Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო შტაბებში  პრობლემებზე ლაპარაკობენ


"ევროპული საქართველოს" ოფისი ლაგოდეხში
"ევროპული საქართველოს" ოფისი ლაგოდეხში

პრეზიდენტობის 25 კანდიდატიდან კახეთში საარჩევნო შტაბი მხოლოდ რამდენიმე მათგანს აქვს გახსნილი. საპრეზიდენტო კანდიდატების წარმომადგენლები რეგიონში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, სააგიტაციო მასალის განადგურებაზე, ფინანსურ პრობლემებსა და ანტიპროპაგანდაზე ლაპარაკობენ, პარალელურად კარდაკარ დადიან და თითოეული ამომრჩევლის თავიანთ სასარგებლოდ განწყობას ცდილობენ. რომელ კანდიდატებს აქვთ კახეთში საარჩევნო შტაბი და როგორია მათი მოლოდინი?

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, საარჩევნო შტაბი ლაგოდეხში პარტია „ქართული ოცნების“ ოფისშია განთავსებული.

პარტიის ლაგოდეხის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ღამბაშიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდისა და მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წინააღმდეგ 24-საათიანი ანტიპროპაგანდა მიმდინარეობს, თუმცა ამ პროცესს ის „ქვეყანაში დემოკრატიის მაღალი ხარისხით“ ხსნის. გიორგი ღამბაშიძის თქმით, ზოგადად ვითარება არის ისეთი, როგორიც წინასაარჩევნო კამპანიას შეეფერება, თუმცა იმასაც ამბობს, რომ, მათი ინფორმაციით, გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები არჩევნების დღეს პროვოკაციებს გეგმავენ:

სალომე ზურაბიშვილის ბანერი
სალომე ზურაბიშვილის ბანერი

„ხალხის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებაა, როდესაც პირდაპირ მუქარები გაისმის და სურათებზე ჰყავთ აღბეჭდილი მოწინააღმდეგეები. ოპოზიცია ამ გზით ახდენს ამომრჩევლის დაშინებას. ცოტა რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია იმ პოლიტიკური ძალისგან ამის მოსმენა, რომლის მმართველობაც 6 წლის წინ დამთავრდა, იმიტომ რომ ხალხს ხოცავდნენ ქუჩაში. ისინი ასევე ძალიან ბევრს ატყუებენ საზოგადოებას და ჰპირდებიან იმას, რისი უფლებებიც არ აქვს პრზიდენტს“.

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და, ამავდროულად, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ენუქიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მათ კოორდინატორებს კი ყოველდღე უწევთ დაზიანებული საარჩევნო პლაკატების განახლება. ენუქიძის თქმით, მათ ამომრჩეველი ეუბნება, რომ „ ხმებს ფულის სანაცვლოდ წელს აღარ გაყიდიან“.

დავით ბაქრაძის ბანერი
დავით ბაქრაძის ბანერი

„მობილიზებულები ვართ უბნებზეც და საზოგადოებაშიც. მოსახლეობის განწყობაა შემდეგი: ჩვენ არ გვეშინია, დავიღალეთ და ყელში ამოგვივიდა. 6 წელია, ვხედავთ, რომ ქვეყანა უკან უკან მიდის და აქ აღარ არის მეზობლის, ნათესავების, თუნდაც ძმაკაცის ხათრის დრო, იმიტომ რომ წყდება საქართველოს და ჩვენი მომავლის ბედი. ეს ის არჩევნებია, როდესაც ოლიგარქის ხელისუფლება უნდა შეირყეს. ხალხი იმასაც ამბობს, რომ ჩვენ აღარ გავყიდით ჩვენს მომავალს 20 და 30 ლარად“.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ლაპარაკობენ „გაერთიანებული ოპოზიციის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, ლაგოდეხის საარჩევნო შტაბშიც. შტაბის წევრი ევა ლომთაძე გვეუბნება, რომ კახეთში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრებზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამდებობის პირები იძულებით მიიყვანეს. ლომთაძის თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება:

გრიგოლ ვაშაძის ბანერი
გრიგოლ ვაშაძის ბანერი

„ადგილობრივი თვითმმართველობა ზეგავლენას ახდენს თანამშრომლებზე და ამის ძალიან კარგი და ნათელი მაგალითი იყო სწორედ სალომესთან შეხვედრაზე ხალხის იძულებით მიყვანა. რასაც ვხვდებით და რასაც ვგრძნობთ, ხელისუფლება ნამდვილად ემზადება იმისთვის, რომ გააყალბოს არჩევნები, თუმცა ჩვენ ამის საშუალებას ნამდვილად არ მივცემთ და ძალიან მიხარია ის, რომ სულ უფრო მეტი მოტივირებული ადამიანი გვხვდება და მზად არის ითანამშრომლოს ჩვენთან, სწორედ ჩვენი კანდიდატის გასამარჯვებლად“.

ადამიანებს, საჯარო მოხელეებს ავალებენ 10 მომხრის სია მოგვიტანეთო. ისინი მიდიან ათ ადამიანთან და ეუბნებიან, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცენ ხმა. არც ის არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანებთან, ვისთანაც მიდიან, რაიმე სახის დაშინებასაც ახდენდნენ...
ნიკა ვარდოშვილი

ფინანსურ პრობლემებზე ლაპარაკობენ ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის, წარმომადგენლები კახეთში.

პარტიის რეგიონის ხელმძღვანელის, ნიკა ვარდოშვილის თქმით, ფინანსების უქონლობის გამო მათ საარჩევნო შტაბი არ აქვთ და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ოფისს იყენებენ. ნიკა ვარდოშვილი, სხვების მსგავსად, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მიუთითებს და კონკრეტულ მაგალითს ასახელებს:

„ადამიანებს, საჯარო მოხელეებს ავალებენ 10 მომხრის სია მოგვიტანეთო. ისინი მიდიან ათ ადამიანთან და ეუბნებიან, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცენ ხმა. არც ის არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანებთან, ვისთანაც მიდიან, რაიმე სახის დაშინებასაც ახდენდნენ... არის და ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანებს მოუხსნეს სოციალური დახმარება. ამას, რა თქმა უნდა, საჯაროდ არავინ გააკეთებს. ეს დაშინება ხდება სხვა თვალისგან მოშორებით“.

პრეზიდენტობის 25 კანდიდატიდან კახეთის მუნიციპალიტეტებში საარჩევნო შტაბი მხოლო 3 თუ 4 კანდიდატს აქვს გახსნილი. ესენი არიან: დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი დავით ბაქრაძე და ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი. გარდა იმისა, რომ შტაბების წარმომადგენლები ხელის შემშლელ გარემოებებსა და პრობლემებზე ლაპარაკობენ, ისინი მოსახლეობას კარდაკარ ხვდებიან, სააგიტაციო მასალას ავრცელებენ და ცდილობენ თითოეული ამომრჩეველი თავიანთ სასარგებლოდ განაწყონ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG