში... ორი პარტიაა ძირითადად ამ სცენარის ავანგარდში - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. დანარჩენი პარტიები ვალდებულები არიან, პასუხი გასცენ მთავარ კითხვას - მიჰყვებიან თუ არა ისინი ამ რადიკალურ ძალებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო მანდატების გაუქმება, კანონის თანახმად, სწორედ ერთ კვირაში უნდა მოხდეს და საკითხი პრიორიტეტულად უნდა იქნეს განხილული, როდესაც პარლამენტი გახსნის საგაზაფხულო სესიას.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ორი კვირის წინ უთხრა რადიო თავისუფლებას, საკითხი სხდომაზე აუცილებლად უნდა გავიდეს, მაგრამ პარლამენტს შეუძლია არ დააკმაყოფილოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დაწერილი პირადი განცხადებები.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად:

  • უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების დაწერის შემდეგ, დეპუტატს ეძლევა 7 დღე. ამ ვადაში შეუძლია გადაიფიქროს და - „გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება“;
  • პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი „არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას“;
  • დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელსაც დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

ასევე პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება, რაც წელს 2 თებერვალს უწევს.

ამჟამად პარლამენტში განხილვას ელოდება სხვადასხვა პარტიის 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ დაწერილი განცხადება. მე-10 მოწვევის 150-წევრიან პარლამენტში ჯერჯერობით მხოლოდ „ქართული ოცნების“ 90 და ფრიდონ ინჯიას „ევროპელი სოციალისტების“ 4 დეპუტატია შესული.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებით, ოფიციალურად გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი და „შესაბამისად, ორი ალუბალივით ედებათ ინჯია და ელისაშვილი“.

უგულავა ამბობს, რომ ხელისუფლებასთან ოპოზიციამ შესაძლოა ისაუბროს კვლავაც სამ უცვლელ მოთხოვნაზე:

„საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებზე, როდის შეიძლება ჩაინიშნოს, როდის შეიძლება იყოს ქვეყნისთვის ოპტიმალური. რა თქმა უნდა. ეს უნდა იყოს საუბრის თემა და მეორე საუბრის თემა არის პოლიტპატიმრები.

პოლიტპატიმრების პირობებში არჩევნების ჩატარება ყოველთვის იქნება სათუო და კითხვის ნიშნების შემცველი. მესამე, საარჩევნო რეფორმა, რომელზეც, როგორც ჩვენ მოვისმინეთ, ნაწილობრივ მაინც, „ქართული ოცნება“ ჩვენს გარეშეც ვალდებულია, გააკეთოს. ამიტომ ნურავინ ამ ვალდებულებას მათ მიღწევად ნუ წარმოაჩენს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

23 იანვარს, დღის პირველ ნახევარში, პარტია „ლელომ“ საზოგადოებას მოუწოდა, რომ ერთად იბრძოლონ COVID-19-თან დაკავშირებული უსამართლო აკრძალვების წინააღმდეგ, რადგან ხელისუფლებას ხალხის ინტერესები არაფრად უღირს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლელომ“ მიიღო გადაწყვეტილება შეუერთდეს 24 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას.

უკანონოდ მიჩნეული რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით, 24 იანვრის აქცია დაგეგმა ზურაბ ჯაფარიძის ახალმა პარტიამ „გირჩი - მეტი თავისუფლება“. ამ აქციას 23 იანვარს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მხარდაჭერა გამოუცხადეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ელენე ხოშტარიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ.

გასულ კვირებში არაერთმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ ზამთრის მიწურულს თუ გაზაფხულიდან საპროტესტო აქციები იგეგმება და ამისთვის სათანადოდ ემზადებიან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG