Accessibility links

site logo site logo

კიევის თხოვნა თბილისმა 8-თვიანი "ბრძოლის" შემდეგ შეასრულა


უკრაინის ხელისუფლება 8 თვის განმავლობაში ცდილობდა, რომ გაეთავისუფლებინა საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბერს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები, რომლებსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 ივლისს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო ჯგუფური დარღვევის ბრალდებით დაკავებულები საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით 19 ივლისს გათავისუფლდნენ, კიდევ ერთ დაკავებულთან - საქართველოს მოქალაქე მიხელ ბატურინთან ერთად. ბატურინი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრია და საქმეს აბსოლუტურად პოლიტიზებულად მიიჩნევს. სავარაუდო პოლიტიკურ სარჩულზე ლაპარაკობს უკრაინული მედიაც.

„ადამიანის უსაფრთხოება ნიშნავს, როცა უკრაინა თავის მოქალაქეებს გასაჭირში არ ტოვებს”, - დაწერა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით, საპატიმროდან გათავისუფლდა 2020 წლის 28 ნოემბერს დაკავებული ორი უკრაინელი მეზღვაური.

დმიტრო კულებამ თავის ფეისბუკპოსტს დაურთო ფოტოც, რომელზეც გათავისუფლებული იური ხომიჩი და ვლადიმირ დიაჩენკო ბათუმში, უკრაინის კონსულთან - ირინა მარჰონოსთან ერთად არიან გადაღებული. მინისტრი წერს, რომ ყველა კმაყოფილი და ბედნიერია, რომ დაკავებულების გათავისუფლება ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად მოხერხდა:

„დღეს ჩვენ გავათავისუფლეთ საქართველოში დაპატიმრებულები - იური ხომიჩი და ვლადიმირ დიაჩენკო. 2020 წლის ნოემბერში მათი დაკავების მომენტიდან ჩვენ დიდი ძალისხმევით და თანმიმდევრულად ვმუშაობდით და მათი გათავისუფლებისთვის ვიბრძოდით ზუსტად ისევე, როგორც ვიბრძვით თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, რომელიც საზღვარგარეთ გასაჭირში აღმოჩნდება“.

მინისტრი იქვე აცხადებს, რომ „ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ“ არ იყო რწმენა იმისა, რომ პროცესი ასე საუკეთესო შედეგით დასრულდებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინელი მეზღვაურების შეწყალების აქტი სალომე ზურაბიშვილის მიერ 17 ივლისს უკვე გამოცემული იყო და ის ძალაში 19 ივლისს შევიდა - „ეს ორ პრეზიდენტს შორის იმ შეთანხმების შესრულებაა, რომელიც კიევში ოფიციალური ვიზიტისას შედგა“.

დმიტრო კულება აღწერს „ბრძოლის“ პროცესსაც, რომლის წარმატებასაც ხაზგასმით პრეზიდენტ ზელენსკის აქტიურობას მიაწერს. კულებას განცხადებით:

  • დაკავებულებს ჰქონდათ კონსულების მუდმივი მხარდაჭერა სასამართლო პროცესებზე;
  • თავად ელაპარაკებოდა თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს - „ჩვენ ვეძებდით ნებისმიერ კომბინაციას ჩვენი მოქალაქეების დასაბრუნებლად“;
  • დაკავებულების გათავისუფლება მოხერხდა პრეზიდენტ ზელენსკის უშუალო ჩარევითა და შეთანხმებით „საქართველოსა და უკრაინის ლიდერებს შორის“.

უკრაინელ პატიმრებთან ერთად გათავისუფლდა საქართველოს მოქალაქე, მიხეილ ბატურინიც, რომელიც თავს აბსოლუტურად უდანაშაულოდ მიიჩნევს და პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის ყოფილმა წევრმა, სახელმწიფო დაცვის მაიორმა ბატურინმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ იახტით ისინი მხოლოდ „მშვიდობიანი გავლის“ კანონიერი უფლებით სარგებლობდნენ და რომ ყველაფერი სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დამოკიდებულებას უკავშირდება.

ბატურინი ადასტურებს მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მესაზღვრეები იახტაზე თავად მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ. ამ ფაქტს უარყოფდა ბრალდების მხარე.

კიევში არ ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, თუ რამდენად საფუძვლიანი იყო უკრაინის მოქალაქეების დაკავების ფაქტი. თუმცა უკრაინული მედია იტყობინება, რომ დაკავებული უკრაინელების ადვოკატები და ნათესავები ამ საქმეს იმთავითვე პოლიტიკურად მოტივირებულად განიხილავენ. მეზღვაურების ქმედებებში ბრალის დანახვა აშკარად უჭირდათ უკრაინელ ექსპერტებსაც.

ასევე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ დაკავებულებს შეწყალების თხოვნით არ მიუმართავთ პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის.

მედია ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტსაც, რომ დაკავებულების გათავისუფლება პრეზიდენტ ზელენსკის საქართველოში ჩამოსვლის დღეს მოხდა.

უკრაინელი ჟურნალისტები იხსენებენ უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევასაც, რომ სხვადასხვა დროს, საგანგებო ნოტებითა თუ პირადი საუბრებით - საქართველოს მხარეს საქმის ობიექტურ გამოძიებას, აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და დაკავებულების გათავისუფლებას სთხოვდნენ.

კიევისთვის პრიორიტეტული საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა მთელი 8 თვის განმავლობაში. თუმცა ბევრში ეს დიდ გაკვირვებას არ იწვევს, კიევსა და თბილისს შორის იმხანად განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობების პირობებში. ეს დაძაბულობაც დიდწილად მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდა.

კიევის მხრიდან ძლიერ და პრინციპულ ზეწოლასა და ერთგვარ ულტიმატუმზე ლაპარაკობს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

19 ივლისს, ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინელი პატიმრების გათავისუფლების გარეშე, პრეზიდენტი ზელენსკი უარს ამბობდა ბათუმში ჩასვლაზე, საერთაშორისო კონფერენციისა და „ასოცირებული ტრიოს“ სამიტის ფარგლებში.

თავად ზელენსკის ან უკრაინის ხელისუფლების რომელიმე სხვა წარმომადგენელს ამ საკითხზე არ ულაპარაკიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG