Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ მიიღო საქართველომ მონაწილეობა ირანის შესახებ გაეროს რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაში?


ირანის დელეგაცია გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე. 2022 წლის 21 სექტემბერი
ირანის დელეგაცია გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე. 2022 წლის 21 სექტემბერი

ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „დროას“ წევრი, გიგა ლემონჯავა აცხადებს, რომ საქართველომ მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციის პროექტს ირანში ადამიანის უფლებების შესახებ და კენჭისყრისას დარბაზი დატოვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლების კითხვას, რატომ არ მონაწილეობდა საქართველო კენჭისყრაში, უპასუხეს რომ „საკითხს გაარკვევენ“.

„დროა“ კენჭისყრაში საქართველოს არ მონაწილეობას აფასებს რეგიონის ტოტალიტარული ქვეყნების მკაფიო მხარდაჭერად და ხაზს უსვამს, რომ ცივილიზაციურ დაპირისპირებაში, სადაც „დემოკრატია და ავტორიტარიზმი ერთმანეთს უპირისპირდება“, „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია ავტორიტარიზმის გზა.

ლემონჯავას განმარტებით, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა: მიანმარი, ჩადი, სამხრეთი სუდანი. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს არც რუსეთმა, ბელარუსმა, სომხეთმა, თურქმენეთმა, ყირგიზეთმა, უზბეკეთმა, სულ 28 სახელმწიფომ.

„სამწუხაროდ, საქართველო აღმოჩნდა ამ ქვეყნების კლუბში. და ეს განსაკუთრებით მტკივნეულია ორი გარემოების გამო: უკანასკნელი კვირების განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აწარმოებს გარკვეულ მოლაპარაკებებს ირანის ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაბმის შესახებ და მეორე, არსებობს დადასტურებული ეჭვი იმის შესახებ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენება ირანული სამხედრო ტვირთების გადაზიდვისთვის რუსეთში“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ირანის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მხარდამჭერებს შორის არიან მოლდოვა და უკრაინა.

ტაბლოზე ჩანს, რომ საქართველოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია
ტაბლოზე ჩანს, რომ საქართველოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია

2022 წლის 16 ნოემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი ირანში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ - რეზოლუციის პროექტის თანახმად, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ირანში ადამიანების სიკვდილით დასჯის საგანგაშოდ მაღალი სიხშირის გამო. რეზოლუციას მხარი 78 ქვეყანამ დაუჭირა, 67-მა თავი შეიკავა და 28 წინააღმდეგ წავიდა. საქართველო იმ 20 ქვეყანას შორის იყო, ვინც კენჭისყრას არ დაესწრო.

რეზოლუციით გაერო მოუწოდებს ირანს, შეწყვიტოს გადამეტებული ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ.

„დროამ“ მოუწოდა საქართველოს საგარეო უწყებას, დაუყოვნებლივ განმარტოს, რა გახდა ამ რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარის მიზეზი და რატომ აღმოჩნდა საქართველო „დიქტატორული ქვეყნების კლუბში“.

ინტერნეტში, ბოლო დღეებია, ვრცელდება პეტიციაც, რომელიც მიმართავს UNICEF-ს, გაეროს ბავშვთა ფონდს, ჩაერიოს ირანში შექმნილ სიტუაციაში და შეაჩეროს ირანელი ბავშვების მკვლელობები.

პეტიციაში წერია, რომ ბოლო მონაცემებით, 2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან 2022 წლის ნოემბრის შუა რიცხვებამდე, ირანში მიმდინარე დემონსტრაციების დროს, 50 ბავშვია მოკლული.

„სამწუხაროდ, UNICEF-ს არა მხოლოდ არ მიუღია სათანადო ქმედება ამ ბავშვების მკვლელი მთავრობის წინააღმდეგ, არამედ არ უცნობებია მსოფლიოსთვის ირანის მდგომარეობის შესახებ, სადაც ბავშვებს ხოცავენ... UNICEF-ის ვებსაიტის მთავარი გვერდი სავსეა ბავშვების ისტორიებით, რომლებიც განიცდიან სიღარიბეს, შიმშილს, აქვთ განათლების და სუფთა წყლის პრობლემა. მაგრამ შემაძრწუნებელია, რომ არც ერთი სიტყვა ახლახან მოკლულ ირანელ ბავშვებზე არსად წერია, თითქოს ირანელი ბავშვები უცხოპლანეტელები არიან, თითქოს მათ არა აქვთ ადამიანის ძირითადი უფლებები“, - წერია პეტიციაში.

14 ნოემბერს გავრცელდა ცნობა, რომ ირანის რევოლუციურმა სასამართლომ პირველი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა საპროტესტო აქციების ერთ-ერთ მონაწილეს. მას თეირანში სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებაში ადანაშაულებდნენ. მას შემდეგ, დემონსტრაციების კიდევ რამდენიმე მონაწილეს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი.

22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის გამო ირანში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე უკვე ათასობით მონაწილეა დაკავებული, მათ შორის, ბავშვებიც. მათ ნაწილს „მიწაზე კორუფციასა“ და „ღვთის წინაშე დანაშაულში“ სდებენ ბრალს, რაც სიკვდილით ისჯება.

*მასალა განახლდება საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხის მიღებისთანავე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG