Accessibility links

თამარ სუბელიანი - მთარგმნელი


თამარ სუბელიანი

კვირა, 24 ივნისი

არჩილ ქიქოძემ დღეს ფოტო გადაიღო: კლდის პირას დგას მიშელ უელბეკი, ყაზბეგიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე; დგას და მასაც ფოტოაპარატი უჭირავს ხელში; მოშორებით წყვილი ჩანს, შუახნის, და ერთმანეთს უპირებს კოცნას. გადაიღო, და მაჩვენა, და მითხრა, აი, მარტოობაო.

მიშელი თბილისში გუშინ დილით ჩამოფრინდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ორგანიზებით. აეროპორტში მისვლა დამეზარა, სხვები დახვედრიან. გაკვირვებული იყო: არ ეგონა, ვინმე მაინც თუ შეეგებებოდა იქ.

თორმეტ საათზე პრესკონფერენცია მოეწყო, ჟურნალისტების მიერ დასმულმა რამდენიმე კითხვამ გამაღიზიანა - რატომ სვამენ-მეთქი ასეთ დილეტანტურ, ბანალურ, მოსულელო შეკითხვებს. იქვე მივხვდი, რომელ პასუხებს მოჰყვებოდა მითქმა-მოთქმა, თავში ხელების ცემა, ლოკების ხოკვა და ვიშვიში, რადგან მწარე გამოცდილებით ვიცი, ქართული საზოგადოების ნაწილი არც იუმორის ჯანსაღი გრძნობით გამოირჩევა და ბევრს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით ხანჯლაობაც სჩვევია.

მიშელს პირველად 2016 წელს პარიზში შევხვდი. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ხშირად ვწერდით ერთმანეთს, მაინც მეგონა, სახეზე ვეღარ მიცნობს-მეთქი. ამ მოკლე შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეზოში რომ გადიოდა, უხეიროდ წავავლე მკლავში ხელი. გადმომხედა ცალი თვალით, თმის ფერი შეგიცვლიაო. უკან ჟურნალისტები მოგვდევდნენ და გამოვეცალე, წინ ოთხი დღეა და ლაპარაკს მერეც მოვასწრებთ-მეთქი.

„სტამბას“ ეზოში გადავინაცვლეთ, რომ წაგვეხემსა. ორივე სასტუმროს ინტერიერით მოიხიბლა მიშელი, მცენარეებს აკვირდებოდა. რა შთამბეჭდავია, შენებისას ეს ხეები რომ არ მოუჭრიათო.

სანამ ხის გრძელ სუფრასთან ჩამოვსხდებოდით, ტერეზა კრემისი გავიცანი, მიშელის რედაქტორი და გამომცემელი - თურმე შენ ყოფილხარ ის ქართველი მწერალი, ვისზეც მიშელი მიყვებოდაო, მითხრა. თვალი მიშელისკენ გავაპარე. იმას თითქოს ჩვენი დარდი არ ჰქონდა, ეწეოდა და ეწეოდა.

იმავე დღეს ყაზბეგისკენ ავიღეთ გეზი: ტერეზამ, მიშელმა, არჩილმა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა, ფოტოგრაფმა ხათუნა ხუციშვილმა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორმა თინა მამულაშვილმა, მებო ნუცუბიძემ და მე. მიშელს გზაში ძირითადად ეძინა, ერთი ის თქვა, რა ლამაზად გადადიან მთის ფერდობზე ცხვრებიო და ამ დილამდე მისი ხმა აღარ გაგვიგონია. ჩვენ გვიანობამდე ვისხედით სასტუმროს დიდ აივანზე, წითელ ღვინოს ვწრუპავდით და ხან მებოს მუსიკით ვიტკბობდით სმენას, ხან არჩილის ისტორიებზე ვიცინოდით გულიანად. მერე დავიშალეთ, მაგრამ დილის ექვს საათამდე თვალი ვერ მოვხუჭე - მიშელთან შეხვედრით გამოწვეულ ეიფორიას პირად ცხოვრებაში ამოვარდნილი ქარბუქიც ერთვოდა თან და ძილს მიფრთხობდა, შორს, ათასი მინდვრის გადაღმა მიერეკებოდა ჩემს სიზმრებს.

ამ დილით გვიან გამეღვიძა, ათის წუთები იქნებოდა. ყველა გაღვიძებული დამხვდა, მიშელის გარდა, საუზმობაც მოესწროთ. ჩია კაცად ქცეული მწერალი ათ საათზე ჩამოვიდა ოთახიდან. ფრანგულ ყაიდაზე ორჯერ გადამკოცნა და ჩამოჯდა. გულღიად გაგვიმხილა, ფეხბურთის მატჩის ყურებისას ჩამეძინაო. ჩემ გარდა ყველას დააინტერესა, რომელ შეხვედრას უყურებდა და ვის გულშემატკივრობდა (მე ინჩიბინჩი არ გამეგება ფეხბურთისა). მექსიკა თამაშობდაო, მეორე ქვეყნის ნაკრები ვეღარ მოიგონა და შეახსენეს. ხათუნამ უთხრა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტია, ქართველები ხან ვის ქომაგობენ და ხან კიდევ ვისო. არ გაჰკვირვებია, საფრანგეთ-დანიის მატჩზეც მე დანიის მხარესა ვარ, ლამაზ ფეხბურთს ისინი თამაშობენო. დიდხანს მეძინა, მერე ყავა დავლიე და ცოტა ხანს ვწერდიო, გვითხრა. თურმე თავისი ყავის აპარატი ჰქონია, რომელსაც ყველგან თან დაატარებს.

სანამ მე ნოყიერ საუზმეს შევექცეოდი, თბილისიდან ჟურნალისტებიც ჩამოვიდნენ და მალე იმათთან ერთად გერგეტის სამებისკენ ავიღეთ გეზი.

შორტი მეცვა და ეკლესიაში არ შემიშვეს, ეზოში დავრჩი, ვიჯექი და მთების პეიზაჟს შევყურებდი. ეკლესიიდან გამოსულმა მებომ მითხრა, მიშელი ინტერესით ათვალიერებდა ფრესკებს, მაგრამ თავისით ვერ მიხვდა, წირვა რომ მიმდინარეობდაო. მერე დანარჩენებსაც გვითხრა მიშელმა, კათოლიკურ ეკლესიაში სხვაგვარად ტარდება საკვირაო რიტუალიო და ეკლესიის ისტორიით დაინტერესდა. ჟურნალისტები ფეხდაფეხ მოგვდევდნენ, რამდენიმე კითხვაც დაუსვეს, პასუხებისთვის არ მომისმენია.

სასტუმროში დავბრუნდით, სატელევიზიო ინტერვიუს ჩაწერა იქაც გაგრძელდა. მე მოშორებით ვიდექი, რატომღაც არ მაინტერესებდა, რას იტყოდა. რატომღაც მეგონა, რომ კამერასთან ცრუობს.

არჩილი წრიალებდა, მასაც ინტერვიუ უნდა ჩამოერთმია „ინდიგოსთვის“, არადა, გარბოდა დრო, იწურებოდა, თბილისში გამომგზავრებისა დგებოდა. მოიხელთა მაინც მერე - ისხდნენ გვერდიგვერდ, წინ მებო ეჯდათ, მაგიდაზე გადმოხრილი, რომ მიშელის ჩუმად ნათქვამი სიტყვები მკაფიოდ გაერჩია (მუდამ დაბალ ხმაზე ლაპარაკობს, რამდენჯერმე ყურიც მიმიტანია სახესთან ახლოს, კარგად რომ გამეგო). მალე სხვებიც შემოეხვივნენ. ვინ სავარძელზე ჩამოჯდა და ვინ - სავარძლის კიდეზე, ტერეზა იატაკზე ჩაჯდა პატარა გოგონასავით. ვიღაც წრეებს გვარტყამდა, ალბათ, ხათუნა. ვეღარ ვარჩევდი - მე იმათი სავარძლების უკან ვიდექი ჩამუხლული და ორივეს ვაკვირდებოდი. თავიდან, კითხვას რომ ისმენდა მიშელი, მზერა ნელ-ნელა გადაჰქონდა არჩილიდან სივრცის რაღაც წერტილზე, მერე მებოზე. მაგრამ მესამე კითხვამ - მგონი, მესამემ - არჩილი მოაწონა, რაღაცას მიუხვდა თითქოს, რაღაც გაუგო და მერე, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ ესმოდა, ქართულად რა კითხვებს სვამდა არჩილი, თვალს არ აცილებდა მას.

მერე ხინკალი ვჭამეთ. ცოტა ღვინოც დავლიეთ (ამჯერადაც წითელი ისურვა) და მერე თბილისისკენ წამოვედით. გზაში მუსიკას ვუსმენდი და მთების ხაზს, მინდვრებს, ძროხებს, ყვითელ ყვავილებს, შორს შეფენილ ცხვრებს, მდინარეს, მანქანებს, დანგრეულ სახლებს, მშენებარე სახლებს, ხეებს, გზაზე ჩამომდგარ კაცებს ვადევნებდი თვალს. თბილისს რომ მოვუახლოვდით, მიშელთან ახლოს გადავჯექი. დაღლილი ჩანდა, მივხვდი, რომ არც დღეს მოვიდოდა ვახშამზე. ზოგჯერ გავხედავდი ხოლმე და ისიც გამომხედავდა. მერე წერა დაიწყო. ოცდარვა წლის ქალი პირველად ავღელდი ასე. ხელის გაწვდენაზე იჯდა ჩემი საყვარელი მწერალი და წერდა.

ორშაბათი, 25 ივნისი

გუშინ ვახშამზე მიშელი ისევ არ მოვიდა და არჩილმა თქვა, უპატარძლო ქორწილი გრძელდებაო. მიშელის მთარგმნელები ჰყავდათ მოწვეული და იმათ ნაცვლად გული მე დამწყდა. წარმოვიდგინე, რომელიმე იმ მწერალთან რომ მქონოდა შეხვედრა დათქმული, ვისი წიგნიც მითარგმნია, და არ მოსულიყო. გვიანობამდე შემოვრჩით იქაც და რადგან ავი წინათგრძნობა მიწვრილებდა გულს, გათენებამდე ისევ არ დამეძინა.

თერთმეტი საათისთვის „რუმსში“ მივედით მე და მებო. არჩილს ტერეზა და მიშელი „სტამბას“ მეორე სართულზე ჰყავდა გადაყვანილი. იქ ფოტოგალერეა უნდა გაიხსნას და მიშელი დაინტერესდა, იქნებ, ჩემი ფოტოების გამოფენა მოგვეწყოო. წინა დღით თვითონ ისურვა, ქალაქი დამათვალიერებინეთო და არჩილი შეჰპირდა, თბილისურ ეზოებსა და სადარბაზოებს გაჩვენებო. დილით ესეც გადაიფიქრა, საგამოფენო სივრცე მოიწონა და დასასვენებლად ასვლა ისურვა. თბილისური ქუჩების, ეზოებისა და სადარბაზოების დასათვალიერებლად მე, ტერეზა, არჩილი და მებო წავედით. განცდამ იმისა, რომ ჩემს ქალაქს თვითონ არ ვიცნობ, შემიპყრო და იმ პატარა ბავშვად მაგრძნობინა თავი, ნაყინის საყიდლად თავი რომ გამოიდო ეზოში ჩამოსარბენად, ახლა კი თავისი სადარბაზო ვეღარ უცვნია. იმ სახლის სადარბაზოში შევედით, სადაც კნუტ ჰამსუნს უცხოვრია, მერე მშრალი ხიდი გადავიარეთ (მიშელს ვიყავი შეპირებული, ქალაქში ჩემს საყვარელ ადგილს გაჩვენებ-მეთქი, მაგრამ ამჯერადაც მის გარეშე მომიწია იქ გავლა) და წინამძღვრიშვილის ეზოები და სადარბაზოები მოვიარეთ. მერე სოლოლაკისკენ წავედით, მწერალთა სახლში შევიარეთ, ცოტა ხანს იმ ეზოში ვისხედით და სანამ დროებით დავიშლებოდით, ტერეზამ აღნიშნა, რომ ყველა შენობის ისტორიას, რომელიც დღეს მოისმინა, რაღაც ტრაგიკული სდევდა თან. იქნებ, სილამაზე არც არსებობს-მეთქი, ტრაგედიის გარეშე, - ეს კი გავიფიქრე, მაგრამ ხმა არ ამომიღია. ისედაც ყველას სევდიანი ვგონივარ, რა საჭიროა „ფლამარიონის“ გამომცემელიც ჩემზე იმასვე ფიქრობდეს?

სადილად „ვინოტელში“ წავედით, დეა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი, იურგენ ბოსი, იქ დაგვხვდნენ. ტერეზამ მთხოვა, მიშელის გვერდით დაჯექი, იქნებ, გახალისდესო. უკვე დიდი ხანია ვიცი, რომ ახირებული კაცია, რომ ზოგჯერ უხასიათობის გამო ინგლისურად კრინტს არ დაძრავს, რომ ზოგჯერ შეიძლება საერთოდ არ მიპასუხოს - და შევეგუე ამას. გავუგე. ერთხელ, ადრე, წერილი ფრანგულადაც კი მომწერა - თავს ცუდად ვგრძნობ და ინგლისურად წერის თავი არ მქონდაო (ალბათ, აქ საჭიროა აღვნიშნო, რომ თვითონ ორი სიტყვაც არ ვიცი ფრანგული). ახლაც ვიფიქრე, მის გადაღლას ჯობს მებო დავიხმარო-მეთქი, მაგრამ მაინც ზოგჯერ ინგლისურად მელაპარაკებოდა. მივხვდი, ხასიათზე იყო მოსული. ათას რამეზე ვილაპარაკეთ: როგორ არ უყვარს საბრძოლო სცენები წიგნებსა და ფილმებში (არც მე მიყვარს) და ამის მიუხედავად, დიდი სიამოვნებით როგორ უყურებს „ბეჭდების მბრძანებელს“ (არადა, „ჰობიტი“ რა ცუდი გამოუვიდათ, ტექსტი მოკლეა და სცენარი უაზროდ გაწელილიო); როგორ მოეწონა ყველაზე მეტად ქართული საჭმელებიდან ნიგვზიანი ეკალა (რა თქმა უნდა, სიტყვა „ეკალა“ ვერ დაიმახსოვრა); როგორ სჯობს ქართული წითელი ღვინო თეთრს - ჯერ თეთრი ისურვა, აქამდე თქვენი თეთრი ღვინო არ დამილევიაო, და მერე წითლით შეაცვლევინა (მოვუყევი, მასთან პირველად რომ ჩავედი, როგორ გადავქექე ყველა მისი ინტერვიუ იმის გამოსარკვევად, როგორი ღვინო უყვარს და ვერაფერს მივაგენი. ბოლოს კი „რუკა და ტერიტორიის“ მიხედვით ვიმსჯელე. „მორჩილებაში“ მიწერია, რაც მიყვარსო. „მორჩილება“ ჯერ არ იყო-მეთქი ქართულად ან ინგლისურად გამოცემული. გაეღიმა); როგორ სწორად გაიგეს თანამედროვე ხელოვანებმა მისი „პლატფორმა“ და როგორ განრისხდნენ ტურიზმის სფეროში დასაქმებულები; რით განსხვავდება მისთვის ფოტოგრაფია და მწერლობა; როგორ მუშაობს ახალი ფილმის გადაღებებზე, სადაც მთავარ როლს ჟერარ დეპარდიე ასრულებს თურმე;

და, ალბათ, კიდევ ათას რამეზე ვილაპარაკეთ. მაგრამ ერთი ამბავი იყო ჩემთვის საყურადღებო, საინტერესო და მნიშვნელოვანი. დილით ტერეზამ გვითხრა, მიშელი არასდროს პორტრეტებს არ იღებს, ყოველთვის ცდილობს ბუნების დესტრუქცია ასახოს ფოტოებითო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფოტოები მინახავს, აქამდე არ მიფიქრია, ასე თუ იტაცებდა ნგრევისა თუ შლის ასახვა. მეგონა, ეს მხოლოდ მისი პერსონაჟის, ჟედ მარტინის, აკვიატება იყო. ამაზე რომ ჩავეკითხე, გვიამბო: ბავშვობაში შორიახლოს, სადაც ვიზრდებოდი, ულამაზესი ეკლესია იდგა, რომელსაც მცენარეები მოედო (სურო, ალბათო, ივარაუდა არჩილმა. მგონი, ჩაეკითხა კიდეც) და თანდათან დაინგრაო. მას შემდეგ შეპყრობილი ვარ იმით, როგორ ანგრევს ბუნება ადამიანის ქმნილებასო. დამაინტერესა, ოდესმე თუ უფიქრია იმაზე, ჟედ მარტინის ბოლო პროექტისთვის ხორცი შეესხა. არაო. რაზეც დაწერ, მერე იმის განხორციელება აღარ არის საინტერესო ჩემთვისო.

კიდევ ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ იქ, იმ მტკვირსპირა ეზოში, და, ალბათ, ყველაფერი აღარც მახსოვს, იმ დეტალებს ან სულ გადაშლის მეხსიერება, ან დროდადრო ამოაგდებს, ამოატივტივებს, დამიბრუნებს. იქიდან გამოსულს ფიცრის ღობეზე გაკეთებული წარწერა მოეწონა. არც დავკვირვებივარ, რა ეწერა. ფოტოებიც გადაიღეს მან და დეამ, მან და მებომ. მე გულზე სიმძიმე მაწვა. სევდა. თუ დარდი. თუ ისევ ის ავბედითი წინათგრძნობა. და მინდოდა სადმე გავქცეულიყავი. სადმე, სადაც ვერც მიპოვიდნენ, ვერც მომაგნებდნენ, ვერც მომაწვდენდნენ ხმას, ვერც მამცნობდნენ, რამე თუ იყო ცუდად, რამე თუ იყო გარდაუვალი.

მიშელი სასტუმროში წაიყვანეს. მე, მებო და ტერეზა ლესელიძეზე გავედით. ტერეზას ქართველი დიზაინერების სამოსის დათვალიერება სურდა. შენ ეს კაბა მოგიხდებაო, მეუბნებოდა ხოლმე ზოგჯერ და ყოველთვის წითელ კაბას მიჩვენებდა. გამახსენდა, შაბათს რომ წითელი კაბა მეცვა და იმასაც გაახსენდა. თვალისმომჭრელს გხდის წითელი კაბაო. გამეცინა და შემიყვარდა ეს ქალი. ქალი, რომელიც მიშელ უელბეკის გარდა, მრავალი წელი ყოფილა მილან კუნდერას გამომცემელიც. ქალი, რომელიც თურმე მრავალი წელი ოცნებობდა კავკასიაში მოგზაურობაზე და მერე ჩათვალა, რომ ეს ოცნება სწორედ ჩემი წყალობით აუხდა. კათოლიკურ ეკლესიასთან რომ ჩამოვდექით, იმ დროს მითხრა, ორმოცამდე ქვეყნიდან ჰქონდა ამ გაზაფხულზე მიშელს მოწვევა და ყველაზე უარი თქვაო. საქართველოზეც უარი თქვა თავიდან, ერთი თვის შემდეგ კი დამირეკა და მითხრა, იქ ქართველი მეგობარი მყავს და აუცილებლად უნდა მოვინახულოო. მერე მებოსაც მოუყვა იმავე ამბავს და საღამოს თინასაც. ყოველ ჯერზე ცრემლები მომადგა და გავიფიქრე, მიშელს როგორც კი ვნახავ, გულში ჩავიკრავ-მეთქი.

ტერეზა მებომ გააცილა სასტუმრომდე, მე კი მწერალთა სახლში ავბრუნდი. იქ ჩემი უახლოესი მეგობარი ნუკა ღამბაშიძე მუშაობს და ცოტა ხანს გული მინდოდა მეჯერებინა მასთან ლაპარაკით. საღამოს ორი ღონისძიება იყო დაგეგმილი - პანელური დისკუსია „რუმსში“, რომელშიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოსი იღებდა მონაწილეობას არჩილთან და მიშელთან ერთად, და შეხვედრა მკითხველთან, რომელსაც თინა მამულაშვილი უძღვებოდა. „რუმსში“ ერთად წავედით მე და ნუკა. ცუდი აკუსტიკის გამო, მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში ვიჯექი, არაფერი მესმოდა არჩილის ხმის გარდა. მაგრამ არჩილს ბევრი არც ათქმევინეს რამე. სამაგიეროდ, კარგად გაისმა მსმენელის სამარცხვინო შეკითხვები თუ შეფასებები. ყველას ნაცვლად მე რატომ მრცხვენია-მეთქი, შევუწყერი ჩემს თავს და შეხვედრის დასრულების შემდეგ სწრაფი ნაბიჯით დავტოვე იქაურობა.

მე, ნუკა და ლელა შუბითიძე ფეხით ჩავედით რუსთაველის თეატრამდე. იქ ნაცნობებს გამოველაპარაკე, მერე დარბაზშიც შევედი და სრულიად უმიზეზოდ გავუბრაზდი ჩემს ერთ მეგობარს, ლუკა გრიგოლიას, ყველაზე გულკეთილ ბიჭს, ვისაც იმ ამბის სახარებლად რომ დავურეკე, მიშელმა დასტური მოგვცა-მეთქი თბილისში ჩამოსვლაზე, ხელში ნაჯახი სჭერია და შეშის ჩეხისგან დასისხლიანებული ჰქონია ხელები.

შეხვედრამ კარგად ჩაიარა. ამჯერად ნამდვილად ყველაფერი მესმოდა. მიშელმა თქვა, ერთადერთხელ ვიყავი ცხოვრებაში მწერალთან შეხვედრაზე, 17 წლის ასაკში, ჟორჟ პერეკთანო, და ისე მომერიდა, კითხვა ვერ დავუსვი, აი, მიწერა რომ შემძლებოდა, აუცილებლად მივწერდიო. ამას მკითხველების უცნაური ქცევა მოჰყვა: იმათ კითხვები ფურცლების ნაგლეჯებზე ჩამოწერეს, - ზოგმა, ალბათ, წიგნს მოახია, ზოგმა რვეულს, ზოგმა სხვას სთხოვა და ზოგმა სულ ვერ იშოვა, - ჩამოწერეს და სცენაზე ააწოდეს. კითხვები ხან არასერიოზული იყო, ხან არასაინტერესო, ხან კიდევ -პირიქით. ერთმა კითხვამ ამაღელვა. ვიღაც ფილოსოფოსი დაასახელეს, თანამედროვე, ვინც თურმე წერს ასეთ რამეს: „ვუყვარვარ, მაშასადამე ვარსებობ“. კითხვის ავტორს აინტერესებდა, იცნობს და იზიარებს თუ არა ამ ფილოსოფიას მიშელი. სანამ პასუხს მოვისმენდი, ცივმა ოფლმა დამასხა: ვაითუ, რაღაც ფილოსოფიის მიხედვით არ ვარსებობ-მეთქი, გავიფიქრე (ალბათ, ღიმილს მოგგვრიდათ ეს ჩემი ფიქრი). არაო, თქვა მიშელმა. ისინიც არსებობენ, ვინც არავის უყვარსო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მიშელი დიდხანს ტოვებდა წიგნის სატიტულო გვერდებზე წარწერებს, არც ერთი მკითხველი არ გაუშვია იქიდან უავტოგრაფოდ. მერე მიღება გაიმართა, ერთი-ორი ლუკმა შეჭამა, ერთი-ორი ყლუპი დალია და მოწევა მოუნდა. მე, მიშელი და ნინო ნადიბაიძე, ჩემი მეგობარი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ქვემოთ ჩამოვედით. კარგი მეგობარი მაშინვე გრძნობს, შენთან ვინმე განმარტოებას თუ ცდილობს, და ნინომაც იგრძნო, ამ ალიაქოთში ისიც კი მოახერხა, ჩვენთვის ეს რამდენიმე წუთი განცალკევების საშუალება მოეცა.

არ ვიცი, რას იფიქრებდნენ სხვები, გამვლელები, მისი მკითხველები, ჩემი ნაცნობები, ასე რომ დაგვინახავდნენ. რა ეგონათ, რაზე ლაპარაკობენო, რა აწუხებთო ან რა უხარიათო, რატომ შესჩერებიან ერთმანეთს თვალებშიო.

ჩვენ სიკვდილზე ვლაპარაკობდით.

აი, ასე, ვიდექით დედამიწის ზურგზე, ალბათ, ყველაზე სევდიანი ორი ადამიანი და ვლაპარაკობდით სიკვდილზე.

სამშაბათი, 26 ივნისი

ღამით გვიან დამეძინა, დილით ადრე გავიღვიძე. შხაპი მივიღე, პირველივე კაბა ჩავიცვი, რომელიც ხელში მომხვდა, და წავედი „რუმსში“. 11 საათი იყო. დავიწყებია, ნაადრევი შეხვედრა რომ დავუთქვი. თორმეტი ხდებოდა, ტერეზა რომ ჩამოვიდა. მებოც იქ იყო და ნინოც. ლაპარაკში გავერთეთ, მაგრამ რამდენიმე წუთში ვივარაუდე, მიშელი ჩამოვიდოდა და არ გამოვიდოდა-მეთქი აქეთ. გავედი ფოიეში და იქ დამხვდა. იჯდა. წერდა რაღაცას. ამ დღეების მანძილზე პირველად დავინახე მის სახეზე გულითადი ღიმილი. ღიმილი კი არა, სიხარული. გაუხარდა, რომ დამინახა. აღარ მეგონა, დღესაც თუ გნახავდიო, მითხრა. კინაღამ ბავშვურად ვუპასუხე რაღაც. სხვებთან გავიყვანე. ჩემი ყავის აპარატის ჩასადები გადაუგდია მომსახურე პერსონალსო, ეუბნებოდა ტერეზას და ღელავდა, გამიფუჭდება გზაშიო.

უცებ ძალიან მომინდა მისთვის რაღაც მეკითხა, რაღაც, რის კითხვასაც სხვისი თანდასწრებით არ ვაპირებდი, მაგრამ გულმა არ მომითმინა. ქართულად ვკითხე, არც ვიცი, რატომ. მებომ უთარგმნა. აი, ამდენი ხანია ვმეგობრობთ, პირად ამბებს ვუზიარებთ ერთმანეთს და მაინც არ გამიმხილე, რაზეა-მეთქი შენი წიგნი. გაჩუმდა. რამდენიმე წამი ჩუმად იყო. საერთოდ ასე სჩვევია. ზოგჯერ დიდხანს ფიქრობს. ზოგჯერ იტყვის რამეს და მერე იმდენხანს ყოვნდება, აღარ იცი, ლაპარაკის გაგრძელებას ისევ აპირებს თუ აღარ. ამიხსნა, ეს გამომცემლობასთან დადებული ხელშეკრულების გამო ხდება, არავის არაფერს ვუმხელო. მერე კი ტერეზასთვის უთქვამს ფრანგულად, - და მადლობა ღმერთს, რომ მებოს ფრანგულად სიტყვას ვერ გამოაპარებს კაცი, - არ ვიცი, რამდენად სწორი ვარ მორალურად, ახლობელი ადამიანი რაღაცას რომ მეკითხება, მე კი ვპასუხობ, საიდუმლოაო.

მერე მეც ვთხოვე ჩემი წილი ავტოგრაფი. „კუნძულის შესაძლებლობა“ მქონდა თან, ოღონდ ინგლისურად. ცოტა უკმეხად ვუთხარი, იცოდე, სხვებს რომ მხოლოდ სახელი და გვარი დაუწერე, ასე არ მომექცე-მეთქი მეც. ჩაეღიმა. რა ვიცოდი, რას მიპირებდა. კარგა ხანს წერდა. დავხედე და, ფრანგულად არ დაუწერია?!

იქიდან გამომცემლობაში წავედით. თავისი მთარგმნელები და რედაქტორები გაიცნო. ავტოგრაფები იქაც დაარიგა, ფოტოები გადაიღო და დადგა გამომშვიდობების დროც. გავიდა გარეთ. გავედი მეც. ვიღაც ელაპარაკებოდა, რომ დავინახე. ისე ავღელდი, ვერც გავარჩიე, ვინ იყო. ხის ჩრდილქვეშ იდგნენ. ტერეზას გამოვემშვიდობე და მივედი მერე მასთანაც. დავრჩით მარტო. ქვეყნად თითქოს, ჩემ გარდა და მის გარდა, ის ხის ჩრდილი იყო მხოლოდ. რა მომხიბვლელია ეს ქვეყანა, რა კარგი რამ ყოფილაო. ახლა მივხვდი, შენც ისეთი რატომ ხარ, როგორიც ხარო. რატომ მოჯადოებულები არ რჩებიან სხვებიც და არ ლაპარაკობენ მასზეო. ვიცოდი, ელოდნენ და ვუთხარი, გამომშვიდობების დროა-მეთქი. რატომღაც ვუთხარი, მოუარე-მეთქი თავს. ისე ვუთხარი, მამაჩემი როგორც მეუბნება ხოლმე, სადმე შორს რომ მივდივარ. ამ დროს ლუკა მოვიდა. ლუკამ უთხრა, რომ ავტოგრაფიც უნდოდა მისგან, ფოტოც სურდა მასთან ერთად გადაეღო, მაგრამ ყველაფერს ერთი ჩახუტება ერჩია და ჩაეხუტა უცებ მიშელი. გავიფიქრე, ასეთ ამაღელვებელ კადრს ამ დღეებში არ შევსწრებივარ-მეთქი და ცრემლები მომადგა.

და მერე მეც ჩამეხუტა, ჩამეხუტა კი არა, ჩამიკრა გულში, ჩამიკონა ისე, თითქოს ყველაფრისგან სურდა დავეცავი, ყველა ჩემი ფიქრისა და დარდისგან, წარსულისა და საფრთხეებისგან, შიშებისა და სურვილებისგან, უარყოფისგან.

წავიდა მერე.

მე წამოვლასლასდი.

ოთხშაბათი, 27 ივნისი

გუშინ ღამით, ერთწლიანი რთული და ჩახლართული ურთიერთობის შემდეგ, გავტყდი და შეყვარებულს დავშორდი.

დილით ჩემს საწოლს მზე ადგება და თვალებში მიჭყიტინებს ხოლმე. სანამ სულ მთლად გადაირეოდეს ზაფხული, არა უშავს, მერე კიდევ ფარდას დავკიდებ - სხვას, მეორეს, მძიმეს. ზოგჯერ გაღვიძებამდე ვიღვიძებ და ისე მეძინება, თავი ისევ მღვიძარე მგონია. მეზობლებს მამლები ჰყავთ და ოჯახის წევრები - ჩემი მშობლები და დები - იმ ხმაზე ღიზიანდებიან. მე კი მათ ყივილზე ყოველთვის სოფელში გატარებული ბავშვობის ზაფხულები მახსენდება და პეტრე მოციქული.

წამის მეასედები დამჭირდა გუშინდელის გასახსენებლად და სხვა ტკივილების, რომლებითაც ამოჭედილია ჩემი სხეული. ის წამის მეასედები ბედნიერებას ვგრძნობდი.

სამსახურში, რაღაც მექანიკური საქმის შესრულებისას, ერთ რამეზე დავფიქრდი: შეიძლება თუ არა ადამიანი მაგიდის ერთი აყირავებით შეფასდეს?

სახლში წაფრატუნებამდე არჩილის „სამხრეთული სპილო“ ვიყიდე და დაძინებამდე იმის კითხვას ვაპირებ.

ხუთშაბათი, 28 ივნისი

დეპრესიის სუნი უდის ჩემს სულს. ჯერ ადგომა არ მინდოდა. მერე - სამსახურში წამოსვლა. მერე - ჭამა (და არც ვჭამე). მერე - მუშაობა (და მაინც მომიწია). მერე - მეგობრების ნახვა (და არც ვნახე). მერე - სახლში დაბრუნება (და მაინც მომიხდა). სულ ეს იყო.

პარასკევი, 29 ივნისი

დილით დედამ ის ფარდა დაკიდა. ჩამობნელდა სახლი. კინოს კადრებს დაემსგავსა იქ ჩაცმა, საწოლის მილაგება და ყავის ჩამოსხმა. მოვახერხე და სამსახურში დროულად მოვედი. ბოლო დროს ყველგან ვაგვიანებ. დიდი სია ჩამოვწერე საქმეებისა: სამსახურში ახალი პროექტი მაქვს ჩაფიქრებული, ახალი რომანის წერა დავიწყე და ზოგი რამ მოსაფიქრებელია, ზოგი რამ - შესასწავლი, ზოგი რამ - დასაკვირვებელი. მაგრამ რაღაცით სადოქტორო ნაშრომზე მუშაობას ჰგავს წიგნის წერაც: რამდენი წიგნიც უნდა გაგიხდეს წასაკითხი, რამდენ კითხვაზე - პასუხი გასაცემი, რამდენი რამ - გამოსაკვლევი, ამოსახსნელი, დასაფიქრებელი, მთავარი მაინც ისაა, წერო.

მერე დღის რიტმს მივყევი - სამუშაო ბევრი იყო, ხან ვჭამე, ხან ვისეირნე და საღამოც ჩამოდგა. მე და ნუკა სადღაც წავედით ერთად, მებოს საღამო იმართებოდა იქ.

გვიანაა უკვე, არჩილის წიგნის კითხვას დავასრულებ მალე (ადრე გაცილებით სწრაფად ვკითხულობდი, გაცილებით მეტსაც. მგონი, მეტსაც ვწერდი და მეტსაც ვთარგმნიდი). ძილის წინ რომელიმე რადიოგადაცემას მოვუსმენ, რომელშიც ჯონათან საფრან ფოერი ჰყავთ მოწვეული და, იქნებ, ამაღამ მაინც მშვიდად დავიძინო.

30 ივნისი, შაბათი

ბოლო წლებია, შაბათ-კვირას არ დამისვენია. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მხოლოდ ამ დღეებში ვახერხებდი მეცადინეობას ან კვლევა-ძიებას ჩემი სადოქტორო ნაშრომისთვის. ორი წლის წინ დიდი დრო დამჭირდა იმის მოსაფიქრებლად, რაზე მემუშავა, და მაშინ ორი ადამიანის რჩევა გავითვალისწინე - ჩემი ხელმძღვანელის, ნინო ფირცხალავასი, და მიშელის. ორივემ დაახლოებით ერთი და იგივე რამ მითხრა, რომ სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობის შემთხვევაშიც კი ყური გულის ძახილს უნდა დავუგდო. ასე შევაჩერე მაშინ არჩევანი ოთარ ჭილაძისა და ჯონ აპდაიკის რომანებზე და დღემდე წამითაც არ მინანია, რომ წლები მათი შემოქმედების კითხვასა და შესწავლას უნდა შევალიო. მიუხედავად იმისა, რომ ზედმიწევნით კარგად მახსოვს „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, სანამ ამერიკელი მეცნიერების სტატიების კითხვას შევუდგებოდი და ლუმანის იმ ნაშრომში ქექვას, რომლის მიხედვითაც ვადარებ ერთმანეთს ამ ორი მწერლის რომანებს, დაუძლეველმა სურვილმა შემიპყრო ამ წიგნის ფინალი გადამეკითხა. და სანამ ასე არ მოვიქეცი, იქამდე ვერ მოვიშორე განცდა იმისა, რომ ათჯერ ან მეტჯერ წაკითხული წიგნის ფინალში იყო რაღაც ისეთი, რაც აქამდე გამომრჩენოდა.

და, ალბათ, ცხოვრებაც ამ განცდას ჰგავს. ალბათ, სწორედ ამიტომ ვუბრუნდებით ადამიანებს, რომ მათში რაღაც გამორჩენილი დავინახოთ; ამიტომ ვუბრუნდებით წიგნებს, რომ მათში რაღაც გამორჩენილი ამოვიკითხოთ; ამიტომ ვიწყებთ ახალ დღეს, რომ მასში რაღაც გამორჩენილი შევქმნათ.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG