Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინტოს დაბრუნება


ვინ არის კინტო - XIX საუკუნის თბილისის ყველაზე მითოლოგიზებული ტიპი, რომელიც თბილისის პრაიდმა თავის ოფიციალურ ლოგოზე გამოსახა.

„კინტო XIX საუკუნის პირმშოა. ეს უდარდელი, ზანტი, „ბუნების ნებიერი შვილი“ ნეაპოლიტანელ ლაცერონსა და პარიზელ გამენს - ბიჭს მოგაგონებდათ. მიუხედავად იმისა, რომ იგი თითქმის მთელ სიცოცხლეს ლაზღანდარობაში, ოინბაზობასა და ყალთაბანდობაში ატარებდა, გულით მაინც სულ სევდა და ნაღველი დაჰქონდა. ცხოვრების უკუღმართობამ აიძულა იგი ქუჩა-ქუჩა ეხეტიალა“, - ასე აღწერს და ახასიათებს კინტოს ძველი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარი, თეიმურაზ ბერიძე.

XIX საუკუნემდე თბილისში კინტოს ფენომენი მართლაც არ ჩანს. შესაბამისად, საფუძველს უნდა იყოს მოკლებული იმის მტკიცება, რომ კინტოების გა(მო)ჩენა თბილისში უკავშირდება შუა საუკუნეების სპარსეთსა თუ ცენტრალური აზიის ქვეყნებს და რომ კინტოები სპეციალურად გამოზრდილი ე.წ. „მსუბუქი ყოფაქცევის“ კაცები არიან. ასევე ზედმეტად ხელოვნური და ზედაპირულია კინტოების სახუმარო ცეკვის (კინტაურის) ელემენტებით (სხეულის მიხრა-მოხრა, თეძოების რხევა, გაპრანჭვით ყურება აქეთ-იქით და ა.შ.) კინტოების იდენტობის განსაზღვრა (რატომღაც მსგავსი დეკონსტრუქცია არ ხდება თუნდაც „აჭარულთან“ მიმართებით), თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კინტო ერთმნიშვნელოვნად ჰეტეროსექსუალია. კინტოების ჯგუფი, მათი საქმიანობიდან გამომდინარე (წვრილმანი ვაჭრობა, ყველა საშუალებით სარგებლის ნახვა, ჩალიჩი...), დიდი და მრავალრიცხოვანი ჯგუფია და, შესაბამისად, მისი წევრობაც იოლად ხელმისაწვდომია (აკი, იოსებ გრიშაშვილის თქმით, კინტო ნიშნავს კინწით, კისრით თაბახის მზიდველს). ეს არც კლუბია და არც ჰამქარი, რომ მისი წევრობისთვის ვინმეს ნებართვა და „ლიცენზია“ იყოს საჭირო (კინტოდ გამოზრდა, კინტოობის სწავლება არსად ხდებოდა). სხვა ამბავია, რომ კინტო მცირე სარგებლის გამოც კი ყველაფერზე წამსვლელია. კინტო ნამარდიაო, ამბობს გრიშაშვილი თავის „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“ (ნამარდი, ანუ: არავაჟკაცი, გულდედალი, უღირსი, გამწირავი, დაუნდობელი, მზაკვარი და ა.შ.).

ცნობილი რევოლუციონერი, ძველი ტფილისის ქუჩების შვილი არაქელა ოქუაშვილი (1865-1937) მოგონებების წიგნში თავის სასიმამროზე წერს, დინჯი, ჭკვიანი კაცი იყო, ძველი ნაკინტოვარიო.

ეს „დინჯი და ჭკვიანი ნაკინტოვარი“ არაქელას გააცნო დამ, რომელმაც ასე აღუწერა სიმამრის ოჯახი: „აქვე ჩვენს მეზობლად ბებერი კინტოა, დანიელა ბელოიანი. მას ჰყავს ერთი თეთრ-წითელი ქალი, გასათხოვარი, სწორედ ისეთი, შენ რომ გინდა. ხელმოკლე დედმამის შვილი, მამას კაკლები დააქვს ყაზარმებში, იმით ვაჭრობს ჯარში. მოაქვს შინ ძველი ტანისამოსი, დედა და შვილი აკერებენ და ამით ცხვორობენ“.

არაქელა ოჯახისა და სქესობრივი ცხოვრების საკითხში უკიდურესად კონსერვატული შეხედულების იყო. ცოტა ხნით ადრე დანიშნულ ქალიშვილზე (ვარინკაზე) უარი თქვა (ქორწინება ჩაშალა) იმის გამო, რომ „ქალი ნაკოცნი“ იყო.

„ქალი თურმე ნაკოცნი არის... არ მინდა სხვისი ნაკოცნი ცოლი“-ო, - ასეთი არგუმენტით ამართლებს თავის საქციელს.

კინტო რომ „მსუბუქი ყოფაქცევის კაცი“ ან „გასართობი ბიჭი“ ყოფილიყო, ცხადია, იმგვარი კონსერვატული შეხედულებების კაცი, როგორიც არაქელა ოქუაშვილი იყო, დანიელა ბელოიანთან საქმეს არ დაიჭერდა და არ იტყოდა, "ჭკვიანი კაცი იყო, ძველი ნაკინტოვარიო". ეგ კი არა, თვითონ არაქელაც არ თაკილობდა კინტოობას. ერთხელ სოციალ-დემოკრატიული იდეების გავრცელების მიზნით სილიბისტრო ჯაბლაძემ ჩითახოვისა და ადელხანოვის ქარხნებში შესვლა დაავალა შემდეგი სიტყვებითა და არგუმენტით, კინტო ხარ, იქ ბევრს იცნობ ალბათო.

როგორც ყველა დიდსა და მრავალრიცხოვან ჯგუფში, კინტოების ჯგუფშიც ლამის ყველა იდენტობის ადამიანი ერია.

„ჩემი ცოლი ანანა ხან მაძლევს და ხან - არა!“ - ესეც კინტოა. ასევე „ქალის მოყვარული“ კინტოებია აღწერილი ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინეში“, სადაც ტფილისის რკინიგზის სადგურში ჩამომხდარ ქრისტინეს კინტოები აეკიდებიან: „ერთმა კინტომ ურცხვად შეხედა ქრისტინეს და დაიძახა: „მოსულა! მოსულა!“ „ვა, მუდრეგ, რა გაღრიალებს? მოსულა, ხომ არ წასულა! ჩვენ ხელთ არ არის?!” - უპასუხა მეორე კინტომ“.

...მაგრამ კინტოა ესეც:

„ავარ-ავარ დავდივარ,

ღამე შინ არ შავდივარ,

დედაჩემსა ჰგონია,

სულ ქალებში დავდივარ“.

ასევე კინტოებს მიეწერებათ (თუმცა შეიძლება ერთგვარი ლიტერატურული მისტიფიკაციაც იყოს) შემდეგი სიმღერის ტექსტი:

აღარ ვიცი, რა ვქნა მე,

აღარ ვიცი, რა ვუყო.

გული მხოლოდ ერთი მაქვს,

ორს კი როგორ გავუყო?

მუჰამედ და აბდულიც

სიყვარულს მეფიცება,

ორივეს შეყვარება,

აბა, როგორ იქნება?!

​ასევე ძნელია არ გაგვახსენდეს გრიგოლ ორბელიანი და მისი „კინტოს სიმღერა“. ერეკლე მეორის შთამომავალი, რამდენიმე დღით მეფისნაცვლის ტახტის დამჭერი და უცოლოდ გადაგებული გენერალი გრიგოლ ორბელიანი არ თაკილობდა დაბალი ფენის ტფილისელებთან, მათ შორის კინტოებთან, საქმის დაჭერას და ქეიფს.

„რა გინდა ჩემგან, არ დამეხსნები?

ვიწვი, მედება ეშხის ალები!

მინდა დაგწყევლო, - ენა არ მომდევს,

ვფიქრობ გეჩხუბო, - გული არ მომდევს,

ვამბობ გაგექცე, - ფეხი არ მომდევს!

ვაი, ამ ცეცხლში როგორ გავები!

რა გინდა ჩემგან, არ დამეხსნები?“

უცნობია, ვინ არის ამ სიმღერის ადრესატი - ქალი თუ კაცი.

მიუხედავად იმისა, რომ, გრიშაშვილის მიხედვით, კინტო სპობს ადათებს და მისი გასართობია: ყომარი, ბილწსიტყვაობა დასოდომ-გომორის ცოდვა, - კინტო არ განიცდის დევნასა და შევიწროებას ძველ ტფილისში, ის არ ინიღბება და არ მალავს თავის ვინაობას, თამამად ტრიალებს ხალხმრავალ ბაზრებსა თუ ქუჩებში.

ი. გრიშაშვილი, "ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა"
ი. გრიშაშვილი, "ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა"

თეიმურაზ ბერიძის თქმით („ძველი თბილსისი სურათები“), კინტოები განთქმული იყვნენ მოსწრებული სიტყვა-პასუხით, კინტოების ტიპები ანეკდოტების, ფელეტონების, კომედიების ხშირი პერსონაჟები იყვნენ და დიდადაც ახალისებდნენ მაყურებლებს. აკი, არტურ ლაისტიც წერდა კინტოს შესახებ: „კინტო თავისთავად კარგ მასალას წარმოადგენს იუმორისათვის, რადგან მისი ხერხი ლაპარაკისა, ქცევა და ზნე-ჩვეულება ხშირად მეტად სასაცილოა. აღმოსავლეთ საქართველოში ამჟამად კინტოს გარდა ძალიან ცოტაა იუმორისათვის გამოსადეგი ტიპი“.

არტურ ლაისტის ამ ნათქვამიდან, ისევე როგორც იმ ეპოქის ფელეტონებიდან და ანეკდოტებიდან, კარგად ჩანს, რომ კინტოებისათვის (როგორი იდენტობისაც უნდა ყოფილიყვნენ ისინი) გარემო იყო ტოლერანტული. ასე რომ, კინტოს ხატების გამოყენებას თბილისის მრავალფეროვნებისა და ავთენტურობის სიმბოლოდ საკმარისი საფუძველი და გამართლება უნდა ჰქონდეს, თუმცა საკითხავია, თუნდაც ამ სახით კინტოს დაბრუნება იქნება თუ არა საკმარისი ძველი თბილისის ტოლერანტული გარემოს აღსადგენად, თუნდაც ისეთის, სადაც დიდ მეცნიერს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის გარეშე შეეძლო სკაბრეზული ანბათქების შეთხზვა და ასეთი სიტყვების დაწერა:

ხუთი თვე ომში ვიყავი, თვალს არ უნახავს რულიო,

ხანდახან ჩვენშიც თავს იჩენს ლესბური სიყვარულიო.

ცხადია, კინტოს იოლად შეელევიან (აკი, კინტოს ლოგოზე გამოსახვის გამო არავინ გამოსულა ქუჩაში და არავის უთქვამს, ქართველობას გვართმევენო), გარემოს კი - ძნელად.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG