Accessibility links

ვის რისთვის სჭირდება მაჟორიტარები პარლამენტში


საქართველოს პარლამენტი

სტატია გამოქვეყნების შემდეგ შესწორებულია

19 ნოემბერს პარლამენტარი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ერთ-ერთია იმ სამ დეპუტატს შორის, რომლებმაც ხმა მისცეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების წინააღმდეგ, ახალი ინიციატივით გამოვიდა და თქვა, რომ სხვა მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად იწყებს ხელმოწერების შეგროვებას სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად. ინიციატივის ფეისბუკგვერდზე წარდგენისას შენიშნა, რომ ქართული ოცნების ლიდერებთან ამ საკითხზე კონსულტაცია ჯერ არ ჰქონია, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2020 წლისთვის არჩევნები ამ სისტემით ჩატარდეს.

20 ნოემბერს დიმიტრი ხუნდაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში მზადაა თავის გუნდს შესთავაზოს რიგ საარჩევნო უბნებში, სადაც ოპოზიცია კონკურენტუნარიანი კანდიდატით იქნება წარმოდგენილი, “ქართულმა ოცნებამ” თავისი კანდიდატი არ დააყენოს და ამ გზით უფრო მრავალფეროვანი გახადოს 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტის შემადგენლობა. დეპუტატის ეს პირობა არ გავრცელდება „ნაციონალური მოძრაობისა“ და “მისი სატელიტი პარტიების” კანდიდატებზე. კითხვაზე, იქნება თუ არა ეს შესაძლებობა, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსისთვის“, დეპუტატი ამბობს, რომ არ იცის, ვისთვის იქნება ეს შესაძლებლობა, იცის მხოლოდ ის, ვის არ დაუთმობენ.

ა შეფასებები მოჰყვა დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, ფიქრობს, რომ დიმიტრი ხუნდაძის წინადადება, მთლიანად მაჟორიტარული სისტემით ჩატარდეს არჩევნები 2020 წელს, არასერიოზულია.

“მგონია რომ ეს არის თითქოს სპეციალურად შემოგდებული თემა, რომ შერეული სისტემის არჩევნებზე კონცენტირება მოხდეს. ხალხმა ვითომ საფრთხე იგრძნოს და სრულად მაჟორიტარული სისტემის პერსპექტივით დათანხმდნენ შერეულს”, - ამბობს მიხეილ ბენიძე, რომლის თქმითაც, ჩვენს რეგიონში ამ ტიპის არჩევნები მხოლოდ ბელორუსში ტარდება, სადაც ბოლო არჩევნებში ვერც ერთმა ოპოზიციურმა კანდიდატმა ვერ მოახერხა პარლამენტში მოხვედრა.

არასერიოზულად მიიჩნევს დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას დეპუტატი რომან გოცირიძეც.

ვანიშვილის მიერ შეგულიანებულმა, რომ პროპორციული სისტემა ჩაეგდო, დაიჯერა, რომ მართლა რაღაცას წყვეტს და ამბობს ისეთ სისულელეს, რომ თვითონ ივანიშვილისგანაც მოხვდება. ოგორც თვითმკვლელის სახლში თოკს არ ახსენებენ, ასე არ უნდა ივანიშვილს მაჟორიტარების გაგონება და ახლა, ალბათ, კიდევ უფრო გაცეცხლებულია, ეს რანაირი ხალხი შევიყვანე ამ პარლამენტშიო”, - ამბობს რომან გოცირიძე.

დიმიტრი ხუნდაძის წამოწყებას დიდი ენთუზიაზმით არც „ქართულ ოცნებაში“ შეხვედრიან. მამუკა მდინარაძემ 19 ნოემბერს ინიციატივას „არარელევანტური“ უწოდა და თქვა, რომ პარლამენტს ამ ინიციატივის მიღების რესურსი არ გააჩნია, "იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში ხდება. გასაგებია სპეკულაციური პროტესტის ერთი მხარე, ხალხის მოტყუება, რომ გერმანული მოდელი თურმე თავსებადია ჩვენი კონსტიტუციით. აქ არის პოლიტიკური და სამართლებრივი მარაზმი ერთ მხარეს, მაგრამ მეორე მხარეს, დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ მოდით გადავიდეთ ამერიკულ, ბრიტანულ თუ ფრანგულ მოდელზე და რომელიმე ამოვირჩიოთ და სრულიად მაჟორიტარული ახალი ქართული მოდელი შევქმნათ, ესეც არარელევანტურია", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

უდროოდ, მაგრამ არა მოულოდნელად მიიჩნევს ხუნდაძის ინიციატივას “ქართული ოცნებიდან“ წამოსული დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც თვლის, რომ საარჩევნო სისტემის სიკარგეს მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება წყვეტს.

ისტემა ნებისმიერ ქვეყანაში განსხვავებულია და ყველა სისტემას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ შემთხვევაში მთავარი არის, რაზე თანხმდება საზოგადოება, რაზე არის სამოქალაქო, პოლიტიკური კონსესუსი. ჩვენ შემთხვევაში პროპორციულს ექნებოდა მაღალი ლეგიტიმაცია და ეს კარგი იქნებოდა პარტიისთვის, მათთვის, ვინც გაიმარჯვებდა”, - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ მმართველი პარტია ამ ტიპის პრინციპულ გადაწყვეტილებას არ უნდა ცვლიდეს და ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც გადაწყვეტილების შეცვლას მოჰყვა, ძნელად გამოსასწორებელი იქნება.

ა არგუმენტები აქვს დიმიტრი ხუნაძეს საკუთარი ინიციატივის და სრულად მაჟორიტარული სისტემის მხარდასაჭერად?

დიმიტრი ხუნდაძის აზრით:

  • მაჟორიტარული სისტემა იძლევა საშუალებას, რომ გამარჯვებული კანდიდატი, რომელსაც ხალხი საკუთარ ნდობასა და მანდატს გადასცემს, იყოს უფრო ანგარიშვალდებული და მეტად დამოუკიდებელი, განსაკუთრებით, პარტიული ამოცანებისა და მიზნებისაგან;
  • ხელისუფლების წყარო ხდება უშუალოდ ამომრჩეველი და არა პარტიული სტრუქტურები.
  • ადამიანები ირჩევენ საკუთარ წარმომადგენლებს პარლამენტში არა პარტიული კუთვნილების ან რომელიმე ლიდერისადმი პერსონალური პატივისცემის, არამედ მათი პროფესიული გამოცდილების, პატიოსნების, განვლილი ცხოვრებისა და სხვა პირადი თვისებების მხედველობაში მიღებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს არასწორი, მცდარი და უსაფუძვლო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას;

დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრებებისგან განსხვავებულ სურათს აჩვენებს ციფრები და ქართველი მაჟორიტარების ბუნება.

  • 2019 წლის დასწყისში გამოქვეყნებული NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 71 %-მა არ იცის, ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი.
  • დღეს მოქმედ პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატებს შორის მმართველი პარტიიდან არიან ისეთები, რომლებიც წინა წლებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ან “რესპუბლიკური პარტიის” წევრები იყვნენ. მაგალითდ კახაბერ ოქრიაშვილი, ენზელ მკოაინი, ანზორ ბოლქვაძე და გოჩა ენუქიძე „ქართულ ოცნებამდე“ ენმ-ის რიგებში ირიცხებოდნენ, კარლო კოპალიანი კი „რესპუბლიკურ პარტიაში“.
  • დღეს მოქმედ პარლამენტში არსებული 73 მაჟორიტარი დეპუტატიდან უმეტესობა არასოდეს ფიქსირდება კანონპროექტის ავტორებს შორის.
  • მაჟორიტარების დიდი ნაწილი არ სარგებლობს სიტყვით გამოსვლის უფლებით.
  • მაჟორიტარი დეპუტატების დიდ ნაწილს აქვს ბიზნესინტერესები.
  • მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი მყარი ფინანსური მდგომარეობით პერიოდულად პარტიის სასარგებლოდ აკეთებს მსხვილ შემოწირულებებს. არიან ისეთებიც, რომლებიც სხვადასხვა წლებში ფულს სწირავდნენ “ქართულ ოცნებასაც” და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც”. ასეთია, მაგალითად, იოსებ მაკრახიძე, გოჩა ენუქიძე.*
  • მაჟორიტარი დეპუტატების შენახვა ბიუჯეტს ძვირი უჯდება. მხოლოდ 2018 წელს 73 დეპუტატის ბიუროების წლიურმა ფონდმა, ჯამში, 4,397,760.00 ლარი შეადგინა.

მიხეილ ბენიძე, “სამართლიანი არჩევნებიდან”, ფიქრობს, რომ საქართველოში მაჟორიტარი დეპუტატები არა ხალხის მსახურებად, არამედ ადგილობრივ ფეოდალებად ჩამოყალიბდნენ და ნაცვლად იმისა, რომ თვითმმართველობის გაძლიერებაზე ემუშავათ, ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ინტერესების გამტარები არიან.

უ ჩვენ ვსაუბრობთ ევროპული ტიპის დემოკრატიაზე, ევროპული ტიპის დემოკრატია ზუსტად ის არის, რომ რაღაც იდეოლოგიის მქონე პარტიები იღებენ გადაწყვეტილებებს და არა ცალკე ინდივიდუალური კანდიდატები. როცა ვამბობთ, რომ მრავალპარტიული პარლამენტი გვინდა, ვგულისხმობთ, რომ სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების გამომხატველი, მრავალფეროვანი პარტიები გვინდა პარლამენტში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის და არა პირადი ბიზნესინტერესების გამტარი მაჟორიტარები. ღეს საქართველოში მაჟორიტარები ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ ფეოდალებად, რომელთა ნაწილიც ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში დახტის სხვადასხვა პარტიის შემადგენლობაში”, - ამბობს მიხეილ ბენიძე.

2019 წლის ივნისში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება გასცა, დიმიტრი ხუნდაძე ამბობდა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა - მით უმეტეს, ნულოვანი ბარიერით - მაღალი დემოკრატიის მაჩვენებელია.

„რა თქმა უნდა, შედეგიც იქნება უფრო მეტად ზუსტი, ანუ ამომრჩეველთა ხმა მაღალი სიზუსტით გადანაწილდება იმ პარტიებზე და იმ პრინციპით, თუ რა დამსახურება და რა რეიტინგი ექნებათ მათ საზოგადოებაში“, – ამბობდა დიმიტრი ხუნდაძე, 2019 წლის 1 ივლისს, 2019 წლის 20 ნოემბერს კი დეპუტატი ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტარული წესით ჩასატარებლად ის მოსახლეობაში გასვლას, ინიციატივის გაცნობასა და პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის საჭირო 200 000 ხელმოწერის შეგროვებას აპირებს.

2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების პირობა ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის ზაფხულში დადო. ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების.

საქართველოს პარლამენტმა ინიციატივის კენჭისყრა ორჯერ გადადო და, საბოლოოდ, ჩააგდო. ოპოზიცია და აქტივისტები საპროტესტო აქციებს მართავენ და ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების ე.წ. “გერმანული მოდელით” ჩატარებას სთხოვენ.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 68%-ს სმენია პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ. მათგან 78% ემხრობა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

* სტატიაში ეწერა, რომ ორმაგი შემომწირველია პარლამენტარი გოგა გულორდავაც, რაც შეცდომაა. დეპუტატს მხოლოდ ქართული ოცნების სასარგებლოდ აქვს 20 000 ლარი 2016 წელს გადარიცხული. შეცდომა გასწორებულია.

თუმცა, წალენჯიხისა და ჩხორწყუს მაჟორიტარ დეპუტატთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიუთითებს მის შესახებ ორ საყურადღებო ფაქტს: ის ნასამართლევი იყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის და მოგვიანებით ნასამართლეობა მოუხსნეს და მისი მეუღლე დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში, ააიპ-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG