Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 ახალი დეტალი ჯანგველაძის საქმეზე მორგოშიას დაკითხვიდან: Wildberries, „პოლიტიკაში ჩართვა“ და „ფარცხალაძის შფოთვა“

რა თქვა აშშ-ის მიერ სანქცირებულმა კოკა მორგოშიამ აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორისა და „კანონიერი ქურდის“ ძმის ურთიერთობაზე...
რა თქვა აშშ-ის მიერ სანქცირებულმა კოკა მორგოშიამ აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორისა და „კანონიერი ქურდის“ ძმის ურთიერთობაზე...

„კანონიერი ქურდის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა ბიზნესმენმა, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა კონსტანტინე (კოკა) მორგოშიამ, რომელიც ძალადობრივი დაჯგუფების, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელია.

მორგოშია ბრალდების მოწმეა. ის ამბობს, რომ ახლოს იყო მოკლულ ლევან ჯანგველაძესთან, რომელიც სიცოცხლის ბოლო პერიოდში საფრთხეს გრძნობდა ოთარ ფარცხალაძისგან, ყოფილი გენერალური პროკურორისგან.

გამოძიებას აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ფარცხალაძისთვის ბრალი ამ და „ქოლცენტრების“ საქმეზე დაუსწრებლად აქვს წაყენებული. ყოფილი მაღალჩინოსანი, სხვა განსასჯელების მსგავსად, ბრალდებებს უარყოფს.

მისი მონათხრობიდან, - ისევე, როგორც მთელი საქმიდან, - იკვეთება სავარაუდო არაფორმალური კავშირები პოლიტიკას, ბიზნესსა და კრიმინალურ სამყაროს შორის.

ძმები მიქაძეების ადვოკატის თანახმად, მორგოშიამ ბევრ დეტალზე ისაუბრა, თუმცა კითხვაზე, „ვის შეუძლია ნაამბობის დადასტურება, პასუხი ჰქონდა, რომ ან არ ახსოვს, ან არ სურს განმარტება“, რაც, ადვოკატის შეფასებით, არასარწმუნოს ხდის მის ჩვენებას.

რადიო თავისუფლებამ შეაჯამა ძირითადი დეტალები და გზავნილები კოკა მორგოშიას დაკითხვიდან.

საიდან იცნობდა მორგოშია ჯანგველაძეს?

პროკურორ ლევან ვეფხვაძის კითხვაზე, თუ საიდან იცნობდა საქმის „მონაწილეებს“ და რა ურთიერთობა ჰქონდა მასთან, კოკა მორგოშიამ უპასუხა, რომ:

  • არ იცნობს ბრალდებულ ძმებ დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეებს; რამდენჯერმე შეხვედრია ბრალდებულ გიორგი ჯოხაძეს;
  • მეგობრობდა მოკლულ ლევან ჯანგველაძესთან; იცნობს მის ძმას, მერაბ ჯანგველაძეს („სოხუმსკის);
  • ლევან ჯანგველაძე გაიცნო, სავარაუდოდ, 2003 წელს, „შევარდნაძის პერიოდში“, ერთ-ერთი ახლობლის დასაფლავებაზე;
  • ჯანგველაძეს მოსკოვში ჰქონდა უძრავი ქონება, შემოსავალს იღებდა გაქირავებით და მოსკოვში მასთან რამდენჯერმე სახლში იყო ნამყოფი. ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხშირი და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

შეთავაზება „პოლიტიკურ აქტიურობაზე“

მორგოშიამ განაცხადა, რომ ჯანგველაძეს „რუსეთს ფედერაცია პოლიტიკურ აქტიურობას სთავაზობდა“, თუმცა ის უარზე იყო. მის თანახმადვე, ჯანგველაძეს „მისდიოდა ინფორმაცია“, იმის გამო, რომ მას პოლიტიკურ ველზე გამოსვლას სთავაზობდნენ, ოთარ ფარცხალაძეს „შფოთვები ჰქონდა“.

მორგოშიამ ასეთი ფრაზები თქვა სასამართლოზე:

  • „ლევანს სთავაზობდნენ, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობაში ჩართულიყო და აქტიურობა ჰქონოდა პოლიტიკურად“;
  • „მე მითხრა ეს ამბავი ლევანმა. მე ვუთხარი, ჩემი აზრით, არასწორს აკეთებ, რადგან გთავაზობენ, უნდა ჩაერთო, შენი გავლენა სისტემის გარეთ რომ იყოს გასული, აქაურობა ვერ აიტანს და პრობლემები გექნება-მეთქი“;
  • „ზუსტად ორ კვირაში კვლავ შეხვდნენ და უარი უთხრა“; უარის მიზეზად კი მოგვიანებით მორგოშიას ეს დაუსახელა:
  • „პირველ ეტაპზე, შეიძლება, კარგი საქმეები დავიწყოთ, მაგრამ შუასა და ბოლოში ისეთი რამე შეიძლება მოხდეს, რომ ცუდი იყოს და მე ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ არავითარ შემთხვევაში არ წავალო“.
  • მორგოშიას თქმით, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ჯანგველაძეს კვლავ სთხოვეს ჩართულობა, რადგან „ფარცხალაძის ფაქტორი არ იყო საკმარისი და ჯანსაღი“, თუმცა მან კვლავ უარი თქვა.


ჯვარედინი დაკითხვისას ადვოკატის კითხვაზე, ვისგან მიიღო ჯანგველაძემ „პოლიტიკური შეთავაზება“ და რას მოიცავდა იგი, მორგოშიამ უპასუხა, ვისგან მოდიოდა კონკრეტულად, არ ვიცი, მაგრამ გავლენიანი ხალხისგანო.

რუსულ-ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ჩართვაზე საუბრობდნენ. ჩემი აზრით, სოციალურ პროექტებში… ლევანი აფხაზეთიდან იყო და დიდი სამეგობრო ჰყავდა ქართველებშიც და აფხაზებშიც“, - განაცხადა მორგოშიამ.

მოგვიანებით ჟურნალისტებს უთხრა: „ეს მას შესთავაზა როგორც იქაურმა ქართულმა დიასპორამ, ასევე რუსეთში მოღვაწე სხვადასხვა პოლიტიკურმა წრეებმა“.

რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად მორგოშიამ თქვა, რომ იმ დროს, როცა ჯანგველაძემ ეს შეთავაზება მიიღო, ფარცხალაძე აშშ-ის მიერ უკვე იყო სანქცირებული“.

მისი თქმითვე, ფარცხალაძე ჯანგველაძეს „კონკურენტად აღიქვამდა“. დამაზუსტებელ კითხვაზე, - ფარცხალაძესა და ჯანგველაძეს თუ ჰქონდათ ერთმანეთში განხილული ეს დაძაბულობა, ან თუ უსაუბრიათ გავლენებზე, გავლენების ჩანაცვლებაზე, - უპასუხა:

„ვიცი, რომ საუბრები ჰქონდათ. მას ოთარისგან განსხვავებული პოზიციები ჰქონდა“.

მორგოშიას თქმით, მან ჯანგველაძე გააფრთხილა: „ფარცხალაძეც გაიგებს, რომ შენ ამას გთავაზობენ, არადა, ფარცხალაძეს უნდოდა ეგ მიმართულება-მეთქი“.

„ლევანი ხსნიდა, პოლიტიკური ამბიცია არ მაქვს, მაგრამ მომდის ინფორმაცია, რომ ამას [ოთარ ფარცხალაძეს] შფოთები აქვს ჩემთან დაკავშირებითო“, - დასძინა მორგოშიამ.

ჩვენების მიცემის შემდეგ მან სასამართლოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლევან ჯანგველაძე იყო „ყველაზე გავლენიანი ქართველი ბიზნესმენი რუსეთის ფედერაციაში“ და „რუსულ-ქართულ, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში მისი ჩართვის შემთხვევაში ძალიან ბევრი რამე შეიცვლებოდა უკეთესობისკენ“.

რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად კი თქვა, რომ საუბარი მხოლოდ „რუსულ პოლიტიკურ წრეებზე“ არ იყო და შეთავაზება მოდიოდა „გავლენიანი რუსი, აფხაზი და ქართველი ბიზნესმენებისგან, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული გავლენიანი ხალხისგან, რომლებსაც უნდოდათ რუსულ-ქართული ურთიერთობების სტაბილიზაცია“.

რუსული კრიმინალური ქრონიკების, მათ შორის PrimeCrime-ის თანახმად, ლევან ჯანგველაძე „აგვარებდა მგრძნობიარე საკითხებს, რომელთა მოგვარებაც თავად მერაბ ჯანგველაძეს სტატუსის გამო არ შეეძლო, მათ შორის სამართლებრივ საკითხებსა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობას“.

ჯანგველაძე-ფარცხალაძის „გადაკვეთის წერტილები“

მორგოშიამ ჩვენების დასაწყისში ფარცხალაძესთან მოსკოვში ერთ-ერთი შეხვედრა გაიხსენა და შინაარსი ასე აღწერა:

„ბოლოს, რაღაც ქართველების დიასპორაზე იყო საუბარი და [ფარცხალაძემ] მაშინ ახსენა ჯანგველაძე, რომ გქონდეს გადაკვეთაო, ხომ იცი, რომ საშიში ქალაქიაო... რა პრობლემა გაქვს მაგ კაცთან-მეთქი? - პალაჟენიაო“.

მორგოშიას თქმითვე, ვიფიქრე, რომ ფარცხალაძე ამ ნათქვამით მცდიდა და ჯანგველაძეს დავურეკე, ვკითხე, რა ურთიერთობა გაქვთ, „რატომ გაქვთ შფოთებიო“.

„არც ახსოვდა. არანაირი გადაკვეთის წერტილი არ მაქვს, არ ვიცნობ და არც მტრობა მაქვსო... ჩემგან რაიმე საფრთხეს თუ უნდა ელოდებოდეს, უთხარი, რომ მე საერთოდ არ ვიციო“, - ასე გაიხსენა მორგოშიამ ჯანგველაძის რეაქცია.

თუმცა შემდეგ, ადვოკატების კითხვებზე პასუხად, თქვა, რომ მათი ინტერესები მოგვიანებით - „პოლიტიკაში ჩართვის შეთავაზების“ მიღმა - რამდენიმე საკითხში გადაიკვეთა.

„ვიცი, რომ ოთარი იყო ლევანის დაბადების დღეზე და ლევანიც იყო ოთარის დაბადების დღეზე. თავიდან ურთიერთობაში შევიდნენ და ბოლოს დაპირისპირებები იგრძნობოდა, ამას არც მალავდა და იგრძნობდა, ოჯახთანაც აქვს ნათქვამი და ჩემთანაც. იყო უკმაყოფილება“.

უსიამოვნება, მორგოშიას თანახმად, ეხებოდა „სიგარეტსა და გადაზიდვებს“ და „იყო კიდევ დიდი ნიუანსები“.

1. „ვაილდბერიზი“

„ვაილდბერიზის“ თემაზე საუბრობდნენ, გადაზიდვებზე“, - თქვა მორგოშიამ სხდომაზე. თუმცა თქვა, რომ არ იცის, ეს საკითხი სადამდე მივიდა.

მან მხოლოდ ის თქვა, რომ „ვაილდბერიზის“ საკითხთან დაკავშირებითაც არ ყოფილა ჯანგველაძის პირადი ინტერესი და მან ფარცხალაძე „სხვის საქმეზე შეაწუხა“.

რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად გაიმეორა, რომ არ იცის, ვინ იყო კონკრეტულად ის „ხალხი“, ვინც ამ თემაზე დახმარება სთხოვა, თუმცა დასძინა:

„იმ ადამიანებზეა საუბარი, ვინც რუსეთში მისი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. ეგენი ქართველები არ იყვნენ. თუ არ ვცდები, ჩრდილოკავკასიელები იყვნენ. რა დეტალები იყო, არ ვიცი. მაგრამ ვიცი, რომ ორ საკითხზე - სიგარეტსა და გადაზიდვებზე რაღაცა უთხრა და მერე საპირისპირო გააკეთა“.

უცნობია, რა გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა „ვაილდბერიზთან“ დაკავშირებულ რაიმე საკითხზე ან ჯანგველაძეს, ან ფარცხალაძეს - „ვაილდბერიზი“ ამერიკული Amazon-ის რუსული ანალოგია.

  • ეს არის ელექტრონული პლატფორმა მიტანის სერვისით, რომლის საშუალებითაც რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ თითქმის ყველაფერს, ტანსაცმლით დაწყებული, საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით დასრულებული.
  • კომპანიის წარმატება გააძლიერა ჯერ კორონავირუსის პანდემიისას დაწესებულმა კარანტინმა, შემდეგ კი დასავლურმა სანქციებმა, რამაც ბევრი დასავლური კომპანია აიძულა, რუსული ბაზარი დაეტოვებინა.
  • ამჟამად Wildberries-ი შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მიერ არის სანქცირებული. იგი რამზან კადიროვისა და ჩრდილოკავკასიური ბიზნესელიტების დაპირისპირების საფუძველია.
  • 2024 წლის შემოდგომიდან პლატფორმამ საქართველოში საქონლის გაყიდვა და მიწოდება დაიწყო.

2. „ახლობლებს უშუამდგომლა“

ადვოკატის კითხვაზე, - თუკი ჯანგველაძეს საქართველოში ბიზნესი არ ჰქონდა, „გადაზიდვების თემაში“ სად მოხდა გადაკვეთა, - მორგოშიამ უპასუხა:

„ლევანს თავისთვის არ სჭირდებოდა, თავის ახლობლებს უშუამდგომლა. მათ მიმართეს ლევანს, რომ [ეს] ფარცხალაძის მიმართულება იყო და სთხოვეს, დახმარებოდა. მაშინ უთხრა ოთარმა ლევანს, რომ მე ინტერესი არ მაქვს, ახლობლებს ვეხმარებიო. თუ ინტერესი არ გაქვს, დაეხმარე ჩემს ახლობლებს და პირიქით, შენ მოგცემენ მოგების ნაწილსო. ნაწყენი და გაბრაზებული იყო ამაზე, რომ მოვილაპარაკეთ, რამდენიმე თვე ვიარეთ და მერე ტყუილი აღმოჩნდაო“.

3. „მირცხულავას ბიზნესი“

კიდევ ერთი ეპიზოდი, რაზეც მორგოშიამ ისაუბრა, ბიზნესმენ დავით მირცხულავას ეხება და ამის შესახებ ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატსაც აქვს ნასაუბრები.

„დავით მირცხულავას ახლობლისგან მოვიდა ლევანთან თხოვნა, რომ ეშუამდგომლა ფარცხალაძესთან; დაჭერილი იყო ამ კაცის შვილი და რძალი… ლევანმა დაურეკა ოთარს, ოთარმა უთხრა, მე არაფერ შუაში ვარ. მაგრამ შემდეგ დაიბარა [მირცხულავას] ბიძა და ცალსახად უთხრა, რომ შუაში იყო. ამაზე ჰქონდათ უთანხმოება [ფარცხალაძესა და ჯანგველაძეს]“.

ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თანახმად: „არის ასეთი პიროვნება, დავით მირცხულავა, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო, რომელსაც ოთარ ფარცხალაძემ წაართვა ბიზნესები, შეუკერა სისხლის სამართლის საქმე, გაუშვა ციხეში“.

ადვოკატის თანახმად, გამოკითხვაში დავით მირცხულავა ამბობს, რომ მამამისი მივიდა ლევან ჯანგველაძესთან და სთხოვა დახმარება, ჩემს შვილს ოთარ ფარცხალაძე ავიწროებსო.

ადვოკატის თქმით, იგი „აიძულეს დაეთმო ბიზნესწილები და როგორც ჩემთვის ცნობილია, შემდეგ გაათავისუფლეს“. პროკურატურას ამ საკითხზე საჯარო განმარტება არ გაუკეთებია. რადიო თავისუფლებისთვის ამ ეტაპზე უცნობია პირველადი საქმის გარემოებები და შემდეგ ოჯახის განმარტება, თუმცა აგრძელებს მუშაობა ამ საკითხზე.

ბრალდებისთვის ჯერ არც ფარცხალაძის ადვოკატს უპასუხია - დღეს მიქაძეებისა და ჯოხაძის პროცესი იყო და ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი არ ესწრებოდა.

„ალტ-ინფო“ და „შეხების წერტილები“

მორგოშიას თქმით, ის პირადად იცნობს ოთარ ფარცხალაძეს და მას რამდენჯერმე შეხვედრია კიდეც. „გვქონდა შეხების წერტილები“, - თქვა მან.

„როცა ფარცხალაძესთან მქონდა ურთიერთობა, პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, მოსკოვში გადავიკვეთეთ. ხშირად გვქონდა შეხვედრა - ხან სად, ხან სად“, - უთხრა მან სასამართლოს.

მორგოშიას მონათხრობის თანახმად, მოგვიანებით მას და ოთარ ფარცხალაძეს კონფლიქტი მოუვიდათ. „ურთიერთობა გაგვიფუჭდა“, - თქვა მან.

ადვოკატ ლიკა ბითაძის კითხვაზე, რა ურთიერთობა ჰქონდა ოთარ ფარცხალაძესთან, მორგოშიამ უპასუხა, რომ:

  • მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია, ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა;
  • გენერალური პროკურორობისას - 2013 წელს - საერთოდ არ იცნობდა;
  • „2020 ან 2021 წელს გავიცანი, მისი ინიციატივით. გამოაგზავნა ადამიანი, შევხვდით და გავიცანით [თბილისში, წყნეთში] კაკლებში, მის სახლში ერთმანეთში“, - თქვა მორგოშიამ.
  • ასევე თქვა, რომ: „ოთარი უკვე გადაბარგებული იყო რუსეთის ფედერაციაში, მე პოლიტიკური აქტივობით ვიყავი დაკავებული და ხშირად გვქონდა შეხვედრები“;
  • ჰქონდათ „აზრთა სხვადასხვაობა“.

ადვოკატების კითხვებზე პასუხად, მორგოშიას სასამართლოს უთხრა, რომ ფარცხალაძემ „ალტ-ინფოს“ ტელევიზიის წილის შესყიდვა შესთავაზა.

„მან შემოგვთავაზა, რომ „ალტ-ინფოს“ 50%-იანი წილი ეყიდა, განეხორციელებინა ინვესტიცია, რაზეც ჩვენ გადაჭრით ვუთხარით უარი, რადგან არ გვინდოდა მასთან ერთად პოლიტიკის ასე კეთება, როგორც მას უნდოდა“.

მან ფარცხალაძის დასახელებულ თანხაზე თქვა, რომ „რიცხვები არ ახსოვს“.

„ალტ-ინფოს“ 50%-იან წილს მორგოშიას მამიდა, ციალა მორგოშია ფლობს, მეორე 50%-ს კი ალექსანდრე ქარდავა.

მორგოშიას თქმით, ფარცხალაძესთან 2023 წლის შემდეგ ურთიერთობა არ ჰქონია.

  • მორგოშიასთვის ფინანსური სანქციები 2024 წლის 16 სექტემბრიდან აქვს დაწესებული შეერთებულ შტატებს (თანაგუნდელ ზურაბ მახარაძესთან ერთად შეყვანილია „მაგნიტსკის სიაში“);
  • ოთარ ფარცხალაძისთვის აშშ-ისა და ბრიტანეთის მთავრობებს აქვთ ფინანსური სანქციები დაწესებული - აშშ-ს 2023, ხოლო ბრიტანეთს 2025 წლიდან.

„დაცვის საჭიროება“ და დეტალები ბერძენიშვილზე, ჩადუნელსა და ძანძავაზე

მორგოშიას თანახმად, რუსეთში ლევან ჯანგველაძეს 10-მდე პირადი მცველი ჰყავდა, თუმცა საქართველოში დაცვის გარეშე გადაადგილდებოდა და თან მხოლოდ მძღოლი და მეგობარი ახლდნენ ხოლმე.

მორგოშიას მონათხრობის თანახმად, მკვლელობამდე - 2025 წლის 14 მარტამდე, - რამდენიმე კვირით ადრე, თებერვალში, ლევან ჯანგველაძემ ტელეფონზე დაურეკა: „გოდერძიდან [სათხილამურო კურორტიდან] რომ ჩამოვიდა [თბილისში], დამირეკა, ვერ გამოვალ სახლიდან და იქნებ ამოხვიდეო. მიშკაც იყო, ბერძენიშვილი“.

მიხეილ ბერძენიშვილი ჯანგველაძის მამიდაშვილია, - მან გასულ შემოდგომაზე მისცა ჩვენება სასამართლოს და ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო.

მორგოშიამ გააგრძელა: „ავუარე. თვითონვე მითხრა, აქ ისეთი სიტუაციებია, რაზეც შენ საუბრობდიო. მეც ვგრძნობ და შემდეგი ჩამოსვლისთვის დაცვაში უნდა ავიყვანო 6-7 ადამიანი, რომ მზად ვიყოო“, - მისი თქმით, ასე უთხრა ჯანგველაძემ.

„კი ბატონო, ამ თემებში ვერ ვერკვევი, მაგრამ არიან კომპეტენტურები, ვისაც ჰკითხავ-მეთქი. ნათესავებიც ეუბნებოდნენ, ვისაც ჰყავდა დაცვის თანამშრომლები... სანამ აიყვანდა, მათი დაცვა გამოეყენებინათ, რომ ემოძრავათ ლევანთან ერთად“.

მაგრამ შემდეგ, მორგოშიას თქმით, „ფორსმაჟორი იყო“ - „ადამიანი გარდაიცვალა და ვერ მოესწრო დაცვის აყვანა“.

საუბარია ჯანგველაძის ახლო მეგობარზე, გურამ მოქიაზე, რომელიც მოსკოვში გარდაიცვალა და რომლის თბილისში გადმოსვენების კვალდაკვალ ჩამოვიდა ჯანგველაძე თბილისში, სადაც მოკლეს კიდეც.

„მას [ჯანგველაძეს] მიშკა [მიხეილ ბერძენიშვილი] დაყვებოდა სულ. ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან და, სამწუხაროდ, იმ დღეს არ იყო მიშკა მასთან“.

მორგოშიამ ისაუბრა იმ ორ ადამიანზეც, რომლებიც ჯანგველაძეს მკვლელობის საღამოს თან ახლდნენ: მძღოლ გია ჩადუნელსა და მეგობარ კახა ძანძავაზე. თქვა, რომ ჯანგველაძე ამ ორს ისე არ ენდობოდა, როგორც მას.

„როცა ოთახში შემოდიოდნენ და რამეს საუბრობდა, ჩუმდებოდა ხოლმე“. თქვა, არ იცის, რატომ არ ჰქონდა მათი ნდობა, თუმცა იცის, რომ მათი თანდასწრებით ჯანგველაძე „თემებს არ შლიდა“.

„ბერძნების თემა სპექტაკლია“

ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა უკავშირდებოდა საბერძნეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“, თუმცა გამოძიება ამ მიმართულებით არ წასულა.

2024 წლის 7 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე, გარკვეულ შუალედში, ჯანგველაძის მკვლელობისთვის გასამართლებული გელა უძილაური საბერძნეთში იმყოფებოდა. საქმეში „ოპერატიულ ინფორმაციაზე“ დაყრდნობით წერია, რომ უძილაური „კვალის არევის მიზნით საბერძნეთში გაუშვეს, რომ ვითომ კვალი იქაურ ე.წ. კანონიერ ქურდებზე გასულიყო“.

კოკა მორგოშია ამ აზრს იზიარებს და ამბობს: „სპექტაკლია, ცხადია. „ბერძნებთან“ [საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“] დაპირისპირება ლევანს არ ჰქონია… იქაური „ავტორიტეტები“, როგორც ესენი მოიხსენიებენ, ურეკავდნენ ოჯახს და უსამძიმრებდნენ. ეს იყო კვალის არევა, გაუშვეს უძილაური ვითომ ბერძნებთან“, - თქვა მან.

მორგოშიას „მეგობრობა“ მერაბ ჯანგველაძესთან

„მე ვამბობ ჩემს აზრს, ცხადია. დავამატებ, რომ მის ოჯახთან, მის ძმასთან ვმეგობრობ და მქონია ამაზე საუბარი და არ მიგრძვნია, რომ „ბერძნები“ მტრობდნენ“, - დასძინა მორგოშიამ.

მოკლულის უფროსი ძმა, მერაბ ჯანგველაძე, იგივე „სოხუმსკი“, „კანონიერი ქურდია“, - როგორც მედიაში წერენ, ამავე სტატუსის მქონე ტარიელ ონიანის გარემოცვის წევრი. იმყოფება ევროპაში. მას 1990-იანი წლებიდან აქვს გავლენები პოსტსაბჭოთა კრიმინალურ სამყაროში.

ერთ-ერთმა ადვოკატმა მორგოშიას ჰკითხა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მერაბ ჯანგველაძის პოზიციის შესახებ, რაზეც „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა უპასუხა: „მისი პოზიცია მისი პოზიციაა, მე ვერ გავაჟღერებ“.

„საერთოდ, მერაბი ამ საკითხებზე არ რეკავს და არ კითხულობს… უფრო ხშირად ჩავდიოდი ლევანის მკვლელობამდე [მოსკოვში]. მერაბ ჯანგველაძესთან ხშირად მქონია ურთიერთობა, მაქვს, არ ვმალავ“, - თქვა მან.

მანაც თქვა, რომ მერაბ ჯანგველაძე ევროპაშია, თუმცა ქვეყანა არ დაუსახელებია.

მერაბ ჯანგველაძე (მარცხნივ) და ტარიელ ონიანი
მერაბ ჯანგველაძე (მარცხნივ) და ტარიელ ონიანი

„დედ ჰასანის“ ოჯახისგან „საფრთხეს ვერ ხედავდა“

„ქილერობაში“ ბრალდებულის, გელა უძილაურის საქმის სასამართლო განხილვისას, გასულ შემოდგომაზე, ერთ-ერთმა დეტექტივმა დაუსახელებელ „ინფორმანტზე“ დაყრდნობით სასამართლოში შესაძლო დამკვეთად დაასახელა წლების წინ მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი, ხოლო ორგანიზატორად, - ოთარ ფარცხალაძე.

„დედ ჰასანი“, იგივე ასლან უსოიანი, - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კანონიერი ქურდი, თბილისელი ქურთი, - 2013 წელს მოსკოვში მოკლეს. სწორედ ის ითვლებოდა რუსული კრიმინალური სამყაროს უპირობო ლიდერად.

ჯანგველაძეები უსოიანის მკვლელობასთან კავშირს უარყოფდნენ. მათმა მამიდაშვილმა, მიხეილ ბერძენიშვილმა უძილაურის სასამართლოზე თქვა:

„ერთადერთხელ მივეცი თავს უფლება, მეკითხა [რამე კავშირი ხომ არ გაქვთ-მეთქი]. როცა „დედ ჰასანი“ მოკლეს, ხშირად რუსეთის ტელევიზიაში ნახსენები იყვნენ ჩემი ძმები - ჯანგველაძეები და სხვები. ლევანმა მითხრა, არანაირი კავშირი და შეხება არ მქონია ამ პიროვნებასთან და მის მკვლელობასთანო“.

დღეს კოკა მორგოშიამ უსოიანებთან დაკავშირებით განაცხადა:

„ჰასანის ოჯახისგან ლევანი საფრთხეს ვერ ხედავდა. ამბობდა, რომ არავის [მკვლელობაში] წვლილი არ მიუძღოდა, გარდა ჭორების და ლეგენდებისა. „ჰასანის“ შვილიშვილი [ირაკლი უსოიანი] დაეხმარა დაცვის აყვანაში, როცა მოსკოვში ჩავიდა, იარაღის გაფორმებაში, - რაც მოსკოვში პრობლემაა. არ მალავდა, რომ ახლობლობდა“, - თქვა მან.

მორგოშიამ ისიც ახსენა, რომ უსოიანის შვილიშვილი არის ერთ-ერთი მიქაძის „ნათელმირონი“, - ეს ინფორმაცია მედიით მანამდეც ვრცელდებოდა.

„ჩვენება არასარწმუნოა“ - მიქაძეების ადვოკატი

ძმები მიქაძეების ადვოკატმა, შორენა ნიქაბაძემ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას კონსტანტინე მორგოშიას ჩვენებას „არასარწმუნო“ უწოდა.

„ჩვენ, დაცვის მხარეს შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ სასამართლოს წინაშე გაკეთებული მისი განმარტებები სწორედ ამ [ფაცხალაძესა და მორგოშიას შორის] კონფლიქტიდან გამომდინარე მის შემხვედრ ნაბიჯებს წარმოადგენს და არ აქვს რეალურად კავშირი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან“, - თქვა მან.

„კოკა მორგოშია დღეს თავისუფალი თხრობის ნაწილში ბევრს საუბრობდა გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა რა წამსაც კითხვა ისმებოდა, ვის შეუძლია მისი ნაამბობის დადასტურება, ნეიტრალურ ობიექტურ მოწმეს, პასუხი ჰქონდა, რომ ან არ ახსოვს, არ იცის, ან არ სურს ამის შესახებ განმარტების გაკეთება, რაც, ბუნებრივია, არასარწმუნოს ხდის მის ჩვენებას“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, მორგოშია, ერთი მხრივ, მიუთითებს გარდაცვლილ ლევან ჯანგველაძეზე, - „რომელთანაც ბუნებრივია, სამწუხაროდ, ეს გარემოებები ვერ გადამოწმდება“, ხოლო მეორე მხრივ - „ისეთ ადამიანებზე, რომელთა ვინაობა არც გამოძიებაში, არც დღეს ჩვენთვის ცნობილი არაა“.

---

სასამართლო სხდომები ამ და სხვა საქმეებზე გრძელდება.

ძმები, დავით და გიორგი მიქაძეები მკვლელობასთან კავშირს უარყოფენ. ბრალს არ აღიარებს არც მედიაში „კრიმინალურ ავტორიტეტად“ წოდებული გიორგი ჯოხაძე.

ოთარ ფარცხალაძე კი, - რომელიც ბრალდებებს უარყოფს, - კიდევ რამდენიმე საქმეში დაასახელეს.

საქმე აღძრულია „ქოლცენტრების“ თაღლითური სქემის შესახებაც.

ამ საქმეზე „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელი ელისო კილაძეცაა დაპატიმრებული.

იგი დაკავებასა და ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მისი სასამართლო პროცესი დახურეს.

  • ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ვაკეში მოკლეს. ეს ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული მკვლელობაა, რომელიც პოსტსაბჭოთა კრიმინალურ სამყაროს უკავშირდება;
  • ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით 24 ოქტომბერს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ სპეცრაზმელ გელა უძილაურს, - გიორგი ჯოხაძის ყოფილ პირად მცველს; ის მკვლელობას აღიარებს, თუმცა შეკვეთას და მკვლელობის განზრახვას - არა;
  • აპრილში მკვლელობის იარაღის „გასაღების“ (რაც აუცილებლად მიყიდვას არ გულისხმობს) ბრალდებით დააკავეს სანდრო (ჯანო) წივწივაძე; მას 12 თებერვალს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
  • მკვლელობიდან ხუთ თვეში, აგვისტოში მკვლელობის ორგანიზების ბრალი წაუყენეს ძმებ დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს; გიორგი მიქაძე დააკავეს, დანარჩენ ორზე კი ძებნა გამოაცხადეს - ისინი საზღვარგარეთ არიან;
  • ამავე დროს დააკავეს ჯოხაძის ნათესავი მამუკა ბაღდავაძე (დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით) და გიორგი კაჭკაჭაშვილი, რომელსაც გამოძიების მასალებით უწოდებენ ჯოხაძე-მიქაძეების „დაჯგუფების წევრს“ - იარაღთან დაკავშირებული ბრალდებით;
  • ამჟამად სწორედ ჯოხაძე-მიქაძეების სხდომები იმართება და საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა.
  • მკვლელობის შემდეგ შეიცვალა სახელმწიფო სტრუქტურების არაერთი ხელმძღვანელი - მათ შორის, სუსის, პროკურატურის, შსს-ისა და „ფინანსური პოლიციის“ ხელმძღვანელი პირები.


ფორუმი

XS
SM
MD
LG