Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი საფრანგეთში - გვარამიას შეწყალების მრავალი თხოვნისა და საერთაშორისო წუხილის ფონზე


სალომე ზურაბიშვილი „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“, სტრასბურგში. 7 ნოემბერი, 2022 წელი.
სალომე ზურაბიშვილი „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“, სტრასბურგში. 7 ნოემბერი, 2022 წელი.

7 ნოემბერს, როცა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის“ სადისკუსიო პანელში მონაწილეობდა, ევროპარლამენტარების ჯგუფმა მას „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის შეწყალების თხოვნით მიმართა.

ევროდეპუტატები ნიკა გვარამიას პატიმრობას სადავოდ თვლიან, დაბრკოლებად განიხილავენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, რომ პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან“.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მორიგი მწვავე რეზოლუცია მზადდება.

სტრასბურგში გამგზავრებამდე, პრეზიდენტ ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თემაზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა თუ მესამე სექტორის წარმომადგენლებმაც მიმართეს. ერთ-ერთი ხელმომწერი, ოპოზიციონერი დეპუტატი, „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალების საკითხზე სტრასბურგშიც მიაწვდენს ხმას.

„შეგვიძლია ქანქარის ხელახლა ამუშავება?“ - ამ სახელწოდების სადისკუსიო პანელის მსვლელობისას საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული აქცენტები პოლარიზაციასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერმიღებასთან დაკავშირებულ იმედგაცრუებაზე გააკეთა.

პოლარიზაცია და იმედგაცრუება

ვიდრე სალომე ზურაბიშვილს დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებულ შეკითხვას დაუსვამდა, სადისკუსიო პანელის მოდერატორმა გაიხსენა, რომ მომავალ წელს 20 წელი უსრულდება „ვარდების რევოლუციას“ საქართველოში. პრეზიდენტი ამ თემას აღარ ჩაღრმავებია და აღნიშნა, რომ საქართველო დემოკრატიულ განვითარებას ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში, პირველი რესპუბლიკის დროს ცდილობდა და ხელახლა დაიწყო 1990-იან წლებში, რუსეთის მუდმივი აგრესიისა და შემოტევების ფონზე.

„ჩვენ არ გვაქვს იდეალური დემოკრატია, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, წარმოდგენილს ამ დარბაზში... ზოგი რეფორმა საკმაოდ სწრაფად ხორციელდება, ზოგი - ნაკლებად სწრაფად“, - თქვა ზურაბიშვილმა და საქართველოს დემოკრატიის მთავარ გამოწვევად პოლარიზაცია დაასახელა.

„პოლარიზაცია არის ყველგან - პოლიტიკოსებს შორის და ასევე მედიაში და ეკლესიაში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია საქართველოში. რას ვგულისხმობთ პოლარიზაციაში? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვენდობით ერთმანეთს და განვიხილავთ, როგორც მტრებს... ქვეყანას აქვს უსაფრთხოების პრობლემა და ამ ფონზე პოლარიზაცია დანაშაულია ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, ფრანგულენოვანი გამოსვლის ინგლისური თარგმანის მიხედვით. იქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის აგრესიასთან გამკლავებასა და თავის გადარჩენაში, უკრაინელებს დღეს სწორედ ერთობა ეხმარებათ.

პრეზიდენტს არაფერი უთქვამს მმართველ პარტიასთან, „ქართულ ოცნებასთან“ თავის მუდმივად დაძაბულ ურთიერთობებზე. ბოლო პერიოდში მას არც აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში სტუმრობის ამბავი შეატყობინეს.

სტრასბურგში, პრეზიდენტმა არ დამალა იმედგაცრუება იმის გამო, რომ ევროკავშირმა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს არ მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი. „ჩვენ იმდენად დიდი ხანია ევროპელებად ვგრძნობთ თავს, რომ უნდა შევუერთდეთ ევროპულ ოჯახს“, - ასე ჟღერს მისი სიტყვები თარგმანით.

სალომე ზურაბიშვილთან ერთად პანელში მონაწილეობდნენ: ანკორაო კალა - ნიგერიის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი; ოლექსანდრ კორნიენკო - უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ოლივიე ვერანი - საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი დემოკრატიული განახლების მიმართულებით, საფრანგეთის მთავრობის სპიკერი და ბენ ფილიპსი - გაეროს წარმომადგენელი.

"დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის" (7-9 ნოემბერი) წლევანდელი თემაა - "დემოკრატია: ახალი იმედი?". გამომსვლელების უმრავლესობა საკითხს უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომისა და შექმნილი გამოწვევების პრიზმაში განიხილავს. ამ სახელწოდებით, ფორუმი უკვე 10 წლის იუბილეს აღნიშნავს; თუმცა მანამდე ის ცნობილი იყო როგორც „ზაფხულის უნივერსიტეტი დემოკრატიისთვის“.

ფორუმის ორგანიზატორია ევროსაბჭო და პარტნიორთა შორის საფრანგეთის მთავრობაც მოიხსენიება.

„დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“ წელსაც მიიწვიეს დამოუკიდებელი დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი - „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ დამფუძნებელი და, 20 წელიწადზე მეტია, მისი ხელმძღვანელი. ახვლედიანი, ტრადიციისამებრ, სტრასბურგში სკოლის ჯგუფის რამდენიმე ათეულ მონაწილესთან ერთად არის ჩასული.

„ფორუმის პირველი დღეა და აშკარად იგრძნობა უკვე, რომ არსებითად არის შეცვლილი დამოკიდებულება მთავარი საკითხის მიმართ და ეს არის დემოკრატია და მისი მომავალი... შეცვლილია ის, რომ თანდათან ხდება გამიჯვნა ფორმალური დამოკიდებულებისგან... ეს ნიშნავს, რომ უფრო და უფრო ნაკლებია შანსი - ვინმემ ვინმე მოატყუოს, ფასადურობით შეიყვანოს შეცდომაში... უკრაინაში რუსეთის გაუგონარმა, ბარბაროსულმა აგრესიამ გააშიშვლა ბევრი საკითხი და ეს პოლიტიკურ ლიდერებს არ აძლევს საშუალებას, მიკიბ-მოკიბვით, ნელთბილად ისაუბრონ; თან იყვნენ დემოკრატები და თან მხარს უჭერდნენ ავტორიტარულ მისწრაფებებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დეპუტატი. მისი სიტყვებით, „საქართველოს ხელისუფლებაც აცნობიერებს, რომ დასავლელი ლიდერების მოტყუება და გაცურება ახლა სულ უფრო რთული ხდება“ და „უფრო მაღალი ფასის გადახდაა საჭირო“.

დისკუსიის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილისთვის მწვავე შეკითხვები არ დაუსვამთ და მათ შორის არც იმ თემებზე, რომლებზეც საერთაშორისო პარტნიორები წუხილს საჯაროდ გამოხატავენ. ერთ-ერთი ასეთი საკითხი, ბოლო პერიოდში, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობას შეეხება.

შეწყალება და წუხილი

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ იკისრებთ ლიდერობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანთან დაახლოების საქმეში“, - ვკითხულობთ ღია წერილში, რომლითაც ევროპარლამენტარების ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტს 7 ნოემბერს მიმართა და რომელიც ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს შეეხება.

12 ევროპარლამენტარი წერს, რომ შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა იქნეს გაშვებული“ და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მიუახლოვდეს“.

ამ წერილმა „ქართული ოცნების“ უკმაყოფილება გამოიწვია და ისევე, როგორც მანამდე, ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და აშშ-ის საელჩოს განცხადებების შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე მიუთითეს.

„ევროპარლამენტარი ეს სიტყვა არ არის მთავარი დამახასიათებელი იმ ადამიანებისა, რომლებიც მიმართავენ [სალომე ზურაბიშვილს]. ისინი არიან კონკრეტული „სახალხო პარტიის“ [EPP] წევრები, რომელიც არის „ნაცმოძრაობის" დედა პარტია და გააჩნიათ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პოზიცია, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებენ. ხშირად ეს უპირისპირდება იმ ინტერესებს, რომელიც საქართველოს გააჩნია“, - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
ის ასევე მწვავედ გამოეხმაურა ინფორმაციას ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებული მორიგი მწვავე რეზოლუციის მომზადების შესახებ:
„ადამიანების ჯგუფი, რომელიც სთავაზობს ასეთ უტიფარ ფორმულირებას ევროპარლამენტს რეზოლუციაში, არ უფიქრდება მთავარ გარემოებებს, რომელიც საქართველოშია შექმნილი. პირველი ის, რომ რეალობა სხვა არის და არ შეიძლება, ერთი მხრივ, ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედიამენეჯერი და, მეორე მხრივ, ადამიანს, რომელიც მეცენატია ყველა თავის ნიშნით, უწოდო ოლიგარქი [ბიძინა ივანიშვილს]“.
ზაფხულში დამტკიცებულ ევროპარლამენტის რეზოლუციაში „ღრმა შეშფოთებაა“ გამოხატული ივანიშვილის კრემლთან კავშირებზე, იქვე მოწოდებულია მის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების განხილვა, საქართველოს პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო.

თავად ნიკა გვარამია შეწყალებას არ ითხოვს, მაგრამ ბოლო პერიოდში პრეზიდენტს ამ თხოვნით არაერთმა ჯგუფმა მიმართა - ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ხელმოწერას გვიდასტურებს არმაზ ახვლედიანიც და ამბობს, რომ ეს ერთადერთი სწორი გამოსავალი იქნება.

„გვარამიას შემთხვევა არ არის ჩვეულებრივი, სტანდარტული შემთხვევა. ეს კარგად აჩვენებს, სად არის დღეს "ქართული ოცნება". ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება მედიამენეჯერის წინააღმდეგ. თუ ახლა არ მოხერხდება სამართალზე პოლიტიკის ამ უხეში ზეწოლის დაძლევა, გადალახვა, ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ამითაც ძირი ეთხრება“, - ამბობს ახვლედიანი და იმედი აქვს, რომ მას შესაძლებლობა ექნება, ამ თემაზე, სტრასბურგში, თავად სალომე ზურაბიშვილსაც დაელაპარაკოს.

მანამდე იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუცია, რომელმაც ასევე გამოიწვია „ქართული ოცნების“ მკაფიო უკმაყოფილება. ოქტომბერში დამტკიცებული დოკუმენტი ძირითადად უკრაინას შეეხება და რუსეთს ტერორისტულ რეჟიმად აღიარებს; თუმცა იქვეა ნახსენები საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.

„ასამბლეა მოუწოდებს როგორც რუსეთის ფედერაციას, ისე სხვა ქვეყნებს, გადახედონ პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეებს და გაათავისუფლონ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)”, - ამ ჩანაწერის გამო, საქართველოს დელეგაციიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გრაფიკი მოიცავს შეხვედრებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტინი კოქსთან; ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან და ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირთან.

11 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „პარიზის მშვიდობის ფორუმში“, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში წელს მეხუთედ ჩატარდება და, წინასწარი ინფორმაციით, სიტყვით უნდა გამოვიდეს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG