Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ქუთაისის მომავალს ვერ ხედავს


ოპოზიციური პარტიების ქუთაისის შტაბის წარმომადგენლები„ქართულ ოცნებას“ სთხოვენ დაზუსტებულ ინფორმაციას ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მომავალთან დაკავშირებით.

23 მარტს, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართულ აქციაზე მათ ბიძინა ივანიშვილის, მამუკა ბახტაძისა და ირაკლი კობახიძისადმი მიძღვნილი მიმართვის ტექსტი წაიკითხეს.

ოპოზიციური პარტიების ქუთაისის შტაბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის ამჟამინდელი ტემპი არ არის დამაიმედებელი.

მიმართვის თანახმად, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პარლამენტის თბილისში გადატანის შემდეგ, ქალაქის აღმშენებლობის ბოლო იმედია გაღარიბებული ქუთაისელებისთვის. თავად წერილის ავტორებს არ სჯერათ ხელისუფლების დაპირებათა შესრულების, მაგრამ აღნიშნავენ, რომ „თანამოქალაქეების გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა ქუთაისის საუნივერსიტეტო სტატუსისა და 60 000 სტუდენტის ერთ დღესაც აქ გამოჩენის“.

რადიო თავისუფლება გთავაზობთ მიმართვის ტექსტის სრულ ვერსიას:

„საქართველოს არაფორმალურ მმართველს ბატონ ბიძინა ივანიშვილს!

საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძეს!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს!

მოგახსენებთ,რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა ფონმა, რაც, რა თქმა უნდა, უმეტესწილად ქართულ ოცნების ,,დამსახურებაა”, ქუთაისზე განსაკუთრებულად მძიმე შედეგი იქონია. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, ბოლო წლებია, ისედაც დგას უმძიმესი ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე, რასაც დაემატა ის, რომ ჩვენს ქალაქთან მიმართებაში საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ერთადერთი ,,ქმედითი” გადაწყვეტილება მიიღო, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კვლავ გადაიტანა დედაქალაქში.

აქამდე ფორმალურ რანგში არსებული საპარლამენტო სტატუსი ბევრი ქუთაისელისათვის იმ იმედის მომცემი იყო, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუ რეალურად გავხდებოდით საპარლამენტო დედაქალაქი, ზოგადი სიტუაცია და პირადი მდგომარეობა ამით გაგვიუმჯობესდებოდა, ხოლო თქვენი გადაწყვეტილების შემდეგ, ეს პერსპექტივის განცდაც გამოგვეცალა.

ქალაქის ცენტრალურ უბნებში გახშირდა წარწერა სახლებზე “იყიდება”, ძირძველი ქუთაისლები ლუკმა პურის საშოვნელად ტოვებენ ქალაქს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ მომართვის ავტორებს ეჭვი გვეპარება, რომ თქვენს მიერ გაცემული რომელიმე დაპირება როდესმე მოვა სისრულეში, უნდა ვაღიაროთ, ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ სჯერათ ქუთაისის საუნივერსიტეტო სტატუსის და 60 000 სტუდენტის ერთ დღესაც აქ გამოჩენის.

ბატონებო, ამა წლის 20 მარტს ქუთაისში მოქმედი ოპოზიციური პარტიების რამოდენიმე წარმომადგენელი გახლდით უნივერსიტეტის მშენებლობის ადგილას. რბილად რომ ვთქვათ იქ არსებული სიტუაცია და მშენებლობის ტემპები ვერანაირად ვერ მოდის შესაბამისობაში ვერც გაცემულ დაპირებებთან და ვერც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოლოდინებთან. გვინდა დავიჯეროთ, რომ ამ შემთხვევაში მაინც, მიუდგებით აღნიშნულ საკითხს პასუხისმგებლობით, ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ქალაქის მაცხოვრებლებს გვეტყვით სიმართლეს. იმისათვის რომ, ჩვენ ამ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენს სამომავლო მოცემულობაზე წარმოდგენა ვიქონიოთ.

ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, იქნებ გაგვიმხილოთ როდის არის დაგეგმილი აღნიშნული მშენებლობის დასრულება?

როდის შეიძლება გვქონდეს 60 000 სტუდენტის ჩვენს ქალაქში სასწავლებლად ჩამოსვლის იმედი?

და თუ რიტორიკულ კითხვაში არ ჩაგვითვლით ქუთაისთან მიმართებაში რაიმე სამოქმედო გეგმა გააქვთ?“ - აცხადებს ოპოზიციური პარტიების ქუთაისის შტაბის წარმომადგენლები.

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ: ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, „ახალი საქართველო“, „კანონი და სამართალი“, „ახალი მემარჯვენეები“, ლეიბორისტული პარტია, „თავისუფალი საქართველო“. აქციას შეუერთდნენ ასევე უპარტიო პირები, რომლებიც გაერთიანებული არიან მოძრაობაში „ძალა ერთობაშია“ და ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებმაც წაიკითხეს მიმართვის ტექსტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG