Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლეგ ბასილაშვილი გია დანელიას გარდაცვალებაზე


„უდიდესი რეჟისორი, რომელმაც სხვა თვალით დამანახა სამყარო“, - ასე ახასიათებს 4 აპრილს, მოსკოვში გარდაცვლილ კინორეჟისორ გია დანელიას მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი, რომელსაც სანკტ-პეტერბურგში ტელეფონით დაუკავშირდა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ანასტასია სლოვინსკაია. გია დანელიას და ოლეგ ბასილაშვილს ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდათ. მსახიობს მთავარი როლი აქვს შესრულებული 1979 წელს, გია დანელიას მიერ გადაღებულ ფილმ „შემოდგომის მარათონში“.

ოლეგ ბასილაშვილი: „გიორგის გარდაცვალება ჩემთვის უდიდესი მწუხარებაა. ბედმა მასთან შეხვედრის ბედნიერება „შემოდგომის მარათონის“ გადაღებებზე მარგუნა. გარკვეულწილად მისი თვალით დავინახე სამყარო - გაცილებით ფართოდ, მრავალფეროვნად და კეთილად, ვიდრე მანამდე ვხედავდი. გიას ხასიათის მთავარი თვისება მისი სიკეთე და გარესამყაროს სიყვარულია, მისი ყველა სურათი სიყვარულით, სინათლით და სიყვარულისადმი სევდითაა გასხივოსნებული.

„შემოდგომის მარათონზე“ მუშაობისას ბევრი რამ მასწავლა, ამასთან სიტყვით კი არა, მასწავლა საქმით. მასწავლა კამერის წინ პარტნიორთან ურთიერთობა; მასწავლა იმად ყოფნა, ვინც ვარ სინამდვილეში. მთავარი, რასაც მივხვდი ისაა, რომ მსახიობს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს იმ საზოგადოებასთან, რომელშიც ცხოვრობს, უფლება არ აქვს გამოჩნდეს სცენასა და ეკრანზე. მსახიობი, ხელოვანი საზოგადოების ტკივილით უნდა იყოს გამსჭვალული და ხარობდეს იმით, რითაც საზოგადოება ხარობს; უნდა ოცნებობდეს უკეთესზე, ოცნებობდეს ბედნიერებაზე...

ისეთი ხრიკები მასწავლა, რომლების ცოდნა აუცილებელია მსახიობისთვის, რათა ეკრანზე ცოცხალ ადამიანად ჩანდეს, მაგრამ მთავარი მაინც დაკვირვება იყო - თუ როგორ მუშაობდა, როგორ ეძებდა იმ ერთადერთ სიმართლეს, იმ ჭეშმარიტებას, რომელიც ფილმში უნდა ყოფილიყო. სცენას, რომელსაც სხვა რეჟისორი ერთ დღეში გადაიღებდა, გია იღებდა ხუთი დღის განმავლობაში იმიტომ, რომ ეძებდა ერთადერთ და სწორ გადაწყვეტას.

ის იყო მომთხოვნი, მომთხოვნი უპირველესად საკუთარი თავის მიმართ და სწორედ ამან აქცია უდიდეს რეჟისორად, უდიდეს კინორეჟისორად! უნდა გავიმეორო რეზო გაბრიაძის სიტყვები: მისი წასვლით დასრულდა კინემატოგრაფია! იწყება რაღაც ახალი ერა. უკეთესი თუ უარესი, არ ვიცი, მაგრამ ნამდვილმა კინომ, გიორგი დანელიას წასვლით, არსებობა შეწყვიტა. ის იყო ქართველი ხალხის უდიდესი შვილი და რუსეთის უდიდესი მეგობარი; იყო რჩეული."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG