Accessibility links

site logo site logo

პრაიდის კვირეულის მეორე დღე - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 ივლისს


დაკავებები თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე

დაძაბულობის ფონზე ჩაიარა თბილისი პრაიდის პირველმა დღემ თბილისში. ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფების კონტრაქციაზე რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. შსს-ს ინფორმაციით, 20-მდე პირია დაკავებული.

ჰომოფობიური ჯგუფები ცდილობდნენ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, რომელიც იმ სივრცისკენ მიდიოდა, სადაც პრაიდის კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება მიმდინარეობდა.

აქციის მონაწილეები ისროდნენ ბოთლებსა და კვერცხებს. კვერცხი მოხვდა აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც ღონისძიების სტუმრებს შორის იყო. გუშინდელ კინოჩვენებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. კინოჩვენება სტუმრებმა პოლიციის კორდონის დახმარებით შეძახილების ფონზე დატოვეს.

პრაიდის კვირეული დღესაც გრძელდება. 5 ივლისს კი დაგეგმილია „ღირსების მარში“, რომლის დროსაც ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები კონტრაქციას აანონსებენ.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის ახალი ტალღის შესახებ აფრთხილებს მსოფლიოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაფრთხილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ინფექციის ახალი ტალღა გარდაუვალია ევროპაში, სადაც ძლიერად გადამდებმა „დელტა“ ვარიანტმა გამოიწვია ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა ისეთ ქვეყნებში, როგორიც რუსეთია, რომელმაც გაძლიერებული ვაქცინაციის კამპანია გამოაცხადა იმ მიზნით, რომ შეეჩერებინა სიკვდილისა და ინფიცირების შემთხვევების ძლიერი ზრდა.

ჰანს კლუგემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა, 1 ივლისს, ბრიფინგზე, განაცხადა, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების 10-კვირიანი კლება დასრულდა და მოქალაქეებმა და კანონმდებლებმა უნდა შეინარჩუნონ დისციპლინა, თუ სურთ, თავიდან აირიდონ აფეთქება. ახალი შემთხვევების რიცხვი 10 პროცენტით გაიზარდა გასულ კვირას მზარდი მოგზაურობის, თავყრილობების და სოციალური შეზღუდვების შესუსტების ფონზე, - განაცხადა კლუგემ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფი იკრიბება

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება.

ამ შეხვედრაზე ჯგუფის წევრები მოსამართლეობის კანდიდატების პირად მონაცემებს გაეცნობიან, მათ შორის, მათ განათლების დამადასტურებელ დიპლომებსაც. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში გათვალისწინებულია თითო კვოტა ყველა ოპოზიციური ფრაქციიდან.

მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკისა, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ისევ გრძელდება.

საქართველოს პარლამენტი მომავალი კვირიდან გეგმავს დაიწყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატების განხილვის პროცედურა, რომელიც მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამა წლის 17 ივნისს წარუდგინა. კანდიდატთა 9-კაციან სიაში შედიან გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი. საპარლამენტო ოპოზიცია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვს.

ჟენევის დისკუსია კონკრეტული შედეგის გარეშე

ცხინვალის ციხის პატიმარ ზაზა გახელაძის ოჯახი ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიის 53-ე რაუნდის დასრულებას ელოდა.

ჟენევაში ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხიც განიხილეს. მოლაპარაკების პროცესი სხვადასხვა ფორმატში გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ზაზას ცოლი, ირმა ბუთხუზი, ამბობს, რომ ჟენევის დისკუსიიდან კონკრეტულ შედეგს არც ელოდებოდა. მისი აზრით, ქმრის დაკავებაზეც და მის გათავისუფლებაზეც დე ფაქტო ხელისუფლების გარდა პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციამაც უნდა აიღოს.

ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე, ამბობს, რომ ბოლო ერთი კვირაა, მათ აღარავინ შეხმიანებია და მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილის პასუხის მოლოდინში არიან.

გახელაძეების ოჯახს დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ესტუმრნენ, თუმცა იქიდან ისე წავიდნენ, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. რაც შეეხება ჟენევის დისკუსიის 53-ე რაუნდს, მისი დასრულების შემდეგ, როგორც თანათავმჯდომარეებმა, ისე მხარეების წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს. ყველა აღნიშნავს, რომ პროცესი მძიმედ მიმდინარეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია და დე ფაქტო ხელისუფლება ჰუმანიტარული საკითხის პოლიტიზებას ცდილობდნენ.

წაიკითხე მეტი გოგა აფციაურის სტატიაში.

პუტინის ხელმოწერილი კანონით აიკრძალა „საბჭოთა კავშირის გადამწყვეტი როლის“ უარყოფა ნაცისტური გერმანიის განადგურების საქმეში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს საბჭოთა კავშირის „გადამწყვეტი როლის“ უარყოფას „ნაცისტური გერმანიის განადგურების საქმეში“.

საუბარია იმ ფედერალურ კანონში შეტანილ ცვლილებაზე, რომელიც 1941-45 წლების „დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების უკვდავსაყოფად“ შეიქმნა.

კერძოდ, კანონს დაემატა ერთ მუხლი, რომლითაც არა მხოლოდ „ნაცისტური გერმანიის განადგურების საქმეში“ საბჭოთა კავშირის „გადამწყვეტი როლის“ უარყოფა იკრძალება, არამედ ასევე კანონგარეშე ცხადდება მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის „მოქმედებების და გადაწყვეტილებების“ ნაცისტური გერმანიის და მისი მოკავშირე ქვეყნების ხელმძღვანელობის „მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებთან“ გაიგივება.

წაიკითხე მეტი.

გოგონა ყარაბაღიდან: ცხოვრება დევნილთა ბანაკში

წიგნი, რომელშიც აზერბაიჯანელმა მწერალმა, ბლოგერმა და ჟურნალისტმა გუნელ მოვლუდმა ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ გაჩენილ, მრავალათასიან დევნილთა ბანაკში ცხოვრება აღწერა, ამ ბანაკისკენ, თაკარა მზეში, მტვრიან გზაზე მიმავალი 12 წლის გოგოს ამბით იწყება.

ეს გოგო თავად გუნელია, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ ომის მსხვერპლებით სავსე კარვების ქალაქში, ტალახსა და უწყლოობაში, სიღარიბესა და დამცირებაში 14 წელს გაატარებს.

გუნელ მოვლუდმა, როგორც ავტორმა, ამ წიგნში არავინ დაინდო - წლების შემდეგ მან ზედმიწევნით აღწერა ბანაკის სასტიკი ცხოვრება, ომის ყველაზე მძიმე შედეგები, რაც, როგორც თავად ამბობს, სრულ სიყრუესა და დანარჩენი მსოფლიოს უყურადღებობაში ჩაიკარგა.

ის, რომელიც წლების შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გახდა იძულებული თავისი სამშობლო დაეტოვებინა, ჯერ თავის ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ კი თავშესაფარი ნორვეგიაში ითხოვა და ბოლო რამდენიმე წელია იქ ცხოვრობს და წერს.

როგორ ცდის ომი ქალებს და რატომ რჩებიან ქალები ომის უჩინარ მსხვერპლებად? წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის ინტერვიუში გუნელ მოვლუდთან.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაადგინა პირი, რომელმაც მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლი ჩაყარა და გარემო დააბინძურა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

„სამართალდარღვევა მოხდა ქვემო ქართლში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ასევე დადგენილია სამართალდამრღვევის ვინაობა. დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, სამართალდარღვევის ადგილის დათვალიერებას ახორციელებენ“, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა მოკვლევა სამი მიმართულებით დაიწყო. პირს 3300 ლარამდე ჯარიმის დაკისრება ემუქრება. წაიკითხე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG