Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორჰან ფამუქი: „ვცდილობ სხვა ადამიანების თვალით შევხედო ცხოვრებას“


ორჰან ფამუქი
ორჰან ფამუქი

„იმისათვის, რომ მშობლიური ქალაქის მელანქოლიური სულის ძიებაში კულტურების გადაკვეთისა და დაპირისპირების ახალ სიმბოლოებს მიაგნო, თურქ მწერალ ორჰან ფამუქს 2006 წელს ნობელის პრემია მიენიჭა. მას დიდება მოუტანა წიგნებმა: „მე მქვია წითელი“, „სტამბოლი - ხსოვნათა ქალაქი“ და „უბიწოების მუზეუმი“.

ფამუქმა აღიარება მოიპოვა არა როგორც ბრწყინვალე მწერალმა, არამედ როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების ქომაგმა.

მას შემდეგ, რაც 2005 წელს მწერალმა განაცხადა, „დახოცეს 30 ათასი ქურთი და მილიონი სომეხი, მაგრამ ამაზე ჩემ გარდა ლაპარაკს ვერავინ ბედავსო“, - თურქეთის ხელისუფლებამ იგი დაადანაშაულა „თურქულობის შეურაცხყოფაში“.

ფამუქისათვის ნობელის პრემიის მინიჭების დროს საფრანგეთმა მიიღო კანონი, რომლითაც სომეხთა გენოციდის არაღიარება ისჯება 45 ათასი ევროს ჯარიმით ან ერთი წლით პატიმრობით.

პასუხად თურქეთმა მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს იმ ადამიანების სამწლიანი პატიმრობით დასჯას, რომლებიც უარყოფენ მუსლიმანთა გენოციდს ფრანგულ ალჟირში.

მიმდინარე წლის ივნისში სარაევოში გაიმართა სპექტაკლი „თოვლი“ (რეჟისორი დინო მუსტაფიჩი) ფამუქის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

სპექტაკლს თვალს ადევნებდა მწერალიც, რომელმაც თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა რადიო თავისუფლებას.

„ჟურნალისტიკა გველაპარაკება არა იმაზე, რაც მოხდა, არამედ იმაზე, რაც მოხდება“

„წარმოდგენა იყო შესანიშნავი. ბევრი ფოტო გადავიღე. ბოსნიური, ცხადია, არ მესმის, მაგრამ ერთი წუთითაც კი არ ყოფილა ჩემთვის მოსაწყენი, რადგან კარგად ვიცი ამ ისტორიის ყველა დეტალი...

მე მომეწონა ატმოსფერო სცენაზე და ის, რომ გამოყენებული იქნა პეპინო დი კაპრის მუსიკა. ამ რომანის დადგმის პრობლემა ისაა, რომ აქ ბევრი სისხლი და მკვლელობაა. დამდგმელებმა მუსიკის, პოეტიზაციისა და სცენური მოძრაობის საშუალებით შეძლეს მელოდრამისგან დისტანცირება.

პიესა გრძელდება 3 საათი და 20 წუთი, მაგრამ მე ავტორი ვარ და არ მაქვს ჩივილის უფლება. როდესაც „თოვლი“ აშშ-ში აჩვენეს, აღმოვაჩინე, რომ მეცინებოდა საკუთარ ხუმრობებზე.

რომანი აღსავსეა ირონიით: მაგალითად, ადგილობრივი გაზეთის რედაქტორი ამბობს, რომ „თანამედროვე ჟურნალისტიკა გვიამბობს არა იმას, რაც მოხდა, არამედ იმას, რაც მოხდება“. ის, ცხადია, იტყუება. მაგრამ მე მართლა ძალიან მოვიხიბლე ასეთი დეტალებით“.

„მწერლის ამოცანა არ არის დაადანაშაულოს ადამიანები არაეთიკურობაში“

„თოვლის“ ერთ-ერთი ცენტრალური თემაა ისლამური ექსტრემიზმი. ფუნდამენტალისტებს, რომლებზეც მწერალი წერს,აქვთ არა მხოლოდ უარყოფითი, არამედ დადებით თვისებებიც. ამის გამო ფამუქს თურქეთში„ისლამისადმი თანაგრძნობისათვის“ აკრიტიკებენ.

ორჰან ფამუქი: „სერიოზულ რომანებს ასეთი რამ ხშირად ემართება. რომანის ამოცანაა არა პროპაგანდა, არამედ პერსონაჟების ხასიათების აღწერა, მათ შორის ისლამისტი ფუნდამენტალისტისაც. ადამიანის ხასიათი რომ გაიგოთ, ამისთვის უნდა შეისწავლოთ მისი ქცევა: რატომ კლავს ადამიანს, რატომ ეშვება აქამდე, რატომ აგდებს საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში, რაზე დებს ფსონს... თუ მას განიხილავთ როგორც პიროვნებას, შეძლებთ აღმოაჩინოთ მისი კარგი თვისებებიც, მაგრამ არ ეთანხმებით ფასეულობათა მისეულ სისტემას…

ვფიქრობ, რომ თუ მწერალი ხარ, არ გაქვს უფლება იძახოთ: „დემონი, დემონი, დემონი“. ეს არ არის ლიტერატურა, ეს პროპაგანდაა“.

ლიტერატურაში თქვენ ცდილობთ შექმნათ სახე, ამასთან, არ დაკარგოთ საკუთარი სეკულარული პოზიცია, დააბალანსოთ, შესთავაზოთ განსხვავებული თვალსაზრისები და ამგვარი მეთოდით შექმნათ საერთო სურათი.

„მწერლის ამოცანა არ არის ის, რომ დაადანაშაულოს ადამიანები არაეთიკურობაში. ყოველ შემთხვევაში, ჩემი პრინციპი ასეთია. მაშინაც კი, თუ ჩემი გმირი ძალიან შემზარავია, მე ყველანაირად ვცდილობ განვავითარო მისი პიროვნება ყველა მიმართულებით და, ამასთან, დავიცვა ბალანსი. ცხადია, შეუძლებელია მთლიანად გააიგივოთ საკუთარი თავი ადამიანებთან, რომლებიც თქვენგან ძალიან განსხვავდებიან. ეს ეხება არამხოლოდ ისლამისტ ფუნდამენტალისტებს. თუ თქვენ მამაკაცი ხართ, თქვენთვის ძალიან რთულია გააიგივოთ საკუთარი თავი ქალის გრძნობებთან. მუდმივად ვეკითხები ჩემს გოგოს: როგორ გრძნობ თავს ამასთან დაკავშირებით, რას იგრძნობდი, თუ ისე მოხდებოდა... ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყოველთვის ვცდილობ ცხოვრებას შევხედო სხვა ადამიანის თვალით, ცხადია, ჩემი პირველი რომანებისგან განსხვავებით, რომლებიც უფრო ავტობიოგრაფიული იყო“.

ექრემ იმამოღლუ
ექრემ იმამოღლუ

"ბედნიერი ვარ, რომ ხალხმა დაიცვა სეკულარიზმი"

სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის წარმომადგენელმა ექრემ იმამოღლუმ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავარმა ოპონენტმა. იმამოღლუმ განაცხადა, რომ ხალხმა შეძლო „დემოკრატიის შეკეთება“ თურქეთში. ეთანხმება თუ არა ამას მწერალი?

ორჰან ფამუქი: „მე მახარებს სტამბოლში არჩევნების შედეგები, რადგან მან აჩვენა, რომ თურქეთში არჩევნების შედეგად შესაძლოა განხორციელდეს სეკულარიზმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქამდე ჩვენში სეკულარიზმი ხორციელდებოდა არმიის ძალებით. ეს არჩევნები ადასტურებს, რომ მოქალაქეები სახელმწიფოზე უფრო სეკულარულები არიან. სიტყვებით ვერ გამოვხატავ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს გამარჯვება. სტამბოლის მოქალაქეებმა აირჩიეს საოციალ-დემოკრატი. ბედნიერი ვარ, რომ ხალხმა დაიცვა სეკულარიზმი. იმამოღლუს განცხადება, „დემოკრატია შევაკეთეთო“, - კარგი ლოზუნგია, მაგრამ წინ კიდევ დიდი ბრძოლა გველოდება. თურქეთში ბევრი უსამართლობა ხდება: სამართლებრივი სისტემა ძალიან არაეფექტურია, არსებობს კორუფცია...

მაგრამ მთავრობა, რომელიც ძალიან ცუდად იქცევა და ყველას ციხეში სვამს, მაინც იღებს არჩევნებში 44%-ს.

ამიტომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვერ ვარ განწყობილი. ვფიქრობ, რომ დღევანდელი თურქეთი კულტურულად დასავლეთთან უფრო ახლოსაა, ვიდრე აღმოსავლეთთან, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკას, - ყოველწლიურად, ყოველთვიურად, ყოველდღიურად, - ქვეყანაში არეულია დასავლური და აღმოსავლური განწყობები, ვირხევით ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ.თანაც, თურქეთს პრობლემები აქვს ნატოსთან, პრობლემები აქვს ევროპასთან. ეს, ცხადია, აღმოსავლეთ-დასავლეთის პრობლემებია და ისინი პოლიტიკურია“.

2005 წელს შვეიცარიულ გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუს გამო ფამუქის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს „თურქული იდენტობის შეურაცხყოფისათვის“. მწერალი იძულებული გახდა გამგზავრებულიყო აშშ-ში და იქ ეცხოვრა გარკვეული ხნის განმავლობაში, ვიდრე კვლავ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდებოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ მე ამერიკულ უნივერსიტეტში ვასწავლი, ჩემი ცხოვრების აზრი არ მდგომარეობს იმაში, რომ მწვანე ბარათი მივიღო. მე ნიუ-იორკს სტამბოლი მირჩევნია. სტამბოლში გავიზარდე, იქ ხალხი ჩემს მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს. რატომ უნდა წავიდე ამერიკაში და დავიწყო წერა ინგლისურ ენაზე, თუ შემიძლია ვიცხოვრო თურქეთში და ვწერო თურქულ ენაზე“, - ამბობს ორჰან ფამუქი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG