Accessibility links

ზვიად დევდარიანი და მისი ადვოკატი საზოგადოებას „სკანდალურ პროცესს“ ჰპირდებიან


ზვიად დევდარიანი და მისი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ზვიად დევდარიანი და მისი ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია ორ დღეში, საქალაქო სასამართლოში აპირებენ სარჩელის შეტანას იმ 8 პირის წინააღმდეგ, ვინც მათი განცხადებით, დევდარიანის საწინააღმდეგო კამპანია დაგეგმა ერთი მიზნით: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის წევრობაზე კანდიდატურა მოეხსნა ზვიად დევდარიანს.

დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც ზვიად დევდარიანის დანაშაულს დაადასტურებს და მოუწოდებს შსს-ს, შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა (საქმე ადევნების მუხლით არის აღძრული).

"საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მხოლოდ მეგობრის მიერ მეგობრისთვის მოყოლილი ამბებია. და რაც მთავარია, 3, 4 და 5 წლის წინანდელი ფაქტები. მივმართავთ სახალხო დამცველსაც, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რაც შეიძლება სწრაფად დადოს შესაბამისი დასკვნა. არანაირ სექსუალურ შევიწროებას და დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

მე დამასახელა საპარლამენტო უმცირესობამ და არაერთხელ თქვა, რომ თუკი მე არ დამამტკიცებს პარლამენტი, ისინი სხვა კანდიდატურის დასახელებას არ აპირებენ...
ნინია კაკაბაძე

დევდარიანის ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ კამპანიაში ჩართულები არ ყოფილან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელი პირები. მასში მონაწილეობდნენ ადამიანები, ვინც "საკუთარი კანდიდატურა გაიყვანეს". გაბუნიას განცხადებით, საზოგადოება „სკანდალური პროცესს“ უნდა ელოდოს.

ზვიად დევდარიანის და მისი ადვოკატის განცხადებებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა ნინია კაკაბაძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ნინია კაკაბაძე წერს, რომ ის და ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად არჩევის პროცესში „არსად იკვეთებოდნენ“.

„მე დამასახელა საპარლამენტო უმცირესობამ და არაერთხელ თქვა, რომ თუკი მე არ დამამტკიცებს პარლამენტი, ისინი სხვა კანდიდატურის დასახელებას არ აპირებენ. იმ დღებში რომ მომკვდარიყავი (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) „ევროპული საქართველო“ არ აპირებდა ზვიად დევდარიანის დასახელებას. დევდარიანი დაასახელა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას კი ქალთა მოძრაობა სთხოვდა ბაია პატარაიას დასახელებას, მეორე ჯგუფი სთხოვდა ზვიად დევდარიანის დასახელებას და მესამე ჯგუფი ბელა ოსიპოვას დასახელებას... ასე, რომ მე, მის ადგილს, ვერც ერთ მოცემულობაში ვერ დავიკავებდი, ამის არც მიზანი მქონდა და არც სურვილი“, - წერს ნინია კაკაბაძე.

მისი აზრით, დევდარიანის კონკურენტად შეიძლება ჩათვლილიყო ბაია პატარაია, რომელმაც დევდარიანის გარშემო ატეხილი ხმაურის დროს საკუთარი კანდიდატურა მაშინვე მოხსნა.

ნინია კაკაბაძე ზვიად დევდარიანს მეტი დაფიქრებისაკენ მოუწოდებს და ურჩევს არ წამოიწყოს „ახალი ავანტიურა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG