Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი მამალაძე ე.წ. “ციანიდის საქმის” შესახებ ახალ კითხვებს სვამს


გიორგი მამალაძე
გიორგი მამალაძე

ე. წ. „ციანიდის საქმის“ მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ, პროკურატურასა და საპატრიარქოს სამი კითხვით მიმართა. მას აინტერესებს, რატომ არ არის დღემდე გამოკვლეული დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმიანობა დონეცკის ოლქში, რატომ გაიქცა ქვეყნიდან პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და როგორ აღმოჩნდა საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურში 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი ტარას შავიშვილი. ირაკლი მამალაძე მთავარ აქცენტს გიორგი მამალაძის დონეცკის ოლქში მუშაობის პერიოდზე აკეთებს და ამტკიცებს, რომ მან იქ მძიმე დანაშაული ( არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა) ჩაიდინა, რის შემდეგაც მანქანა დაუწვეს და აიძულეს წამოსულიყო. მამალაძის თქმით, საპატრიარქოში ამის შესახებ იცოდნენ და ამ კომპრომატების გამოყენებით ის სასურველი დავალებების შესასრულებლად ჩამოყვანეს:

“მას დააფარა ხელი მაშინდელმა აჭარის, ლაზეთის, ეპარქიამ და აქ წამოიყვანეს. ამის შემდეგ იწყება მამა გიორგის თავბრუდამხვევი კარიერა. მას კიდებენ მეორე ჯვარს, ის ინიშნება ორ საკვანძო თანამდებობაზე, - საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახური უფროსად და შემდგომ უკვე საპატრიარქოს კლინიკის ხელმძღვანელად, - მიუხედავად იმისა, რომ ის არც ფინანსისტია და არც ექიმი, ეს ორი ძლიერი სტრუქტურა მაინც ჩააბარეს.

ეს მაკომპრომეტირებელი მასალები, რომელიც არსებობდა მამა გიორგის მიმართ, იყო იმ ადამიანების ხელში, ვისაც შეეძლო ნებისმიერი დანაშაულისვის ებიძგებინათ, იქიდან გამომდინარე, რომ მართლაც მძიმე იყო ის დანაშაულები, რაც მას ჰქონდა ჩადენილი. მე ვფიქრობ, რომ ის არის შემსრულებელი. მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეში მთავარი კვანძი არ არის გახსნილი და ეს კვანძი არის თანამზრახველები“.

გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, ირაკლი მამალაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს ცილისწამება არა მხოლოდ გიორგი მამალაძის, არამედ საპატრიარქოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მას ცილისწამებისთვის სასამართლოს წინაშე თავის მართლება მოუწევს :

“ეს არი მტკნარი სიცრუე. ასეთი განცხადებებით ცდილობს ხალხში დათესოს აზრი, რომ ასეთი რაღაცები საპატრიარქოში რეაგირების გარეშე რჩება.

მაგათ გონიათ, რომ ხალხი და საზოგადოება არის ბნელეთი და ვერ ატყობენ, როგორი შეთითხნილია ეს ციანიდის საქმე. წყალწაღებული ხავსს ეიდებოდაო, ეგრე არის ირაკლი მამალაძის და მისი ჯგუფის საქმე. პირდაპირ გეტყვით, ირაკლი მამალაძე დამოუკიდებლად, თავისი ინიციატივით ვერ გაბედავდა ვერაფრის ლაპარაკს. ის არის იმ ჯგუფის წევრი, რომელსაც, როგორც ჩანს, ახლო ურთიერთობები ქონია სუსთან, შორენას და ედიშერთან (ქარჩავა). გარკვეული ძალა მიზანმიმართულად ანგრევს ეკლესიის და საპარტიარქოს ავტორიტეტს, ჩემი შეფასებით.

გიორგი მამალაძე და ილია მეორე
გიორგი მამალაძე და ილია მეორე

მიხეილ რამიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქმის უზენაეს სასამართლოში განხილვას ელოდება და იმ შემთხვევაში, თუ აქაც მის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს სასამართლო, საქმეს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, წაიღებენ. ადვოკატი ლაპარაკობს იმ ასპექტებზეც, რომლებიც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს - კერძოდ, დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზაზე, რომელიც არ ჩატარებულა, და აეროპორტიდან ამოღებული კამერების ჩანაწერების საქმეში ჩართვაზე, რომელზეც უარი მიიღეს. მიხეილ რამიშვილი სასამართლო სხდომების დახურვასაც საქმეში არსებული არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობით ხსნის და იხსენებს თავის დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად პატრიარქთან შეხვედრას:

“მე პირდაპირ გეტყვით, როდესაც პატიარქი ჩამობრძანდა, მეორე დღეს ვიყავით მასთან მე, გიორგი და მია და მან თქვა, რომ გიორგი არა თუ ამას გააკეთებდა, არც გაიფიქრებდა და მე რა შემიძლია გავაკეთოო? მე ვუთხარი, პირად თავდებში ჩაუდექით, გვერდით დაუდექით, სამართალი გამოჩნდება და თქვენ თვითონ დარწმუნდებით-მეთქი. თქვენ იცით, რომ ის თანახმა იყო? თქვენ იცით, რომ იმ იმედით წამოვედით, რომ უნდა გამემზადებინა საბუთი და პარტიარქს ხელი უნდა მოეწერა შუამდგომლობაზე? თქვენ იცით, რომ მეორე დღეს შებრძანდნენ გარკვეული პირები და პატრიარქს უთხრეს, თქვენო უწმინდესობავ, ეგ რომ გამოუშვათ, ხალხი ლინჩის წესით ჩაქოლავს, იმიტომ რომ იციან, თქვენი მოკვლა უნდოდათ და ვაცადოთ გამოძიებასო?!

ადამიანი, რომელიც დაბრუნდა, პატრიარქის ბრძანებით შეიქმნა ეგ სამსახური, პატრიარქის ბრძანებით დაინიშნა სამსახურის უფროსად, ახლა რა, მიზანმიმართულად პატრიარქმა ვინმეს და რამეს ხელი გადააფარა? ვი ჯგუფზეა, საერთოდ, ლაპარაკი და რა დავალების შესულებაზე? გიორგი მამალაძე პირდაპირ ემორჩილებოდა მხოლოდ პარტიარქ. ესე იგი პარტიარქიც არ არის მათთვის არავინ“.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოში ამ საქმეზე დავა რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეკანოზ მამალაძეს ბრალად ედებოდა პატრიარქის მთარგმნელ-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის, განზრახ მკვლელობის მომზადება, რისთვისაც მან მომწამვლელი ნივთიერება, ციანიდი, შეიძინა და, ასევე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა. სასამართლომ „ანგარებით მკვლელობის მომზადების“ მუხლი „შურისძიების მიზნით განზრახ მკვლელობის მუხლით“ შეცვალა. მამალაძე დამნაშავედ ცნეს იარაღის შეძენა-შენახვის ნაწილშიც, თუმცა, დანაშაულთა ერთობლიობით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა, საბოლოოდ, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. მაშინდელი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, ფიქრობდა, რომ სასამართლოს განაჩენით სამართალი არ აღსრულებულა და ძიების პროცესში სახალხო დამცველის მონიტორინგმა არაერთი დარღვევა აღმოაჩინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG