Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსის სარგებელი საოკუპაციო ხაზთან


საოკუპაციო გამყოფი ხაზი

კორონავირუსის შიშმა საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში გადაყვანას გადაარჩინა.

კორონავირუსის პანდემია რომ არა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მცხოვრები, 63 წლის ჯუმბერ ფსიტიძე, ახლა ცხინვალის იზოლატორში იჯდებოდა, მისი ოჯახის წევრები კი ე.წ. ადმინისტრაციული ჯარიმის გადასახდელად ფულის შეგროვებით იქნებოდნენ დაკავებული. ასე რომ, კოვიდ 19-მა ერთი ადამიანი თავისუფლების რამდენიმედღიან შეზღუდვას გადაარჩინა, მისი ოჯახი კი - ფინანსურ ზარალს. ყველაფერი კი 21 ივნისის დღის მეორე ნახევარში დაიწყო. ახალუბნის განაპირას სამი ადამიანი საქონელს მწყემსავდა. ისინი სოფლის საძოვარზე იმყოფებოდნენ და აზრადაც არ მოსვლიათ, რომ შორიახლოს შეიძლება საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, რადგან პირუტყვს ყოველთვის აქ აძოვებენ და ინციდენტი არასოდეს მომხდარა. თუმცა შეიარაღებული პირები იქვე ახლოს, ბუჩქებში იყვნენ ჩასაფრებული. მწყემსებმა ისინი შეამჩნიეს თუ არა, სოფლისკენ გაიქცნენ. ორმა თავს უშველა, 63 წლის ჯუმბერ ფსიტიძე კი წრეში მოაქციეს და გასაქცევი გზა აღარ დაუტოვეს. შეიარაღებულმა პირებმა უბრძანეს გაჰყოლოდა. ოსური სოფლის, არცევის, მიმართულებით წაიყვანეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მინდორში გააჩერეს, თან ეუბნებოდნენ, შენ შეიძლება კორონავირუსი გქონდეს და დისტანციაზე იდექიო. ჯარისკაცები ხელმძღვანელებს ურეკავდნენ და ცდილობდნენ გაერკვიათ, სად მიეყვანათ მწყემსი. როგორც წესი, ამ დროს დაკავებულები ჯერ ახლომდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე, იქიდან კი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ ხოლმე, მაგრამ კორონავირუსმა ეს წესიც შეცვალა. ამასობაში ფსიტიძის დაკავების ფაქტი ქართველმა სამართალდამცავებმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმაც შეიტყვეს, ამოქმედდა ცხელი ხაზი გატაცებული მწყემსის გასათავისუფლებლად. რუსეთის მესაზღვრეების ხელმძღვანელებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაზაზე დაკავებულის გადაყვანის საჭიროება არ იყო და მისი გაშვება გადაწყვიტეს. მწყემსის ძმის, გივი ფსიტიძის, თქმით, ახალუბნის თითოეულმა მცხოვრებმა იცის, რომ საძოვარი სოფლის საკუთრებაა და იმის იქით არ გადადიან, მაგრამ ოკუპანტები უკვე სოფლის ტერიტორიაზე უსაფრდებიან ადამიანებს.

„ნახირში იყო და ნახირიდან წაიყვანეს. ორი საათი არ ვიცოდით, სად იყო და მერე გამოუშვეს. საქონელი ჩვენ ტერიტორიაზე ჰყავდათ, იქით არ გადაჰყავთ ხოლმე. რუსები გადმოდიან ხოლმე ჩვენს მხარეზე და იმალებიან, უსაფრდებიან ადამიანებს და მიჰყავთ“.

ახალუბნის მცხოვრებლების თქმით, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ხშირია ადამიანების გატაცების შემთხვევები. ისინი იხსენებენ შარშანდელ შემთხვევასაც, როცა სოფლის სალოცავში წასული ახალგაზრდები ცხინვალის იზოლატორში მოხვდნენ და მათ გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჯუმბერ ფსიტიძის ისტორია მისი გათავისუფლებით არ დასრულებულა. გათავისუფლების შემდეგ ქართველმა პოლიციელებმა ის გორის კლინიკაში გადაიყვანეს: რუს სამხედროებთან მაინც კონტაქტი გქონდა და კორონავირუსის პრევენციისთვის ანალიზი უნდა გავაკეთოთო. როგორც ცნობილია, ცხინვალში კორონავირუსით, ძირითადად, რუსეთიდან დაბრუნებული სამხედრო სასწავლებლების კურსანტები და რუსულ სამხედრო ბაზაზე მომსახურე სამხედროები ინფიცირდებიან ხოლმე.

ეპიდემიოლოგებმა ახალუბნელ მწყემსს „გორმედში“ გამოკვლევა ჩაუტარეს და პასუხს მალე მიიღებენ. თუ კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკაში გადაიყვანენ, თუ არადა, თვითიზოლაციაში ცოტა ხნით ყოფნა მაინც მოუწევს. კორონავირუსის პანდემიის გამო, ჯუმბერ ფსიტიძის დაკავება სხვა დაკავებებისგან განსხვავებულია, თუმცა ამ შემთხვევაში ის სწორედ კოვიდ 19-ის მიმართ საოკუპაციო ძალების შიშმა გადაარჩინა.

წახალისებული დამკავებლები და პრემიის მიღების სურვილით ვერგაყოფილი ტყვის ისტორია.

რისთვის სჭირდებათ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ბუჩქებში ჩასაფრება და მწყემსების დევნა? მათ ხომ ისედაც კარგად იციან, რომ სოფლების მცხოვრებლები არანაირ საფრთხეს არ უქმნიან და ხშირ შემთხვევაში არც საოკუპაციო ხაზის მიღმა გადადიან?

საქართველოს მოქალაქეების დაკავებით სარგებელს ორი მიმართულებით იღებენ. პირველი - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ბიუჯეტი ივსება ე.წ. ადმინისტრაციული ჯარიმების თანხებით და არის მეორე, უფრო დიდი ინტერესი, რაც უშუალოდ საოკუპაციო მესაზღვრეებს ამოძრავებთ. მათ ცხინვალის ბიუჯეტი დიდად არ ადარდებთ, ისინი უფრო საკუთარ გამორჩენაზე ზრუნავენ. ცნობილია, რომ საქართველოს მოქალაქეების „დაკავების ოპერაციაში“ მონაწილე ჯარისკაცებს მადლობას უცხადებენ, ფინანსური და საშვებულებო პრემიებით ახალისებენ. ამიტომ მათ ინტერესში შედის, რაც შეიძლება მეტი ე.წ. საზღვრის დამრღვევი გამოავლინონ. ეს სურვილი კი იმდენად დიდია, რომ ხანდახან მესაზღვრეები კაცს ვერ იყოფენ.

ზაქარია ზაუტაშვილი სოფელ ბერშუეთის მცხოვრებია. ბერშუეთი საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება, გვერდით ოსური სოფელი წინაგარაა, სადაც საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზა აქვთ. ამ ბაზიდან კი შეიარაღებული მესაზღვრეები ბერშუეთის ტერიტორიაზე ხშირად შედიან. ზაქარია ზაუტაშვილი ერთ დღეს მინდორში დააკავეს. საზღვარი დაარღვიეო, უთხრეს და ხელებაწეული ტყეში წაიყვანეს. ტყეში მათ მესაზღვრეების სხვა ჯგუფის წევრები შეხვდნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს, ზაქარია მისი დამკავებლებისთვის წაერთმიათ, რათა ხელმძღვანელობისგან მადლობა და პრემია დაემსახურებინათ. რუსებს ერთმანეთში ჩხუბი მოუვიდათ, ტყვე ვერ გაიყვეს. ბოლოს გადაწყვიტეს, ეს პატიმარი არც ჩვენ და არც თქვენო, და გაუშვეს.

„მე იმათი ტერიტორიიდან ერთ სამას მეტრში ვიყავი. ერთმა იქით მომიარა ჯაგებში, მეორემ აქედანა და ამაწევინეს ხელები და სირბილით მატარეს ჩვენს სალოცავამდე, მერე იქიდან დიდ ტყეში წამიყვანეს ფეხითა. ერთი კაზაკი იყო, ვინც დამიჭირა. გზაში ღრომიდან (ოკუპირებული სოფელი) გადმოსული სამხედროები დაგვხვდნენ და ერთმა თქვა, „ე, რა კარგი რამე მოგიყვანია, წავიყვან ეხლა და ბლაგადარნოსტს გამომიცხადებენ ცხინვალშიო“. „მე დავიჭირეო და შენ ბლაგადარნასტი რატომ უნდა გამოგიცხადონო“, ამ კაზაკმა უთხრა. ისპორეს, იჩხუბეს და იმ კაზაკმა მერე ჯიბრითა უკან წამომიყვანა და გამიშვა. საღამოს 6 საათი იქნებოდა, არადა, დილის 11-ზე დამიჭირა. ჰოდა, ისევ ფეხით წამოვედი“.

საქართველოს მოქალაქეების დაკავების მიმდინარე წლის სტატისტიკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჯერ არ გამოუქვეყნებია, არც დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტს გაუვრცელებია ინფორმაცია. შარშან კი ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის რეგიონში დააკავეს საქართველოს 86 მოქალაქე. დაკავებულმა საქართველოს მოქალაქეებმა გათავისუფლების სანაცვლოდ ცხინვალის დე ფაქტო ბიუჯეტი, დაახლოებით, 7 ათასი ლარით შეავსეს. საერთო ჯამში, მათ ცხინვალის იზოლატორში 430 დღე გაატარეს, ამას დავუმატოთ ვაჟა გაფრინდაშვილის 49 დღე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG