Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მომზადება აუცილებელია" - რატომ ქმნის "ალტ-ინფოს" ჯგუფი პარტიას?


5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები - ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიას - სახელმწიფოს მართვის ამბიციებით ქმნიან და ცდილობენ, არ ჩამორჩნენ პოლიტიკურ მატარებელს - თუკი ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

პარტიის პრეზენტაციას სატელევიზიო ეთერში შაბათისთვის გეგმავენ და, ჯერჯერობით, მის სახელს და კონკრეტულ გეგმებს არ ამხელენ. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს, პარტიის ჩამოყალიბების პირველივე დღიდან მუშაობას მოსკოვთან დაიწყებენ.

5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურების ლოიალური მიდგომის წყალობით არ დასჯილან, აცხადებენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გაილაშქრონ.

  • რატომ ქმნიან „ალტ-ინფოელები“ პარტიას მაინცდამაინც ახლა და ვინ დააფინანსებს მათ?
  • ვის ხედავენ მხარდამჭერებად და რომელ პოლიტიკურ ძალებთან (არ) აპირებენ თანამშრომლობას?
  • როგორ აპირებს პარტია მოქმედებას შიდაპოლიტიკურ პროცესებში თუ გეოპოლიტიკურ ჭრილში - რუსეთთან ურთიერთობების გზაზე?
  • რა მიზნები აქვს ძალას, რომლის ლიდერებიც წლების განმავლობაში მაყურებელს მკაფიოდ ანტიდასავლური, პრორუსული და ჰომოფობიური განწყობებით გაჟღენთილ მესიჯებს სთავაზობდნენ?

სწორება რუსეთზე

როგორც კი ახალ პოლიტიკურ პარტიას დააფუძნებს, „ალტ-ინფოს“ ჯგუფი მაშინვე დაიწყებს აქტიურ მოქმედებებს რუსეთთან საერთო ენის გამოსანახად. „ალტ-ინფოსა“ და მომავალი პარტიის დამფუძნებელი, დამფინანსებელი კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუსეთთან საუბრის გარეშე „ფონს ვერ გავალთ“.

„როგორც კი პოლიტიკური პარტია ვიქნებით, რუსეთთან იმ დღიდან ვაპირებთ მუშაობას იმაზე, რომ პირდაპირ შევხვდეთ და ვესაუბროთ, ყოველგვარი მესამე ქვეყნების ჩართვის გარეშე. საუბარს ვაპირებთ იმ დონეზე, რა დონეზეც არცერთ პოლიტიკოსს არ ჰქონია შეხვედრები ბოლო 15-20 წლის მანძილზეც კი“, - ასეთია მათი გეგმა.

მორგოშია სიცილით გვეუბნება, რომ დარწმუნებულია, კავშირზე გავლენ „მთლად ზემოთ“ და არც არაფერს დათმობენ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ხარჯზე“.

პოლიტიკაში გადასვლის მსურველთა გუნდს, რომელთა მიერ ორგანიზებულ აქციებზე, ივლისში, პარლამენტის შენობის წინ ორ დღეში ორჯერ ჩამოგლიჯეს ევროკავშირის დროშა, უკვე დიდი ხანია, თვალი დაუფარავად რუსეთისკენ უჭირავს.

მათი ეთერის არცთუ იშვიათი სტუმარი იყო რუსი ანტილიბერალი, ანტიგლობალისტი, ულტრანაციონალისტი იდეოლოგი, პუტინის მეხოტბე ალექსანდრ დუგინი.

ამბობენ, რომ არ არიან „პრორუსულები“ და პარტიაც „პროქართული“ ექნებათ, მაგრამ, იმავე დუგინის თეორიებით, „პროქართულობასა“ და „პრორუსულობას“ შორის ამ შემთხვევაში მკაფიო ზღვარი არ არსებობს.

„ალტ-ინფოს“ ეთერიდან მრავალი თვის განმავლობაში ისმის, რომ საქართველოს არსებობა რუსეთის გარეშე წარმოუდგენელია; კრემლის მოკავშირე თუ არ გახდება, საქართველოს რუსეთი და თურქეთი დაინაწილებენ; დასავლეთი ვერაფერს უშველის და ვერც, მაგალითად, საწვავის ფასები დარეგულირდება.

პარტიის მომავალი ლიდერები მხარდამჭერებს კეთილდღეობის მთავარ გზად რუსეთის ბაზრის გახსნას სთავაზობენ.

საჭიროდ თვლით დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას? ვეკითხებით მორგოშიას, რაზეც ის გვპასუხობს, რომ „ყველა დონეზე უნდა გამოვნახოთ საერთო ენა“.

„ალტ-ინფოს“ წიაღიდან გამოსული პოლიტიკოსები პარტიის შექმნით თადარიგის დაჭერას ცდილობენ იმ შემთხვევისთვისაც, თუკი „გადამწყვეტი გეოპოლიტიკური პროცესების“ ფონზე, საქართველოში დიდი არეულობა დაიწყება. არეულობას ისინი ახლო მომავალში მოელიან, ცხადია, არა რუსეთისგან, არამედ - დასავლეთისგან.

„ალტ-ინფოს“ 15 ნოემბრის გადაცემაში „ალტ-ანალიტიკა“ გახმოვანებული სცენარი ასეთია: რეგიონში რუსეთის გაძლიერების ფონზე, დასავლეთი „გავლენების რაღაც ნარჩენების“ შენარჩუნებას უკრაინა-რუსეთის ომის გაჩაღებით შეეცდება და პარალელურად არევს ვითარებას საქართველოშიც:

„ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ აქ [სიტუაცია] საერთოდ არც მივა 2024 წლის არჩევნებამდე. შეიძლება დაიწყოს ისეთი არეულობა, რომ მაგ დროს საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილს თუ არ ექნება ორგანიზებული პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი, ორგანიზებულად მოქმედების საშუალება, რომ გარეთ გამოსვლა იქნა საჭირო, ვადამდელ უცებ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა იქნა საჭირო...

თუ სხვა პოლიტიკური დღის წესრიგის გადანაწილებაში სწრაფად ჩარევის საშუალება არ გვექნება, შეიძლება უიარაღოდ აღმოჩნდეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი... ისეთი საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ მომზადება აუცილებელია“.

„ალტ-ინფო“ ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია და კონსტანტინე მორგოშიას არც იმის სჯერა, რომ საქართველოს ასეთი შანსი საერთოდ აქვს. რაც შეეხება ევროკავშირს, აქ მისი მიდგომა სხვაგვარია:

„ევროკავშირზე პრობლემას ვერ ვხედავ, ვინ შევა... თუ ჩემი ქვეყნისთვის იქნება მისაღები და სახარბიელო, რატომაც არა. მე ვლაპარაკობ სამხედრო კავშირებზე [ნატო], რომელიც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მეზობელი ოკუპანტის ანექსიას“.

რატომ ახლა? რა და როგორ?

კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პარტიის შექმნა მხარდამჭერების სურვილის გამო დააჩქარეს და, ამასთან, ჯგუფი მზად უნდა იყოს იმ შემთხვევისთვის, თუ კი „ტექტონიკური ძვრების“ ფონზე, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

„ძალიან დიდი მოთხოვნაა, რომ ეს პარტია იყოს. პარტიის აწყობას დრო სჭირდება. მე, მაგალითად, გუშინდლიდან დღემდე, მხარდამჭერებისგან მიღებული მაქვს დაახლოებით 8 ათასი წერილი, რომელიც არც წამიკითხავს.

შესაბამისად, ჩვენ ამ დროს ფუჭად არ დავკარგავთ და თუ იქნება რიგგარეშე არჩევნები ან გეგმიური არჩევნები, პირველსავე აქტივობაში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე პარტია ვიქნებით... პირდაპირ გეტყვით, პირველივე არჩევნებზე [ჩვენი შედეგით] ყველა ძალიან გაკვირვებული დარჩება და მათ შორის - ალბათ, მეც... იმხელა მოლოდინია, რომ ხანდახან მეშინია მაგის გადახარშვაც კი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტანტინე მორგოშია.

ახალ პარტიას ამომრჩევლების დიდი ნაწილი ე.წ. გადაუწყვეტლებს შორის ეგულება, თუმცა იმედს ამყარებს „ქართული ოცნების“ ამჟამინდელ ამომრჩევლებზეც.

მორგოშიას საარჩევნო არითმეტიკა ასეთია:

„ხალხის 50%-ზე მეტი არ დადის არჩევნებზე. მათ საერთოდ არ აინტერესებთ არც "ქართული ოცნების" და არც "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგი. ამათი უდიდესი ნაწილი და პლუს "ოცნების" ამომრჩევლის 80% კონსერვატიულად განწყობილი ხალხია, რომელიც "ოცნებას" აძლევს ხმას იმიტომ, რომ "ნაცები" არ უნდა“.

ვისთან აპირებენ თანამშრომლობას?

კონსტანტინე მორგოშია ხელმძღვანელობს პრინციპით, რომ „პოლიტიკაში არ არსებობს არც მუდმივი მოკავშირე და არც მუდმივი მოწინააღმდეგე“, მაგრამ ზუსტად იცის, რომ თანამშრომლობა არავითარ შემთხვევაში არ გამოვა „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერ მემორანდუმზე ხელმომწერ პარტიებთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით.

და „ქართულ ოცნებასთან“, რომელსაც ხელი არ მოუწერია დასახელებული დოკუმენტისთვის?

„ამ მემორანდუმისთვის "ქართული ოცნების" გარდა ბევრს არა აქვს მოწერილი ხელი. წინასწარ წარმოუდგენელია რაიმეს თქმა... არაფერს გამოვრიცხავ. თეორიულად, შესაძლოა, ერთ დღეს "ნაციონალურ მოძრაობაშიც" ისეთი ლიდერშიპი, ახალი სახეები მოვიდნენ და შეეცვალოთ ფასეულობები, რომ მისაღები გახდნენ ჩვენთვის“, - გვეუბნება მორგოშია.

საიდან მოდის ფული?

პარტიის დამფუძნებელი ამბობს, რომ დაფინანსების სურვილს ემიგრანტებიც გამოთქვამენ, მაგრამ პოლიტიკური მიზნებით მათი შემოწირულების მიღებაზე უარს ამბობენ. იმედებს ძირითადად ბიზნესზე ამყარებენ, მათ შორის - რუსულზეც:

„[პარტიის დამფინანსებლები] ძირითადად მე და ჩემთან დაკავშირებული ბიზნესმენები არიან. ისინი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოღვაწეობენ, რომლებსაც საქართველოსთნ პრინციპში არავითარი კავშირი პრაქტიკულად არა აქვთ. ისინი არიან ქართველები - ზოგი ყაზახეთშია, ზოგი რუსეთშია, ზოგი უზბეკეთშია, ზოგი სად არის და ზოგიც სად“.

  • წინასწარი ინფორმაციით, თავად კონსტანტინე მორგოშია პარტიაში წამყვან პოსტს არ დაიკავებს და პარტიის ლიდერებს შორის იქნება გადაცემა „ალტ-ანალიტიკის“ ოთხიდან 3 წამყვანი - ზურაბ მახარაძე, გიორგი ქარდავა და ირაკლი მარტინენკო. ხოლო შოთა მარტინენკო კვლავ ტელევიზია „ალტ-ინფოს“ დირექტორად დარჩება.
  • ახალი პარტია, როგორც თავად აცხადებენ, ქართულ და ქრისტიანულ იდენტობაზე იქნება დაფუძნებული, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა აღმსარებლობისა და ეთნიკური წარმოშობის ადამიანებთანაც.

პარტია, რომლის სახელიც შაბათის პრეზენტაციაზე გაირკვევა, ფრთხილად არჩევს წევრებს. რუსეთის მოკავშირედ წარმოდგენის გარდა, ქვეყნის გადარჩენის იდეისთვის მსახურება და ფიზიკურ ბრძოლაში მონაწილეობის სურვილიც მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

„მაშინ ხარ პარტია, თუ საჭირო გახდება, ბრძოლისთვისაც მზად ხარ... ფიზიკურ ბრძოლაზეა ლაპარაკი - საქმე საქმეზე რომ მიდგება, თუ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება არ შეგიძლია, მაშინ პარტია არ ხარ“, - ისმის „ალტ-ინფოს“ ეთერიდან.

საამაყო ძალადობა და სახელმწიფო

„ალტ-ინფოს“ მიერ ორგანიზებული ერთი ბრძოლა, ჟურნალისტების მასობრივი ცემით, საზოგადოებამ 2021 წლის 5 ივლისს იხილა. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლების განცხადებებიდან კარგად ჩანს, რომ 5-6 ივლისის მოვლენებით დღემდე ამაყობენ - იქნება ეს ქუჩაში ბევრი ხალხის გამოყვანა, ძალის დემონსტრირება, ევროკავშირის დროშების განადგურება თუ ევროპული სიმბოლოების საპირწონედ, პარლამენტთან რკინის ჯვრის დადგმა.

50-ზე მეტი ჟურნალისტის ფიზიკური დაზიანების გამო, ამ ეტაპზე წინასწარ პატიმრობაში 27 პირი რჩება, თუმცა ორგანიზატორთაგან არავინ დასჯილა, რასაც საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთ უკან გადადგმულ ნაბიჯად თვლიან.

„ალტ-ინფოს“ ჯგუფის წარმომადგენლები გამოკითხვაზეც იყვნენ დაბარებული, გაჩხრიკეს მათი სახლებიც, მაგრამ, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მოთხოვნის მიუხედავად, სასჯელი არავის დაეკისრა. უფლებადამცველებისა და იურისტების მთავარი ბრალდებები ზურაბ მახარაძისკენ და კონსტანტინე მორგოშიასკენ იყო მიმართული.

ახლა, როცა პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს, გრძნობს თუ არა „ალტ-ინფოს“ ჯგუფი გარკვეულ პასუხისმგებლობას ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით?

კონსტანტინე მორგოშია გვეუბნება, რომ - „არანაირ პასუხისმგებლობას“ არ გრძნობს, არც დაკავებულებს ემიჯნება და პირიქით - მათი ოჯახის წევრებს ყოველთვიურად ფინანსურადაც კი ეხმარებიან.

„პროვოკაცია, რაც იმ დღეს მოხდა, ეს იყო ძირითადად მედიაპლატფორმების ნამუშევარი... მედიის უკან კი, იდგა ოპოზიცია - ეს თავისთავად“, - ამბობს ის.

5 ივლისის მოვლენების ჭრილში „რადიკალური ოპოზიციის“ პროვოკაციულ გეგმაზე ლაპარაკობდა „ქართული ოცნებაც“.

ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რადიკალური ჯგუფების რიტორიკა ერთმანეთს არაერთხელ დაემთხვა, რომ - დამნაშავეები თავად მსხვერპლები იყვნენ და რომ 5 ივლისის ძალადობა „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციულმა გეგმებმა გამოიწვია.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების დასაცავად საპოლიციო რესურსი არ ეყო და მეტი ვერ მოახერხა.

ეს განმარტება არადამაჯერებელია უფლებადამცველებისთვის, რომლებმაც, მანამდეც და მას შემდეგაც, საპროტესტო აქციებზე, საპოლიციო ძალებისა და სპეცტექნიკის მასშტაბურობა არაერთხელ იხილეს.

„ხელისუფლებამ ელექტორალური სარგებლის მიღება გადაწყვიტა... [ირაკლი] ღარიბაშვილს კითხვის ნიშნებიც არ დაუტოვებია თავისი განცხადებებით. ძალადობის დაწყებამდე, თავიდანვე დაიწყო ამ პროცესის მიმართ სოლიდარობა და არჩევნებისთვისაც ამ ხალხთან იდეოლოგიური თანხვედრა გაფორმდა...

წინა არჩევნებზე იყო "დავითგარეჯის თემა", ახლა ოპონენტებს ეკლესიის მტრებს უწოდებდნენ... შეიძლება ვიღაც ლიბერალია და ათეისტია, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეკლესიის მტერია... იმას უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვინც ეკლესიის სახელით ბოროტებას სჩადის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ქართული ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელი, კონსერვატორი პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე.

ის ვარაუდობს, რომ კონსერვატორულ ლოზუნგებს ამოფარებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ დაფუძნებულ მსგავს ახალ პარტიებსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ისევ „მანიპულაციებისთვის“ გამოიყენებს.

სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გულგრილობასა და ძალადობის წახალისებაზე ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციებშიც.

„ღია წყაროებზე დაყრდნობითაც შეეძლოთ სამართალდამცველებს, რომ მოეხდინათ ძალადობის პრევენციაც... საჯარო განცხადებებითაც ჩანდა, რომ ეს ჯგუფები აპირებდნენ ძალადობას შეკრების ["თბილისი პრაიდის"] მონაწილეების მიმართ... ახლა, როცა ამდენი თვე გავიდა, შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ სახელმწიფოს რეაგირება იყო უკიდურესად პრობლემური და არაეფექტიანი. ამასთან, სახელმწიფო სტრუქტურებს არც შემდეგ გადაუდგამთ პრევენციული ნაბიჯები იმის წინააღმდეგ, რომ ამ ჯგუფებმა ძალადობრივი ქმედებები მომავალშიც არ განახორციელონ. როცა ასე არ ხდება, დიდი შანსია, რომ ისევ ვიხილოთ მასობრივი ძალადობა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) წარმომადგენელი, გურამ იმნაძე.

მზაობა

კონსტანტინე მორგოშია თავის ფეისბუკგვერდზე წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კუბოზე „ბოლო ლურსმანს“ თავად დააჭედებს. ხოლო ერთი კვირის წინ, მან გამოხატა მზაობაც, რომ რამდენიმე ათასი თანამოაზრე სწრაფად შეკრიბოს და ენმ-ისგან დაიცვას სახელმწიფო სტრუქტურები.

„თუ "ნაციონალური მოძრაობის" აქცია გადაიზრდება დესტრუქციულ ქმედებებში და დაიწყებენ სახელმწიფო შენობების შტურმს ან პოლიციაზე თავდასხმას და დაანონსდება ტელევიზიით, რომ ეს არის გადატრიალების მცდელობა, ჩვენ კონსტიტუციური უფლება გვაქვს, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა... თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდება, არ დავიწყებთ ამის ტელევიზორიდან ყურებას...“ - უთხრა 5 ნოემბერს მორგოშიამ რადიო თავისუფლებას. ხოლო 17 ნოემბერს დაგვიდასტურა, რომ ეს მზაობა ისევ ძალაშია.

  • სახელმწიფოს გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობის ბრალდებები ოპოზიციის მისამართით, 29 ოქტომბრის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ისმის.
  • სუს-ში ხელისუფლების დამხობის ბრალდებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში არავინ დაუკავებიათ. მტკიცებულების სახით გამოქვეყნებულია მხოლოდ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელმაც საზოგადოებაში ბევრი შეკითხვა წარმოშვა.

კონსტანტინე მორგოშიამ სახელმწიფო სტრუქტურებთან ფარული და საეჭვო კავშირები მრავალჯერ უარყო. „სუს-ის ფაილებად“ წოდებულ ფარულ ჩანაწერებში იძებნება ეპიზოდი, რომელიც მისი და თბილისის მერის, კახა კალაძის ურთიერთობებს ასახავს.

მედიაში გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს უთხრა, რომ „კ.მორგოშიას ორგანიზაციას ფინანსურ დახმარებას უწევს ქ.თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც კ.მორგოშიას უკანონოდ ორჯერ მისცა მშენებლობის ნებართვა“. ასევე აღნიშნულია, რომ მორგოშია კალაძეს აქციებით აშანტაჟებდა. მოგვიანებით, მედიასთან ამგვარი სატელეფონო საუბრის ნამდვილობა სანდრო ბრეგაძემ უარყო.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG