Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩემი შვილი მეწყრის ზედაპირზე იპოვეს. სწრაფი რეაგირება რომ ყოფილიყო, იქნებ ცოცხალი ენახათ“ - ინტერვიუ შოვში დაღუპულის დედასთან


დავით ბერიაშვილი და მისი დედა, ია მერებაშვილი, საილუსტრაციო ფოტო
დავით ბერიაშვილი და მისი დედა, ია მერებაშვილი, საილუსტრაციო ფოტო

„ამ საქმეს არ მოვეშვები. შეგუებული ვარ, რომ გამოძიება ერთ და ორ თვეში ვერ დასრულდება, მაგრამ ეს საქმე თაროზე არ შემოიდება, ყველამ იცოდეს“, - ამბობს ია მერებაშვილი, შოვის სტიქიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა. შვილის გარდაცვალებიდან ხუთი თვის თავზე, ის პირველ ინტერვიუს რადიო თავისუფლებას აძლევს.

ია მერებაშვილმა, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, შოვის საქმის გამოძიების კვალიფიკაციის დაზუსტება სტიქიიდან რამდენიმე დღეში მოითხოვა. ის ითხოვს გაირკვეს, მიატოვა თუ არა მისი შვილი სახელმწიფომ განსაცდელში და შეეძლო თუ არა მისი დახმარება ტრაგედიისას?

რადიო თავისუფლება: ამ თვეების განმავლობაში, შოვის საქმის გამოძიების შესახებ, ფაქტობრივად, არცერთი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. თქვენთან თუ აქვთ კომუნიკაცია გამომძიებლებს? თუ გაწვდიან ინფორმაციას პერიოდულად მაინც?

ია მერებაშვილი: მხოლოდ ადვოკატის, ანა თავხელიძის საშუალებით, ისიც იშვიათად. სხვა მხრივ, არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს. ხელისუფლების გზავნილები თითქოს ასეთ განწყობას ქმნის, ვის უჩივით, ბუნებასო?

ჩვენ რომ ვიცოდეთ, რა ხდება, როგორ მიდის გამოძიება, შესაძლოა, უფრო ნაკლებად მქონოდა განცდა, რომ ეს საქმე თაროზე შემოიდება, მაგრამ გამოძიებას აშკარად აქვს კომუნიკაციის პრობლემა. ამ ხნის განმავლობაში ერთი ბრიფინგი არ გაუმართავთ.

მინდა ყველამ იცოდეს, ამ საქმეს თავს არ დავანებებ. ძალიან კარგი ადვოკატი მყავს, იცის ჩემი გამოკვეთილი პოზიციის შესახებ. სანამ პასუხს არ მივიღებ, არ დავანებებ თავს იმის ძიებას, რა მოხდა შოვში.

არ ვიცი, ამ ხელისუფლების პირობებში, რამდენად სწორად გამოიკვეთება, ან საერთოდ გამოიკვეთება თუ არა პასუხისმგებელი პირი ან პირები, მაგრამ შეგუებული ვარ აზრს, რომ ამ საქმის გამოსაძიებლად ერთი და ორი თვე ნამდვილად არ იქნება საკმარისი, თუმცა, ერთი რამ ვიცი, მე პასუხი უნდა მივიღო, რატომ მოკვდა ჩემი შვილი შოვში, რომელიც იქ მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წავიდა.

რადიო თავისუფლება: რატომ ფიქრობთ, რომ საქმის კვალიფიკაცია დასაზუსტებელია და გამოძიება არა მხოლოდ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისა და სამთო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, არამედ სამოხელეო დანაშაულისა და განსაცდელში მიტოვების მუხლებითაც უნდა მიმდინარეობდეს? რა კითხვებზე ეძებთ პასუხს?

ია მერებაშვილი: კითხვები ბევრი მაქვს. მაგალითად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შოვში, კოტეჯების ტერიტორიის დასაცავად, ჯერ კიდევ სამი წლის წინ უნდა გამაგრებულიყო მდინარის კალაპოტი, გაკეთებულიყო ჯებირები, მაგრამ რეალურად, არაფერი გაკეთებულა. რატომ? ამაზე პასუხი არ არის.

ასევე, არ მაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ არ არსებობდა და არ არსებობს შოვში წინასწარი შეტყობინების სისტემა? რომელიც, როგორც აღმოჩნდა, უნდა ყოფილიყო და ამისათვის თანხებიც იყო გამოყოფილი.

გარდა ამისა, სტიქიის ღამეს, შოვში რომ ჩავედი, ადგილობრივები ლაპარაკობდნენ, რომ მიუხედავად წვიმებისა, ორი დღით ადრე მდინარე დაშრა, ფაქტობრივად, გაქრა, ფაქტი იყო, რომ მდინარე რაღაცამ შეაჩერა. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ნუთუ არავინ უნდა დაინტერესებულიყო ამ ფაქტით?

სტიქიის ღამეს, შოვში რომ მივდიოდით, მთელი გზა კომუნიკაცია მქონდა სამაშველო სამსახურთან, პასუხისმგებელ პირებთან. მათგან ვერანაირ პასუხს ვერ ვიღებდი, რას აკეთებდნენ, ვის ეძებდნენ და სად. იმიტომ, რომ იმ ღამით აღარავის ეძებდნენ, იმიტომ, რომ შემდეგ ითქვა, რომ იქ ვინც გადარჩა, გადარჩა. სხვების ძებნას აზრი აღარ ჰქონდა.

რადიო თავისუფლება: თქვენი შვილი იყო ერთ-ერთი პირველი დაღუპული, რომლიც მალევე ამოიცნეს, 5 აგვისტოს. სად და როგორ იპოვეს მაშველებმა ის?

ია მერებაშვილი: კი, 5 აგვისტოს საღამოს ამოვიცანით დავითი. მას თან ჰქონდა პირადი დოკუმენტები, შარვლის ჯიბეში ედო, საფულესთან ერთად. სხვა ცხედრებისგან განსხვავებით, მისი სხეული მთელი იყო. ჩემი შვილი მოხალისე მაშველებმა იპოვეს. როგორც მითხრეს, დავითი მეწყრის ზედაპირთან ძალიან ახლოს ნახეს. ისე ახლოს იყო მისი ცხედარი, რომ ტექნიკის ჩარევა არც კი დასჭირვებიათ, ფაქტობრივად, ხელით ამოიყვანეს.

ხელისუფლებამ რომ თქვა, ვინც გადარჩა, გადარჩა და სხვების შველა შეუძლებელი იყოო, ისეთი სისასტიკე იყო ამის მოსმენა. პირველმა სტრესმა ცოტა რომ გადაიარა, გავაცნობიერე, რამდენად ახლოს იყო ჩემი შვილის სხეული მიწის ზედაპირზე და იქ რომ სწრაფი და დროული რეაგირება ყოფილიყო, ალბათობა იმისა, რომ ის ცოცხალი ენახათ, იქნებ არსებობდა.

რადიო თავისუფლება: თქვენი შვილის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა? იცით, როდის გარდაიცვალა და კონკრეტულად რა მიზეზით?

ია მერებაშვილი: არა, ჩემი შვილი ისე დავკრძალეთ, რომ მას სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩასტარებია. დავითს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, მოტეხილობებიც ჰქონდა, სახეზეც ჰქონდა დაზიანება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, დავითი დაზიანებებისგან გარდაიცვალა თუ ასფიქსიით. დაგვიკავშირდნენ და შემოგვთავაზეს ცხედრის ექსპერტიზა. თუმცა, ის ისეთი აქცენტით და ფორმით შესთავაზეს ჩემს მეუღლეს, რომ ამაზე მაშინ უარი თქვა.

რადიო თავისუფლება: რას გულისხმობთ?

ია მერებაშვილი: მიზეზი, რის გამოც ჩემმა მეუღლემ უარი თქვა ექსპერტიზის ჩატარებაზე, იყო ის, რომ აქცენტი გაკეთდა ფინანსურ ნაწილზე. მეც იქ ვიყავი, კარგად გავიგე. ახლობლებიც გვახლდნენ, მათაც იგივე გაიგეს.

ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თუკი დავითს სამედიცინო დაზღვევა ჰქონდა, ექსპერტიზა დაგეხმარებათ ზიანის ანაზღაურებაშიო. ძალიან ითამაშეს მაშინ ჩვენს ემოციაზე. ასეთი საუბრების შემდეგ რომელი მშობელი დათანხმდება ექსპერტიზას? სულ არ მაინტერესებდა არანაირი ზიანის ანაზღაურება. იმაზე რომ გაკეთებულიყო აქცენტი, რომ ექსპერტიზა დავითის გარდაცვალების მიზეზების დადგენაში დაგვეხმარებოდა, ჩემი ქმარი თუ არა, მე ალბათ ვიტყოდი თანხმობას.

დაკრძალვიდან დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ შემოგვთავაზეს ცხედრის ექსჰუმაცია, მაგრამ იმ დროისათვის ჩემი შვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენა, ფაქტობრივად, უკვე შეუძლებელი იყო და ამიტომ ექსჰუმაციაზე უარი ვთქვით.

რადიო თავისუფლება: მახსოვს თქვენი პოსტი სოციალურ ქსელში, რომლითაც პრემიერის განცხადება გააკრიტიკეთ. ვგულისხმობ დაღუპულების ოჯახებისთვის 20 000-ლარიანი კომპენსაციის გადახდას. მაშინ დაწერეთ, „სირცხვილია, 20 000 ლარად იყიდო შენივე ბრალეულობით გარდაცვლილი ადამიანის სიცოცხლეო“. რატომ იყო ეს განცხადება თქვენთვის ასე მიუღებელი და ასევე დავაზუსტებ, ჩაგერიცხათ კომპენსაცია?

ია მერებაშვილი: არა, კომპენსაციაზე უარი ვთქვით, და დიახ, ძალიან მიუღებელი იყო ის ფორმა, რა ფორმითაც ეს განცხადება გაკეთდა. ისეთი შეურაცხმყოფელი იყო. ხვდებით ალბათ, რომ აქ თანხაზე არ არის ლაპარაკი. შეიძლება, სულ 20 ლარი ყოფილიყო, მაგრამ ყოფილიყო გულით გაზიარებული.

რადიო თავისუფლება: სახელმწიფომ დაღუპულების ოჯახის წევრებს, სტიქიას გადარჩენილებს, სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დახმარება შესთავაზა. თქვენ თუ ისარგებლეთ ამ მომსახურებით?

ია მერებაშვილი: არა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ დაგვიკავშირდნენ და ჩემმა მეუღლემ ჩააწერინა ჩემი მონაცემები, რომ მე ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დახმარება მჭირდებოდა, არავინ დამკავშირებია. მათი დახმარება დღემდე მჭირდება. ამას ვგრძნობ. თუნდაც იმიტომ, რომ ვერ ვაღიარებ ჩემი შვილის სიკვდილს. ველოდები, რომ კიდევ გავიგებ მის ხმას, ან დამირეკავს, ან მესიჯს მომწერს. არ დასრულდა ეს მოლოდინი.

ვერ შევაგუე თავი, რომ ეს ეტაპი უნდა დასრულდეს. კი ვიცი, რაც მოხდა, ამას ვიაზრებ, როგორც ფაქტს, მაგრამ ემოციურად ვერ ვუმკლავდები. ჩემმა მეგობრებმა, თავიანთი ინიციატივითა და ძალებით დამაკავშირეს ფსიქიატრთან, რომელმაც მედიკამენტები დამინიშნა.

რადიო თავისუფლება: ია, ბოლოს როდის ელაპარაკეთ თქვენს შვილს? სტიქიამდე რამდენი ხნით ადრე?

ია მერებაშვილი: აღმოჩნდა, რომ მეწყერი რომ წამოვიდა, ზუსტად იმ მომენტში გვქონდა სოციალურ ქსელში მიმოწერა. შემდეგ, ჩვენი მიმოწერის დრო რომ გადამოწმდა, ზუსტად მეწყრის წამოსვლის დროს ემთხვევა. რამდენიმე გზავნილი გავცვალეთ, ერთმანეთი მოვიკითხეთ და ჩემს ბოლო გზავნილზე, აღარ დამიბრუნა პასუხი. სჩვეოდა ხოლმე ასე, იცოდა პასუხის დაგვიანება, ამიტომ არაფერი მიეჭვია. ან ასეთ ამბავს როგორ წარმოვიდგენდი. ვიფიქრე, ალბათ პარალელურად, სხვასაც სწერს-მეთქი... მალე გავიგე, რომ შოვში მეწყერი ჩამოწვა.

ვიცი, რომ დავითი მის მეგობრებთან, სოფი და გიორგი ყარალაშვილებთან ერთად, იმ მომენტში კოტეჯების ტერიტორიაზე იყვნენ, კოტეჯებში იყვნენ თუ ეზოში, ეს ზუსტად არ ვიცი. მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ თითქოს ღრუბელმა შეუშალა ხელი შოვში ვერტმფრენის დროულ ჩაფრენას, ვიცი, რომ იმ დღეს შოვში არაჩვეულებრივი ამინდი იყო. სტიქიამდე ცოტა ხნით ადრე, დავითმა ფოტო გამომიგზავნა, უღრუბლო ამინდი იყო, ისეთი ნათელი და მკვეთრი.

ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოვარდა. 24 ოქტომბრის მონაცემებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 32 ცხედარი. ბოლო დაღუპული მაშველებმა 10 სექტემბერს, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს. მაშველები დღემდე ეძებენ 33-ე დაკარგულს. არასრულწლოვან ბიჭს.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG