Accessibility links

15 იანვრის კენჭისყრა: მზადება დიდი ბრძოლისათვის


ბრექსიტის მოწინააღმდეგეთა აქცია

ბრიტანეთის პარლამენტმა 15 იანვარს საბოლოოდ უნდა უყაროს კენჭი პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიერ შემუშავებული შეთანხმების პროექტს, რომელიც სულ უფრო მზარდ უთანხმოებას იწვევს ქვეყნის შიგნით.

ახალი წლის არდადეგების შემდეგ, 7 იანვარს, ევროკავშირიდან გასვლის მომხრე ნაციონალისტების ჯგუფი ბრიტანეთის პარლამენტის წინ თავს დაესხა დეპუტატ ანა სუბრის, რომელიც გამოდის მოწოდებით, ჩატარდეს განმეორებითი რეფერენდუმი ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე.

თავის მხრივ, გულხელდაკრეფილი არც ბრექსიტის მოწინააღმდეგეები არიან.

გასულ კვირაში ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა მოუწოდა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის, გამოაცხადოს ვადამდელი არჩევნები და განაცხადა, რომ თუ 15 იანვარს ევროკავშირთან შეთანხმების პროექტს თემთა პალატა მხარს არ დაუჭერს, ლეიბორისტები, სავარაუდოდ, მთავრობისათვის ნდობის საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას მოითხოვენ.

გასულ ოთხშაბათს თემთა პალატამ მიიღო საკანონმდებლო აქტი, რომლის თანახმად, თუ 15 იანვარს ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან შეთანხმება ჩავარდა, ბრიტანეთის მთავრობას მიეცემა სამი დღე პარლამენტისთვის ევროკავშირიდან გასვლის ახალი გეგმის წარსადგენად, თუმცა ამის მოსწრება ფიზიკურად შეუძლებელია.

ტერეზა მეის ექსკლუზიური ინტერვიუ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, ბრექსიტის შეუსრულებლობა „უპატიებლად და კატასტროფულად შეარყევს ჩვენი დემოკრატიისადმი ნდობასო“. გამოცემა „სანდეი ექსპრესში“ გამოქვეყნებული წერილის თანახმად, ტერეზა მეი ემუდარებოდა დეპუტატებს, სამშაბათს თემთა პალატაში კენჭისყრაზე მხარი დაეჭირათ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ მთავრობის მიერ მომზადებულ წინადადებათა პაკეტისათვის.

ტერეზა მეი
ტერეზა მეი

“დადგა დრო, დავივიწყოთ პოლიტიკური თამაშები და გავაკეთოთ ის, რაც სწორია ჩვენი ქვეყნისათვს“, - წერს ტერეზა მეი „სანდეი ექსპრესში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

წინააღმდეგ შემთხვევაში შეიქმნება საფრთხე, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ან შეთანხმების გარეშე დატოვოს, ან ბრექსიტი საერთოდ არ შედგეს, - აცხადებს ტერეზა მეი. მოვლენათა ასეთი განვითარება, ბრიტანეთის მთავრობის აზრით, მნიშვნელოვნად დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას, ვიდრე თანდათანობითი გაყრის პროცესი.

ბრექსიტი შეთანხმების გარეშე

შეთანხმების გარეშე ბრექსიტი ნიშნავს, რომ ბრიტანეთი სწრაფად, გარდამავალი პერიოდის გარეშე, გაწყვეტს კავშირს ევროკავშირთან.

ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე კატასტროფული იქნება დიდი ბრიტანეთისათვის: გაიზრდება სურსათის ფასი, რაც გამოიწვევს გარკვეულ სასაქონლო დეფიციტს, ხოლო დამატებითი სასაზღვრო შემოწმება ჩიხურ ვითარებას შექმნის.

ეს ნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთს მოუწევს არ დაემორჩილოს ევროკავშირის წესებს და მისდიოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში ვაჭრობის სფეროში დადგენილ ნორმებს. ასეთ ვითარებაში მრავალ მეწარმეს ელის ახალი გადასახადები საექსპორტო და საიმპორტო საქმიანობასა და მომსახურების სფეროში, რაც, სავარაუდოდ, გაზრდის გადასახადებს. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის მაღაზიებში გაიზრდება ფასები რიგ საქონელზე.

გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთს შეუწყდება სავაჭრო ხელშეკრულებები ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან და ისინი გადაიხედება ევროკავშირთან ახალი შეთანხმებების შესაბამისად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სასაზღვრო საკითხი.

შეთანხმების გარეშე ბრექსიტის შემთხვევაში საზღვარი ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის გადაიქცევა ევროკავშირის შიდა საზღვრად, საბაჟო და საიმიგრაციო კონტროლით, თუმცა არ არის ცნობილი, სად და როგორ ჩატარდება ესა თუ ის შემოწმება.

წინასწარი შეთანმების გარეშე ევროკავშირის დატოვების მომხრეები ფიქრობენ, რომ მას ექნებოდა დადებითი შედეგი, წინასწარ რომ ჩატარებულიყო სწორი სამზადისი. ისინი ფიქრობენ, რომ ოპონენტები ხალხს აშინებენ და რომ გრძელვადიან შედეგებს ყოველთვის ახლავს მოკლევადიანი მტკივნეული ნაბიჯები.

მთლიანობაში კი, როგორც ბრექსიტის მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე კატასტროფული იქნება დიდი ბრიტანეთისათვის: გაიზრდება სურსათის ფასი, რაც გამოიწვევს გარკვეულ სასაქონლო დეფიციტს, ხოლო დამატებითი სასაზღვრო შემოწმება ჩიხურ ვითარებას შექმნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გზებზე.

ძალთა ბალანსი 15 იანვრის კენჭისყრამდე

ბრიტანეთის მთავრობას სერიოზულად აშფოთებს ის, რომ სამშაბათს დაგეგმილ კენჭისყრაზე მთავრობის ინიციატივის ჩავარდნის შემთხვევაში ბრექსიტზე კონტროლს აიღებენ დეპუტატები.

დიდმა ბიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს და ეს ავტომატურად მოხდება იმისდა მიუხედავად, დაუჭერენ თუ არა 15 იანვარს ბრიტანელი პარლამენტარები მხარს ტერეზა მეის მიერ შემუშავებული შეთანხმების პროექტს.

“სანდეი ტაიმსი“ იუწყება, რომ პარტიათაშორის დეპუტატთა ჯგუფს განზრახული აქვს შეცვალოს თემთა პალატის წესი, რომელიც რიგითი დეპუტატების გაერთიანებას შესაძლებლობას მისცემს მთავრობის ნაცვლად თავადვე იკისროს ბრექსიტის ბედის გადაწყვეტა, თუ ტერეზა მეის მიერ მომზადებული შეთანხმება ჩავარდა.

გასულ კვირაში თემთა პალატამ 7 ხმის უპირატესობით მიიღო ფინანსების შესახებ კანონში შესწორება, რომელიც ხაზინას უკრძალავს გამოუყოს მთავრობას ფული შეთანხმების ჩავარდნის შემდეგ პარლამენტის სანქციის გარეშე ევროკავშირიდან გასვლის მოსამზადებლად.

„ბი-ბი-სის“ თანახმად, პროექტი შეიტანა ლეიბორისტმა ივეტ კუპერმა, მაგრამ დოკუმენტს მხარი დაუჭირა 20-მა თორმა, მათ შორის მთავრობის ყოფილმა ხუთმა წევრმა.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის დაახლოებით მეოთხედი მთავრობის წევრებისაგან შედგება, რადგან, კანონის თანახმად, ბრიტანეთის მთავრობის ყველა წევრი ინარჩუნებს დეპუტატის მანდატს.

დიდმა ბიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს და ეს ავტომატურად მოხდება იმისდა მიუხედავად, დაუჭერენ თუ არა 15 იანვარს ბრიტანელი პარლამენტარები მხარს ტერეზა მეის მიერ შემუშავებული შეთანხმების პროექტს.

ეს მოხდება ზუსტად ორი წლის თავზე მას შემდეგ, რაც 2017 წლის 29 მარტს ბრიტანეთმა ოფიციალურად აამოქმედა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკისათვის შესაბამისი წერილის გადაცემით.

ბრიტანეთი, რომელიც 1973 წლიდან არის ბლოკის წევრი, პირველი ქვეყანაა, რომელმაც აამოქმედა ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი ევროკავშირიდან გასასვლელად, 2016 წის 23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე. რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა გაერთიანებული სამეფოს გასვლას ევროპის კავშირიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG