Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწის ყიდვა საქართველოში: მოასწრებენ თუ ვერა უცხოელები?


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ სულ 5-დღიანი შესაძლებლობა გააჩინა უცხოელებისთვის, რომლებსაც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა სურთ და ამას უკვე ვეღარ შეძლებენ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დიდი ხმაური გამოიწვია საქართველოში, სადაც უცხოელებზე მიწის გასხვისება მწვავედ სადავო საკითხს წარმოადგენს. რა დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ, რას მოითხოვს ჯერ ისეც მოქმედი კონსტიტუცია და რა დგინდება ახალი კონსტიტუციით?

ვის მისცა შანსი საკონსტიტუციო სასამართლომ?

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს საბერძნეთის მოქალაქეებმა - პროკოპი სავვიდიმ და დიანა შამანიდიმ, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებული) მიწის შეძენის უფლებას ითხოვდნენ. მიწის შეძენას მათ, როგორც უცხოელებს, უკრძალავდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტი. საბერძნეთის მოქალაქეები მიუთითებდნენ, რომ ნორმა ძალადაკარგულად უნდა გამოცხადებულიყო, რადგანაც ის ეწინააღმდეგებოდა ჯერ ისევ მოქმედი კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნებს:

  • კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, „ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.
  • კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი“.

საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა პარლამენტის პოზიცია, რომ მორატორიუმი გამართლებულია ახალი კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად. საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტი და ამით გააუქმა აკრძალვა უცხოელების მიერ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვასთან დაკავშირებით. შედეგად, კონკრეტული მოსარჩელეების გარდა, ამ უფლებით ისარგებლებს ყველა სხვა უცხოელი.

თუმცა უცხოელებისთვის შანსი გაჩნდა მხოლოდ და მხოლოდ 5 დღით, ახალი კონსტიტუციის ნორმების ამოქმედებამდე, ანუ 16 დეკემბრამდე, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე.

არავითარი შანსი უცხოელებს!

საკონსტიტუციო სასამართლოს 7 დეკემბრის გადაწყვეტილებამ ქსენოფობიური განწყობის ძალების დიდი აღშფოთება გამოიწვია. 10 დეკემბერს მათ ალყა შემოარტყეს იუსტიციის სახლს და დაბლოკეს უწყების ყველა შესასვლელი იმისათვის, რომ უცხოელებს მიწის დარეგისტრირების საშუალება არ მისცემოდათ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ „ქართული მარშის“ წევრები და მხარდამჭერები. თუმცა აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ასევე პოლიტიკური პარტიის, „პატრიოტთა ალიანსისა“ და სხვა ჯგუფების წარმომადგენლები. ყოფილმა პარლამენტარმა, ამჟამად რუსეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის - „ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” - დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ აჯანყების საჭიროებაც კი ახსენა. აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ისურვებდა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციამდე საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება არ მიეღო. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, ამ გადაწყვეტილებამ „ბევრი უხერხულობა შექმნა“ და დაძაბულობაც გამოიწვია.

კონსტიტუციონალისტ კონსტანტინე ჩოკორაიასთვის ნათელია, რომ საქართველოში ძალიან მძიმე რეაქციებს იწვევს უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის საკითხი და საქართველოს ხელისუფლებამაც სწორედ საზოგადოებრივი წნეხის გამო გაამკაცრა ნორმები ქვეყნის ახალ კონსტიტუციაში ისევე, როგორც დააწესა წინასწარი მორატორიუმი. „2016 წლის არჩევნების წინ ხელისუფლებამ პოლიტიკური და მათ შორის - პოპულისტური მოსაზრებების გამო დაიწყო ზრუნვა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ეს იყო იმ ხანად ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი, ოჯახის ცნების როგორც ქალისა და კაცის ერთობის განსაზღვრასთან ერთად. მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე მორატორიუმიც სწორედ ამიტომ დაწესდა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენჯერმე თქვა, მათ შორის - 7 დეკემბრის გადაწყვეტილებითაც, რომ ეს მორატორიუმი იყო ანტიკონსტიტუციური“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჩოკორაიამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი იურისტის, თეო ზაქარაშვილის განმარტებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით დაწესებულმა მორატორიუმმა გამონაკლისების გარეშე შეზღუდა ყველა მყიდველის, გამყიდველისა და პოტენციური მესაკუთრის უფლება. მისი თქმით, მორატორიუმით დადგენილმა აბსოლუტურმა აკრძალვამ „ზიანი მიაყენა საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, რომლებიც ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობენ და სურთ, რომ საქართველოში ფლობდნენ ქონებას, ჩადონ ინვესტიციები და ასე შემდეგ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მათ ხელი ეშლებოდათ იმაშიც, რომ გადაეფორმებინათ მათთვის მემკვიდრეობით დატოვებული ქონება.“

რას ითხოვს ახალი კონსტიტუცია?

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ძალაში შევა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ანუ 16 დეკემბრიდან, სასოფლო-სამეურნეო მიწას „განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსად“ აცხადებს და გამონაკლისების გარდა, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში ტოვებს. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:

  • „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა , როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი , შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს , თვითმმართველი ერთეულის , საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.“
  • „გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით , რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.“

ორგანული კანონი, რომლის დამტკიცებაც საკონსტიტუციო ცვლილებების მსგავს, ძალიან მაღალ კვორუმს საჭიროებს, ჯერჯერობით ისევ დამუშავების პროცესშია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება დიდი ყურადღებით უნდა მიუდგეს ამ კანონის შექმნის პროცესს, რადგანაც გაუთვლელი მიდგომებით, შესაძლოა ძალიან ბევრი რამ დაზარალდეს.

  • ახალ კონსტიტუციაზე მუშაობის პერიოდში ეკონომისტები ლაპარაკობდნენ, მაგალითად, ინვესტიციების შემცირების საფრთხეზე და სასოფლო-სამეურნეო მიწის ისედაც დაბალი ფასის კიდევ უფრო შემცირების რისკებზე.

როგორც თეო ზაქარაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, „შეზღუდვების დაწესება თავისთავად არ არის პრობლემა, რადგან გარკვეული შეზღუდვები არაერთ განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს. მაგრამ ყველაფერი გააზრებული უნდა იყოს და როდესაც ლაპარაკია იმის შესახებ, რომ მიწა, როგორც რესურსი, უცხოელებზე გაყიდვით გაიფლანგება, მაშინ ამისი შესაბამისი კვლევა უნდა გვქონდეს ჩატარებული და ეს უნდა იყოს სათანადოდ დადასტურებული.“ მისი თქმით, ახალი კანონის შემუშავებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ გლეხების ინტერესები და არ უნდა დავივიწყოთ საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებსაც მიწა მემკვიდრეობით ეკუთვნით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG