Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს საქართველოში კონსერვატიზმი? (თუ რამეს ნიშნავს)


ქართულ-რუსული კონსერვატიზმი?

რას ნიშნავს საქართველოში კონსერვატიზმი? არიან თუ არა ქვეყანაში კონსერვატორები და თუ კი, ვინ არიან ისინი?

ზოგისთვის ამ კითხვებზე პასუხი ცხადია. ბოლო პერიოდში „კონსერვატორების“ ბრენდი მიითვისეს კონკრეტული პოლიტიკური პროფილის ჯგუფებმა, რომელთაც ანალიტიკოსები „ულტრამემარჯვენეს“, „ნეიტივისტურს“, მაგრამ აგრეთვე „პრორუსულს“ უწოდებენ. ასეთია, მაგალითად, „კონსერვატული მოძრაობა/ალტ-ინფო“. სხვებს - „პატრიოტთა ალიანსს“, „ქართულ მარშს“ თუ ლევან ვასაძის „ერს“ სიტყვა „კონსერვატორი“ სახელწოდებაში არა აქვს, მაგრამ თავის გამოსვლებში ისინი თანმიმდევრულად უსვამენ ხაზს, რომ მათი პოლიტიკური ბრენდი სწორედ კონსერვატიზმია.

ბოლო ხანებში ყველა ეს ჯგუფი გადაფარა მმართველი პარტიის უცნაურმა ფილიალმა, „ხალხის ძალამ“, რომლის დისკურსი ზემოთ ჩამოთვლილთაგან არსებითად არ განსხვავდება. ახლა ესენი გახდნენ ქვეყნის მთავარი „კონსერვატორები“.

თუ პასუხი წინასწარ ცხადია, რა საჭიროა ამ საუბრის წამოწყება? ეკავოს ამ ხალხს კონსერვატიზმის ნიშა, რა პრობლემაა?

ჩემთვის ეს ვითარება პრობლემურია. გადამწყვეტი არ არის, პირადად რომელ პოლიტიკურ ბრენდს ვუკავშირებ თავს, მაგრამ მგონია, რომ თუ ქვეყანაში სრულფასოვანი საჯარო სფერო გვინდა, მაშინ როგორც პოლიტიკურ, ისე ინტელექტუალურ სფეროებში ლიბერალებიც უნდა იყვნენ, სოციალისტებიც და კონსერვატორებიც. ამავე დროს, მათ ერთმანეთს პატივი უნდა სცენ, როგორც ღირსეულ მოწინააღმდეგეებს და ინტელექტუალური თუ პოლიტიკური დისკუსიის ლეგიტიმურ მონაწილეებს.

ზემონახსენებ ჯგუფებს კი საზოგადოების დიდ ნაწილში ლეგიტიმურობა თუ რესპექტაბელურობა აკლიათ. ოღონდ ეს არის არა მათი კონსერვატიზმის, არამედ იმის ბრალი, რომ მათ „პრორუსულ“ ან უბრალოდ „რუსულ“ ძალებად აღიქვამენ; თუ ეს წარმოდგენა სწორია, ისინი, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ. ასეთი ძალები ვერც პოლიტიკური პროცესის და ვერც ინტელექტუალური დისკუსიის ლეგიტიმურ მონაწილეებად ვერ ჩაითვლებიან.

შეიძლება მითხრან, რომ თვით ეს აღქმა დაუსაბუთებელი შეთქმულების თეორიაა; თავად ისინიც „(პრო)რუსულობას“ კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა მგონია, რომ ამ მიმართულების ბევრი წარმომადგენლის კავშირები რუსეთის ნეოიმპერიალისტურ ძალებთან საკმარისად ღია და დოკუმენტირებულია; ესეც რომ არ იყოს, მათი გზავნილების დამთხვევა რუსული პროპაგანდის ძირითად თემებთან სრულიად აშკარაა.

მათ შორის მაშინაც, როდესაც სოციალური კონსერვატიზმისთვის დამახასიათებლად, ხაზს უსვამენ თავიანთ რელიგიურობასა და ეკლესიურობას, მხარს უჭერენ ტრადიციული ოჯახის ღირებულებებს და ა.შ. თავისთავად, ქვეყანას ამ ორიენტაციის პოლიტიკური ძალები ჰყავდეს, არაფერია გასაკვირი. სულაც არ არის აუცილებელი, მათი არსებობა რუსეთის გავლენით ავხსნათ. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, დასავლური სტანდარტებით, სოციალურად კონსერვატულია და ბუნებრივია, ამ განწყობის გამომხატველებმა პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის დონეზეც იარსებონ.

მაგრამ წარმოდგენა, რომ ეს ხალხი „რუსეთის მხარესაა“, ნებისმიერ სხვა საკითხს გადაფარავს. ქართული „კონსერვატიზმი“ რუსული იდეოლოგიური სპეცოპერაცია გამოდის, რომელიც კონსერვატიზმის სიმულაციაა და არა საზოგადოების რეალური განწყობის გამომხატველი. თუნდაც ასეთი შეფასება ცალმხრივი და უსამართლო იყოს კონკრეტული ინდივიდების თუ ჯგუფების მიმართ, იმ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ კონტექსტში, რომელშიც ვართ, ეს ნიუანსები იკარგება.

რას ვაკონსერვებთ - რა უნდა შევინარჩუნოთ?

თუ შევთანხმდებით, რომ ასეა, სხვაგვარად დავსვათ კითხვა: როგორ წარმოგვიდგენია „ნამდვილი“, ავთენტიკური ქართული კონსერვატიზმი?

თავდაპირველად, ვთქვათ, რომ ამ ცნებას, „კონსერვატიზმს“, ფიქსირებული იდეოლოგიური შინაარსი არ აქვს. სიტყვასიტყვით ის ნიშნავს შენარჩუნებას („კონსერვაციას“), მაგრამ სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტზეა დამოკიდებული, რის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი.

მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში რესპუბლიკური პარტია, როგორც ძირითადი კონსერვატული ძალა, უმეტესწილად კლასიკური ლიბერალური ტრადიციის სადარაჯოზე დგას; ეს ლოგიკურია, რადგან ამ მსოფლმხედველობას ემყარება ამ ქვეყნის საკრალური დამფუძნებელი დოკუმენტი, მისი კონსტიტუცია. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო მანამდე, ვიდრე დონალდ ტრამპი ამ პარტიას რევოლუციურად არ გარდაქმნიდა: ახლა უფრო რთული გახდა იმის აღწერა, რას ნიშნავს ამერიკაში „კონსერვატორი“. დღევანდელმა ბრიტანელმა კონსერვატორებმა შედარებით შეინარჩუნეს კლასიკური ლიბერალიზმის ერთგულება, თუმცა ორი საუკუნის წინ ისინი უფრო არისტოკრატიის და ეკლესიის მსოფლმხედველობას გამოხატავდნენ.

რის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნონ კონსერვატორებმა საქართველოში, რა პოლიტიკურ თუ სოციალურ ტრადიციას გაუფრთხილდნენ? კონსერვატორები, რომლებიც პუტინისგან შთაგონებული გვგონია, საზოგადოებას არწმუნებენ, რომ დასავლეთისგან შემოპარული ლიბერალური უზნეობისგან იცავენ. ვთქვათ, ასე იყოს, მაინც რა არის ის კონკრეტული სოციალური თუ პოლიტიკური ფორმები, რეალური და არა მხოლოდ წარმოსახვითი ტრადიციები, რომლებსაც ისინი „გარყვნილი“ დასავლეთისგან იცავენ?

ჩემი აზრით, ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხია: საბჭოთა მემკვიდრეობა. ეს არის ერთადერთი ალტერნატიული სოციალური რეალობა, რომელიც აქტუალურ კოლექტიურ მეხსიერებაში არსებობს. ის, რაც მანამდე იყო, ისტორიის წიგნებიდან ვიცით - უფრო სწორად, სულაც არ ვიცით.

რით შეიძლება იყოს მომხიბლავი საბჭოთა საქართველოს მემკვიდრეობა? პირველ რიგში, ეთნოგრაფიული ქართველობა მაშინ მეტ-ნაკლებად დაცული იყო. მეტიც, ჯერ კიდევ ცოცხლობს ლეგენდები ეთნიკური ქართველების განსაკუთრებულ სტატუსზე, რომლებიც მოსკოვში რესტორნებს ხურავდნენ, ერთ-ორ ყუთ კონიაკად ლოთ რუს ჩინოვნიკებთან საქმეებს აკვარახჭინებდნენ და მერე ცოლებს უბახებდნენ. საკუთარ ტერიტორიაზე ხომ ბატონ-პატრონები ვიყავით: რუსი ქალები შინამოსამსახურეებად, რესტორნის მიმტანებად და მეძავებად გვყავდა, ფეხსაცმლის შეკეთება სომხების საქმე იყო, ავეჯის გადატანა - ქურთი კაცების, ქუჩების დაგვა - ქურთი ქალების, ხოლო სასაფლაოებზე ქვის მთლელებად ბერძნები მუშაობდნენ. კულტურულად, საზოგადოება, მართლაც უფრო კონსერვატული იყო: არ არსებობდნენ ღია ჰომოსექსუალები, ქალებს (თუმცა არა კაცებს) ქორწინებამდე სექსი არ უნდა ჰქონოდათ, ან თუ ჰქონდათ, ამას საიმედოდ მალავდნენ და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო სტაბილური - იყო მშვიდობა, რომელიც მყარი ჩანდა, სანამ არ აღმოჩნდა, რომ ეს სიმყარე მყიფე და მოჩვენებითი ყოფილა.

იქნებ, უკვე გვაქვს კონსერვატიზმი და არ ვიცით?

ისევ იქ დავბრუნდით: თუნდაც შეფარულ საბჭოთა ნოსტალგიაზე დამყარებული კონსერვატიზმი, ფაქტობრივად, რუსეთის ბატონობაზე ნოსტალგიაა. რუსები იხდიან ამ განწყობის გაღვივებაში ფულს თუ ეს თავისთავად ხდება, შედეგი ერთია: მსგავსი პოლიტიკური პოზიცია საქართველოში ლეგიტიმური ვერ იქნება.

ამიტომ ზევით დასმულ შეკითხვას ცოტა სხვა რედაქციით ვუბრუნდები: თუ საბჭოთა წარსულთან დაბრუნება არ გვინდა, ხოლო სხვა აღსადგენი და შესანარჩუნებელი არაფერი გვაქვს, საერთოდ შესაძლებელია სხვაგვარი ქართული კონსერვატიზმი, ვიდრე ის, რომელიც აღვწერეთ? იქნებ, საერთოდ გავანებოთ ამ თემას თავი და ვიცხოვროთ „ნამდვილი“ კონსერვატიზმის გარეშე?

ერთსაც ვეცდები და ამისთვის ისტორიულ ანალოგიას მოვიყვან. „ალტ-ინფოს“ ან „ხალხის ძალის“ მსოფლმხედველობა, გარკვეული ნიშნით, ფრანგი ვიშისტებისას ჰგავს - ანუ იმ მთავრობისას, რომელიც ჰიტლერის გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ მათთან თანამშრომლობის („კოლაბორაციის“) მომხრე იყო. ისინიც ფაქტობრივად, ეუბნებოდნენ ფრანგებს, „აბა, ომი გინდათო?“, ანუ არწმუნებდნენ, რომ კოლაბორაცია უიმედოდ წასაგები ომის ერთადერთი ალტერნატივაა. მათ ჰყავდათ მეტად ლეგიტიმური ლიდერი, პირველი მსოფლიო ომის გმირი, მარშალი პეტენი - ჩვენს „კონსერვატორებს“ ასეთი მასშტაბის ფიგურა არც კი დაესიზმრებათ. ამასთან ერთად, ისინი ფრანგულ საზოგადოებაში რეალურად არსებული კულტურული კონსერვატიზმის (რომელიც, დიდწილად, ფრანგულ რესპუბლიკანიზმზე რეაქციას ემყარებოდა) განწყობებსაც გამოხატავდნენ, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი იყო: მათ პოლიტიკურ პროფილს და მათდამი დამოკიდებულებას, უპირველეს ყოვლისა, ოკუპანტთან კოლაბორაციის პოლიტიკა გასაზღვრავდა. მათ მიერ ინტერპრეტირებული ფრანგული ავთენტიკურობის დაცვა მხოლოდ ამ კოლაბორაციის გადაფარვის, რაციონალიზაციის ტექნიკად აღიქმებოდა.

ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ ვიშისტები განადგურდნენ, მაგრამ შეიქმნა პრინციპულად სხვა ტიპის ფრანგული კონსერვატიზმი: ეს ნიშა დაიკავა გენერალმა შარლ დე გოლმა და მისმა მომხრეებმა, რომელთა ლეგიტიმურობა გერმანული ოკუპაციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლამ განაპირობა. იდეოლოგიურად დე გოლი ფრანგულ რესპუბლიკურ ტრადიციას ეყრდნობოდა, თუმცა მისი მსოფლმხედველობა და პოლიტიკა კულტურული კონსერვატიზმის გარკვეულ ელემენტებსაც შეიცავდა.

რა გაკვეთილის გამოტანა შეიძლება ამ მაგალითიდან? თუ პრორუსულ (თუ პროსაბჭოთა) ქართულ კონსერვატიზმს ყავლი გაუვიდა, რა ფორმით შეიძლება არსებობდეს კონსერვატიზმის სხვა ვერსია?

შესაძლოა, ის უკვე არსებობს, მაგრამ მას „კონსერვატიზმს“ არ ვუწოდებთ. ეს არის ილია ჭავჭავაძის ტრადიცია, რომელსაც ზოგადად შეიძლება ლიბერალური ან მოდერნისტული ნაციონალიზმის ტრადიცია ვუწოდოთ (ვიცი, რომ ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობაზე ჩვენი თვითმარქვია „კონსერვატორებიც“ აცხადებენ პრეტენზიას - აქ არ დავუთმობ დროს იმის მტკიცებას, რატომ ვერ იქნება ეს პრეტენზია საფუძვლიანი).

რაკი ეს მიმდინარეობა მოდერნისტულია, მისთვის „კონსერვატულის“ დარქმევა პარადოქსული ჩანს, მაგრამ არც კლასიკური ამერიკული ან ბრიტანული კონსერვატიზმი, ან ფრანგული გოლიზმია ანტიმოდერნისტული. შესაძლოა, მთავარი პრობლემა სხვაა: არ შექმნილა ამგვარი მსოფლმხედველობის ქმედითი ალტერნატივა - ქართული მემარცხენეობა. დე გოლის კონსერვატიზმს პოლიტიკურად და ინტელექტუალურად მძლავრ ფრანგულ მემარცხენეობასთან კონტრასტში ეძლეოდა აზრი. ილიას დროს ქართველი სოციალისტები იყვნენ მძლავრ ალტერნატივად; მაგრამ დღევანდელი ქართველი მემარცხენეები ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ძალად ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდნენ. ისინი უფრო დაქსაქსულ პარტიზანულ ჯგუფებს ჰგვანან და პატარ-პატარა ბაბლებიდან ვერ გადიან.

შესაძლოა, იმისათვის, რომ ქართულ კონსერვატიზმზე ლაპარაკს აზრი მიეცეს, ჯერ სერიოზული მემარცხენე ძალები უნდა გაჩნდეს.

XS
SM
MD
LG