Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ებრაელი ხალხის ეროვნული სახელმწიფოს შესახებ


იერუსალიმის დღე, 13 მაისი
იერუსალიმის დღე, 13 მაისი

ისრაელის პარლამენტში ხუთშაბათს, 19 ივლისს, ერთსულოვნება არ სუფევდა ახალი კანონპროექტის გარშემო. ქნესეტის 62 წევრი მიემხრო მას, 55 კი წინააღმდეგ წავიდა. დოკუმენტი, რომელიც ისრაელს აკანონებს როგორც ებრაელი ხალხის ეროვნულ სახელმწიფოს და რომელიც წინა კანონმდებლობით ებრაულ ენასთან თანასწორ არაბულ ენას მხოლოდ განსაკუთრებულ სტატუსს მიანიჭებს, ისრაელის პარლამენტის არაბი წევრებისა და პალესტინელების მიერ შეფასებულ იქნა როგორც „რასისტული“ კანონი, რომელიც აკანონებს „აპარტეიდს“.

დაპირისპირება ებრაული დასახლების სიახლოვეს
დაპირისპირება ებრაული დასახლების სიახლოვეს

ქნესეტის მიერ დადასტურებული დოკუმენტი, ამასთან, ამტკიცებს, რომ ებრაელთა დასახლებები (ისრაელში) "ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“. დოკუმენტი ქვეყნის დედაქალაქად განსაზღვრავს ერთიან იერუსალიმს. დროშა, სახელმწიფო ჰიმნი, ებრაული კალენდარი და ებრაული დღესასწაულები დამტკიცებულია როგორც ეროვნული სიმბოლოები. არაბმა დეპუტატებმა, სიმბოლური ჟესტის სახით, ახლად მიღებული კანონი დახიეს.

ქნესეტში არაბთა ერთიანი ფრაქციის ხელმძღვანელმა აიმად ოდეჰმა კანონს „დემოკრატიის სიკვდილი" უწოდა. მისი თქმით, დეპუტატებმა დაამტკიცეს ებრაელთა უპირატესობის შესახებ კანონი, რომელიც არაბ ისრაელებს მეორეხარისხოვან ადამიანებად გადააქცევს. ისრაელმა ამით გვითხრა, რომ ჩვენ აქ აღარ ვსურვართო.

პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ
პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ

ისრაელის მოქალაქეთა 17,5 პროცენტი არაბები არიან. მათი ენა დღემდე ებრაულთან თანასწორუფლებიანი ენა იყო და ახლა, როგორც ითქვა, განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ მიესალმა კენჭისყრის შედეგს. „ეს არის სიონიზმის ისტორიაში და ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში გადამწყვეტი

მომენტი“, თქვა მან. ნეტანიაჰუს თანახმად, ისრაელი ებრაელთა ეროვნული სახელმწიფოა და, ამავე დროს, ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ყველა მოქალაქის უფლებებს სცემს პატივს. პრესა იტყობინებოდა, რომ ევროპელმა დიპლომატებმა კანონი შეაფასეს როგორც დისკრიმინაციული, რის გამოც ნეტანიაჰუმ ევროკავშირის ელჩი გამოიძახა. ისრაელელი მეამრჯვენეების ზეიმს წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი საპროტესტო გამოსვლები.

ქნესეტის შენობა
ქნესეტის შენობა

კანონპროექტის პათოსს არა მხოლოდ არაბული და ებრაელთა ოპოზიციური პარტიები ქნესეტში, არამედ არც ამერიკელ ებრაელთა პოლიტიკური წარმომადგენლები იზიარებენ. ამერიკის ებრაელთა კომიტეტმა, ებრაული დიასპორის წარმომადგენელმა ჯგუფმა „ღრმა იმედგაცრუება“ გამოხატა კანონის გამო და დასძინა, "ის საფრთხეს უქმნის ისრაელის დამაარსებელთა დანაპირებს, რომ შეიქმნებოდა ქვეყანა როგორც ებრაელთათვის, ასევე დემოკრატიისთვისო“. სხვათა შორის, ნეტანიაჰუს მმართველი ლიკუდის პარტიის დამაარსებლის, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მენახემ ბეგინის, ვაჟი, ბენი ბეგინი, არ მიემხრო ახალ კანონს და თავი შეიკავა კენჭისყრისას. მან შიში გამოთქვა ადამიანის უფლებებისაგან პარტიის მზარდი დაშორების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG