Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟირინოვსკი: დადგა „ამერიკული გაზაფხული - იანვარში, მაგრამ  დადგა“


კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორია. 2020 წლის 6 იანვარი
კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორია. 2020 წლის 6 იანვარი

აშშ-ის დედაქალაქში 6 იანვარს მომხდარის შესახებ, როცა კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა ტრამპის მომხრეთა ბრბო, ერთმანეთისგან გასხვავებული შეფასებები გამოითქვა დასავლეთსა და აღმოსავლეთში.

რუსეთში ბევრმა გამოთქვა თავისი აზრი იმაზე, თუ როგორ უნდა აიხსნას ვაშინგტონში მომხდარი, ამერიკის ახალ ისტორიაში გაუგონარი ამბავი, რომლის მსგავსი უფრო ჩამოუყალიბებელ სახელმწიფოებს ახასიათებს პოსტსაბჭოთა სივრცეში თუ სხვაგან.

ვლადიმირ ჟირინოვსკი
ვლადიმირ ჟირინოვსკი

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმირ ჟირინოვსკი აშშ-ის მოვლენებს ბელარუსის საპროტესტო გამოსვლებს ადარებს და ამბობს, რომ ეს „ერთი და იგივე მოვლენაა“. როგორც გამოცემა „პოდიომი“ წერს, მისი თქმით, არჩევნები იქაც გაყალბებული იყო და მომწიფდა ახალი თაობა, რომელსაც არ სურს „მაფიის ჭკუაზე იაროს“. ბელარუსებს არ მოსწონთ, რომ კვლავ ლუკაშენკამ გაიმარჯვა და ასეა ამერიკაშიც, ფიქრობს რუსი პოლიტიკოსი, რომელიც ამტკიცებს, ამერიკელმა ხალხმა პირველად განაცხადა თავისი, როგორც ამომრჩევლის, უფლებების შესახებო. დადგა „ამერიკული გაზაფხული - იანვარში, მაგრამ დადგა“, ამბობს ჟირინოვსკი არაერთ სახელმწიფოში არსებული რეჟიმის შეცვლის მომხრეთა გამოსვლების „გაზაფხულად“ მოხსენიებაზე მინიშნებით.

გენადი ზიუგანოვი
გენადი ზიუგანოვი

გამოცემას მოჰყავს რუსი კომუნისტების ლიდერის, გენადი ზიუგანოვის, სიტყვები, რომ ვაშინგტონში მომხდარი აშშ-ისთვის არის საფასური, რომლის გადახდაც მას ფერადი რევოლუციებისთვის უწევს. ზიუგანოვი თვლის, რომ აშშ-ში ხელისუფლებაში მოდის „მავნე და ექსტრემისტული“ გუნდი. ზიუგანოვის აზრით, ვაშინგტონმა შექმნა „ფერადი რევოლუციების“ ტალღა, რომელმაც დაამხო მთავრობები ჩრდილოეთ აფრიკაში, იუგოსლავიაში, დაამხო „ნორმალური ხელისუფლება უკრაინაში“. ამასთან, ზიუგანოვის აზრით, მათ საკმაოდ ავნეს ბელარუსსაც. ზიუგანოვს დიდად აშფოთებს ამერიკის ამბები და ამბობს, ეს არის „თაღლითური და ქურდული კამპანიის“ შედეგიო.

რუსეთის სახელმწიფო დუმაში საერთაშორისო საქმეთა კომიტეტს განაგებს ლეონიდ სლუცკი, რომელმაც კომენტარი გააკეთა აშშ-ში 6 იანვრის მოვლენებზე, რის მიზეზადაც აშშ-ის საზოგადოებაში არსებულ განხეთქილებას მიიჩნევს. არეულობა კაპიტოლიუმის ბორცვზე, „ცხადია, ჩრდილს აყენებს ხელისუფლების გადაცემის დემოკრატიულ პროცესს“, ამბობს რუსი დეპუტატი და დასძენს, რომ ვითარებამ „შეარყია აშშ-ის, როგორც „დემოკრატიის შუქურის“, სტატუსი და ახლა ვაშინგტონი ვერ შეძლებს თავს მოახვიოს სხვა ქვეყნებს საარჩევნო სტანდარტები“ - როგორც ვხედავთ, აშშ-ს უბრუნდება „ფერადი რევოლუციების“ ბუმერანგი, რომელიც შეიძლება ამერიკული სისტემის კრიზისში გადაიზარდოსო.

მარია ზახაროვა
მარია ზახაროვა

სისტემაზე ილაპარაკა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, როცა ვაშინგტონის მოვლენები შეაფასა და თქვა, არეულობა აშშ-ის საშინაო საქმეაო. ზახაროვა თვლის, რომ „საარჩევნო სისტემა აშშ-ში მოძველებულია და, მისი აზრით, არ უპასუხებს დემოკრატიის თანამედროვე სტანდარტებს. ეს სისტემა, ზახაროვას თქმით, „ქმნის დარღვევების უამრავ შესაძლებლობას, ხოლო ამერიკის მედია „პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გადაიქცა“.

კაპიტოლიუმზე მიტანილი იერიშის შესახებ აზრი გამოთქვა რუსმა პოლიტოლოგმა ალექსანდრ ასაფოვმა. ჩვენ წინაშეა ახალი რეალობა, რომელშიც „დემოკრატები დიდხანს გაძლებენო“, თქვა მან. ასაფოვის თანახმად, „მიუხედავად ამერიკისა და რუსეთის საზოგადოების მოლოდინისა, ამბოხება აშშ-ში შეიძლება ჩაითვალოს დასრულებულად“. მისი აზრით, ამერიკული სისტემა, მთლიანობაში, სტაბილურია და თავისებურად ხდება მისი მოდერნიზება, რომელიც, პოლიტოლოგის აზრით, მიგვიყვანს ხელისუფლებაში დემოკრატების განმტკიცებამდე იმდენი ხნით, რამდენიც ეკონომიკურ აღდგენას სჭირდება. ასაფოვი ფიქრობს, რომ ამერიკული სისტემა ამ დღეებს, თვით კაპიტოლიუმის დაკავებასაც, მშვიდად გადაიტანს.

ალექსეი პუშკოვი
ალექსეი პუშკოვი

სენატორმა ალექსეი პუშკოვმა თავისი აზრი ტელეგრამის არხით გაავრცელა. ტრამპის მომხრეების ამბოხებამ და კაპიტოლიუმში შეჭრამ, თქვა მან, მოულოდნელად დახმარება გაუწია დემოკრატებს. პუშკოვის თანახმად, მას მერე, რაც ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა უარი თქვა მხარი დაეჭირა ტრამპისთვის, ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების დამტკიცების ჩაშლა ვეღარ მოხერხდებოდა ვერავითარ შემთხვევაში. „კაპიტოლიუმის დაკავება დაეხმარა დემოკრატებს, რადგან ამან დააშინა კატეგორიულად განწყობილი რესპუბლიკელები კონგრესში და უბიძგა მათ, აღარ გამოეთქვათ პროტესტი საკვანძო შტატებში ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების დათვლის მიმართ“.

რუსი სენატორის აზრით, მომხდარის ერთ-ერთი შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ „აშშ-ის რეპრესიული ბუნება გაძლიერდეს“.

სულ მოკლედ იმაზე, თუ როგორ შეაფასა რუსმა ტელეწამყვანმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, კომენტარი, რომელიც ეხებოდა 6 იანვრის არეულობას ვაშინგტონში. უკრაინის ლიდერმა ძალადობა აშშ-ში გადაჭრით დაგმო.

სოლოვიოვმა ირონიულად დასვა შეკითხვა ტელეგრამის არხზე: „ანუ ზელენსკი მაინც წინააღმდეგია „მაიდნისა“?“

ანტონ გორელკინი
ანტონ გორელკინი

რუსეთის დუმის დეპუტატი, ანტონ გორელკინი, მიესალმა სოციალური ქსელების, Twitter-ისა და Facebook-ის მიერ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ანგარიშების დროებით ბლოკირებას. დეპუტატი თვლის, რომ თუ არა „დამარცხებული პრეზიდენტის დამოუკიდებელი წვდომა „უზარმაზარ აუდიტორიაზე, ეს ამბები არ მოხდებოდა“. მისი თქმით, ის „პირველად მიიჩნევს პოლიტიკოსის ბლოკირებას მართებულად. მიმავალი პრეზიდენტის გაუაზრებელმა განცხადებებმა უკვე მიგვიყვანა მსხვერპლამდე“, აცხადებს გორელკინი, რომელიც ინტერნეტის რეგულირების სფეროში საკანონმდებლო ინიციატივების ავტორია და, სხვათა შორის, მან შეიტანა რუსეთის დუმაში კანონპროექტი ინტერნეტრესურსებზე უცხოური ზეგავლენის შეზღუდვის შესახებ.

მიხაილ ხაზინი
მიხაილ ხაზინი

ეკონომიკური მიმომხილველი მიხაილ ხაზინი ფიქრობს, რომ აშშ-ში შექმნილ შიდაპოლიტიკურ ვითარებაში გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელმაც, ხაზინის აზრით, ჩაატარა „სრულიად გენიალური და რევოლუციური ოპერაცია“. ხაზინი განმარტავს, რომ, ჩვეულებრივ, აშშ-ის მოსახლეობას სჯერა იმ ხელისუფლებისა, რომელსაც ირჩევს. თუმცა, ხაზინის თქმით, „ტრამპმა აშკარად მოახერხა, ეჩვენებინა, რომ ამერიკელებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს. თეთრი სახლის მმართველმა მოქალაქეებს აუხსნა, რომ პოლიტიკური სტრუქტურები და მოხელეები, რომლებიც დემოკრატებს ემხრობიან, საერთოდ არ ფიქრობენ ხალხზე, არამედ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე“. ეს ამერიკელთა უმეტესობის აღშფოთებას იწვევდა, ამბობს ხაზინი და დასძენს: „ჩვენ არ გვესმოდა, რატომ იმეორებდა ის მუდამ ერთსა და იმავე ფრაზას: „ჩვენ არ დავმარცხებულვართ, ჩვენ გავიმარჯვეთო“. ამით ის ამბობდა: „ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენ არ ვართ ხელმოცარულები, ისინი კი დამნაშავენი და თაღლითები არიანო“. აი, ამ ლოგიკას მიმართავდა ტრამპი და შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ამან იმუშავა“, განმარტავს რუსი ეკონომისტი.

ავტორი: ოქროპირ რუხაძე რუსული გამოცემების მიხედვით

XS
SM
MD
LG