Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იყენებს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი თანამდებობას ბოროტად?


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება და მიიჩნევს, რომ გიორგი მიქაუტაძეს თავისი გავლენის გამოყენებით სურს უვადო მოსამართლედ დაინიშნოს 2047 წლამდე. ვინაიდან ის უვადო მოსამართლეთა დანიშვნის კონკურსში მონაწილეობს, როგორც ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს საბჭოს მოსამართლე წევრთა გადაწყვეტილებაზე.

ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილი იხსენებს ინციდენტს, რომელიც 2016 წლის 26 აგვისტოს მოხდა გონიოში. ამ ინციდენტთან დაკავშირებით ორი საქმეა აღძრული და მასში გიორგი მიქაუტაძეს, ერთი მხრივ, დაზარალებულის სტატუსი აქვს, მეორე მხრივ კი, იკითხება როგორც მოპასუხე მხარე.

2016 წლის 26 აგვისტოს გონიოში, პლაჟის სიახლოვეს, არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო გამოძიება. მშობლები, კახაბერ ხაჩიძე და თამარ ხაჭაპურიძე, იმჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, გიორგი მიქაუტაძეს, 13 წლის დავით ხაჩიძის ცემას ედავებოდნენ (მანამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გიორგი მიქაუტაძეს, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ხაჩიძე-ხაჭაპურიძის საქმესთან დაკავშირებით გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ჰქონდა გამოტანილი). არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და გამოძიება გაგრძელდა მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მუქარის ბრალდებით. რამდენიმე ხნის შემდეგ გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც დაიწყო და ის ამ დრომდე გრძელდება.

ჩემთვის ეს არის ძალიან მძიმე და სავალალო შედეგები, რომელიც მოიტანა იმ ადამიანების მმართველობამ , რომელთაც დღეს ძალიან მაღალი თანამდებობები უკავიათ “
ნაზი ჯანეზაშვილი

რაც შეეხება საქმის იმ ნაწილს, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს როგორც დაზარალებული, ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს მოსამართლემ ხვიჩა კიკილაშვილმა გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარაში ბრალდებული არასრულწლოვნის მშობლები, თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ისინი დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან და ცოტა ხნის წინ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღეს, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი კი თებერვალში უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ხვიჩა კიკილაშვილის უვადო მოსამართლედ განწესება გიორგი მიქაუტაძის დამსახურებაა, ვინაიდან ხვიჩა კიკილაშვილთან გასაუბრებას ისიც ესწრებოდა. „როცა ეს ინფორმაცია გავახმაურე“,- ამბობს ჯანეზაშვილი, - „მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ის კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებდა“, - თუმცა ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ კონკურსი რამდენიმეკომპონენტიანია, „გასაუბრების ეტაპი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და ის [გიორგი მიქაუტაძე] ესწრებოდა გასაუბრებას. ამის ვიდეოჩანაწერიც არსებობს“.

ნაზი ჯანეზაშვილი: „ფაქტია, ოჯახმა ქვეყანა დატოვა გიორგი მიქაუტაძესთან დაპირისპირების შემდეგ; ფაქტია, რომ ხაჩიძისა და ხაჭაპურიძის ორივე საქმეში მთავარი ფიგურანტია მიქაუტაძე; ფაქტია, რომ ხაჩიძე და ხაჭაპურიძე სასამართლომ ცნო დამნაშავედ და ფაქტია, რომ ამ ოთხწევრიანმა ოჯახმა თავშესაფარი მიიღო დიდ ბრიტანეთში. როდესაც სასამართლო სისტემის გამო, გავლენიანი პირების გამო ადამიანიები მიდიან საქართველოდან, ადამიანები, რომლებსაც აქვთ წარმატებული ბიზნესი საქართველოში, ჩემთვის ეს არის ძალიან მძიმე და სავალალო შედეგები, რომელიც მოიტანა იმ ადამიანების მმართველობამ, რომელთაც დღეს ძალიან მაღალი თანამდებობები უკავიათ“.

ჩამოთვლილი მიზეზების გამო ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი მიქაუტაძეს, ერთი მხრივ, როგორც ამჟამინდელ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, მეორე მხრივ კი, ხაჩიძე-ხაჭაპურიძის საქმის ფიგურანტს, არ აქვს მორალური უფლება მონაწილეობა მიიღოს უვადო მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ნაზი ჯანეზაშვილი არ აპირებს მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ვინაიდან არ აქვს მოლოდინი, რომ საბჭო „ერთმანეთის დასაცავად გაკეთებული ზედაპირული განცხადების გარდა სხვა რეაგირებას მოახდენს“.

მაქვს პრეტენზია გადავინიშნო ისევ მოსამართლედ იქიდან გამომდინაე რომ მეწურება სამოსამართო უფლებამოსილების ვადა
გიორგი მიქაუტაძე

თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე „მის წინააღმდეგ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიად“ მიიჩნევს საბჭოს არამოსამართლე წევრის განცხადებებს. 2016 წლის 26 აგვისტო ინციდენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ თემა ახალი არ არის და მის ირგვლივ დასმულ კითხვებს მრავალჯერ გასცა პასუხი: „კითხვა ისაა, რატომ ხდება პერიოდულად ამ თემის გააქტიურება და როდემდე შეიძლება ერთსა და იმავე საკითხზე მომიწიოს განმარტებების გაკეთება“.

რაც შეეხება ხვიჩა კიკილაშვილის უვადო მოსამართლედ დანიშვნაში გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობას, „ამ საქმიდან აცილებული ვიყავი და მონაწილეობა არ მაქვს მიღებული მისი მოსამართლედ გამწესების საკითხში“, ამბობს მიქაუტაძე, ხოლო უვადო მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობის თაობაზე შენიშნავს:

„ესეც ბუნებრივია. მე 10 წლის ვადით ვარ გამწესებული და ეს ვადა ნელ-ნელა იწურება და მე მაქვს სურვილი გავაგრძელო ჩემი კარიერა სასამართლოს სისტემაში და მაქვს იმის პრეტენზია, რომ ვიყო უვადოდ გამწესებული. მე ვარ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტსრაციული კოლეგიის მოსამართლე, ვიხილავ საქმეებს და მაქვს პრეტენზია გადავინიშნო ისევ მოსამართლედ, იქიდან გამომდინარე, რომ მეწურება სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა“.

გიორგი მიქაუტაძე ნაზი ჯანეზაშვილს პასუხობს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:10 0:00

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი კანონთან შეუსაბამოდ და ამორალურად არ თვლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის სურვილს მონაწილეობა მიიღოს უვადოდ წარსადგენი მოსამართლეების კონკურსში, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებებს კი „სახიფათოდ“ მიიჩნევს, ვინაიდან ფიქრობს, რომ ასეთი განცხადებები „მწვანე შუქს“ უნთებს ნებისმიერ ადამიანს, თავს დაესხას და შეურაცხყოფა მიაყენოს მოსამართლეს.

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის ხარვეზებთან დაკავშირებით ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება პირველი არ არის. მსგავს ხარვეზებსა და კლანურ მმართველობაზე სამოქალაქო საზოგადოების ის ჯგუფიც მიუთითებდა, რომელიც გაერთიანებულია კოალიციაში და რომელიც აწარმოებს კამპანიას „მინდა ვენდო სასამართლოს“. კამპანიის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ბრიფინგზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ, სასამართლოებში კლანური მმართველობის დასტურად, ბათუმის სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძის მაგალითი მოიყვანა, შავაძისა, რომელიც, საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების მიუხედავად, უვადოდ არ განწესდა. ეს ფაქტი სალაძემ კონკრეტული გავლენებით ახსნა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG