Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერომონახი იონა: „ჩვენ ყველა ადამიანი უნდა მივიღოთ“


ავტორი: ალექსანდრ ალექსანდროვი

მოსკოვში 27 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმმა სასტიკად აღკვეთა საპროტესტო აქცია, სცემა და დააკავა 1300 ადამიანი, რამდენიმე დემონსტრანტმა მოახერხა თავიდან აეცილებინა პოლიციის განყოფილებაში მოხვედრა - მათ მოსკოვის ერთ-ერთ მართლმადიდებელ, წმინდანების კოზმასა და დამიანეს სახელობის, ტაძარს შეაფარეს თავი.

იტალიური წარმომავლობის რუსი ისტორიკოსი და იერომონახი იოანე (ერისკაცობაში - ჯოვანი გუაიტა ) ერთ-ერთი ის სასულიერო პირი აღმოჩნდა, რომელიც დაეხმარა დემონსტრანტებს გადამძვრალიყვნენ ღობეზე და თავი ტაძრისათვის შეეფარებინათ.

„პოლიციამ ტაძრის შესასვლელი ჩაკეტა“

იერომონახი იოანე: „როგორც ცნობილია, მიტინგი იყო არასანქცირებული ტვერელის ქუჩაზე და იქ იყო ძალიან ბევრი ხალხი. ასევე იყო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი და ამიტომ ხალხმა ნელ-ნელა იწყო ტვერელიდან წასვლა. მიტინგის ადგილიდან ყველაზე ახლო შესახვევი ჩვენი, ტვერელის, შესახვევია და ტაძარიც ქუჩის დასაწყისშივე მდებარეობს. ამიტომ მოხდა ისე, რომ ხალხი სწორედ ტაძრის წინ აღმოჩნდა.

უკვე იმ მომენტისათვის, როდესაც დემონსტრანტთა დაპატიმრება დაიწყო, მათი ნაწილი ტაძარში შემოვიდა. შემდეგ პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა შესასვლელი ჩაკეტა, თუმცა ადამიანების გარკვეული რაოდენობა მაინც რჩებოდა ტაძარში. ისინი კი, ძირითადად ახალგაზრდობა, რომელიც სტოლეშნიკოვის მოსახვევისკენ დაეშვა, ეზო-ეზო გარბოდა, რომ დაჭერას გადარჩენოდა.

ხალხის დიდმა ნაწილმა ღობეზე გადმოძრომა დაიწყო და პირდაპირ ტაძრის ტერიტორიაზე შემოვიდა.

„ვლოცულობდით ხელისუფლებაზეც და ოპოზიციაზეც“

ცხადია, ჩვენ ისინი მივიღეთ, იმიტომ რომ ჩვენ იძულებული ვართ მივიღოთ ყველა ადამიანი, მისი პოზიციის, პოლიტიკური თუ სხვა სახის შეხედულების მიუხედავად. როდესაც ადამიანი ტაძარში შემოდის, - მნიშვნელობა არა აქვს, როგორ და რა გზით, ეზოდან, კარებიდან თუ ღობეზე გადმოძრომით, - ჩვენ იძლებული ვართ ის მივიღოთ.

ამიტომ, ჩვენ ყველა მივიღეთ და დავეხმარეთ, როგორც შეგვეძლო.

ვინც დაშავებული იყო, ვაძლევდით სპირტს, ბინტსა და ა. შ.

მოხდა ისე, რომ ტაძარში აღმოჩნდა, დაახლოებით, ორას კაცამდე - ძირითადად, ახალგაზრდობა. მაშინ შევთავაზე ხალხს, რომ ერთად ელოცათ მშვიდობისათვის.

ჩემდა გასაკვირად, ბევრმა ეს წინადადება მიიღო და, აი, ვილოცეთ მშვიდობისათვის, იმისათვის რომ ხალხის გულებში მშვიდობამ დაისადგუროს. არის ასეთი ლოცვა, „ბოროტი გულების დაცხრობისათვის“, და ეს ლოცვა ერთად წავიკითხეთ.

ჩემი აზრით, ადამიანები დიდი გულისყურით ლოცულობდნენ ყველაზე: ხელისუფლებაზეც და ოპოზიციაზეც.

ეს არის ეკლესიის როლი, რაც არ უნდა იყოს. ეკლესია ყველას სთავაზობს სიყვარულს, უნდა შესთავაზოს ყველას სიყვარული. ამიტომ, მიმაჩნია, რომ არაფერი განსაკუთრებული არ გაგვიკეთებია. ჩვენი ეკლესია, უბრალოდ, მოსკოვის ცენტრშია და ვალდებული ვართ ყველა მივიღოთ. პოლიცია არ შემოგვვარდნია. შემდეგ, როდესაც ყველაფერი დასრულდა, პოლიციის სპეცრაზმიც შემოვიდა წყლის ასაღებად, რადგან იქ ბიჭები არიან და დიდხანს იდგნენ მზის ქვეშ. და ცხადია, ჩვენ ისინიც შემოვუშვით. მათ აიღეს წყალი, შევიდნენ საპირფარეშოში და შემდეგ წავიდნენ. ამაში არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ყოფილა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG