„ოცნების“ მიერ ერთ დროს გამორჩეულად ნაქებ და ერთსულოვნად მხარდაჭერილ ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი ედებათ კორუფციაში, ფულის გათეთრებაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა თუ მკვლელობის შეკვეთაში.
მმართველი პარტიისთვის ეს პროცესი დანაშაულთან უკომპრომისო და განურჩეველი ბრძოლის მაგალითია, კორუფციის მკვლევრებისა თუ გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის კი - მათ მიერ წლების განმავლობაში მხილებული იმ ფაქტების დადასტურება, რასაც „ოცნება“ მუდმივად, დაჟინებით და კოლექტიურად უარყოფდა.
ყოფილი თანამდებობის პირების გარდა, პასუხისგებაში არიან მიცემული მათი გარემოცვის წევრები, ნათესავები თუ ბიზნესმენები, რომლებიც, გამოძიების მასალების მიხედვით, საეჭვო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდნენ.
ამ სტატიაში გადავხედავთ - ვინ დაეცა "ქართული ოცნების" კორუფციასა და სხვა დანაშაულთან ბრძოლის ველზე, ვინ გადარჩა და ვინ არის შემდეგი?
"ოცნების" ყოფილები
ირაკლი ღარიბაშვილი
2025 წლის 22 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ “ქართული ოცნების” გუნდის ორგზის პრემიერ-მინისტრმა, ყოფილმა შს მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლები აღიარა. მანამდე უკვე გაჩხრეკილი იყო მისი უძრავი ქონება, სადაც, გამოძიების მასალების მიხედვით, 6 500 000 აშშ დოლარი აღმოაჩინეს. ბრალდება, ჯამში, დაახლოებით 20 მილიონ ლარზე მიუთითებდა.
ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის [ფულის გათეთრება] მუხლით ასამართლებენ. ის მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე.
წლების განმავლობაში, ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” მილიარდერი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ერთგული გარემოცვის გამორჩეული წევრი და ფავორიტი ქვეშევრდომი იყო; გამორჩეული იმითაც, რომ ხშირად, საჯაროდ და გულითადად გამოხატავდა ივანიშვილის მიმართ მადლიერებას.
2013 წელს, პოლიტიკიდან პირველად წასვლისას, თავის შემცვლელად, ივანიშვილმა ღარიბაშვილი თავად შეარჩია და პრემიერ-მინისტრობასთან ერთად, პარტიის თავმჯდომარეობაც გადაულოცა. 2015 წლის თებერვლის ინტერვიუში კი, ივანიშვილმა მას კორუფციასთან შეუგუებელი "ძალიან ღირსეული" პრემიერი უწოდა, თუმცა მაინც აღნიშნა, რომ არსებობდა შეკითხვები ნათესავების გამო - ნეპოტიზმთან კავშირში.
2021 წლის 18 თებერვალს კი, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ “ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება" ღარიბაშვილის ხელმეორედ გაპრემიერების შესახებ. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ - ღარიბაშვილის “მინისტრობისა და პრემიერმინისტრობის პერიოდში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები” და რომ “ის არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას”.
ღარიბაშვილის სავარაუდო კორუფციული დანაშაულების მხილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ მისი მეორედ გაპრემიერების შემდეგაც განაგრძეს. მაგალითად, 2023 წელს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში ვაჟის ჩაყვანის დროს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისზე სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა; მოგვიანებით კი განმარტა, რომ რეისის საფასური პენსიონერმა მამამ გადაუხადა და ბიუჯეტის ხარჯით არ უსარგებლია.
გიორგი გახარია
2025 წლის ნოემბერში პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა „ოცნების“ კიდევ ერთ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, რომელმაც 2021 წელს დატოვა "ქართული ოცნება" შექმნა საკუთარი ოპოზიციური პარტია; 2025 წელს კი დატოვა საქართველოც, მას შემდეგ რაც ცხადი გახდა, რომ მმართველი პარტია მისი გასამართლებისთვის ემზადებოდა. გახარიას ბრალდებები „20 ივნისის” - ე.წ. გავრილოვის ღამისა და “ჩორჩანის საგუშაგოს” საქმეებს უკავშირდება.
"20 ივნისის საქმის" ეპიზოდზე - ორი ან ორზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება [25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი]; “ჩორჩანის საგუშაგოს” აშენების ეპიზოდზე - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება [333-ე მუხლის მე-2 ნაწილი].
ორივე ეპიზოდი მომხდარია 2019 წელს, რის შემდეგაც გახარია, შს მინისტრობიდან, თავად „ოცნებამ“ პრემიერად დააწინაურა.
2019 წლის 3 სექტემბერს, გახარიას წარდგენისას, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი - როგორც პოლიტსაბჭოში, ასევე უმრავლესობის რიგებში. „კითხვებიც არ დასმულა“ და რომ შს მინისტრმა „ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა“.
გახარიას მთავრობას ნდობა ერთხმად [98 ხმით] გამოუცხადა საქართველოს პარლამენტმა, “ქართული ოცნების” უმრავლესობით. ხშირად ისმოდა მისი, როგორც კრიზისების უბადლო მენეჯერის, ქება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, გახარია პარტიული სიის პირველი ნომერი და ისევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო. „ოცნების“ ხელისუფლება ახლა ამბობს, რომ გიორგი გახარია არავის არაფერს ეკითხებოდა და ერთპიროვნულად მოქმედებდა.
ყოფილი პრემიერის ოპოზიციურ პარტიაში მის სამართლებრივ დევნას სრულიად უსაფუძვლოსა და "ივანიშვილის შურისძიებას" უწოდებენ.
გრიგოლ ლილუაშვილი
2025 წლის 24 დეკემბერს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა წინა დღით დაკავებულ გრიგოლ ლილუაშვილს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, რომლის ახლო გარემოცვიდანაც არაერთი ადამიანი დააკავეს - თვალნათლივ ჩანდა, რომ წრე თანდათან ვიწროვდებოდა. ოქტომბერში გაჩხრიკეს ლილუაშვილის სახლი.
ლილუაშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან [სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით]. დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუსის უფროსობამდეც და მას შემდეგაც, ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრის წარმომადგენლად და განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილ ფიგურად მიიჩნეოდა. წლების განმავლობაში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში - „ქართუ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ და გენერალურ დირექტორად თუ „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.
- 2016 წელს ლილუაშვილი პარლამენტის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი გახდა [ვანი და ხონი], ხოლო 2017 წლის დეკემბრიდან, სუსში ვახტანგ გომელაურის მოადგილე იყო.
- 2019 წლის 17 ოქტომბერს, პარლამენტმა სუსის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი 85 ხმით დაამტკიცა, სხდომაზე ზეპირი განხილვისა და კითხვა-პასუხის გარეშე. მმართველ პარტიაში ითქვა, რომ ეს პროცედურა საჭირო აღარ იყო - კანდიდატის მიერ მანამდე გამოვლენილი დამაჯერებელი კომპეტენციების გამო. ამას აპროტესტებდა ოპოზიცია.
ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა პარლამენტში მისულ შს მინისტრს, რომ დაწყებულიყო გამოძიება თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე - ტრანსნაციონალური დანაშაულის მონაწილეების გამოსავლენად. ხაბეიშვილმა მაშინ კონკრეტული გვარები დაასახელა. ამ თემაზე მასალები მზადდებოდა მედიაშიც.
გრიგოლ ლილუაშვილმა ხაბეიშვილისა და ტელეკომპანიების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მაშინ ის გაამართლა.
ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი
2025 წლის 30 დეკემბერს, შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა ყოფილ მთავარ პროკურორს - ოთარ ფარცხალაძეს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, რუსეთში მეორე გვარი - რომანოვიც მიიღო. ოქტომბერში გაიჩხრიკა ფარცხალაძის სახლიც.
29 იანვარს, შს სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე-რომანოვს - „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის „შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება" ედება ბრალად.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი - ოთარ ფარცხალაძე მთავარ პროკურორად 2013 წლის ნოემბერში წარადგინა იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა და თქვა, რომ ფარცხალაძემ ზუსტად იცოდა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა სისტემის გასაჯანსაღებლად:
„აბსოლუტურად იდენტური ხედვა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის რეფორმები უნდა გატარდეს პროკურატურაში, პირველ რიგში, კადრების გაჯანსაღების კუთხით და იმ საქმეების გამოძიების დაჩქარების კუთხით, რაც საზოგადოების მოთხოვნაა და ამას არ შეიძლება ვინმე არ ეთანხმებოდეს. პირდაპირ გეტყვით, გახარებული ვარ იმით, რომ ჩვენ გვეყოლება ახალი მთავარი პროკურორი, რომელიც თავისი გუნდით მოვა“, - ამბობდა წულუკიანი.
ეს სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. 2013 წლის დეკემბერში ფარცხალაძეს გადადგომა მოუწია, მათ შორის - წარსულში გერმანიაში ჩადენილ წვრილმან დანაშაულთან დაკავშირებული სკანდალის გამო.
ყოფილი მთავარ პროკურორის წინააღმდეგ იყო სხვა სკანდალური საქმეებიც - ფულის გამოძალვისა თუ ძალადობის ფაქტებზე; მათ შორის ფიზიკური ძალადობა აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსზე, ლაშა თორდიაზე თუ სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანზე.
2018 წელს ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა ფარცხალაძე ორივე ეპიზოდში დაიცვა. მან თქვა, რომ ლაშა თორდია „არანაკლებ აგრესიულად იქცეოდა, ვიდრე ფარცხალაძე“ და საეჭვოდ ეჩვენება „ფხიზელმა ფარცხალაძემ მთვრალ თორდიას როგორ აუტეხა დებოში”. სპორტის ყოფილ მინისტრზე ძალადობის შესახებ კი ივანიშვილმა თქვა, რომ ფარცხალაძეს „ყიფიანმა შეაგინა... და ქართველი კაცისთვის შეგინება იცით, რაც არის“-ო.
ფარცხალაძის სახელი ფიგურირებდა „ომეგა“ ჯგუფისა და მისი დამფუძნებლის, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის საქმეში. ოქუაშვილი ამბობდა, რომ ფარცხალაძე მას 4 მილიონ ლარს სძალავდა.
2023 წლის სექტემბერში, როდესაც შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „ქართველ-რუს ოლიგარქს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა „ეფესბესთან" [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ“ ეროვნულმა ბანკმა, სანქციების აღსრულების წესში, საქართველოს მოქალაქისთვის საშეღავათო გამონაკლისი დაუშვა.
ჯუანშერ ბურჭულაძე
2015 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე - ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებით.
ბურჭულაძის საქმის მასალებშია: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის 1 333 728 ლარით უფრო ძვირად ყიდვის სქემა; ესპანეთში, მალაგის პროვინციაში მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის 544 000 ევროდ ყიდვა.
ბურჭულაძის ბრალდებებს შორის არის: ფულის გათეთრება - განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლით - 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი; სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. 332-ე მუხლის მეორე ნაწილი. სასჯელია თავისუფლების აღკვეთა 9-დან 12 წლამდე.
ამავე საქმეზე ასამართლებენ ასევე ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილ ხელქვეითებსა და მის ცოლის ძმას - ვასილ მხეიძეს, რომელიც კვლავ დაკავებულია.
სხვა ყოფილი თანამდებობის პირები - დაჭერილები, გირაოთი გამოშვებულები
გამოძიების თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით - “ფულის გაფლანგვის” სქემაში მონაწილეობდნენ: მისი ყოფილი მოადგილე [2022- 2024 წლები] - გიორგი ხაინდრავა [დაპატიმრებულია] და ასევე თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი - ვლადიმერ ღუდუშაური [ის ოქტომბერში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს].
30 დეკემბერს, გირაოთი გათავისუფლდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილე - კობა გაბუნიაც. მას მოსამართლემ ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა. გაბუნიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ასამართლებენ.
გამოძიების თანახმად, გაბუნიას დავალებით, 2023-2024 წლებში, ფონდის თანამშრომლები უკანონოდ ეხმარებოდნენ შპს „ლაგი კაპიტალს“, რომელმაც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამიზნული ფულიდან “თაღლითურად დაეუფლნენ” 9 365 801 ლარს და მოხდა 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
მოადგილედ გაბუნია ირაკლი ქარსელაძის მინისტრობისას მუშაობდა. ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა მინისტრი იყო 2021 წლის 22 თებერვლიდან 2025 წლის 24 აპრილამდე. აპრილში ის, როგორც ითქვა - “საკუთარი ნებით” გადადგა. ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ამჟამად დაკავებულ გაბუნიასთან ერთად, ქარსელაძის უძრავი ქონებაც გაჩხრიკეს. კორუფციის მკვლევრები შენიშნავენ, რომ წრე ქარსელაძის გარშემოც ვიწროვდება.
ირაკლი ქარსელაძე გრიგოლ ლილუაშვილის მეჯვარე, კურსელი და ახლო მეგობარია.
- კობა გაბუნია, 2019-21 წლებში, სუსში მუშაობდა - სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 2019 წლის 17 ოქტომბრიდან სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი იყო.
- გაბუნია ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუნიციპალური განვითარების ფონდს კურირებდა.
- მანამდე, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2015 წლის ივლისიდან - ჯუანშერ ბურჭულაძე ხელმძღვანელობდა.
საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო მილიონების “თაღლითურად დაუფლების” საქმეზე დაკავებულები იყვნენ ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ფონდის პროგრამის მენეჯერი და პროექტის მენეჯერი - გამოძიების თანახმად მათ “სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან” და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.
2025 წლის 21 ივნისს, სუსმა დააკავა ეკონომიის მინისტრის ყოფილი მოადგილე - რომეო მიქაუტაძე დააკავა. მისი ბრალდებების ჩამონათვალი ვრცელია, მათ შორის - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) თუ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.
უკვე გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შემდეგ, გამოძიების მასალებით გაირკვა, რომ 2022 წელს 1 მილიონი აშშ დოლარის ქრთამი მან სავარაუდოდ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით აიღო - თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან, ქარის ელექტროსადგურების ლობირების სანაცვლოდ. ასევე, გამოძიების მიხედვით, რომეო მიქაუტაძე იყო შუამავალი - კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასთან, რომლისგანაც სუსის ყოფილმა უფროსმა, გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, 1 მლნ 500 ათასი ლარი აიღო.
23 დეკემბერს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელმაც ქვეყანა 2023 წელს დატოვა. მისი საქმეც გრიგოლ ლილუაშვილს უკავშირდება.
გამოძიების თანახმად, "გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა. პროკურატურის თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისტემის კიდევ არაერთი თანამშრომლის წინააღმდეგ.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია - რამაც შეკითხვები გააჩინა თბილისის მერთან, კახა კალაძესთან მიმართებით.
31 ოქტომბერს პროკურატურამ გამოაცხადა, რომ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა - შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მას დაუსწრებლად შეუფარდა. ადვოკატმა განაცხადა, რომ ვლადიმერ ხუნდაძე თურქეთში, სამკურნალოდ იმყოფება.
ხუნდაძეს უკავშირებენ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების საქმეს, რომლის ფარგლებშიც ჯერ კიდევ სექტემბერში დააკავეს ყოფილი მოკრივე, ბიზნესმენი - გიორგი კანდელაკი [რომელსაც, 24 დეკემბერს, პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს]; მანამდე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს გორის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, 67 წლის - ბორის გოგიჩაიშვილი [ის ნოემბერში გარდაიცვალა] .
პარალელურად, სისხლის სამართლის საქმეები აღძრულია იმ კომპანიების თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც საეჭვო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდნენ.
ალექსანდრე ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე
2025 წელს გრძელდებოდა გამოძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე - სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ივლისში, რიჟვაძემ თვითმკვლელობა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში სცადა და მალევე სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანეს და ამ დრომდე საქართველოში არ დაბრუნებულა.
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო 2018 წლის ივლისიდან. ის თანამდებობიდან 2025 წლის 4 აპრილს გადადგა და გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუკის გვერდზე დაწერა.
ბევრი შეკითხვა გააჩინა წერილმა, რომელიც კლინიკაში რიჟვაძეს ტანსაცმელში აღმოუჩინეს და რომლის შინაარსიც თავდაპირველად პროსახელისუფლებო ტელევიზიებმა გაავრცელეს. ტექსტში წერია, რომ მას „კორუფციასა და ბარიგების მფარველობაში“ სდებდნენ ბრალს და რომ იმედი აქვს, რომ რიჟვაძის ნათესავებს ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე დაიცავენ.
ბოლო ინფორმაციით, რიჟვაძე ევროპაში მკურნალობს. ოფიციალური ინფორმაციით, მასთან დაკავშირება შეუძლებელია.
“ქართული ოცნება” კორუფციასთან შეუწყნარებელ ბრძოლაზე ლაპარაკობს - აღნიშნავენ, რომ “ოცნების” ყოფილი თანაგუნდელობა ინდულგენცია არავისთვის არის და რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ შემოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ კორუფციასთან ბრძოლა იყო.
“ოცნების” ხელისუფლების ოპონენტებისთვის კი ეს პროცესი ფარსის ნაწილია. აცხადებენ, რომ "ოცნების" ხელისუფლებაში ადამიანებს კორუფცია და სხვა დანაშაულები მანამდე ეპატიებათ, ვიდრე მათ ბიძინა ივანიშვილი სანდო ადამიანებად თვლის, ხოლო როცა მმართველი პარტიის დამფუძნებელს იმედები უცრუვდება - გასამართლების დღე დგება.
“ოცნების” ხელისუფლების მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა გაგრძელდება და არავის დაინდობენ, რაც აჩენს ლოგიკურ შეკითხვას - ვინ იქნება შემდეგი, უკვე 2026 წელს.
ფორუმი