Accessibility links

საზოგადოებრივი აზრის კვლევა არჩევნებამდე სამი კვირით ადრე - რა არ უნდა გამოგრჩეს 13 ოქტომბერს


„ედისონ რისერჩის" გამოკვლევა: „ქართული ოცნება" - 36%, 9 ოპოზიციური სუბიექტი - 36%

ტელეკომპანია „ფორმულამ" გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც არხმა კომპანია „ედისონ რისერჩს" დაუკვეთა. გამოკვლევაში პარტიათა რეიტინგები ასე გადანაწილდა:

შეკითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, მოქალაქეების 36% პასუხობს, რომ „ქართულ ოცნებას“. მეორე ადგილზეა „ენმ - ძალა ერთობაშია“ - 17% და მესამეზე „ევროპული საქართველო“ - 5%. სრული სია ნახე აქ.

ამავე კვლევის თანახმად, ინსტიტუტებიდან მოსახლეობა ყველაზე მეტად ჯარს, ეკლესიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ენდობა, ყველაზე ნაკლებად კი - პოლიტიკურ პარტიებს, პრეზიდენტსა და ბანკებს.

წაიკითხე მეტი.

განახლებული შეტაკებები კითხვის ქვეშ აყენებს მთიან ყარაბაღში ზავის შესაძლებლობას

სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის ახალი შეტაკებები მოხდა მთიანი ყარაბაღის გარშემო, ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს რუსეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 12 ოქტომბერს სომხეთის მხარეს დასდო ბრალი, რომ ის არ იცავს მოსკოვში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარულ შეთანხმებას და განაცხადა, რომ ისინი "რამდენჯერმე შეეცადნენ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე თავდასხმას".

აზერბაიჯანი ახლა "ინტენსიურ სროლას ახორციელებს სამხრეთის ფრონტზე", ამბობს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი, შუშან სტეფანიანი. ევროკავშირი კი მხარეებს ისევ ზავის პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს.

წაიკითხე მეტი.

ზურაბიშვილი მზადაა, დავით გარეჯის საკითხზე მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდოს პროკურორს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის საკითხზე „შექმნილი აჟიოტაჟი აშკარად არის კიდევ ერთხელ მიმართული პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისკენ".

ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას აზერბაიჯანთან მიმდინარე მოლაპარაკების საკითხი. პრეზიდენტი სახელმწიფო ბრალდებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

"ამ დროს ყველასთვის ნათელია, რომ გამოძიება 2006-2007 წლებში კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ეხება, და არა ჩემს საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს (18 მარტი 2004 - 19 ოქტომბერი 2005)", - დაამატა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩოვას. მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 308-ე მუხლით. ეს მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თბილისში განთავსებული ის კლინიკები, რომლებიც ნაწილობრივ არიან ჩართული კოვიდთან ბრძოლაში, ამ პროცესში სრულად ჩაერთვებიან.

"საწოლების რაოდენობა ქვეყანაში არის საკმარისი, ამას ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით", - თქვა ტიკარაძემ გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ.

დღეს კორონავირუსის გავრცელების შესახებ ახალი ინფორმაცია გახდება ცნობილი. გუშინ კი 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 178 თბილისში, ხოლო 196 აჭარაში დაფიქსირდა. გუშინ 93-მდე გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა თებერვლიდან დღემდე.

განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების შესახებ წაიკითხე აქ.

ევროკავშირი აცხადებს, რომ მზადაა სანქციები დაუწესოს ლუკაშენკას

ევროკავშირი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მზადაა შემზღუდველი ზომები დაუწესოს ბელარუსის ავტოკრატ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, ქვეყანაში დარღვევებით ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების და შემდეგ ამ არჩევნების საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა და მედიის წარმომადგენელთა მიმართ რეპრესიების გამო.

ლუქსემბურგში 12 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე 27-წევრიანი ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ბელარუსში აგვისტოში ჩატარებული არჩევნები "არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი" და რომ ლუკაშენკას არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმურობა.

წაიკითხე მეტი.

დაჰპირდნენ და არ გაუხსნეს - სად წავიდა 80 წლის რეჟისორისთვის დამზადებული ვარსკვლავი?

გივი ჯიბლაძე, ლაგოდეხის საპატიო მოქალაქე და ადგილობრივი სახალხო თეატრის თითქმის უცვლელი რეჟისორია. ის, უკვე 55 წელია, კახეთის ამ ქალაქში სამსახიობო და სარეჟისორო საქმით არის დაკვებული. კვლავ მუშაობს და დასს ხელმძღვანელობს, რომელიც პერიოდულად სპექტაკლებს დგამს არამარტო მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის.

გივი ჯიბლაძეს ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ დაჰპირდნენ, რომ მას, როგორც დამსახურებულ რეჟისორსა და საპატიო მოქალაქეს, ვარსკვლავს გაუხსნიდნენ, ვარსკვლავის განთავსების სავარაუდო ადგილად კი ქალაქის ცენტრალური პარკი დასახელდა. ბოლო რაც ამ ვარსკვლავის შესახებ გივი ჯიბლაძემ გაიგო, იყო ის, რომ ვარსკვლავი დამზადებულია, თუმცა მისი გახსნა შეფერხდა.

რა ბედი ეწია ვარსკვლავს და რას ამბობენ ლაგოდეხის კულტურის სამსახურში, წაიკითხე მეტი გიორგი ალადაშვილის სტატიაში.

როგორ მოუგო ორმა ქალმა სახელმწიფოს ბრძოლა 12 წლის შემდეგ

გაშიშვლება, დამცირება, შეურაცხყოფა, დაშინება, თვალთვალი და უარი სამართლიან გამოძიებაზე. ქალებმა, რომლებსაც სახელმწიფო 12 წელი უსამართლოდ ექცეოდა, საკუთარი სიმართლის დამტკიცება შეძლეს.

2009 წლის 15 დეკემბერს ფონდ “ინკლუზივის” ოფისში დაახლოებით 20 ქალი ახალი წლის ერთად შეხვედრას გეგმავდა და ერთმანეთისთვის საჩუქრებს ამზადებდა, როდესაც შენობაში რამდენიმე პოლიციელი ფორმისა და სასამართლო განჩინების გარეშე შევიდა და ჩხრეკა დაიწყო.

პოლიციელებმა იმ დღეს ფონდ “ინკლუზივის” დირექტორი პაატა საბელაშვილი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედებოდა ნარკოტიკების შეძენა, შენახვა, გასაღება ან გადაგზავნა. ფონდის შენობაში მყოფი ქალები ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) პროექტებში მონაწილე ლბტ თემის წევრები იყვნენ. ჩხრეკის მიმდინარეობისას სამართალდამცავები მათ დასცინოდნენ და შერაცხყოფას აყენებდნენ.

იმ შემთხვევიდან 12 წლის შემდეგ, ეკამ და კიდევ მისმა ერთმა კოლეგა ქალმა სახელმწიფოს დავა სტრასბურგის სასამართლოში მოუგეს. წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია? როგორ ვატაროთ ნიღაბი სწორად? ბავშვები ამ და სხვა საკითხებზე მსჯელობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG