Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის კლინიკაში მყოფ ოთხ ირანელს კორონავირუსი არ დაუდგინდა


ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. ამის შესახებ იუწყება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს საავადმყოფოდან დღესვე გაწერენ.

"როგორც იცით, ჩვენთან ირანის 4 მოქალაქე იმყოფება. ისინი გუშინ, გვიან საღამოს მოიყვანეს. აქამდე ისინი დაკვირვების ქვეშ იყვნენ, ჩაუტარდათ რენტგენოლოგიური კვლევა. პნევმონია არც ერთს არ დაუდგინდა. ველოდებოდით გამოკვლევის შედეგებს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში შესრულდა. ნახევარი საათის წინ მივიღეთ პასუხი, რომ არც ერთ მათგანს ახალი კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდა. ამჟამად ოთხივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურის მატება არც ერთს არ აღენიშნება და ახლა მათ გასაწერად ამზადებენ", - განაცხადა ცერცვაძემ.

ირანიდან ჩამოსული ოთხი პირი (ერთი ქალი და სამი მამაკაცი) თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 22 თებერვალს შეიყვანეს.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით:

  • ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.
  • ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის დარჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები და აღნიშნული მიმართულებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მეზობელ ქვეყნებთან.

„საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მომავალში, თუ ამის საჭიროება დადგება, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც“, - წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG