Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზე-პრეზიდენტის ერთი წელიწადი


ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის 20 მაისს, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტისა და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის მოვალეობის შესრულებას.

საინაუგურაციო სიტყვაში თავისი საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებად უკრაინის ახალი პრეზიდენტი ასახელებდა ცეცხლის შეწყვეტას აღმოსავლეთ უკრაინაში, ძლიერი არმიის შექმნას და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას.

ერთი წლის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი პარტია, „ხალხის მსახური“, კვლავაც ნდობის ყველაზე მაღალი რეიტინგით სარგებლობენ უკრაინის ისტებლიშმენტში, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომლის წინაშეც უკრაინა და მისი ხელისუფლება დგას.

აქტიური დიპლომატია და დიალოგი რუსეთთან

როგორც თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკი ახლაც დარწმუნებულია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა დიპლომატიასა და რუსეთთან დიალოგზე გადის.

როდესაც თავისი მოღვაწეობის ერთწლიან შედეგებს აფასებდა, „ნიუ-იორკ ტაიმსში“ 20 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ რუსეთთან დიალოგმა შესაძლებელი გახადა „ერთი წლის წინ გატაცებული სამი სამხედრო ხომალდისა და 24 უკრაინელი მეზღვაურის გათავისუფლება, მოხდა ძალთა გარკვეული დაშორება დონბასში, ხოლო პატიმართა გაცვლის პროცესის წყალობით შინ დაბრუნდა 131 უკრაინელი“.

პუბლიკაციაში ვოლოდიმირ ზელენსკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავაც ძირს უთხრის უკრაინისა და ევროპის სტაბილურობას და მისი დასრულებისათვის საჭიროა მოკავშირეთა შემდგომი დახმარება.

ეს მოსაზრება უკრაინის პრეზიდენტმა მისი ერთწლიანი მოღვაწეობისადმი მიძღვნილ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზეც გაიმეორა, როდესაც სკანდალურად ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი, დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს ზელენსკი მისი და რუსეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრაზე,

„რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ. მინსკის ფორმატი - ეს არის პრიორიტეტი, მაგრამ სხვა ფორმატიც არავის გაუუქმებია. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ფორმატისთვის, რომელიც ჩვენ დაგვიახლოებს ომის დასრულებასა და ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება „ნორმანდიული ფორმატის“ შეხვედრას, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ამ ფორმატში ახალი შეხვედრა კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შემდეგ გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახალი შეხვედრისათვის მზად არიან საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები. რაც შეეხება სეპარატისტული დონბასის რესპუბლიკების ლიდერებს, ზელენსკის თანახმად, არსებობს შეთანხმება, რომ შეხვედრაში მათ მონაწილეობა მიიღონ არა რუსული, არამედ უკრაინული პასპორტებით.

„სიღარიბის ეპოქა“ და ზელენსკის წარუმატებლობის ინდიკატორები

გასული წლის შემოდგომაზე ჟურნალისტებთან მსგავს ფორმატში გამართული დიდი პრესკონფერენციისგან განსხვავებით, უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში 20 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლები ვოლოდიმირ ზელენსკის უფრო მეტს ეკითხებოდნენ შიდა პოლიტიკაზე, ოლიგარქებთან მის და მისი გუნდის კავშირებზე, სახელისუფლებო გუნდში მიმდინარე პროცესებზე და, რა თქმა უნდა, კორონავირუსსა და უკრაინაში დამდგარ „სიღარის ეპოქაზე“.

ამგვარ დისკუსიას თავისებური იმპულსი მისცა ზელენსკის პრეზიდენტობის წლისთავზე სხვადასხვა სოციოლოგიური სამსახურის მირ ჩატარებულმა კვლევამ, რომლის თანახმად, ხელისუფლების მოღვაწეობით უკმაყოფილების მთავარ მიზეზს სწორედ კორუფცია და უკრაინაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა წარმოადგენს.

კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტის (KIIS) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყანაში კორუფციის შემცირების თვალსაზრისით ვოლოდიმირ ზელენსკის მოღვაწეობას მისი ინაუგურაციიდან დღემდე წარმატებულად მიიჩნევს გამოკითხულთა მხოლოდ 26 %, 66% კი უარყოფითი აზრისაა.

რაც შეეხება ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 64 %, პრეზიდენტ ზელენსკის საქმიანობას ამ მხრივ წარუმატებლად აფასებს, 21% კი - წარმატებულად.

მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის ამ შეფასებაზე თავისი კონტრარგუმენტი აქვს - ხელის შემშლელ ფაქტორებად ასახელებს მემკვიდრეობით მიღებულ მძიმე მდგომარეობას და კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეულ დამატებით სიძნელეებს.

„სიღარიბის ეპოქა უკრაინაში 100 %-ით არ არის დასრულებული და ვერც იქნება, როდესაც მსოფლიოშია კრიზისი. როდესაც თქვენ მიიღეთ ღარიბი ქვეყანა, ვალდებული ხართ ის შეცვალოთ. და ეს ასე იქნება. ჩვენ ვიბრძვით ამისთვის. ჩვენ ასე, უბრალოდ, ფული ციდან არ გვაცვივა“, - განაცხადა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება საერთაშორისო სავალუტი ფონდისაგან შეღავათიანი კრედიტის მიღების შემდეგ.

"მალე ხელს მოვაწერ ბანკების შესახებ კანონს, რაც სსფ-სთან მემეორანდუმის გაფორმების ბოლო პირობას წარმოადგენს. კანონპროექტს ხელს მოვაწერთ მაისში, მეტი გადადება არ შეიძლება. ეს კანონი ჩემთან მოვა ხვალ ან ზეგ, შეიძლება დღესაც კი. და გაიხსნება კარები სსფ-ის დახმარების მისაღებად, რისთვისაც ჩვენ ასე ძლიერ ვიბრძოდით“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

სსფ-ისგან კრედიტის მისაღებად 13 მაისს უკრაინელმა კანონმდებლებმა მესამე მოსმენით მიიღეს „ანტიკოლომოისკის“ სახელით ცნობილი კანონპროექტი, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთ დროს დაახლოებული ოდიოზური ოლიგარქი, იგორ კოლომოისკი, უკვე სასამართლოს გზითაც ვეღარ შეძლებს სახელმწიფოს მიერ წინა ხელისუფლების დროს ნაციონალიზებული, თავისი კუთვნილი, „პრივატბანკის“ დაბრუნებას.

თვის დასაწყისში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა, განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან მიღებული 3,5 მილიარდი დოლარი პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება.

მაგრამ საბანკო რეგულაციის ახლებურ ხედვას უკრაინის შიგნით მოწინააღმდეებიც ჰყავს. „ვერხოვნა რადას“ უმრავლესობით მიღებულ კანონპროექტს ანტიკონსტიტუციური უწოდა იულია ტიმოშენკომ, ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერმა, რომელმაც განაცხადა, რომ შესაბამის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს.

სკანდალური აუდიოჩანაწერი, დამოკიდებულება პოროშენკოსთან და ოლიგარქებთან კავშირები

ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის წლისთავზე კიდევ უფრო ნაკლები, უკრაინელთა მხოლოდ 16 %, მიიჩნევს წარმატებულად ხელისუფლების ნაბიჯებს კორუფციულ დანაშაულში ეჭვმიტანილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მხრივ, გამოკითხულთა 73 % კი ფიქრობს, რომ ზელენსკის მოღვაწეობა ამ მხრივ წარუმატებელი იყო.

ნიშანდობლივია, რომ სწორედ ზელენსკის პრეზიდენტობის წლისთავზე, 20 მაისს, გახდა ცნობილი, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიმართ აღძრა საქმე სახელმწიფო დანაშაულის მუხლით. ამის საფუძვლად იქცა პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც „ვერხოვნა რადას“ არაფრაქციულმა დეპუტატმა, ანდრეი დერკაჩმა, 19 მაისს გამოაქვეყნა.

სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინის“ ოფისში 19 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე დერკაჩმა განაცხადა, აუდიოჩანაწერი მოწმობს, რომ „უკრაინას ჯო ბაიდენი მართავდაო“.

სატელეფონო საუბრის ვიდეოჩანაწერს „ფეიკი“ და „რუსული პროვოკაცია“ უწოდა უკრაინის ექს-პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ. „ჯო ბაიდენი უკრაინის მეგობარი და მოკავშირეა და ჩვენ მისი მადლიერი უნდა ვიყოთო“, - განაცხადა მან.

სკანდალური აუდიოჩანაწერი თავის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ყურადღებიდან არც ვოლოდიმირ ზელენსკის გამორჩენია.

„რაც შეეხება ბატონ პოროშენკოს განაჩენს... დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ხომ ნახეთ გუშინდელი სკანდალი? ისინი ისე მართავდნენ ხელისუფლებას, რომ, ვფიქრობ, მათ სხვა მრავალი თავგადასავალი და არაერთი განაჩენი ელოდებათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები დაინტერესდნენ ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის კავშირებით უკრაინელ ოლიგარქებთან, რომლებიც რამდენჯერმე იმყოფებოდნენ აუდიენციაზე „ბანკოვაიაზე“ (ქუჩა, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს).

სულ ბოლოს ასეთი შეხვედრა გაიმართა მარტის რიცხვებში, როდესაც ზელენსკიმ უკრაინელ ოლიგარქებს ფინანსური დახმარება სთხოვა კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მე ადამიანებთან კავშირებს ვამყარებ ისე, როგორც მე შემიძლია და როგორც მსურს. და ვიდრე ჩემს ურთიერთობებს ისე ვამყარებ, როგორც მინდა, დამოუკიდებელი ვარ ფინანსური ჯგუფებისა და ოლიგარქებისგან“, - განაცხადა 20 მაისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასძინა, რომ მასთან ვერც ერთი ოლიგარქი ვერ გაბედავს მისვლას ლობირების მიზნით ან რაიმეზე მოსალაპარაკებლად, თუ ეს არ ეხება უმნიშვნელოვანესი საკითხების მოგვარებას, მაგალითად, დონბასის აღორძინებას.

„მოდით, ჩადეთ ფული იმ ტერიტორიაში, რომელიც არ არის ოკუპირებული. ამ საკითხზე მე მათ ველაპარაკები და ისინი მზად არიან ჩადონ თავიანთი ფული. მე ასევე მზად ვარ დაველაპარაკო ბიზნესსა და ოლიგარქებს: მოდით, ააშენეთ საავადმყოფოები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს გაანდო თავისი კიდევ ერთი დიდი სურვილი: ქვეყნის ისტორიაში დარჩეს პრეზიდენტად, რომელიც ააშენებს და გაარემონტებს სახელწიფო გზებსა და ხიდებს.

„დაგეგმილი გვაქვს დიდი პროგრამა, რომლისთვისაც ახლა 3 მილიარდ დოლარს ვეძებ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

უკრაინის პრეზიდენტს იმდენი სამომავლო გეგმა აქვს, რომ მას შეიძლება ერთი საპრეზიდენტო კადენცია არც კი ეყოს ყველაფრის განსახორციელებლად. სხვათა შორის, ზელენსკიმ ეს არაორაზროვნად მიანიშნა კიდეც თავის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

„გულახდილად გინდათ? ერთი კადენცია არ მეყოფა... ვხედავ, რომ სამუშაო რთულია. ვიცი, მადლობას არავინ მეტყვის, მაგრამ თუ იქნება უკრაინელი ხალხის დიდი მხარდაჭერა, მე ვიფიქრებდი ამაზე“, - აცხადებს ზელენსკი.

თუ როგორი იქნება პოლიტიკურ ძალთა განლაგება მომდევნო ოთხი წლის - ანუ ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის პირველი ვადის ამოწურვის - შემდეგ უკრაინაში, ეს ახლა არავინ იცის. მაგრამ პრეზიდენტობის ერთი წლის თავზე პოლიტიკოსად ქცეული შოუმენი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სამშობლოში კვლავაც ყველა პოლიტიკოსზე უფრო პოპულარულია და მისი მოწონების რეიტინგიც საკმაოდ მაღალია.

კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტის (KIIS) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46 % წარმატებულად აფასებს წლის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკის საქმიანობას პრეზიდენტის პოსტზე, 45 % კი მიიჩნევს, რომ მან წარმატებით ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG